ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

აკრძალული ჰაერი

ქალაქის იმ ნაწილს, სადაც მე ვცხოვრობ, ძველი რუსთავი ჰქვია. აქვე თეატრი და მხარეთმცოდნეობის მუზეუმია, სადაც ქალაქის დაარსების ისტორიას ვეცნობით და არქეოლოგიურ ნიმუშებსაც – იმას, რაც ამ დაბლობზე სხვადასხვა დროს აღმოუჩენიათ. ამ უბანში ადვილია, დაინახო სხვა კონტექსტიც, რაც რუსთავს ინდუსტრიის გარდა აქვს და რაც თითქმის ქალაქის დაბადებისთანავე მეორეხარისხოვნად იქცა. დაბის ქალაქად გარდაქმნის დღიდან, წამყვანი აქ ინდუსტრიული მიღწევები გახდა – ყველაფერი, რაც საბჭოთა ინჟინერიის ტრიუმფს უსვამდა ხაზს. მერე რუსთავი პოსტსაბჭოთა ეკონომიკური კრიზისისა და გაჩერებული წარმოების სიმბოლოდ იქცა; ახლა კი ინდუსტრიული დაბინძურების თვალსაჩინოებად გამოდგება.

2020 წლის თებერვლის ერთი დილაა, 9 საათი, ბავშვი ბაღში მიმყავს. სახლიდან გამოსვლისთანავე ჰაერში უსიამოვნო სუნს ვგრძნობ. წინა საღამოს სეირნობისას დანახული კადრი მახსენდება: ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდიდან კარგად ჩანდა რამდენიმე ასეულ მეტრში ერთ-ერთი ქარხნის მილებიდან ამოსული ნაცრისფერი კვამლი. მისი ნაკადი არც ღამით შეჩერებულა და გვიან, სადღეღამისო მაღაზიაში გასულმა, კიდევ ერთხელ შევამჩნიე ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩიდან. ალბათ, ისე დაგვეძინა, ის კიდევ ხრჩოლავდა. როგორც ჩანს, მთელ ღამეს სრული დატვირთვით იმუშავა. დილით კი უკვე სუნთქვა ჭირს. ბავშვს ნაჩქარევად ვსვამ მანქანაში. ნეტა, მიხვდნენ და დღეს არ გაიყვანონ ეზოში, უფრო სწორად, ჰაერზე – როგორც ამას ჰქვია.

იმ დღეს რუსთავში ფონური სადგურის მონაცემებიც ადასტურებდა, რომ მტვრის მყარი ნაწილაკების შემცველობა დადგენილ ნორმას ორჯერ აღემატებოდა.

ფონურ სადგურს, რომელიც რუსთავში, საცხოვრებელ ზონაში, ბათუმის ქუჩაზე, სკვერში მას შემდეგ დაიდგა, რაც სამოქალაქო მოძრაობა გააქტიურდა, საწარმოო ზონიდან რვაასიოდე მეტრი აშორებს. ის ადგენს ატმოსფერული ჰაერის ზოგად მდგომარეობას იმ კონკრეტულ ადგილზე და ზომავს ნახშირჟანგს (CO), აზოტის ოქსიდებს (NOx, NO, NO2), გოგირდის დიოქსიდს (SO2), ოზონს (O3) და მტვრის მყარ ნაწილაკებს (PM2.5, PM10). მონაცემები 2019 წლის თებერვლის შემდეგ აღირიცხება. შედეგები ხან ცუდია, ხან – უარესი, იშვიათად – კარგი. დღეს, „უარესი დღეებიდან“ ერთ-ერთია.

იმ დილას ჩემი ზოგი ნაცნობი იმასაც ამტკიცებს, რომ მეტალის გემოც იგრძნეს ჰაერის ჩასუნთქვისას. სათითაოდ ვრეკავთ გარემოს დაცვის ინსპექციაში და გამონაბოლქვის აუტანელი სუნის შესახებ ვატყობინებთ.

ასეთი „უარესი დღეები“ გვაფხიზლებს – როცა ქარხნების გამონაბოლქვის დონე იმ საგანგაშო მონაცემებსაც აჭარბებს ხოლმე, რასაც შევეჩვიეთ. როცა ცას ვერ ვხედავთ, რადგან ცამდე სქელი და გაუვალი სმოგის ფენაა; როცა ვარსკვლავებიან ცაზე, ანდა უმთვარო შავ ღამეში ქალაქის სხვადასხვა წერტილში თეთრი და ყვითელი კვამლის სვეტები ადის.

რადგან ქარხნების ქალაქში ვცხოვრობთ, რუსთავში სუფთა ჰაერზე ამბიცია, თითქოს, ამიტომ არ გვაქვს. აქ სუფთა გარემოს ნორმები სხვაგვარად გვესმის.

სულ ორი წელია, ჩვენს წარმოდგენას ბზარი გაუჩნდა. რუსთავში მცხოვრებმა ახალგაზრდა კაცმა, ნიკა მუსერიძემ, მეგობრებთან ერთად, სოციალურ ქსელში ქალაქზე ჩამოწოლილი სმოგის, ქარხნებიდან გამომავალი ინტენსიური კვამლის ფოტოების დადება დაიწყო. ამას მანამდე, ფრაგმენტულად, სხვებიც ვაკეთებდით, მაგრამ რაც უფრო ინტენსიური სახე მიიღო ონლაინაქტიურობამ, საზოგადოებრივი ინტერესის არეალშიც ეს თემა მით უფრო მოხვდა. ჯერ გაჩნდა საპროტესტო წარწერები, მერე დაიწყეს აქციების გამართვა ქარხნებთან, ქალაქის მერიასთან, გარემოს დაცვის დეპარტამენტთან. ხალხი ბევრი არ იკრიბებოდა, მაგრამ ამ პირველ ეტაპზე მთავარი იყო შეკრებების სიხშირე, სიჯიუტე და თანმიმდევრულობა. 2018 წლის სექტემბერში მოძრაობაც ჩამოყალიბდა. მას „გავიგუდე“ დაარქვეს.

„დავიწყეთ სპონტანურად. უბრალოდ, ვიცოდით, რომ ვიღაცა ყველაზე მნიშვნელოვანს – ცხოვრებას გვართმევს, ამის წინააღმდეგ უნდა გვებრძოლა და მორჩა. დავიწყეთ ქარხნების დოკუმენტაციის შესწავლა, ვკითხულობდით საწარმოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაციას და კარგად არ გვესმოდა შინაარსი, თუმცა ვხვდებოდით, რომ მნიშვნელოვანი იყო, გვცოდნოდა, რეალურად რას უნდა დავპირისპირებოდით და რა მოგვეთხოვა“, – ამბობს ნიკა მუსერიძე.

„ჯანმრთელობის ზიანის შესახებაც ვავრცელებდით ინფორმაციას. დღეს უკვე მეტი ადამიანია ინფორმირებული და ფეისბუკზე 10 ათასი მიმდევარი გვყავს“, – გვიყვება „გავიგუდეს“ დამფუძნებელი, ვერა ხვედელიძე.

„გავიგუდეს“ წევრებმა „ჯეოსტილის“ საწარმოსთან, რომელიც ფოლადს აწარმოებს და საცხოვრებელ ზონასთან სხვა ქარხნებთან შედარებით ყველაზე ახლოსაა, გარკვეული პერიოდით ვიდეოკამერები დააყენეს და ფეისბუკზე ყოველდღიურად ტვირთავდნენ ინფორმაციას ამ ქარხნის გამონაბოლქვის ინტენსიურობის შესახებ. ეს იყო არმოდუნების კარგი საშუალება. იმის შეხსენება, რომ დღეს შეიძლება მავნე გავლენას ვერ გრძნობ, მაგრამ გამონაბოლქვი ასე ყოველდღიურად, უწყვეტად და შეუმჩნევლად ილექება ორგანიზმში – აი, დასტური, მას კამერა ხედავს.

„მიზანს მივაღწიეთ – ამ ვიდეოებს ხალხის რეაქცია მოჰყვა, მაგრამ გაგვიკვირდა „ჯეოსტილის“ პასუხი – მალევე 4 კამერა დააყენა სხვა საწარმოების მიმართულებით და უჩვენებდა მათი საკვამურებიდან ამომავალ ბოლსაც“, – იხსენებს ნიკა და ამბობს, რომ უფრო ფართო პერსპექტივაში ესეც კი სასარგებლო იყო. რადგან გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურმა „ჯეოსტილიცა“ და სხვა საწარმოებიც შეამოწმა და გამოვლენილი დარღვევების გამოსწორება დაავალა. სწორედ ამ პერიოდში განაახლა „ჯეოსტილმა“ აირმტვერგამწმენდი სისტემა და ეს მათი მილებიდან ამომავალ კვამლსაც დაეტყო – ისეთი სიშავითა და ინტენსივობით აღარ ხრჩოლავდა. ამავე პერიოდში სამოქალაქო აქტივობის შედეგად შპს „ეკოოილმაც“ ვერ მიიღო ქარხნის აშენების ნებართვა, რადგან ვერ დაამტკიცა, რომ გარემოს არ დააზიანებდა – მეორადი ზეთის გადამამუშავებელი საწარმოს აშენებას ის დავით გარეჯის ქუჩიდან ოთხასიოდე მეტრში გეგმავდა.

მოძრაობის გააქტიურებიდან ხუთ თვეში, რუსთავში ფონური სადგურიც დაიდგა, მოგვიანებით კი შეიქმნა საპარლამენტო კომისია, რომელიც რუსთავის დაბინძურების საკითხებზე მუშაობს – ესეც პირველად მოხდა.

„მე სულ მქონდა პროტესტი, მაგრამ ძალიან დიდხანს ვერ ავიყოლიე სხვები – რა აზრი აქვს, დიდ ფულთან მოგვიწევს ბრძოლა და შედეგი არ იქნებაო – მეუბნებოდნენ პესიმისტურად“, – ამბობს ნიკა მუსერიძე.

მოქალაქეების დიდ ნაწილს პროტესტის გრძნობა წლების განმავლობაში მართლაც არ უჩნდებოდა, თითქოს, კანონზომიერი იყო სამეწარმეო ზონაში ცუდი ჰაერი და ამას ეგუებოდნენ, როგორც გარდაუვალ მოცემულობას.

შეგუების მიზეზი შესაძლოა ისიც იყო, რომ რუსთაველების ყოველდღიური საქმიანობა, პროფესიული განვითარება და შემოსავალი ქარხნების მუშაობაზე დიდწილადაა მიბმული. ქალაქის მოსახლეობის ნაწილი სხვადასხვა ტიპის საწარმოებშია დასაქმებული. ამ საწარმოების გაჩერება სამსახურის დაკარგვას ნიშნავს. უმოქმედობის ინერციაც, გარკვეულწილად, აქედან მოდის – ადამიანები ვერ წავლენ იმ ქარხნების წინააღმდეგ, რომლებიც მათ ჯანმრთელობას, მათ საცხოვრებელ გარემოს აზიანებს, რადგან იგივე ქარხნები მათი საარსებო წყაროა.

72 წლის ვახტანგი ყოველ დილას ერთსა და იმავე დროს გადის სახლიდან, ელოდება გაჩერებაზე სამსახურის ავტობუსს და 10-15 წუთში უკვე საამქროშია, სადაც მთელ დღეს ატარებს. პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსია და რაც თავი ახსოვს, სხვადასხვა საწარმოში მუშაობს ისევე, როგორც მისი მშობლები – ვახტანგის დედ-მამა რუსთავში მაშინ დასახლდნენ, როცა ქალაქი დაარსდა და ახლად გახსნილ მეტალურგიულ ქარხანაში „მოეწყვნენ“. ეს დაახლოებით 1940-იანი წლებია. თბილისიდან 27-30 კილომეტრში გაშლილ ველზე მეტალურგიული საწარმოს მშენებლობა სწორედ მეორე მსოფლიო ომის დასრულების მერე გადაწყდა. ასე გაჩნდა ტრიალ მინდორზე საწარმოები და საცხოვრებელი სახლები მათთვის, ვინც ამ საწარმოებში დასაქმდა. გაიხსნა სკოლებიც, ბაღებიც, თეატრიცა და მუზეუმიც მათი ოჯახებისთვის. ქალაქში ამ დროს 90-მდე საწარმო ფუნქციონირებდა. ამიტომ ის მთელ ამიერკავკასიაში ერთ-ერთ უმსხვილეს სამრეწველო ცენტრად მიიჩნეოდა. მაშინ მოქმედ საწარმოებს შორის იყო: მეტალურგიული კომბინატი, აზოტის ქარხანა, ქიმბოჭკო, ცემენტის, ლითონკონსტრუქციისა და ამწემშენებელი ქარხნები. მეტალურგიულ კომბინატში აწარმოებდნენ უნაკერო მილებს, თუჯისა და ალუმინის, რკინის კონსტრუქციებს. სხვადასხვა წყაროს ცნობით, რუსთავის მეტალურგიაში წარმოებულ უნაკერო მილებს ყაზახეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთისა და ახლო აღმოსავლეთის ნავთობის საბადოებზე იყენებდნენ.

ვახტანგმაც პროფესია ისე აირჩია, ბევრი არ უფიქრია – ინჟინერ-მექანიკოსები დასაქმებას მალევე ახერხებდნენ რუსთავში, თან პრესტიჟულიც იყო. 1990-იანებში, როცა წარმოებისა და მიწოდების ეს რესპუბლიკებს შორის გაბმული ქსელი მოიშალა, ქარხნები დაიხურა და ვახტანგივით ბევრი ინჟინერი უმუშევარი დარჩა.

იმავე წლებში ზოგიერთი მსხვილი საწარმოს ქონება გაიძარცვა, მათ ბაზაზე კი კერძო პირებმა დროთა განმავლობაში მცირე საწარმოები გააკეთეს. გაჩნდა ჯართის ჩამბარებელი პუნქტები, რომ მცირე საწარმოებს გადასამუშავებელი პროდუქცია ჰქონოდათ. 2004 წლიდან სახელმწიფო ქონებას პრივატიზაცია ჩაუტარდა, მათ შორის რუსთავის საწარმოებიც მოხვდა და სამეწარმეო საქმიანობა ძველი ქარხნების ბაზაზე კერძო პირებმა უკვე ოფიციალურად გააგრძელეს – რუსთავმა ახალ, პოსტსაბჭოთა მოცემულობაში ცხოვრების გაგრძელება ისევ ინდუსტრიულ საბჭოურ წარსულზე დაფუძნებით გადაწყვიტა. შესაძლოა, ეს არც იყო ერთიანი, შეთანხმებული გადაწყვეტილება, მაგრამ ინდუსტრია იმდენად განსაზღვრავდა ამ ქალაქის ყოფას და არსს, რომ მისი დანგრევის შემდეგაც ერთადერთ ფართო და ყოვლისმომცველ მოცემულობად იქცა. 2004 წელს გაიგო ვახტანგმა, რომ ერთ-ერთი კერძო მეწარმე საამქროში მექანიკოსს ეძებდა და საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა. ეს საქმე ვახტანგისა და მისი მეუღლისთვის დღესაც შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

„ვიცი, რომ პრობლემაა ჰაერის დაბინძურება. მეც და სხვა დასაქმებულებსაც ჯანმრთელობის პრობლემები გვაქვს, რასაც ჩვენი პროფესია იწვევს. მე, მაგალითად, მხედველობა გამიუარესდა, ფილტვები მაწუხებს, მაგრამ რა ვქნა, ეს არის ჩემი ერთადერთი საქმე. სამწუხაროდ, ჩემი ასაკის ადამიანს ასე მარტივად აღარავინ აიყვანს სამსახურში, ან მე როგორ ვისწავლი ახალ საქმეს?“, – ამბობს ვახტანგი.

საწარმოების მუშაობის ყველაზე ხილული გავლენა მტვერში გამოისახება. რუსთავი მტვრიანი ქალაქია – ამ დაკვირვების მიღმა ხშირად ნორმაზე 3-4-ჯერ მეტი მტვერი იგულისხმება. ვიცით, რომ 24 საათის განმავლობაში მყარი მტვრის ნაწილაკების PM10-ის დასაშვები კონცენტრაცია ჰაერში 50 მკგ/მ3-ია, PM2.5-ისა კი – 25 მკგ/მ3. რუსთავში ეს მონაცემი ხშირად ნორმაზე მაღალია. მაგალითად, 2020 წლის მარტში PM10 50-ის ნაცვლად 227 მკგ/მ3-ც კი იყო.

არადა, მარტი და აპრილი ის დროა, როცა მთელ ქვეყანაში კარანტინის გამო თითქმის ყველაფერი დაიხურა, აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიების გარდა. რუსთავშიც გაჩერდა ბაზრები, სკოლები, ოფისები. გარკვეული პერიოდით მანქანებით გადაადგილებაც შეიზღუდა. მხოლოდ ქარხნებს არ შეუწყვეტია მუშაობა. ამიტომ იმ დღეებშიც კი, როცა კარანტინის გამო ქალაქში მანქანები არ მოძრაობდა, მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია რუსთავის ფონური სადგურის მაჩვენებლით ნორმას ორჯერ აღემატებოდა.

ასეთი ინტენსიური მტვერი ქალაქში ბევრი სხვადასხვა დამაბინძურებლის გამო ჩნდება ხოლმე, ერთ-ერთი სწორედ სამრეწველო, ინდუსტრიული წარმომავლობაა, ასევეა, მანქანები, მშენებლობები, ქარის მოძრაობა, რომელიც ქალაქში მიმოფანტავს მტვერს. მტვრის მყარი ნაწილაკების ნორმაზე მაღალი კონცენტრაცია კი თვალის გაღიზიანებას, ასთმას, ბრონქიტს, ფილტვის დაზიანებას, სიმსივნეს, მძიმე ლითონებით მოწამვლას იწვევს, ასევე უარყოფით ზემოქმედებას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რუსთავში 2012-დან 2018 წლამდე დაახლოებით ორჯერაა გაზრდილი სუნთქვის ორგანოთა ავადმყოფობის შემთხვევები, ზრდა არის სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობებშიც.

საწარმოო ზონაში ტყვიისა და მძიმე ლითონების შემცველობაც უნდა მოწმდებოდეს ჰაერში. ამ ელემენტებს დღეს საქართველოში გარემოს ეროვნული სააგენტოს მობილური სადგურებით ზომავენ, თუმცა არა ყოველდღიურად. მეტიც, არც ეს გაზომვა იძლევა სათანადო ინფორმაციას პრობლემის წყაროზე. მაგალითად, თუ რუსთავში რომელიმე ნივთიერება აჭარბებს ნორმას, დამატებითი კვლევის გარეშე, შეუძლებელია დადგინდეს, თუ რომელი ქარხნის მუშაობამ გამოიწვია ზრდა.

გაფრქვევების შესახებ საწარმოები თავად ავსებენ დოკუმენტაციას, თავად უთითებენ, რა ნივთიერებას რა მოცულობით მოიხმარენ. შემდეგ ფორმულებით დგინდება, როგორია გაფრქვევებში სხვადასხვა ელემენტის შემცველობა. ეს მეთოდი ცდომილებებსაც გულისხმობს, ამიტომ არც ცალკეული ქარხნის სურათს აღწერს, არც მასშტაბურად, მთელი ქალაქის მდგომარეობას.

საღამოს ცხრა საათიდან, როცა რუსთავსა და გარდაბანს შორის სარწყავი არხის გადაღმა, ასიოდე მეტრში განლაგებული საწარმოები „ნიკა 2004“ და „ჯეოფერომეტალი“, „რუსელოისი“, ასევე ცემენტისა და აქვე განლაგებული სამშენებლო მასალების პატარ-პატარა საწარმოები მთელი დატვირთვით იწყებს მუშაობას, რუსთავის განაპირას მდებარე სოფელ თაზაქენდში ფანჯრებს კეტავენ და სახლებში იკეტებიან. გამონაბოლქვის მძაფრი სუნი ოთახებში მაინც აღწევს, მტვერი კი სქელ ფენად ეფინება თაზაქენდელების ბაღებსა და ბოსტნებს. აქაური მოსახლეობა ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან. წლებია, თავს სოფლის მეურნეობით ირჩენენ. წინათ ეზოში ვენახიც ჰქონდათ, თუმცა კარგა ხანია, ვაზს ვეღარ ახარებენ, სალათის ფურცლები, მწვანილი მოჰყავთ და გარდაბანში, ასევე რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზარში, ასევე თბილისის ბაზრებში ბითუმად აბარებენ – იქიდან უკვე კვალის მიდევნება რთულია – თაზაქენდური ხილი, მწვანილი და სალათის ფურცლები ყველგან შეიძლება შეგვხვდეს.

თაზაქენდელი ფირდოუსი, რომელსაც ორი შვილი ჰყავს, ბაღჩაში გვეპატიჟება, ხიდან კარალიოკს წყვეტს და ხელისგულს შლის, თითების მოსმა და ხელისგულზე დაფერფლილი კარალიოკი რჩება – ხეებზევე იწვება ზოგი, ასე ნახშირდება, მაგრამ როგორ დავამტკიცოთ, რომ მოსავალი ჩვენ წინ მდებარე ქარხნების გამო გვიფუჭდება? – გვეკითხება.

თაზაქენდს ეტყობა, რომ ლამაზ სახლებსა და ფერმერობით თავის რჩენაზე ოცნებას თავი აქ დიდი ხნის წინ დაანებეს. ზოგ ღობეზე წითელი ლენტია – იმის დასტურად, რომ ახალი რძალი ჰყავთ, ზოგან ღია ჭიშკარში ჩანს, რომ შიგნით, პირდაპირ ბეტონზე გაშლილ ძველ ხალიჩაზე ბავშვები თამაშობენ, მაგრამ ბევრი სახლი დაკეტილია – ისეთებიც კი, რომელთაც ეტყობათ, რომ პატრონმა მათ მორთვა-აშენებაში ბევრი ფული ჩადო.

„სიმსივნე ლამის ყოველ მეორე ოჯახშია, მივდივართ აქედან, ზოგი რუსეთშია, ზოგი – აზერბაიჯანში, აქ არაფერი გამოვიდა“, – ამბობს ჯემალი.

მისი ბაღის განაპირას არხი ჩანს, არხის იქით კი ერთ-ერთ საწარმოში შემავალი გზა მიდის. გარშემო ყველგან გოგირდის სუნი დგას, გზა მწვანეა, შორიდან ზურმუხტისფრად ელავს, განსაკუთრებით მზიან ამინდში და ფილმის სათაურს გახსენებს – „მწვანე ბილიკი“. ეს მწვანე საფარი ქარხანაში გადამუშავებული ნარჩენია, ე.წ. წიდა, რომელსაც პირდაპირ ჭიშკრის გამოღმა ცენტრალურ გზამდე მისასვლელ მონაკვეთში ფანტავენ. მასში, შესაძლოა, მავნე ნივთიერებებიც იყოს. გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახური ტერიტორიის შემოწმებას 2020 წელს გეგმავს.

თანამედროვე ინდუსტრიებში, როცა მწვანე გადაწყვეტილებების მიღებას მეოცე საუკუნეში დაწყებულ მსხვილ კომპანიებსაც სთხოვენ, ამ საკითხის გადაჭრის ალტერნატიული მეთოდები არსებობს. ერთ-ერთი, ქარხნებში თვითმონიტორინგის ავტომატური სისტემაა.

„აუცილებელია, ყველა საწარმოს მილში თვითმონიტორინგის 24-საათიანი სისტემა ჰქონდეს. ეს იქნება სოფტზე დაფუძნებული სისტემა და ჩვენც მუდმივად გვექნება წვდომა ამ ინფორმაციაზე. 24 საათის განმავლობაში გაიზომება და დღეს როცა ერთმანეთს აბრალებენ საწარმოები, ეს აღარ მოხდება. შესაძლებელი იქნება, მილშივე გაიზომოს სხვადასხვა ნივთიერების გაფრქვევები და მაშინვე გამოვლინდეს, თუ ვინმე გადააჭარბებს ნორმას“, – ამბობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ნელი კორკოტაძე. ამ მიმართულებით მზადდება საკანონმდებლო ცვლილებები ატმოსფერული ჰაერის შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და გარემოს დაცვის შესახებ კანონში.

ეს საკანონმდებლო ცვლილებები აჩენს ვალდებულებას, რომ საწარმოებს უკვე აუცილებლად ჰქონდეთ თვითმონიტორინგის მსგავსი სისტემა, თორემ არსებული სისტემით საწარმოებისთვის ბევრი რამ დაშვებული ხდება. თითოეულ ქარხანას მუშაობის უფლება წარმოების მოცულობის მიხედვით ეძლევა. გადასცემენ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტს. მასში აღწერილია საწარმოს საქმიანობა, მოცულობა, დასახლებული პუნქტიდან დაშორება, ჰაერში გაფრქვევები და სხვა ტექნოლოგიური პარამეტრები. თუმცა დოკუმენტით გაწერილი პუნქტები ხშირად სცდება რეალობას. ნებართვის მოპოვების შემდეგ საწარმოები ამ წინასწარ შედგენილი დოკუმენტით გაწერილ პარამეტრებს არღვევენ.

2013 წლიდან დღემდე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა რუსთავში 24 საწარმო დააჯარიმა, აქედან 8 – ბოლო ერთ წელიწადში. ესენია: რუსთავის ფოლადი, რუსელოისი, ჯეოსთილი, რუსთავის აზოტი, ჯორჯიან ელოის გრუპი, ჯეორჯიან ფერო, თეთრი ქუდი და სამედიცინო ნარჩენების ინსინერატორი.

ზოგიერთ საწარმოს აირმტვერგამწმენდი სისტემა საერთოდ არ აქვს, ზოგს პირიქით, სისტემა აქვს, მაგრამ გაუმართავია, საწარმოებს არ აქვთ გაწერილი, როგორ მართონ ნარჩენები, ზოგიერთი საერთოდ ისე საქმიანობს, გარემოზე ზემოქმედების ნებართვა არ მიუღია.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ მეტალურგიული საწარმოებიდან ჯეოსთილს კარგი აირმტვერგამწმენდი სისტემა აქვს. თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში ამ სისტემაში წარმოქმნილი აირები მაინც არ ტარდება. სისტემა ისეა დაგეგმილი, რომ როცა დიდი ზომის, არაგაბარიტული ჯართი დიდხანს იტვირთება, აირების ღუმლიდან ამორტყოცნა ხანგრძლივდება, მათი შეკრება კი ვერ ხერხდება ისე, რომ გაიაროს აირმტვერგამწმენდი ნაგებობა და გამოვიდეს გარეთ, ამიტომ კვამლი საწარმოს შენობის სხვადასხვა ადგილიდან გამოდის. ამის დანახვა ნებისმიერ გამვლელს შეუძლია, მათ შორის მათაც, ვისი სახლებიც 700-800 მეტრითაა დაშორებული ქარხნიდან. დავით გარეჯისა და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლები ხშირად ხედავენ კვამლს, რომელიც შენობის სახურავის სხვადასხვა კუთხიდან ყოველგვარი მილების გარეშე, ღრიჭოებიდან ამოდის.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურმა დააჯარიმა რუსთავის ფოლადიც, სადაც, მათი თქმით, საერთოდ არ არსებობს არანაირი მტვერდამჭერი მოწყობილობა და გამწმენდი ნაგებობები. პრობლემა იყო საწარმოს წიდასანაყაროზეც – რუსთავის ფოლადს არ აღმოაჩნდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება იმ ტერიტორიასთან დაკავშირებით, სადაც ნარჩენებს, ე.წ. წიდას ყრიან. თუმცა რუსთავის ფოლადმა ზედამხედველობის სამსახურის ჯარიმა გაასაჩივრა და ამჟამად დავა სასამართლოში მიმდინარეობს.

ზედამხედველობის სამსახურის რეაგირებას ზოგიერთმა საწარმომ ცვლილებებით უპასუხა, ზოგიერთს გონივრული ვადა მისცეს სიტუაციის გამოსასწორებლად.

ახალი კანონპროექტით გათვალისწინებულია საწარმოებისთვის სანქციების ზრდის საკითხი, რადგან ქარხნებთან მიმართებით კონტროლის არსებული სისტემა ბოლომდე არ მუშაობს. ზედამხედველობის სამსახური აჯარიმებს კომპანიებს, კომპანიები ან იხდიან ერთჯერად ჯარიმას, რომლის ოდენობაც 5000-7000 ლარის ფარგლებში მერყეობს, ცდილობენ პრობლემების მოგვარებას, ან ასაჩივრებენ სასამართლოში და ამით დროს წელავენ. სასამართლო შეიძლება რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს, გადავიდეს მეორე ინსტანციაში. თუმცა პროცესის დასრულების შემდეგაც სახელმწიფო საწარმოს პრობლემის აღმოსაფხვრელად გონივრულ ვადას აძლევს, რომელიც შეიძლება 2-3 წელი გაგრძელდეს და მთელი ამ დროის განმავლობაში ქალაქზე მათი კვალი უწყვეტად აისახება.

სახელმწიფოს ახლა არ აქვს რეალური მექანიზმი, რომ რომელიმე საწარმოს მუშაობა სერიოზული დარღვევის გამო დაუყოვნებლივ შეაჩეროს იმ დრომდე, სანამ დარღვევა არ აღმოიფხვრება. ამიტომაც, როცა იმ დღეს ზედამხედველობის სამსახურში დავრეკეთ, გვითხრეს, რომ საქმეს ჩაინიშნავენ, მაგრამ ვერ დაგვეხმარებიან, რადგან საწარმოებს დარღვევების გამო ისედაც უკვე სასამართლოში აქვთ საქმე – სხვა მექანიზმი კი მათ შესაჩერებლად არ გააჩნიათ.

ახალი კანონპროექტი ამ გარემოებასაც ითვალისწინებს – ის მიანიჭებს გარემოს ზედამხედველობის სამსახურს უფლებამოსილებას, შეაჩეროს საწარმოს მუშაობა ისეთი პრობლემის შემთხვევაში, რომლის აღმოფხვრაც დაუყოვნებლივ შეუძლებელია. საწარმოს შეჩერების მექანიზმი კანონმდებლობაში ახლაც არსებობს, მაგრამ ის რომ ამოქმედდეს, გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურმა უნდა დაადასტუროს, რომ კონკრეტული პრობლემა გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, ნელი კორკოტაძე კი განმარტავს, რომ ხშირ შემთხვევაში პირდაპირი კავშირის დადგენა ვერ ხერხდება, ხოლო ნებართვის შეჩერების საკითხი მხოლოდ ერთი და იმავე დარღვევის გამო მეორედ და მესამედ დაჯარიმების შემდეგ დგება – ასეთი შემთხვევა კი ჯერ არ ყოფილა.

ქალაქის შემოგარენში 30-ზე მეტი საწარმო ფუნქციონირებს. აქაა ქიმიური საწარმო, მეტალურგიული ქარხნები – ფერადი და შავი ლითონების წარმოება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დამაბინძურებელი სექტორია, სილიკომანგანუმის, ცემენტისა და სამშენებლო მასალების საწარმოები, სამედიცინო ნარჩენების ინსინერატორი და სხვა. მათ უმეტესობას მნიშვნელოვანი ტექნიკური გადაიარაღება ათწლეულებია, არ გაუვლია.

„პრობლემას ქმნის ისიც, რომ მოსახლეობა ძალიან მიუახლოვდა საწარმოებს, იქ, სადაც კომუნისტების დროს დგინდებოდა სანიტარიული ზონები და ადამიანები მუდმივად არ ცხოვრობდნენ, ახლა ლტოლვილების ჩასახლებაა“, – ამბობს ნელი კორკოტაძე.

ასევე, სხვადასხვა ტიპის საწარმოების ერთობლიობა კუმულაციურ ეფექტს ქმნის – ასეთ ლანდშაფტში, ასეთი გამეჩხერებული მწვანე საფარის ფონზე, ასე კონცენტრირებული წარმოება კიდევ უფრო დიდ კვალს ტოვებს.

თბილისის აეროპორტში თვითმფრინავები ხშირად რუსთავის მხრიდან იწყებენ დაფრენას და ამ დროს, ზემოდან განსაკუთრებულად კარგად ჩანს, როგორ იფანტება ქარხნის მილებიდან ამომავალი კვამლი ქალაქზე. ღამის სიბნელეში ერთადერთი, რაც თვითმფრინავის ილუმინატორიდან გარკვევით ჩანს, რუსთავის თავზე ყვითლად გაწოლილი სქელი კვამლია.

ნიკა მუსერიძე ამბობს, რომ პრობლემა ქალაქის განაშენიანების გეგმის არარსებობაცაა.

„არ ვიცით, რამდენი ან როგორი საწარმო შეიძლება კიდევ დაიტიოს ქალაქმა, არავის უკვლევია ეს. ან რა რაოდენობის მწვანე საფარი შეიძლება იყოს საკმარისი ასეთი ქალაქის ჟანგბადით უზრუნველსაყოფად. ხეები კი ირგვება და სკვერები ახლდება, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, როცა არ არსებობს ქალაქის გამწვანების გეგმა“, – ამბობს ნიკა.

4 ივნისს მოძრაობას „გავიგუდეთ“ ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული ჰქონდა პოსტი: „ძველ რუსთავში საშინელი ტოქსიკური სუნია, ხილვადობა თითქმის არ არის, მტვრის მყარ ნაწილაკებზე air.gov.ge-დან ვეღარ ვიღებთ მონაცემებს. ამ ქალაქში ცხოვრება აბსურდია!“...

მართლაც, 23 მაისს რუსთავის ფონური სადგური მწყობრიდან მოულოდნელად გამოვიდა და მტვრის მყარი ნაწილაკების რაოდენობას ჰაერში აღარ ზომავს. გაფუჭდა მექანიზმი, რომელიც ერთადერთი იარაღი იყო მოქალაქეებისთვის ჰაერის ხარისხის შესამოწმებლად.

„...ტექნიკური სამუშაოების გამო ზოგიერთ სადგურზე დროებით შეჩერებულია სხვადასხვა პარამეტრის გაზომვები“, – ვკითხულობთ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე დაზიანებიდან 2 კვირის შემდეგაც.

აქტივიზმი, ცხადია, არ წყდება. მოძრაობა „გავიგუდეთ“ ცდილობს იმას, რომ მათი შენიშვნები ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებულ რამდენიმე კანონში საბოლოოდ აისახოს კიდეც. ეს კანონები პარლამენტს, წესით, საგაზაფხულო სესიების დასრულებამდე უნდა დაემტკიცებინა, თუმცა, პროცესი შეფერხდა და გაურკვეველი ვადით გადაიდო. გადაწყვეტილების მიღება უკვე ახალი მოწვევის პარლამენტს მოუწევს.

გამონაბოლქვი ქალაქის თავზე სულ უფრო ბლანტი და გაუვალი ხდება.

P.S. სტატიაზე მუშაობის პროცესში ინდიგო დაუკავშირდა კომპანიების „ჯეოსთილისა“ და „რუსთავის მეტალურგიის“ წარმომადგენლებს, მათ კომენტარზე უარი განაცხადეს.

______________________________________________________________________

ტექსტი: სალომე მელუა, თამარ ბაბუაძე
ფოტო: ლაშა (FOX) ცერცვაძე, იან ხუდოჟილოვი