გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ძველი თბილისის სასტუმროები

ევროპა, ამერიკა, პარიზი, ლონდონი, ბერლინი, პალასი, გრანდ-ოტელი, ერმიტაჟი, პალე-როიალი, მაჟესტიკი, იმპერიალი, უნივერსალი, მეტროპოლი, ვიქტორია, მოსკოვი, პეტერბურგი, ოდესა, ვარშავა, ასტრახანი, ბეთანია, საბადური, მუხრანი, ქუთაისი, საქართველო, ბორჯომი, დარიალი... მრავალრიცხოვანი номера  северные, южные, европейские, немецкие, семейные, дворцовые... და ა.შ. ეს თბილისში ოდესღაც არსებული სასტუმროების მხოლოდ ნაწილია. ზოგიერთი შენობა ახლაც არსებობს  სხვადასხვა ფუნქციით ან სულაც უფუნქციოდ...

წყარო: დავით ხოშტარია, თბილისი. ძველი სასტუმროები,

2011წ. გამომცემლობა „არტანუჯი

„მაჟესტიკი“
1915 წელს, ცნობილმა კომერსანტმა და მეცენატმა მიქაელ არამიანცმა სასტუმრო „მაჟესტიკის“ მშენებლობა დაასრულა, თუმცა პირველი მსოფლიო ომის გამო, იძულებული გახდა შენობა სამხედრო ჰოსპიტალისთვის დაეთმო. სტოკჰოლმში შეკვეთილი ინვენტარის ნაწილი იმავე მიზეზით ბაქოს საწყობში ჩარჩა, თბილისამდე ჩამოღწეული ნაწილი კი, რომელიც არამიანცის კუთვნილი კიდევ ერთი სასტუმროს  „პალას ოტელის“ სარდაფში დააბინავეს, ხანძარმა შენობასთან ერთად გაანადგურა. „მაჟესტიკი“ 1918 წელს გაიხსნა. ეს იყო პირველი 5 სართულიანი სასტუმრო თბილისში, პირველ სართულზე რესტორანით და ვრცელი ვესტიბიულით, რომელსაც თბილისის სასტუმროთა შორის ანალოგი არ ჰქონდა  ევროპული და ამერიკული სასტუმროების მსგავსად, ვესტიბიული ჩაფიქრებული იყო, როგორც საზოგადოებრივი სივრცე  შეხვედრების ადგილი და არა მხოლოდ სასტუმროს მობინადრეთათვის. იატაკისთვის და კიბეებისთვის მარმარილო იტალიიდან ჩამოიტანეს, პილასტრები და სვეტები ხელოვნური მარმარილოთი მოაპირკეთეს, ინტერიერის გაფორმება პეტროგრადიდან ჩამოყვანილ მხატვარ-დეკორატორებს შეუკვეთეს. სასტუმროს სარდაფში მოწყობილი კინოთეატრი 1930 წლამდე ფუნქციონირებდა. გასაბჭოების შემდეგ შენობა პროფკავშირებს გადასცეს. 1935 წელს, როცა მისთვის პირვენდელი ფუნქციის დაბრუნება გადაწყდა, აღმოჩნდა, რომ პირწმინდად იყო გაძარცვული  როცა წასაღები აღარაფერი დარჩა, მოოქროვილი დეტალების მომტვრევაზე გადასულიყვნენ. რეაბილიტირებულ შენობაში 1939 წელს სასტუმრო „თბილისი“ გაიხსნა. თბილისის ომის დროს ხანძრისგან დაზიანებული, თუმცა დანგრევას გადარჩენილი შენობა, კიდევ ერთხელ 1991 წელს აღადგინეს. (რუსთაველის გამზ. #13)

„პალას-ოტელი“
ორბელიანების ორსართულიანი, ფართოაივნებიანი სახლის მეორე სართულზე 1860-იანი წლებში გახსნილი სასტუმრო მეპატრონესაც ხშირად იცვლიდა და სახელსაც. კომფორტულ სასტუმროს, სადაც ხშირად იმართებოდა აუქციონები და საჯარო ვაჭრობები, უკვე 70-იანი წლებიდან მაინცდამაინც კარგი სახელი აღარ ჰქონდა და ქალაქში არსებული 6 სასტუმროდან ყველაზე უარესად ითვლებოდა უსუფთაობის და უწესრიგობის გამო. შენობა უფრო იმით იყო აღსანიშნავი, რომ აქ 1905 წელს პირველი საზამთრო კინოთეატრი „ელექტრული პროჟექტორი“ გაიხსნა. 1910 წელს ორბელიანების სახლი კომერსანტმა და მეცენატმა არამიანცმა შეიძინა, საფუძვლიანად გადააკეთა და აქ 100 ნომრიანი სასტუმრო „პალას-ოტელი“ გახსნა ლიფტით, ელექტროგანათებით, წყალმომარაგებით, გათბობით და საზამთრო და საზაფხულო რესტორნებით. 1918 წელს შენობაში მომხდარი მასშტაბური ხანძრის გამო სასტუმრო, გარე კედლების გამოკლებით, სრულად დაიწვა. 1924 წლის რეკონსტრუქციის შემდეგ მთავარმა ფასადმა ძირითადად შეინარჩუნა ხანძრამდელი სახე. ახლა აქ თეატრის და კინოს უნივერსიტეტია. (რუსთაველის გამზ. #19)

„სასახლის სასტუმრო“
1830 წელს აშენებული ეს შენობა ერთ-ერთი ყველაზე ადრეულია თავისუფლების მოედანზე და გვიანი კლასიციზმის გამორჩეული ძეგლია თბილისში. აქ გაუმართეს მეჯლისი 1837 წელს, თბილისში ჩამოსულ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ს. 1840 წელს შენობა საეკლესიო უწყებას გადაეცა და აქ სასულიერო სემინარია გაიხსნა. 1917 წელს შენობა გაიყიდა და სემინარია სასტუმრომ ჩაანაცვლა, სახელწოდებით „Царские Номера“. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ბუნებრივია სასტუმროს სახელი შეაუცვალეს და ახალი სახელწოდება - „სასახლის სასტუმრო“ შენობის მთავარ ფასადზე ქართული ასოებით გამოიტანეს. გასაბჭოების შემდეგ სასტუმროს „პალას ოტელი“ ეწოდა (იგივე სახელწოდების სასტუმრო რუსთაველზე ამ დროისთვის უკვე დამწვარი იყო). როგორც იმდროინდელი სარეკლამო ტექსტები იუწყებიან აქ იყო საუკეთესო რესტორანი ევროპული და აზიური სამზარეულოთი, საპარიკმახერო, სააბაზანოები და დეკორატიული ბაღი. 1952 წელს შენობაში საქართველოს ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა. (ალ. პუშკინის ქ. 2/4)

„ლონდონი“
სასტუმრო „ლონდონი" 1875 წელს გაიხსნა და მისი ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობა  სადარბაზო ოვალური კიბით და ჭერის განათებით დღემდე თითქმის უცვლელადაა შემორჩენილი. კედლები მთლიანად მოხატულია. სასტუმრო პატარა იყო, მაგრამ როგორც ჩანს, მომსახურეობის მაღალი დონის გამო  ძალიან პრესტიჟული. ზოგიერთი მოგზაური, მას არა მხოლოდ კავკასიაში, იმ პერიოდის რუსეთის იმპერიაში საუკეთესოდ მიიჩნევს. „ადგილები აქ არასდროსაა თავისუფალიო“  აღნიშნავს XIX საუკუნის ბოლოს თბილისში მყოფი ირანელი გენერალი. სწორედ მოგზაურთა აღწერილობით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ძველი სასტუმროს საინტერესო სურათი: დიდი სასადილო დარბაზი პიანინოთი და უზარმაზარი ჭაღით (ეს ერთ-ერთი პირველი შენობაა თბილისში, სადაც ელექტროგანათება მოეწყო); 28-30 კარგად გაწყობილ ოთახს ყოველდღიურად ერთი მსახური და ორი დამლაგებელი ალაგებს; უსაფრთხოებაც დაცულია  ნომრის მაცხოვრებლის ნებართვის გარეშე ოთახში ვერავინ შევა; სასტუმროს აქვს ავტოფარეხი და სამკითხველო, სადაც შესაძლებელია ევროპული პრესის გაცნობა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროპულ ენებზე მოსაუბრე პერსონალი  1913 წლის სარეკლამო განცხადების მიხედვით აქ სტუმრებს ფრანგულად, გერმანულად და ინგლისურად ესაუბრებოდნენ. ერთი პერიოდი „ლონდონს“ ფრანგი ადმინისტრატორი ყავდა, სასტუმროს არსებობის ბოლო 20 წელი კი მას გერმანელი ცოლ-ქმარი რიხტერები მართავდნენ. 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, პეტრე ზუბალაშვილმა შენობა ხელისუფლებას დაუთმო და აქ სამხედრო ლაზარეთის მოსაწყობად 20 000 მანეთი გადასცა. ომის დასრულების შემდეგ სასტუმრო აღარ აღუდგენიათ. გასაბჭოების შემდეგ შენობა გლეხთა ცენტრალურ სახლად აქციეს, 1960 წლიდან კი საცხოვრებელ სახლად გადააკეთეს. ცალკე თემაა „ლონდონის“ გამოჩენილი სტუმრები, რომელთა შორის განსაკუთრებით ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი უნდა აღვნიშნოთ. (ათონელის ქ. 31)

„გრანდ ოტელი“
„ლონდონის“ მოპირდაპირე შენობის ძირითადი კორპუსი სამსართულიანია. დაფერდებული რელიეფის გამო მტკვრისკენ გამავალი ხუთსართულიანი ფასადი ჯერ კიდევ მშრალი ხიდის ქვეშ გამავალ მტკვარს გადაჰყურებდა, როცა აქ 1881 წელს სასტუმრო „გრანდ ოტელი“ გაიხსნა. პრესტიჟულობით „გრანდ ოტელი“ „ლონდონს“ ძალიანაც ჩამოუვარდებოდა, ის კი არა 1890 წლიდან გზამკვლევებში მეორეხარისხოვან სასტუმროდ, ზოგჯერ „მებლირებულ ოთახებადაც“ მოიხსენიებენ, თუმცა ერთმა შემთხვევამ მას სამუდამოდ გაუთქვა სახელი. 1901 წლის 23 მაისს, სროლის ხმაზე გამოძახებულმა პოლიციამ სასტუმროს ნომრის კარი შეამტვრია და აღმოაჩინა, რომ სასტუმროს მობინადრემ  ვარშავის გუბერნიის მემამულემ ვლადისლავ ემერიკმა თავისი თანამგზავრი  34 წლის ნორვეგიელი დაგნი პშიბიშევსკა  ედვარდ მუნკის და ავგუსტ სტრინდბერგის მუზა და პოლონელი მწერლის, სტანისლავ პშიბიშევსკის მეუღლე იარაღით მოკლა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. (ათონელის ქ. 29 / ხიდის ქ. 1)

„ვეტცელი“
პირველი შენობა თბილისში, რომელიც საგანგებოდ სასტუმროსთვის აშენდა იყო მეორე გილდიის ვაჭარ ფრიდრიხ ვეტცელის სახელობითი სასტუმრო „ვეტცელი“ (1897-1900). ის საუკეთესო იყო მტკვრის მარცხენა სანაპიროზე  თავისი დროის ყველა შესაძლო კომფორტით: გათბობით, ელექტროგაყვანილობით, ლიფტით, საბილიარდეთი და ორი რესტორნით.

მთავარი, რაც „ვეტცელს“ თბილისის სასტუმროებიდან გამოარჩევდა მარცხენა ფრთაში მოწყობილი თეატრი იყო, რომლშიც ქორწილები და სხვა საზეიმო შეხვედრებიც იმართებოდა და რომელშიც მოგვიანებით თოჯინების თეატრი განთავსდა. სასტუმროს ჰქონდა თავისი ბაღიც. 1911 წლიდან სასტუმროს მფლობელი ვეტცელის ხელქვეითი, შეძლებული მეწარმე ნოე სიხარულიძე გახდა. შენობა გაფართოვდა და საფუძვლიანად გადაკეთდა  დაემატა დიდი ვერანდა ფასადის მხრიდან და ჰერმესის მუზარადიანი ფიგურები მთავარი შესასვლელის ორივე მხარეს. სიხარულიძის დროს სასტუმროში 40 ნომერი იყო. როგორც ჩანს იმის გამო, რომ მის ძირითად კლიენტურას კომერსანტები და მეწარეები შეადგენდნენ, ეს მაღალი კლასის სასტუმრო მოგზაურთა ჩანაწერებში პრაქტიკულად არ გვხვდება. შენობაში სასტუმრო 1970 წლამდე იყო გახსნილი. ახლა ის დაცლილი და უფუნქციოა. (აღმაშენებლის გამზ. 103)

„ვერსალი“
1892 წელს აგებული „ვერსალი“, ირანელი გენერლის, მაჯდ-ოს-სალტანეს მონათხრობით 30 ნომრიანი სასტუმრო იყო დიდი სალონით, რომელსაც ირანელი სომეხი მონირიანი ინახავდა. გენერლის სტუმრობისას სასტუმროში ხანძარი მოხდა, მეორე სართულის ჭერი ჩაინგრა და 10 ნომერი დაზიანდა. ხანძრის მიზეზით მიყენებული, 20 000 მანეთის ღირებულების ზარალი, სადაზღვეო კომპანიამ აანაზღაურა. სასტუმრო „ვერსალი“ სავარაუდოდ ეს შენობაა, დღევანდელი წინამძღვრიშვილის და გოგიბერიძის ქუჩების კვეთაზე. (წინამძღვრიშვილის ქ. 14 / გოგიბერიძის ქ. 10)

„ავრორა“
ამ საინტერესო არქიტექტურის მქონე შენობაში რიგითი სასტუმრო იყო განთავსებული  უფრო „ნომრები“, რომელიც კლიენტების მოზიდვას ბილიარდით და „შანტანით“ ცდილობდა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში სასტუმრო „ავრორა“, რა თქმა უნდა მფლობელის თანხმობით და ხელშეწყობით, ბოლშევიკური „სამხედრო-რევოლუციური შტაბის“ ფარული შეკრებების ადგილი იყო, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ აჯანყებას ამზადებდა. ალბათ ამ დამსახურების გამო, სასტუმრო გასაბჭოების შემდეგ არ დაუხურავთ. 1926 წელს, ის ჯერ კიდევ მოიხსენიება ქალაქის 5 სასტუმროს შორის. რევოლუციის მერე, ცხადია არც სასტურმოს სახელის შეცვლის აუცილებლობა დამდგარა, მისი სიმბლური მნიშვნელობის გამო. (აღმაშენებლის გამზ. 3)

„ბრისტოლი“
1855 წელს, იტალიელმა კომერსანტმა კარლო მორიჯიმ მთლიანად იქირავა გოლოვინის პროსპექტზე მდებარე ანანოვის 3 სართულიანი სახლი და აქ ფეშენებელური სასტუმრო „Hotel des Princes“ გახსნა. სასტუმროს ჰქონდა სასდილო დარბაზი, ეკიპაჟის სადგომი, საჯინიბო. კლიენტებს ემსახურებოდა მკერვი, დალაქი. პირველ სართულზე განთავსდა სასმელების მაღაზია და „უცხოური ყაიდის“ კაფე. მიუხედავად მაღალი კლასისა, სასტუმრო 1858 წელს დაიხურა. 1910-იან წლებში, შენობაში დღევანდელი მისამართით  რუსთაველის გამზ. 26, სწორედ იქ, სადაც ადრე ანანოვების სახლი იდგა, ფუნქციონირებდა სასტუმრო „ბრისტოლი“  უთუოდ გამორჩეული იმით, რომ მას, სავარაუდოდ პირველი ქართველი ადმინისტრატორი ქალი  ანასტასია კირთაძე ინახავდა.

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა