ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ბასმაჩა | კობა, ცხინვალი

კობა, 50 წლის, ცხინვალი

ბოლო რვა თვე ავღანეთში ვიმსახურე. 89 წლის მარტში, მახსოვს, ჩვენ ნაწილში ერთი ქართველი დაიღუპა. მისი ცხედარი სახლში რომ გავგზავნეთ, ჩვენი ერთი თანამებრძოლიც თან გაჰყვა. იმასაც კობა ერქვა. უკან რომ დაბრუნდა, სახლიდან მოსაკითხებიც წამოიყოლა, ჭაჭა, ბასტურმა, ჩურჩხელა. ჰოდა, ჩემთან რობერტ ხარაბაძე შემოვიდა, ჩვენი თანამშრომელი, რაღას უზიხარ, კობამ უკვე სუფრა გაშალაო! გამიკვირდა კაცო, არაფერი ვიცოდი. სულ მეძახოდნენ ხოლმე. 

ჩულანში ისხდნენ. შევედი და ვხედავ ქართული დროშა აქვს კედელზე გაკრული. ეტყობა მოსაკითხთან ერთად ჩამოიტანა. ერთი სიტყვით, აღარ დავჯექი სუფრასთან, მაგ დღის მერე ერთმანეთისთვის ხმაც აღარ გაგვიცია. არადა, იქამდე ერთად ვიყავით. 

1989 წელს, არეულობა რომ დაიწყო, მე უკვე ვიცოდი რითიც დამთავრდებოდა. გამოცდილი მქონდა რა იყო შიში, რა იყო გამოუვალი მდგომარეობა, სისხლი, სიკვდილი. ჩემ გარშემო არავინ აზრზე არ იყო ეს ყველაფერი სადამდე მიგვიყვანდა. ავღანეთიდან ოქტომბერში დავბრუნდი და ერთ თვეში, 23 ნოემბერს ცხინვალთან, ქართველების რამდენიმეათასიანი კოლონა მოგვადგა თბილისიდან. 

ავღანეთის ამბები კიდევ მაშინ გამახსენდა, ვლადიკ ჯიოევი რო მოკლეს, ბასმაჩა. ისიც ავღანეთში მსახურობდა. 

1992 წელი იყო. მაგის რაზმმა ფრისთან სიმაღლე დაიკავა და ბრძოლა გაჩაღდა, დაიჭრა ხალხი. ამან დანარჩენები ბოეპრიპასებზე გაუშვა, მაგრამ უკან ვეღარ მობრუნდნენ, ქართველებმა გზა გადაკეტეს. ამ დროს ბასმაჩაც დაჭრილი იყო. ბოლო ტყვიამდე ისროდა, მერე სისხლისგან დაიცალა. ქართველებმა იპოვნეს. ჰოდა, ერთი თურმე მაგასთან ერთად ავღანეთში იბრძოდა. ჩვენც ქართველებმა გაგვაგებინეს ბასმაჩა დაიღუპა და გაიყვანეთო.
მე იქ არა ვყოფილვარ, მაგრამ ვიცი, რომ ავიდნენ, ეს ქართველი ბიჭი მუხლებზე დაცემულა თურმე, იმისი ხელი დაიჭირა და ღრიალებდა: თქვენ მე ძმა მომიკალითო! ეს ცოდვა როგორ ჩამოვირეცხო ხელებიდან, თქვენთან ერთად ბასმაჩა მეც მოვკალიო!  

გამოსასყიდიც არ მოუთხოვიათ. მისი ცხედარიც და ავტომატიც ეგრე გადმოგვცეს. იმ ქართველს ბიჭებისთვის უთხოვნია, გამაგებინეთ რო დაკრძალავთო. ჰოდა, გავაგებინეთ და გამოსამშვიდობებელი გასროლის დროს, მეორე მხრიდან მოგვესმა ხმა - საქართველოდანაც ჩვენთან ერთად ისროდა ვიღაც. 


ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ტექსტი: ზარინა სანაკოევა
ფოტო: ვლადიმირ სვარცევიჩი / ანასტასია სვარცევიჩის არქივიდან