ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ბუნება

მიწის მცველი | ინტერვიუ ზურაბ კიკნაძესთან

ინტერვიუ ჩაწერილია ყვარელში, სოფელ ალმატში, აპრილი, 2020


ინდიგო: ადამიანი სხვადასხვაგვარ განსაცდელს გადის და ხავსს სხვადასხვას ეჭიდება სიტუაციურად. ეს პანდემია განსაცდელად რომ დავსახოთ, არის თუ არა ბუნებასთან კონტაქტის აღდგენა ხავსი, რაც, პირველ რიგში, უნდა ახსენდებოდეს ადამიანს?

ზ.კ.: ხომ ყბადაღებულია თითქმის ჭეშმარიტებად ქცეული თვალსაზრისი, რომ ადამიანმა ბუნებასთან კონტაქტი დაკარგა თუ დაეკარგა? ეს ცივილიზაციის, როგორც პროცესის, შედეგია. უფრო კონკრეტულად, ტოტალურობისკენ მზარდი ურბანიზაციის „სასურველი“ მონაპოვარია. ხშირად ვფიქრობ, რომ ადამიანმა, და მთლიანად კაცობრიობამ (რაკი ადამიანი ყველგან ადამიანია), რაღაც დააშავა ბუნების წინაშე, როგორც გარე-ბუნების წინაშე – და აქედანაა სტიქიური, გამანადგურებელი მოვლენები, ისე საკუთარი ბუნების წინაშე – საიდანაც ათასგვარი ახალი სნეულება მოდის, თუნდაც ვირუსების შემოსევის სახით. ყოველგვარი პანდემია, ადამიანის გასანადგურებლად მიმართული, დანაშაულის, თუ მიზეზი არა, გამოხატულებაა. პირველი მოწოდება, რომელიც ადამიანმა მიიღო, სწორედ ბუნებას ეხება: მიწის დაცვა ადამიანს, როგორც გონიერ არსებას, დაეკისრა. და როგორც წიგნში წერია, ის ძეძვი და ეკალი, რომელიც მიწამ ადამიანის დასასჯელად აღმოაცენა, მეორე მხრივ, დასნეულებული მიწის ერთგვარი გამონაყარი იყო.

ინდიგო: როგორ ზემოქმედებს თქვენზე ამინდი, ხეებთან სიახლოვე, ბუნების მწვანე თუ სხვა ფერი, როცა ფანჯრიდან გაიხედავთ ანდა, თუნდაც, როგორ უსმენთ სიჩუმესა და სხვა ხმებს, რაც ბუნებას გარშემო აქვს? პირიქითაც მაინტერესებს – თქვენ რაღას აძლევთ ბუნებას, როდის და რას ეუბნებით ჰაერს, წვიმას, მიწას?

ზ.კ.: ბუნების განცდა და თავად ბუნება მიწიდან იწყება. თავის სრულყოფილ სახეს ბუნება გაზაფხულზე აჩენს. ქალაქში ყოფნისას სინანული გიპყრობს, რომ მის გაღვიძებას ვერ ესწრები. რაც ხანმოკლეა გაზაფხული (ამას ხშირად ვჩივით ხოლმე), მით უფრო ძვირფასია იმ ყველაფრის მსგავსად, რაც საერთოდ წარმავალია. ამ დროს მახსენდება მეგობრისგან გაგონილი სტრიქონები, რომელთაც ის განსაკუთრებული განცდით, არაფერთან, არც გაზაფხულთან კავშირში, ერთ დროს, დიდი ხნის წინ წარმოთქვამდა:

წელიწადის მოქცევამან მიწის პირი განაახლა,

იგ ოსტატი ხელოვანი პირველ იყო, განა ახლა...

და მომდევნო ორი ტაეპი, რომლებიც უჩვეულოდ აღგაფრთოვანებს:

გაზაფხულის წვიმამ ხშირმან ჟანგიანი მიწა რეცხოს,

ხენი ხილთა გამომღებლად მიდგომილი დააკვერცხოს…

ცხონებული არჩილ ტოტოჩავა, იგივე არჩილ რუგოშელი, დიდი გზნებით, განსაკუთრებული არტიკულაციით („ჟონგიანი...“) წარმოთქვამდა ამ სტრიქონებს და – მერე სად? ბათუმის ზღვის სანაპიროზე, სადაც უნაყოფო ქვიშას ასევე უნაყოფო ზღვის ტალღები რეცხდა.

ყოველ გაზაფხულს ურბანულ გარემოში მახსენდება ეს სიტყვები, ამ აგრესიული რეცხვის ხმაც კი მესმის, მიწის ჟანგის მკაფიო ვიზუალობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ – ჟანგიან, წითურ მიწაზე, საიდანაც ადამის („ადამ“ – წითური) სხეულის სუბსტანცია იქნა აღებული. მეფე თეიმურაზმა, ამ სიტყვების ავტორმა, ყველა შემდგომ ბუნების მესაიდუმლეს გადააჭარბა ამ თავისი ნატურალისტური კოსმოგონიით, რომელიც ოთხი საუკუნის სიშორიდან ხელს უწვდის თომას ელიოტის სტრიქონს: „უსასტიკესი თვეა აპრილი...“ (April is the cruellest month). ტანჯული მეფე, როგორც ჩანს, ახლოს იყო გაზაფხულის თქეშთან და მიწასთან, არ გაურბოდა მიწის ჟანგიან შხეფებს, რომლებიც მის თვალში ტალახი სულაც არ იყო.

იტყვიან, „ბუნება იღვიძებსო“ – განა, ეს თქმა მეტაფორაა? – და ადამიანიც ხელს უწყობს გაღვიძებაში; მონაწილეობას იღებს ამ პროცესში, როგორც ლიტურგიაში, თუმცა შენ ბუნების ნაწილი არ ხარ. ორივეს მიზანი – შენიც და იმ ნერგისაც, რომლის გახარებასაც ცდილობ, ნაყოფის ხილვაა – ამ სიტყვას ორმაგი მნიშვნელობა აქვს: ხილის თვალით ხილვა და გემოთი ხილვა, მაგრამ ნერგის მიწაში ჩანერგვის დროს ნაყოფის პერსპექტივაზე, მის მომავალზე არ ფიქრობ. შენი შრომა უანგაროა, პრაგმატიზმისგან დაცლილია.

ჩემი დიალოგი მიწასთან – დიდი მეურნე და მიწათმოქმედი არც სხვა დროს ვყოფილვარ, მარტივია: მიყვარდა თოხნა და ბარვა, რაღაც სისავსის კმაყოფილებას ვგრძნობდი. განსაკუთრებით, მარგვლა მიზიდავდა, ამ წმინდაწყლის სამიწათმოქმედო აქტის განზოგადების ძალის გამო, რომელიც დანიელი უფლისწულის სიტყვებს გახსენებს – „თითქოს ქვეყანა იყოს ბაღი გაუმარგლავი...“ და შენც, თითქოს – მაგრამ რატომ „თითქოს“ – რეალურადაც გრძნობ, რომ შრომობ საკაცობრიო მიზნებთან თანხმობაში…

რას ეუბნები ამ დროს, ამ საქმიანობისას ბუნებას და, კერძოდ – მიწას? შენ უნდა გრძნობდე, რომ ასრულებ იმ მოწოდებას, რისთვისაც ღმერთმა ადამი მიწის დამცველად მოავლინა, მეტიც, როცა უთხრა, რომ ემსახურა მიწისთვის, საიდანაც ის იყო აღებული. „რათა ემსახურა“ მიწისთვის – ასე უნდა ითარგმნოს ცნობილი ადგილი დაბადების წიგნში (2:15) და არა „დაემუშავებინა“ მიწა, როგორც ყველა ენაზე თარგმანთა აბსოლუტურ უმრავლესობაში ვკითხულობთ (ერთადერთმა მარტინ ბუბერმა გაბედა და ადამის საქმიანობა რელიგიური მსახურების ტერმინით გადმოსცა). გლეხის დამოკიდებულება სწორედ რელიგიურია, ის არ ამუშავებს მიწას, ის ემსახურება მას და იცავს. ეზოდან ყოველდღე ხედავ მას, ორღობეში მიმავალს, ამ მისთვის გაუცნობიერებელი შთაგონებით. სწორედ მის შინაგან პორტრეტს ხატავს ჩვენი მეტაფიზიკოსი პოეტი გრიგოლ რობაქიძე. აღწერა თითქოს რომანტიკულია, მაგრამ აღწერილი რეალობა ნამდვილად მეტაფიზიკური სიღრმისაა. გლეხი ხარობს მიწით, მცენარეს რომ ახარებს.

არ მიყვარდა ორმოების თხრა, მაგრამ როცა მომიწია ორმოების ამოღება ნერგების მიწისთვის მისაბარებლად, ამ საქმიანობამ აზრი და გარკვეული სიღრმე შეიძინა. ვხედავდი ორმოში ჩარგულ ფესვებს, სანამ მიწა დაფარავდა მათ, შემეძლო მიწის ქვეშ მათი მოძრაობის წარმოდგენა, იმ პროცესისა, რომელიც შენი მონაწილეობის გარეშე არ დაიწყებოდა. ყოველ დილით, თუ მზიანი ამინდია, მიდიხარ და მიწაში ჩარჭობილ შიშველ ჯოხს აკვირდები, ხომ არ გამოჩნდა სიცოცხლის ნიშანი მის გლუვ ზედაპირზე. გავა ერთი კვირა, ორი კვირა, თვეც გავა და ვერაფერ ნიშანს ვერ ამჩნევ. მაგრამ ნერგის გახარების იმედი არ გეწურება, იმდენად ძლიერია რწმენა, რომ მიწისა და ჩარგული ჯოხის დიალოგი არ შეწყდება.

ბუნება ადამიანი არ არის, რომ ჩანაფიქრი შუა გზაზე შეწყვიტოს, ან ბოლომდე მიყვანა მობეზრდეს, მოიწყინოს. განა ბუნებას მოუწყენია ოდესმე? შემოდგომა ბუნების მოწყენაა თუ – მისი სიბრძნის მდგომარეობაა, რომელიც წელიწადის არც ერთ სეზონს არ ახლავს?

ინდიგო: ახლა, ამ ასაკში, დროის მსვლელობას როგორი ტემპი აქვს, ნელია თუ სწრაფია?

ზ.კ.: ბუნება მარადიულია, უფრო სწორად, მარადგანახლებადი, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ადამიანმა ბუნების წიაღში თავი უკვდავად იგრძნოს, სიკვდილის შიში განიქარვოს, ან ორბივით სიჭაბუკე განიახლოს? ყოველი მცენარე, ავიღოთ მსხმოიარე ხე, ისეთივე ინდივიდუალობაა, როგორც ადამიანი. ერთი ხე, ავიღოთ ვაშლის ხე, მეორეს, მის მეზობლად მდგარს, არ ჰგავს, განუმეორებელია. დავიდეთ ფოთლამდე – თითოეული ფოთოლიც განუმეორებელია, მისი კონფიგურაცია უნიკალურია. დავანებოთ ფოთოლს თავი – არც ერთი გუგული და ჭოტი, გინდა ტურა, ერთნაირად არ ხმიანებს. ბუნების შემოქმედს არ უყვარს შტამპები, ის არ ბეჭდავს, ის ქმნის, როგორც ხელოვანი...

ამის თქმა მინდა, ადამიანის უნიკალობა ბუნებაში გამონაკლისი არ არის, მაგრამ არის არსებითი განსხვავება: ხე ბერდება, წაიქცევა, მიწად იქცევა და ვერასოდეს აღდგება თავისი უნიკალობით. ასე არ არის ადამიანი. თუ ბუნება ღვთის ანაბეჭდია, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავდება მისი შემოქმედისგან, ადამიანში ღვთის ხატი შეუმუსვრელია. შეიძლება მიწაში ჩარჩენილი კუნძისგან კვლავ ვაშლის ხე ამოვიდეს, მაგრამ ის სხვა ვაშლის ხე იქნება, სხვა უნიკალობის მატარებელი. ქრისტიანული სარწმუნოების სიმბოლოს უკანასკნელი სიტყვებია: „მოველი აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა“. ეს პირი, ქრისტიანი, ვინც ამ სიტყვებს ამბობს აღდგომის მოლოდინით, ხომ არ ფიქრობს, რომ მის ნაცვლად სხვა უნიკალობა აღდგება, არა. ეს იგივე პიროვნება იქნება, ოღონდ განახლებული, ფერშეცვლილი. რა პრივილეგია აქვს ადამიანს ბუნების წინაშე? ის პრივილეგია, რომ ადამიანი ღვთის შვილია, ბუნება კი ღვთის ქმნილება.

დიდი ხანია, ვისაც არ უნდა ჰკითხო, იტყვის, რომ დროის მსვლელობის, ანუ მისი ტემპის სინელეს, ასაკის მატებასთან ერთად ამჩნევს. წარსული აწმყოს უახლოვდება და, თითქოს, მალე დაეწევა კიდეც, როგორც ამოსი ყველასთვის გასაგები მეტაფორით წინასწარმეტყველებს, რომ „დადგება ჟამი, როცა მხვნელი თავს წაადგება მომკელს და ყურძნის მწურავი – მთესველს“, თუ არ გადაასწრო, აწმყოს ადგილს მაინც დაიჭერს, როგორც სიკვდილის წინ ხდება და დროჟამიც ამაზე შეჩერდება. ყოველი ადამიანი, ვინც ამას განიცდის, ძალაუნებურად პროფეტის როლში გამოდის, – წინასწარმეტყველებს იოანე ღვთისმეტყველთან ერთად დროის შეჩერებას („დრო აღარ არის…“). ასეა თუ ისე, დროის აღქმა საგრძნობლად შეცვლილია. ამის მიზეზი კი მხოლოდ ასაკი არ უნდა იყოს.

ინდიგო: შინაგანი სიმყარე ხშირად გიგრძვნიათ იმის გახსენებით, რომ აი, აქ ვარ, ბუნების წიაღში – სადაც ადამიანი დაიბადა, ამიტომ სიუცხოვე არ არსებობს, ყველაფერი ნაცნობია – ბუნებრივი კატაკლიზმებიც, შტორმებიცა და ედემის ბაღისებური იდილიაც?

ზ.კ.: ბუნება ადამიანის გარემოა? ყველაფერი ნაცნობია? ასეა ეს? ერთი მხრივ, თითქოს ასეც არის. მაგრამ თუ ჩავუკვირდებით ადამიანის ფენომენს, როგორც ასეთს, მოგვეჩვენება, რომ ადამიანი, როგორც არსება, ბუნების შვილი კი არა, ბუნების გერია, ამ ცნების უარყოფითი და დადებითი მხარეებით. თუ ცხოველი, გინდა მწერი, რომელიც არ უნდა ავიღოთ ნიმუშად, დაბადებისთანავე განგებით ჩაწერილია ბუნების წიაღში, როგორც მისი ორგანული ნაწილი, ადამიანი თავისი თვითცნობიერებით დისტანცირებულია ბუნებისგან. ერთი გერმანელი ანთროპოლოგი წერს, რომ ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა, რომელსაც სხვა არსებათაგან საკუთარი, თავისი ბუნების შესაფერი ბიოლოგიური გარემო არ გააჩნია. არ არის ამისთვის შექმნიდანვე მომზადებული, არ არის მომარაგებული, როგორც მტაცებელი მხეცია ბრჭყალებით და ეშვებით, ან თუნდაც ბუნებრივი შესამოსელით. მეცნიერი ანთროპოლოგი, ვუწოდოთ ქართულად ადამიანოლოგი, რომ უკეთ ჩაწვდეს ადამიანის ფენომენს, სხვა სახელს ვერ იმეტებს მისთვის, თუ არა უწოდოს „არასრულყოფილი ცხოველი“. თავისდა უნებურად, ევოლუციონისტმა ადამიანოლოგმა, ჩემი ფიქრით, ის მისთვის მიუღებელი ჭეშმარიტება გააცხადა, რომ ადამიანი არ არის მხოლოდ ბიოლოგიური არსება, რომ ის არ ეკუთვნის ბუნებას, რომ ამ მიწაზე მისი გარემო იპოვებოდეს, მისი ფესვი სხვაგან არის. ეს „არასრულყოფილი ცხოველი“ თავის გარშემო თავის გარემოს ქმნის კულტურის სახით ბუნებაში, როგორც სტუმარი – მას სხვანაირად ვერ დავახასიათებ, თუ არა როგორც ბუნების მდგმურს.

რამდენი რამ სჭირდება ადამიანს ცხოვრებაში, ცხოვრების ადამიანურად მოწყობაში, ადამიანური ჭამა-სმისთვის? არცთუ ბევრი რამ. მაგრამ მისი გულისთქმები, პატივმოყვარეობა, პრესტიჟულობას გამოკიდება, ამპარტავნობა, ჯიბრი – ამ ყველაფრის გამო ადამიანი იმაზე უზომოდ მეტს მოითხოვს, ვიდრე ესაჭიროება. ზღვარს უკვე ვერავინ დაადგენს, ზღვარს, რომლის იქით ადამიანობაც კი იკარგება. რა არის ის მინიმუმი, რაც ადამიანს სჭირდება? აღმოსავლური და დასავლური სიბრძნე თანხმობაში მოვიდა, როცა ითქვა, რომ ღმერთმა ადამიანს გამოსაკვებად მისცა პური, ღვინო და ზეთი, რომელთა შეზავებითაც მრავალფეროვანი საკვების მიღება შეიძლება, მაგრამ ადამიანი მინიმუმით არასდროს კმაყოფილდება, ის მისდევს მარადიულ-კოლექტიური მარქსის მოწოდებას – რაც შეიძლება მეტი გამოგლიჯოს ბუნებას, რაკი თავისი ნებით არ იძლევა.


ინდიგო: ადამიანმა ისე მსუბუქად უნდა იაროს დედამიწაზე, ბუნებას თავისი ნაკვალევი ნაკლებად დაატყოს – ეს ფრაზა მოწოდებად მას მერე აქცია ადამიანმა, რაც ინდუსტრიული ეპოქა უკან მოიტოვა. რა გვასწავლა ინდუსტრიულმა ხანამ? ახალი ტექნოლოგიები არის შანსი, ადამიანმა ბუნებასთან ურთიერთობის ფორმა შეცვალოს? ტექნოლოგიების გარდა, რა თვისებები სჭირდება?

ზ.კ.: შეიძლება ვაჭარბებ ან მიკერძოებული ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ტექნიკამ ადამიანს ბუნების გლეჯის იარაღი მისცა ხელში იმის, შესაძლოა, გაუცნობიერებელი იმედით, რომ იგივე ტექნიკა, ტექნოლოგია, გამოასწორებს იმ ზიანს, რასაც ადამიანი ბუნებას აყენებს, მათ შორის, ნაგვის პრობლემასაც გადაწყვეტს. სხვაგან არ ვიცი, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენში, ბუნებასთან კონტაქტი, დიალოგი, ნაგვის მეშვეობით ხდება. ნაგავმა წაიღო სოფლის დიდი და მცირე ღელეები, ნაკადულები, ტყის ნაპირები, ახოები – დავით გურამიშვილი რომ ამბობს, „ეშმაკეულთ ახოსა, ანგელოზმმა მნახოსაო“ – არავითარი ანგელოზი არ გნახავს, სანამ შენი ბიოლოგიური ნარჩენებით აბინძურებ გარემოს. ნაგავი მსოფლიო პრობლემაა, რადგან ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელიც თავისი არსებობის კვალს ნაგვითაც ტოვებს დედამიწაზე.

ეს არ არის ექსკლუზიურად ჩვენი დროის პრობლემა. შუამდინარეთის არქეოლოგები ასეთ სურათს წააწყდნენ: სახლის შენობები დროთა ვითარებაში ბანიდან გადმოყრილი ნაგვით იფარებოდა – ასეთ შენობებს პოულობდნენ არქეოლოგები ქალაქების ტერიტორიის გათხრისას. დღესაც, თანამედროვე ტექნოლოგიამ თავსატეხი გაუჩინა სოფლებს და ქალაქებს ცელოფნებისა და პოლიეთილენის ჭურჭლის სახით, ეს მარადიული ნაგვის სახეობაა, რომელსაც მიწა არ იწყნარებს.

ტრადიციულ საზოგადოებაში ბუნების გადარჩენის პრობლემა – დღეს რომ მთელ კაცობრიობას აწუხებს – არ უნდა ყოფილიყო. „ბიოლოგიური გარემოს“ არმქონე გონიერი არსება, ყველა არსებისგან განსხვავებით, ამ დანაკლისის ანაზღაურებაზე ზრუნავდა. მითოლოგიური გადმოცემები, რომლებიც მისი რწმენის შინაარსს შეადგენდა, ადამიანს არწმუნებდა, რომ მისმა პატრონმა ანგელოზმა – ჯვარმა, საუკუნეთა სიღრმეში და შორს რომ არ წავიდეთ და აქტუალურ ხანაში კვდომადი ფშავ-ხევსურული ანდრეზული სულიერი კულტურა დავიმოწმოთ – საცხოვრებელი ტერიტორია ბრძოლით მოუპოვა და იცის, რომ ჯვარი ამ ბუნების პატრონია, ადამიანი კი სტუმარია, უფრო სწორად, მდგმური, რომელსაც დაკავებულ ტერიტორიაზე ყველაფრის ხელყოფის უფლება არა აქვს. მოსახლემ იცის, რა არის მისთვის ნებადართული და რა – აკრძალული, ტერიტორიის მონაკვეთები, რომლებიც ჯვარს არ „გაუსხვისებია“, საკუთრებად აქვს დატოვებული, განსაკუთრებით ტყე, საიდანაც კაცი არა თუ ხეს ვერ წამოაქცევს, არამედ ხმელი ტოტების, ფიჩხის გამოტანასაც კი ვერ გაბედავს. ჯვრის ვერდიქტი ნებისმიერ დღევანდელ მკაცრ კანონზე შეუვალია.

დღევანდელი ადამიანი კი შეძლებს, იცხოვროს ისე, რომ ბუნებას კვალი არ დაამჩნიოს? ვერ შეძლებს. ჯერ იყო კულტურა პრაგმატიზმის მინიმალური წილით, მას მოჰყვა ცივილიზაცია უტილიტარობის გაფეტიშებით, რომელმაც ჩაკლა ადამიანური კულტურა, და ბოლოს, ყველაფერი დაგვირგვინდა ინდუსტრიალიზაციით, და დღემდე მძვინვარებს.

ბუნების გარშემო, ბუნების წიაღში ააშენა ადამიანმა ბაბილონის გოდლისებური სიმახინჯეები, რომელმაც ტექნიკის ტრიუმფით მხოლოდ შეგვზარა. ამ ცივილიზაციის სიკეთეებთან ერთად, ნივთების მიმართ ადამიანის დამოკიდებულების, უფრო მეტიც, დროების ნიშნად, შარაგზაზე, მანქანის ბორბლებქვეშ „კოკა კოლას“ გაჭყლეტილი ბოთლი მესახება.


______________________________________________________________________
ტექსტი: რეზო კიკნაძე, თამარ ბაბუაძე
ფოტო და ვიდეო რეზო კიკნაძის პირადი არქივიდან