ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ემიგრაცია

ქართველი ქალი ემიგრანტები საბერძნეთში

საბერძნეთი მეორე ქვეყანაა, სადაც ყველაზე მეტი ქართველი მიგრანტი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა ქალია და საბერძნეთში არალეგალურად იმყოფებიან, მუშაობენ დიასახლისებად, მომვლელებად, დამლაგებლებად, ძალიან იშვიათად საკუთარი პროფესიით. მათი ანაზღაურება თვეში საშუალოდ 500-დან 1000 ევრომდეა. უმეტესობას თვეში მხოლოდ ერთი თავისუფალი დღე აქვს, რომელსაც მეგობრების მოსანახულებლად, ოჯახებთან ფულის და გზავნილების გასაგზავნად იყენებს.

პროექტი განხორციელდა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENIGMMA 2 (მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში) პროექტის ფარგლებში და თბილისის ფოტოფესტივალის მხარდაჭერით.

ლალი

ლალი საბერძნეთში ემიგრანტების პირველ ტალღას წაჰყვა, 1996 წელს. უკვე 23 წელია, ათენში ცხოვრობს. გაუმართლა, კარგ ოჯახებში მოხვდა და მხოლოდ სამჯერ მოუწია სამსახურის გამოცვლა. ახლა ოლღას უვლის. ოლღას დამოუკიდებლად მოძრაობა აღარ შეუძლია, საკვებს ზონდიდან იღებს. რაც ოლღასთან დაიწყო მუშაობა, ლალი საქართველოში აღარ ყოფილა, ოთხი წელია, ვერ ტოვებს. ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის საბუთი ლალიმ ჩასვლიდან ორ წელში აიღო. დღეს ამ საბუთის მიღება ძალიან რთულია, შეიძლება 12-13 წელიც დასჭირდეს. ლალის საქართველოში შვილი, რძალი და ორი შვილიშვილი ჰყავს.



ნინია

ნინია საბერძნეთში სამუშაოდ 2006 წელს წავიდა. ერთი ან ორი წლით ფიქრობდა დარჩენას, მაგრამ უკვე ცამეტი წელია იქაა. შემოსავალი შვილების, შვილიშვილების განათლებას მოახმარა, ეს ახარებს, მაგრამ ისე ნანობს, რომ წავიდა. ემიგრაცია ჭაობიაო, ამბობს, მოსაგვარებელი პრობლემები არასდროს მთავრდება და უკან დაბრუნების დრო აღარ მოდის, ოჯახის წევრებს შორდებიო. შვილიშვილებიც მის გარეშე იზრდებიან. სანამ წამოვიდოდა, ნინია ბაღის მასწავლებელი იყო. ბაღში მუშაობის შეგრძნებები ძალიან დააკლდა და ათენში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის თოჯინების თეატრი „ბაბილინა“ ჩამოაყალიბა. თვეში ორი დასვენების დღე აქვს. ამბობს, ჩემი და სხვა ქართველი ქალი ემიგრანტების სულის გადასარჩენად ექსკურსიებს ვაწყობო. თვეში ერთხელ ოცი-ორმოცი ქალი იკრიბება და საბერძნეთის ღირსშესანიშნაობების სანახავად ან მოსალოცად მიდიან. ექსკურსიების ჩანაწერებით და ფოტომასალით გამოსცა წიგნი „მღერით მოვლილი ელადა“.

თამარი

საბერძნეთში სამუშაოდ 2004 წელს, ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად წავიდა. მანამდე შვიდი ქვეყანა მოიარა, მაგრამ დედამისი ათენში ცხოვრობდა, ისიც იქ დარჩა. ორი წლის მერე მეუღლეც ჩავიდა, ექვსი წლის შემდეგ კი თორმეტი წლის შვილიც ჩაიყვანა, რომელიც მანამდე დასთან დატოვა. ახლა სასტუმროს მენეჯერია და ტავერნაში მეორე მზარეულად მუშაობს. ძალიან უნდა საკუთარი რესტორანი გახსნას. არ ნანობს ემიგრაციაში წასვლას და თვლის, რომ ევროპამ მას შრომის და საკუთარი თავის მნიშვნელობა დაანახა.


ნუნუ

საბერძნეთში სამუშაოდ ოჯახის და შვილიშვილის დასახმარებლად წავიდა. მეორე წელს მეუღლე დაეღუპა, გასვენებაში ვერ ჩამოვიდა, საბუთები არ ჰქონდა. პირველად საქართველოში 16 წლის შემდეგ დაბრუნდა. „ადამიანები ვაგროვებთ ქონებას, ვიუმჯობესებთ ცხოვრებას, მაგრამ ამ სიშორეში ვკარგავთ სიყვარულს”, – ამბობს ნუნუ. 2014 წელს დააფუძნა ფონდი, რომელიც გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარება – საქართველოსა და საბერძნეთში. „აქ რომ ვმუშაობ, სირცხვილია, მარტო ჩემს ხალხს დავეხმარო”.

ცირა

„სამოთხიდან ჯოჯოხეთში რომ წახვალ შენი ფეხით“ – ესაა საქართველოში დაბრუნება ცირასთვის. მას ათასი ევრო აქვს ხელფასი და დღემდე შვილებს ეხმარება. 14 წელია საბერძნეთში ცხოვრობს. საბუთები ჯერ არ ჰქონდა და 9 წელი არ იყო საქართველოში ნამყოფი, მაგრამ ბიჭის ქორწილისთვის მაინც ჩამოვიდა. უკან დასაბრუნებლად ისევ დიდი თანხის გადახდა მოუწია. ფულის შეგროვება არ გამოსდის, სულ ვიღაცას სჭირდება დახმარება. მეგობრები ცირას ქველმოქმედს ეძახიან.


ია

საქართველოში სამი საცხობი ჰქონდა, თავიდან ყველაფერი კარგად მისდიოდა, მაგრამ ბოლოს გაკოტრდა. დარჩა ბანკის ვალები, სახლი გაუყიდეს, მეუღლე ორჯერ ავარიაში მოყვა, ახალი ვალები აიღო. სახლის უკან გამოსასყიდად და ბანკის ვალების დასაფარად 2012 წელს საბერძნეთში წავიდა სამუშაოდ. ოთხი მცირეწლოვანი შვილი კი საქართველოში დატოვა. ბინა უკვე გამოისყიდა, ვალები გადაიხადა, მაგრამ ამასობაში ბავშვებიც გაიზარდნენ.

დღეს მეხუთე შვილივით უვლის 38 წლის ფსიქიკურად დაავადებულ გოგოს, თან თავის საყვარელ საქმეს აკეთებს, აცხობს ნამცხვრებს და ფესტივალებში მონაწილეობს. უვიზო რეჟიმის შემდეგ მასთან ბავშვები ხშირად ჩადიან.