ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ემიგრაცია

Origin? | მაია, სტრასბურგი

მაია, 52 წლის, სტრასბურგი

ათი წელი დამჭირდა, აქაურობის ცოტა უფრო ღირსეულ ნაწილად რომ მეგრძნო თავი.

არ ვიცი, თავმოყვარეობის ამბავი იყო თუ პატივმოყვარეობის, მაგრამ თავიდან ძალიან გამიჭირდა. თუ გინდა, რომ საფრანგეთის ცხოვრების წესს ფეხი აუწყო, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ისწავლო სრულფასოვნად და იქნებ როგორმე აღიარებინო შენი დიპლომი. პედაგოგს კი დიდი პერსპექტივა მაინც არ გაქვს. ფრანგული ენა ძალიან კარგადაც რომ იცოდე, სკოლაში ვერ დაიწყებ სამსახურს, ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებაც უნდა გქონდეს. 20 წელია უკვე აქ ვარ.

დღისით, სახლში ბავშვებთან ვმუშაობ, ღამე ბულანჟერიაში. ეს უკვირთ, რაც დიდი ტრავმაა ჩემთვის დღემდე. ჩამოდიხარ აქ, უმაღლესი განათლებით და შენი დირექტორია ფრანგი, რომელმაც სამი მუშკეტერი და დიუმა არ იცის – აი, იქ ნადგურდები. საფრანგეთში ძალიან რთულია თავი დაიმკვიდრო, მათ წრეში ჩაეწერო. სულ გაგრძნობინებენ, რომ უცხო ხარ. საბუთს რომ ვავსებ ხოლმე, მკითხავენ: ნაციონალობა? – ვუპასუხებ, საფრანგეთის. Origin (საიდან ხარ)?

დღემდე მიხდება იმის მტკიცება, რომ ჩამორჩენილი ქვეყნიდან არ ვარ, რომ ჩვენთანაც განათლებული ხალხი ცხოვრობს, რომ ისტორია გვაქვს.

საკონდიტროს გარდა, მინდოდა, სხვა რამეც გამეკეთებინა, რადგან პროფესიით მასწავლებელი ვიყავი, დიპლომიც მქონდა. უამრავი სტაჟირების პროგრამა გავიარე, ბავშვებთან ურთიერთობის შესახებ, ბავშვების კვებაზე. მერე გამოცდა ჩავაბარე, წერილობითი, პრაქტიკა და მერე დავრეგისტრირდი ბაზაში, რომ მიმეღო ბავშვები. ახლა ორი ბავშვი მყავს, ერთი სამ წლამდე, მეორე ცოტა უფროსი, ორივე ქართველია. კერძო აღმზრდელივით ვარ.

ჩემი ყველა სირთულე და ბედნიერება უკვე ამ ქვეყანას უკავშირდება. შრომაც მიფასდება, რაღაც რომ მომინდება, შემიძლია, გავიდე და ვიყიდო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ მაინც მაქეთ მომიწევს გული. შეიძლება ძალიან ბანალურია, მაგრამ მანდ მართლა სხვანაირად ვსუნთქავ.

სხვა ცხოვრების ტემპია აქ. ჩემს უმცროს შვილს საღამოს ერთი საათით თუ ვნახავ და მერე შაბათ-კვირას. დანარჩენი, ყველას ჩვენი რუტინა გვაქვს.

აქ რაღაცნაირად იგეგმება ყველაფერი წინასწარ. უნდა ვიმუშაო, რომ ამა და ამ წელს ეს შევძლო. მერე გავა წლები და უცბად იგრძნობ, რომ უკვე აქ ცხოვრობ: იხდი გადასახადს, მოქალაქე ხარ. ამას ხუთი, ათი წლის შემდეგ უფრო აანალიზებ. თუ არ დაგეგმე, საფრანგეთში არაფერი გამოგივა. მაშინ სულ მოლოდინის რეჟიმში დარჩები, რომ აი, ხვალ, ზეგ მივდივარ და რატომ ვიყიდო, რატომ ვისწავლო, ან სახლი რატომ მოვაწყო, სულ გაქცევაში იქნები. ათი წლის წინ დავიწყე აქ ცხოვრება. ის ამოცანა არ მაქვს, რომ ფული შევაგროვო და მერე საქართველოში წავიდე. მივეჩვიე აქაურ რუტინას.

32 წლის წამოვედი საფრანგეთში, როცა ძიების, მთავარი გადაწყვეტილებების მიღების, დაღვინების პერიოდი გაქვს. მესამე შვილი აქ გავაჩინე.

და მიუხედავად ყველაფრისა, გულის თუ სულის სიღრმეში, სიბერე თითქოს მაქეთ წარმომიდგენია. მაგრამ საფრანგეთი თავის მოქალაქეს ამის უფლებას არ აძლევს. თუ პენსიას იღებ, სხვა ქვეყანაში მარტო ექვსი თვე შეგიძლია დარჩე, დანარჩენი საფრანგეთში უნდა გაატარო, მეორე სამშობლოში, ასე ვთქვათ.