ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

24 საათი - ზვიად ქორიძე, მედიაექსპერტი

ზვიად ქორიძე, მედიაექსპერტი

23 ნოემბერი

ქართულ ეროვნულ მოძრაობას არ ჰყოლია არცერთი ოსი და აფხაზი წევრი. ამ დროს, ცხინვალშიც და სოხუმშიც უკვე რამდენიმე ჯგუფი აქტიურობდა, ცხინვალში ერთი უფრო რადიკალური, ალან ჩოჩიევის მეთაურობით და მეორე – შედარებით ლოიალური, რომელსაც ლიდერობდა ტორეს კულუმბეკოვი. ეს ყველაფერი თბილისში იცოდნენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქართველებს მაინც ძალიან გაუკვირდათ „ადამონ ნიხასის“ შექმნა. კულუმბეკოვს მაშინ ჰქონდა სურვილი, თბილისთან ეთანამშრომლა. შემდეგ ის სამხრეთ ოსეთის პირველი პრეზიდენტი გახდა.

1989 წლის 23 ნოემბრამდე ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებშიც არ იყო ერთობა. ერთი თვით ადრე, ოქტომბერში დაიღუპა მერაბ კოსტავა, რამაც დიამეტრულად შეცვალა ძალთა განლაგება მოძრაობაში – ზვიადი უპირობო ლიდერი გახდა. ეს ის პერიოდია, როცა საქართველოში დროებითი კომუნისტური, გუმბარიძის მთავრობაა, ყველაზე მძიმე მმართველობა, რომლის დროსაც ყველა ნაღმი ერთდროულად აფეთქდა, არა მხოლოდ ეთნიკური შეფერილობის, არამედ სოციალურიც. 23 ნოემბრის აქციას დიდად არც გუმბარიძის მთავრობა აპროტესტებდა, პირიქით – მსვლელობისთვის გამოყვეს ავტობუსებიც. გუმბარიძემ უბრალოდ გააფრთხილა ლიდერები, რომ იქ შეიძლება პროვოკაცია მოეწყოთ.

„ადამონ ნიხასმა“ პირველი განცხადებები სწორედ 23 ნოემბრის მიტინგის წინ გააკეთა. ცხინვალში მობილიზებული იყო სსრკ-ის შინაგანი ჯარი, ქალაქის მისადგომებთან გაკეთდა კორდონი – ჩვენს მხარეს დადგა ქართული მილიცია, მერე იყო ნეიტრალური ზონა, მერე იდგა საბჭოთა შინაგანი ჯარი, რომელიც თბილისიდან არ შეუყვანიათ. ზვიადმა ჩაატარა დიდი მიტინგი და თქვა, რომ ესაა გამარჯვება. მე მაშინ, პირველად გავიგე, რომ არსებობდა რაზმი, რომელსაც ჰქვია „თეთრი გიორგი“, რომელსაც ძმები მანაგაძეები ხელმძღვანელობდნენ. იქვე გამოაცხადეს, რომ „თეთრი გიორგი“ ხეობაში დარჩებოდა, ქართველების დასაცავად. მერაბ კოსტავას საზოგადოების შეიარაღებული რაზმები, რომელსაც ვაჟა ადამია მეთაურობდა, მერე გამოჩნდნენ. ჯერ „მხედრიონიც“ არ არსებობდა.

***

მახსოვს, 1990 წლის 7 იანვარს დიდი მიტინგია. ზვიადი გამოდის სიტყვით. უცბად, მას ვაჟა ადამია ხელში აკვანს აწვდის. ზვიადი კი აგრძელებს: „ამ აკვანში გუშინ ოსმა სეპარატისტებმა ქართველი ბავშვი ჩაკლეს“. ეს ისეთი ექსტაზის ამოძახილი იყო, როგორიც მე არცერთ მიტინგზე არ გამიგონია. ზვიადიც მიხვდა, ხალხი შეჭამდა, დამშვიდება რომ ეცადა და დაწყნარდითო რომ ეთქვა.

***

ძალიან მოულოდნელი იყო, როცა დეკემბრის დასაწყისში სამხრეთ ოსეთის ოლქმა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკად გამოაცხადა თავი. გამსახურდიამ სესიაზე თქვა, რომ აუქმებდა ავტონომიურ ოლქს, რადგან ცხინვალმა თვითონვე გააუქმა ის, რესპუბლიკის სტატუსი კი მათ არ ერგებათო. ეს მოხდა 9 დეკემბერს. 11-ში უკვე სროლა დაიწყო. მიდიოდა პოზიციური სროლა, ვიდრე იანვარში გორბაჩოვმა არ მიიღო საგანგებო რეჟიმი და ცხინვალში საბჭოთა ჯარები არ შეიყვანა. ამ დროს იწყებს ქართული მოსახლეობა ცხინვალიდან გამოსვლას. თბილისში ჯავის, იმერეთის ქუჩებზე, სადაც კომპაქტურად ცხოვრობდნენ ოსები, სახლებზე გაჩნდა წარწერები: ოსებს 24 საათს აძლევდნენ, რომ დაეტოვებინათ სახლები. ასეთ ვადებს უწესებდნენ ოსებს ბაკურიანშიც და მიტარბშიც, რომ აეკრიფათ ნივთები და ქვეყნიდან გაქცეულიყვნენ.

უკვე დაძაბული იყო სიტუაცია, როდესაც თბილისში მოტყუებით, ვითომ მოსალაპარაკებლად მოიწვიეს ტორეს კულუმბეკოვი. ჩამოვიდა თუ არა, დააპატიმრეს (1990 წელს). მიტინგებზე ჩნდება ლოზუნგები – გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები – გია ჭანტურია, ჯაბა იოსელიანი, ტორეს კულუმბეკოვი. ეს სრულიად მაშოკირებელი გადაწყვეტილება იყო, რაც ნიშნავდა, რომ მოლაპარაკებას ქართველებთან აზრი აღარ ჰქონდა.

წლების შემდეგ, 1999-ში, ერთ-ერთ ასეთ სოფელში, ყიტაანში ვიყავი. ვნახე ის სახლები – ჩამტვრეული ფანჯრებით, ეზოში მაღალი ბალახით, იდგა, როგორც მემორიალი.