ინტერვიუ ლელა კოტორაშვილთან

ქართული ლიტერატურის მასწავლებელი

 

წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა გამეკეთებინა, როდესაც პირველად კლასში შევედი და მასწავლებლის მაგიდასთან დავდექი. ოცი წლის ვიყავი.

ამ პასუხისმგებლობამ დამამძიმა. ძალიან გამიჭირდა.

შეუძლებელია, თავი კარგად იგრძნო იქ, სადაც არ გამოგდის. ვყვიროდი კიდეც, როდესაც ვერ ვიმორჩილებდი. მაშინ მხოლოდ ეს ვიცოდი ‒ საბჭოთა სკოლის ბიჰეივიორისტული მიდგომა, რაც პირველ რიგში ამოტივტივდა, როგორც გამოცდილება. მივხვდი, რომ ეს სასწრაფოდ უნდა შემეცვალა.

მალე ჩემი პირველი შვილი გაჩნდა. გავიცანი არაჩვეულებრივი ექიმი, ლალი ანდრიაშვილი, რომელმაც პედაგოგიკაზე სულ სხვანაირად დამაფიქრა. ბავშვთან ურთიერთობა ადამიანის განვითარების საუკეთესო გზააო, ერთხელ მითხრა. რაღაცნაირად მივყევი მის რჩევას და ხუთი წელი გააზრებულად ჩემს შვილებთან გავატარე. ჩვენმა ყოველდღიურობამ, წვრილ და მსხვილ მოტორიკაზე, წარმოსახვის განვითარებაზე ზრუნვამ პედაგოგიკასთან დამაახლოვა.

თითქოს მერე თავისთავად მივედი იქამდე, რომ „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამით, რაჭაში, ჩემი ქმრის სოფლის სკოლაში წავედი სამუშაოდ. მთელ სკოლაში ოცდაათამდე ბავშვი სწავლობდა, ჩემს კლასში სულ სამი მოსწავლე იჯდა. ლიტერატურას ვასწავლიდი. მივხვდი, რომ წიგნები ჩემი ინსტრუმენტი იყო, ლიტერატურის შესწავლის პროცესი კი, რაღაცნაირად, ცხოვრების წესად უნდა გვექცია. დავიწყეთ ლიტერატურული კაფეების მოწყობა, ვიკრიბებოდით, ვაცხობდით, ვამზადებდით ათას გემრიელობას, ვკითხულობდით წიგნებს და ვარჩევდით, ვერთობოდით.

ცოტა ხანში ჩემი კლასი ‒ მარიამი, თამარი და კესო, ისეთი მაგარი მკითხველები დადგნენ, იქით პოულობდნენ წიგნებს და მასწავლებლებს აკითხებდნენ. სკოლის ბიბლიოთეკაში მანამდე თუ სამი ახალი გამოცემა იყო, ორი წლის შემდეგ უკვე შეივსო თაროები, სრულიად უცხო ადამიანები გვიგზავნიდნენ წიგნებს.

იმ პატარა სკოლამ ბევრი რამე მასწავლა. ბავშვებს ბევრი რამე მოაქვთ სახლიდან, მასწავლებელი კი შინაგანად ისეთი მყარი, ძლიერი უნდა იყოს, ეს ყველაფერი თავის კალაპოტში მოაქციოს. ხშირად ჰგონიათ, რომ ჩემი მეთოდები ლოიალურია. ამ დროს, არა, არასდროს ვცვლი პრინციპებს და ბავშვებსაც მათ პატივისცემას ვთხოვ.

საერთოდ, კარგად დაგეგმილი გაკვეთილი ყოველთვის კარგად მიდის. ხმაურს ხანდახან ყურადღება არც უნდა მიაქციო. პირიქით, ეს ხმაური სიგნალია, რომელიც შეგიძლია გამოიყენო. პატარებს კი არა, მაგისტრატურის ლექციებზე მეც ისე მიჭირდა დიდხანს ერთ ადგილას ჯდომა. ამიტომ, ისეთ სავარჯიშოებს ვიყენებ ხოლმე, ბავშვებს განმუხტვის საშუალებაც რომ ჰქონდეთ, ხან ერთმანეთს დაელაპარაკონ, ან სულაც იხმაურონ, ოღონდ ესეც სასწავლო პროცესის ნაწილი უნდა იყოს.

როგორც კი მიდგომა შევცვალე, მაშინვე მოგვარდა ქცევის პრობლემები. რაღაც პერიოდის მერე შენიშვნაც აღარ იყო საჭირო. ეს ისეთი მაგარი განცდაა მასწავლებლისთვის, ვერ აგიწერთ.

ჩემი მოსწავლეებთან ურთიერთობა პატივისცემაზე დგას. სასწავლო პროცესი რთულია. ძნელია, აკონტროლო ყველა ფრაზა. ყოველთვის ბოდიშს ვიხდი, როცა რამე წამომცდება, მაგრამ შეცდომის აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობაში. ვცდილობ, ინდივიდუალურობის პატივისცემა ვასწავლო. ვაჩვენო, რომ ყველა სრულიად განსაკუთრებული და, ამავე დროს, ერთმანეთის თანასწორია.

ესეც მალე ვისწავლე: როგორც კი გეცვლება ტონი, ბავშვის ქცევის მართვაც რთულდება. ყველა ემოცია და განწყობა ბუმერანგივით გიბრუნდება. ჩემს შვილებთანაც ასეა, როგორც კი აგრესიას ვავლენ, მერე ერთმანეთსაც ასე ექცევიან. მაშინვე ვხვდები ხოლმე, ეს ჩემგან მოდის, ჩემი ბრალია.

ბავშვებს ახლის სწავლა უჭირთ, როცა მშობლის ან მასწავლებლის შიში აქვთ, რადგან შეცდომების დაშვების ეშინიათ. ეს სიმკაცრე არ არის, ეს დათრგუნვაა, რაც აზროვნების პროცესს კეტავს. დღეს ყველგან გვხვდება ასეთი, დათრგუნული ბავშვი.

ბავშვებთან ცხოვრების ინტერესის გაღვივებაა მთავარი. ჩემი მიზანი კლასშიც, ინდივიდუალურადაც საზრისის პოვნაში დახმარებაა, საკუთარი თავი უნდა შევაყვაროთ, რომ ცხოვრებაში სიძნელეებთან გამკლავება შეძლონ. ისეთი გარემო შევუქმნათ, სადაც ერთმანეთის წარმატება გაუხარდებათ. მაგრამ მასწავლებელი თვითონ უნდა იყო ნამდვილი, გამართული, რომ სწორი ენერგია და შინაარსი მიიტანოს. ესაა ღირებულებებზე დაფუძნებული სწავლება.