ცოცხალი ჯაჭვი - თიმურ ცხურბათი
04.01.2020თიმურ ცხურბათი, სამოქალაქო აქტივისტი, ცხინვალი
1989 წლის 23 ნოემბრამდე პოლიტიკა საერთოდ არ მაინტერესებდა. მეგობრებს გვქონდა სათბური, ვმუშაობდით, ცოტა ფულსაც ვშოულობდით და ბედნიერად ვცხოვრობდით.
თუმცა, იყო ერთი პოლიტიკური ეპიზოდიც. 1988 წელს, თბილისში, სტუდენტებმა შიმშილობა დაიწყეს – საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გასვლას ითხოვდნენ. არც მე მიყვარდა ეს უშველებელი ქვეყანა, არ მესმოდა მისი პრინციპების. მაშინ ქართველებსა და ოსებს შორის უკვე იგრძნობოდა დაძაბულობა, მაგრამ, აქ მთავარი ის იყო, რომ ადამიანებმა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ხმის ამაღლება გაბედეს – ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის. ავდექით მე და ჩემი ორი მეგობარი და თბილისში წავედით – ეს ყველაფერი საკუთარი თვალით უნდა გვენახა. რუსთაველზე, პარლამენტის კიბეზე ახალგაზრდები ისხდნენ. მივედით, ხელი ჩამოვართვით, ოსები ვართ და თქვენთან ჩამოვედით-მეთქი. გაუკვირდათ: „ოსები ხომ ჩვენ წინააღმდეგ არიანო?“ ბევრი არის, მაგრამ ისეთებიც არიან, ვინც თქვენს იდეას მხარს დაუჭერენ-მეთქი. დაგვიდგებითო? შიმშილობას ვერ გამოვ