ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ცოცხალი ჯაჭვი - თიმურ ცხურბათი

თიმურ ცხურბათი, სამოქალაქო აქტივისტი, ცხინვალი

1989 წლის 23 ნოემბრამდე პოლიტიკა საერთოდ არ მაინტერესებდა. მეგობრებს გვქონდა სათბური, ვმუშაობდით, ცოტა ფულსაც ვშოულობდით და ბედნიერად ვცხოვრობდით.

თუმცა, იყო ერთი პოლიტიკური ეპიზოდიც. 1988 წელს, თბილისში, სტუდენტებმა შიმშილობა დაიწყეს – საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გასვლას ითხოვდნენ. არც მე მიყვარდა ეს უშველებელი ქვეყანა, არ მესმოდა მისი პრინციპების. მაშინ ქართველებსა და ოსებს შორის უკვე იგრძნობოდა დაძაბულობა, მაგრამ, აქ მთავარი ის იყო, რომ ადამიანებმა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ხმის ამაღლება გაბედეს – ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის. ავდექით მე და ჩემი ორი მეგობარი და თბილისში წავედით – ეს ყველაფერი საკუთარი თვალით უნდა გვენახა. რუსთაველზე, პარლამენტის კიბეზე ახალგაზრდები ისხდნენ. მივედით, ხელი ჩამოვართვით, ოსები ვართ და თქვენთან ჩამოვედით-მეთქი. გაუკვირდათ: „ოსები ხომ ჩვენ წინააღმდეგ არიანო?“ ბევრი არის, მაგრამ ისეთებიც არიან, ვინც თქვენს იდეას მხარს დაუჭერენ-მეთქი. დაგვიდგებითო? შიმშილობას ვერ გამოვაცხადებთ, მაგრამ სხვანაირად დაგიდგებით-მეთქი. ოცდაათი ადამიანი მაინც ვიცი, ვინც მხარს დაგიჭერენ-მეთქი. ყველა, ვისაც მაშინ ვგულისხმობდი, მოგვიანებით, 1989 წლის 23 ნოემბერს, ზღუდერის მთის ძირას დემონსტრანტების კოლონას აკავებდა საქართველოდან.

საქართველო იმ დღეს დამთავრდა ჩემთვის. მაშინ მივხვდი, რომ ამ ქვეყანასთან არაფერი აღარ მქონდა საერთო. რაღაც აშკარად ვერ იყო აქ, ამიტომ ჩვენ ჩვენი გზა უნდა გვეპოვა.

დღევანდელი დღესავით მახსოვს, მზიანი დღე იყო. 8 ივნისის ქუჩაზე მივდიოდით მე, კოზაევი სოლტანი, პუხაევი სტასი და ჯუსოევი ვასია. ბოგირის რაიონამდე მივედით, იქ უკვე ბიჭები იდგნენ ქართული სოფლებიდან. რამდენიმეს ქართული დროშა ჰქონდა. გამოველაპარაკეთ. ვკითხე, რას ითხოვთ-მეთქი. ხომ გვიცნობთ კარგად, თქვენი არ შეგვეშინდება, მოდით ვიჭიდავოთ და ვინც წააგოს, სუფრაც თავის მხარეს იმან გაშალოს-მეთქი. შეიძლება ბავშვურად მომივიდა, მაგრამ ვიფიქრე, სიტუაციას ასე განვმუხტავ-მეთქი.

გავაგრძელეთ გზა, მოსკოვის ქუჩით, სტადიონისკენ წავედით. ხიდზე გადავედით და ტეკისკენ გადავუხვიეთ. აი, იქ უკვე დავინახეთ კოლონის თავი, რომელიც ქალაქისკენ ეშვებოდა. გავიქეცით მათკენ და სასამართლოს ზემოთ შევხვდით. არ ველოდით, დაძაბულობა როგორ არ იყო, მაგრამ ასეთ რამეს არ ველოდით. ჩავჭიდეთ ხელები ერთმანეთს და გზა გადავკეტეთ. სულ რამდენიმე ბიჭი ვიყავით, თავიდან მთელ გზას ვერც ვწვდებოდით. წინ ორი შავი ვოლგა გაჩერდა. გადმოვიდა კაცი გენერლის ფორმაში. გაგვატარეთო, გვითხრა. და ვინ ხარო, ჩვენებმა ჰკითხეს. გენერალი გორგოძე ვარო, გვიპასუხა, საქართველოს შს მინისტრი. მე ვასია ჯუსოევი ვარ და ვერსად ვერ გაგატარებო, ამან უპასუხა. გაეჯგიმა კიდეც. ამასობაში დემონსტრანტებიც მოგვიახლოვდნენ. ჩვენკენაც მრავლდებოდა ნელ-ნელა ხალხი. ვუყურებთ და ქართველების კოლონას ბოლო არ უჩანს. და ეს ბრბო ჩვენკენ მოდის. ჩვენ ამ დროს ორი რიგი ძლივს ვართ. გვერდზე ჩემი მეგობარი, კოკო ძუცატი დგას, მოკრივეა, მედალოსანი. ისეთი ფეთქებადი ხასიათი აქვს, დავიძაბე, როგორც კი ჩვენს პროვოცირებას შეეცდებიან, ეს ვიცი, პირდაპირ შეტევაზე გადავა და მერე გადაგვივლიან ყველას. ერთი ქართველი მოვიდა, თბილისელი ქუჩის ბიჭი. კოკოს გაჰკრა მხარი: ვინა ხარო? კოკოს ხმა არ გაუღია. ვინც იქ ვიყავით, ყველამ ვიცოდით, რომ სიკვდილს ვუყურებდით თვალებში. გამორიცხული იყო, ძალით ვერ მოვერეოდით. უბრალოდ გადაგვივლიდნენ, გადაგვსრესდნენ, ზღვა ხალხი იყო. მოგვიახლოვდნენ, თვალებში გვიყურებენ, ამ დროს ვფიქრობ: ჯანდაბა, რა ბრიყვულად ვკვდები-მეთქი. წინ ერთი ქართველი მედგა, რაღაცას ამბობდა. არ მესმოდა, უბრალოდ, ვუყურებდი და ჩემთვის ვითვლიდი, თუ შეტევაზე წამოვლენ, მაგას ნაღდად გავუნგრევ ყბას, მეორეს, გვერდზე, თვალებსაც დავთხრი, მაგრამ დანარჩენს? რეალისტი ვარ, ვიცოდი, მარტო ორს თუ მოვერეოდი.

ნელ-ნელა მოიწევდნენ წინ. ჩვენ ვიდექით ჩუმად. წამოიყვირებდნენ რაღაცებს. ასეთი სიტუაცია იყო: ჩვენების პირველი ორი რიგი და იმათი ორი რიგი ერთმანეთს შიგ თვალებში ვუყურებდით. ქართველების პირველმა ორმა რიგმა იცოდა, რომ წამოსულიყვნენ, გადაგვივლიდნენ. მაგრამ თვითონაც ცუდ დღეში ჩავარდებოდნენ, ამიტომ უკან დაიხიეს. ხალხმაც უკან გადაიწია. საიდანღაც იძახდნენ, მიდით, მიაწექით მაგათო. მიდით და თქვენ მიაწექითო! – ესენი პასუხობდნენ. და როტაცია დაიწყო. ამაში იყო ჩვენ შორის სხვაობა. ოსები მზად იყვნენ სიკვდილისთვის. ქართველებს მარტო გამარჯვება კი არ უნდოდათ, უნდოდათ, ცოცხლებიც გადარჩენილიყვნენ.

მერე აღარ გვაწვებოდნენ. რაღაც სივრცეც კი გაჩნდა ჩვენ შორის, ასე, 50 სანტიმეტრის სიგანის. მერე კარატისტები გამოჩნდნენ, რაღაც თეთრი სახვევები ჰქონდათ. მოგვიახლოვდნენ და „რუჩაგოებს“ გვიქნევდნენ. ჩვენებს ეღიმებოდათ. ჩაკეცეს ბოლოს და გადაიწიეს უკან. ამ დროს ჩვენკენაც მომრავლდა ხალხი, სადღაც ორასამდე მოგროვდა.

ზემოთ, ქუჩაზე საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარი იდგა. დაინახეს, რომ ხალხი გაჩერდა და ჩვენკენ ჩამოვიდნენ. ჩაიწიეთ ცოტაო, გვითხრეს, შუაში რომ ჩამდგარიყვნენ. ბეტეერებით იყვნენ. თავიდან უარი ვუთხარით, ბოლოს დადგნენ მაინც, ჩვენსა და ქართველებს შორის.

მოკლედ, ვდგავართ, უკვე საღამოა, უკან ბევრი ხალხია. ქართველებმა სიმღერა დაიწყეს. ჩვენ ვბრაზობდით, თითქოს გავიმარჯვეთ და სიმღერით ისევ ისინი მღერიან, თან კარგად მღერიან. ოსები კიდევ, ფხიზლები არ იმღერებენ. ჩვენებიდან ვიღაცამ დიდ ჯოხზე თუმნიანი დაამაგრა და რუსი ჯარისკაცების თავზე, ქართველებისკენ გადასწია: აბა, ერთიც გვიმღერეთო! ვიღაცებმა ხურდების სროლა დაიწყეს. გაბრაზდნენ ძალიან. ჩვენთვის ეს კიდევ ერთი გამარჯვება იყო.

იქამდე, 80-იან წლებში, მე თბილისში ვცხოვრობდი. ძალიან ვმეგობრობდი ქართველებთან. ჩემი თვალით რომ არ მენახა 23 ნოემბერი, ამას არასდროს დავიჯერებდი. ვერ დავიჯერებდი, რომ ასეთი რამის გაკეთება შეეძლოთ. მეგობარი მყავდა თბილისში. 23 ნოემბერს სულ მასზე ვფიქრობდი. სად არის-მეთქი. საღამოს, პირველი რიგებიდან რომ გამოვედი, ვიღაც გეძებსო, მითხრეს. გავიხედე და ეს ჩემი მეგობარი დგას.

„თიმურ, ხომ იცი, რომ მე მათთან არა ვარო?“ თავი დავუქნიე. შენ კი იცოდე, რომ მე ამათთან ვარ-მეთქი. ჰოდა, ახლა, გთხოვ, სახლში წადი და სანამ არ დაგიძახებ, აქ აღარ მოხვიდე-მეთქი. 30 წელი გავიდა და მე მისთვის ჯერ არ დამიძახია. ამ ბიჭმა ქართველის ღირსება გადაარჩინა იმ დღეს ჩემთვის.

ამის შემდეგ, 90-იანი წლების დროს სამხრეთ ოსეთში სახალხო რაზმები შეიქმნა. რაიონების მიხედვით ერთიანდებოდნენ. 23 ნოემბერს დავინახეთ, რომ მილიციაც, მთელი სტრუქტურები ქართველების ხელში იყო. არავინ ქალაქში არ გამოჩენილა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რამე ხდებოდა. მეტიც, 1989 წელს, სამხრეთ ოსეთის მილიციას იარაღი ჩამოართვეს, სანადიროს ჩათვლით და სადღაც გაიტანეს. ჩვენ უიარაღოდ ვიყავით.

არაოფიციალურად შეიარაღებულ ჯგუფებს ალიხან პუხაევი ხელმძღვანელობდა. ერთ შეკრებაზე თქვა, 500 ცალი იარაღი და ამდენივე ადამიანი მყავსო.

ჩვენც ვეძებდით გზებს, როგორ გვეშოვნა იარაღი. ვყიდულობდით, ვშოულობდით, ნიქოზის ჯარისკაცებისგან ვყიდულობდით, ვიპარავდით, ვცვლიდით. მოკლედ, 90 წელი მაინც უფრო მშვიდი იყო. ჩვენ კი არ ვიყავით მშვიდად, იმიტომ რომ ვხედავდით, საბჭოთა ჯარი შემოიყვანეს 23 ნოემბერს. გაგვყიდეს. ჯგუფში მარტო 15 კაცს ჰქონდა იარაღი, მერე ყველა შევიარაღდით.

ერთი ამბავი მინდა მოვყვე, რითიც დღემდე ვამაყობ. 90 წელს თბილისში „ზარია ვოსტოკა“ გამოვიდა, რუსულ ენაზე, ცხინვალელი ბოევიკების სრული სიით, თავიანთი იარაღებით. ერთადერთი ჯგუფი, ვინც სიაში არ იყო, ჩვენ ვიყავით. მე ვამაყობ, რომ იმ სიაში ჩვენ არ აღმოვჩნდით.

1991 წლის 6 იანვარს ქართული შეიარაღებული ფორმირებები ცხინვალში შეიჭრნენ. რამდენიმე დღეში, გენერალი მალუშკინი გამოვიდა და მოსახლეობას უთხრა, რომ შეუძლიათ მშვიდად ეძინოთ. ჯარები გაიყვანეს და ქართველებიც შემოვიდნენ.

ჩვენ გვითხრეს, რომ სახალხო რაზმები შანხაის რაიონში იკრიბებოდნენ, იმ რაიონში, რომელიც ქართველებს ჰქონდათ დაკავებული. სიმართლე გითხრათ, გულს უხაროდა, ამდენ მებრძოლს რომ უყურებდა. 12 ჯგუფი დავითვალე, ყველა ჯგუფიდან შეკრებაზე 1 ან 2 წარმომადგენელი იყო. ყველა ცალ-ცალკე გვეცნობოდა და ამბობდა, რამდენი ადამინი ჰყავდათ და რა იარაღი ჰქონდათ. მეც ავდექი და მოვახსენე, რომ 15 შეიარაღებული მებრძოლი მყავდა. მოკლედ, აღმოჩნდა, რომ კატასტროფულად ცოტა იარაღი გვქონდა. ალიხან პუხაევს ყველა ეკითხებოდა, ის 500 იარაღი სად წაიღეო? მოვიტყუე, არავითარი 500 იარაღი არ მქონიაო.

ალიხანი ყველას მიმართავდა, ცეცხლი რომ არ გაეხსნათ, ქართველებთან მოლაპარაკებაზე მიდიოდა, როგორმე სისხლის ღვრის გარეშე რომ დამთავრებულიყო. ჩვენს ჯგუფს ასეთი პოზიცია ჰქონდა: სროლით ჩვენ არ ვისროდით, მაგრამ თუ ქართველები ვინმეს მოკლავდნენ, მერე ჩვენც დავიწყებდით ხოცვას.

ასე დავიშალეთ. მეორე დღეს, 8 იანვარს, მოედანზე ვიდექით, ქალაქის ცენტრში. და უცბად სროლის ხმა გავიგეთ. ავტომატის ჯერი იყო. ვერ მივხვდით, საიდან. გავიქეცი სახლში, იარაღი სახლში მქონდა, ოქტომბრის ქუჩაზე. შევდივარ და ვხედავ, მამაჩემი სისხლის გუბეში წევს, დედაჩემს ჩალურჯებები აქვს. მამაჩემი დაუჭრიათ გულის ქვემოთ, დედა უცემიათ. დედაჩემი ქართულის მასწავლებელია, ქართული კარგად იცის. ქართველი მებრძოლები დაუნახავს რამდენიმე სახლის იქით და მისულა, ელაპარაკებოდა. იმათ რაღაც არ მოეწონათ და სცემეს. იმ დღეს ავიღე იარაღი, გამოვიტანე ტყვიამფრქვევი და 2008 წლამდე ომში ვიყავი.