ცამეტი მოწაფე ლექსი
1.
მუქთა მუქარით მიქარავს
თავების სათიბი
და სათებერვლე დღე.
ვიღაცაში ვეშლები,
ცაში ვაშლები მწიფდება.
ქუჩის ნიჩაბზე
მანქანების მაქმანები ქანაობს,
როგორც კერტები იმ დედა ღორის,
რომელმაც დიდგორის
გმირები გაზარდა.
და სემაფორი მაფორიაქებს,
როგორც ზებრა ებრაელს,
როცა ზებრის
კვიცზე ამხედრებული
ქალაქში შემოდის დამრბევი,
რომელსაც მორწმუნე მთავრობა
მახედ დაუგებს გზაჯვარედინს,
რომელზეც გასრესს
დონ კიხოტეს და აირტონს,
იესო ქრისტეს, მოლა ნასრედინს,
აუტანელ დ'არტანიანს
და სევდიან ოდისევსს.
კვიცი იცინის, უკვე ახალი მხედრის.
2.
ქალი იქნება, ვაჟი თუ
მათ შორის დიდად დეფისი,
თვალი ხელს ჰკრავს
და ყური თმობს,
კაცი ცალკეა ამ ქვეყანაში,
როგორც ხორთუმი, ურითმო.
არც ევროპაა და არც აზია,
რომ პატრიარქი უნიტაზია
და რულონებად მოგორავენ
ეპისკოპოსების,
ოღონდ ბნელშავი, გვამები.
კვამლი უკვალოდ იფანტება,
გარშემო მთების დგას ვიგვამები
და კავკასიის ღამის ციალი
ხელშია პოლიციელის,
ძაღლს ვუწოდებდი რომელსაც,
ძაღლიც რომ მემეტებოდეს.
აქ ჩარჩენილი ხოლმე ხალხები
აღარც ჩარჩებად ვარგიან.
ხელუხლებელი ჩვენის გონება
ზანტად ბინძური მტკვარია.
3.
მე, მითების კოქტეილით მთვრალს,
მადევს იერი იერიქონის,
ვეღარ ვფხიზლდები,
და ფხვიერია ქალაქის მიწა.
სადაც დათესეს კბილები,
ყველგან ამოვიდა ეკლესია,
თითქოს ჯოჯოხეთმა დაცქვიტა
ჯარი ვერაგი ყურების.
ტვირთს ეზიდება პრეზიდენტიც
რელიგიური უგუნურების.
ველურმაც ფეხი
გამთელავი
დაძრა ტაძრიდან.
როგორც ყოველთვის,
ვინც თავის თავს სხვაში ჩაგრავს,
ახლაც აქ იჩემებს სინდის-გონებას,
კაცთმოძულე და
კაგეიბეშნიკი.
მითების კოქტეილით მთვრალს,
მადევს იერი იერიქონის.
4.
მთელი სამყარო ვაგონია.
სადაც სახურავს ჟანგი გამოხრავს,
ჭერს ემართება აგონია.
ტაშტებს შევუდგამ ქაოსის წვიმას,
ცივია, როგორც პატაგონია,
ზოგჯერ კბილებში ქარსაც გამოცრის,
გარეწრის ცხოვრება მონაგონია,
გინდა ჩემი და
გინდა იესო ჰანოცრის.
5.
ნებისმიერო იერო,
შენც ისტორიის კუთხე ხარ.
რომ ისტორიის მრავალკუთხედი
სათნო და სათუო საათია -
ესეც ვუთხარი -
რომელიც აჩვენებს ერთადერთ დროს,
ახლად და აწმყოდ წოდებულს.
როგორც ბანაკი დაცემული
ხუთკუზიანი აქლემის ჩრდილში,
უნაზესია ეს ქალაქი
და უნებლიეთ ნავსი.
მთელი თბილისი აქანდაზია,
აქ ან დაზიანებას
ან ვერაფერს ნახავ.
6.
სადაც მეტია ისტორია,
ვიდრე ნაკლები,
იქ თვალს ახელს მუნჯი გონება.
ცნობიერრრება
ერთი მუჭა ისტორრრიაა,
მაგრამ მეტია მასში ისტორია,
ვიდრე ისტორიის გაშლილ სუფრაზე
და თავის ფსკერზე გუბედ დამდგარ
სამყაროს წვეთში
პოულობს თავის ანარეკლებს
და მათ ერთი ამოსუნთქვის
სახელს არქმევს
და დასძახის:
მევ, მევ, მევ, ყველა მევ,
ისტორია-ნარევო-ანარეკლებო,
თქვენთვის ამოვიდგი ენა,
ქვასავით მუნჯმა,
რომ გაგაგონოთ თქვენი სახელი,
რომელიც იქნება თქვენი სახლი,
რომლის ჭერქვეშ შეიკრიბებით
ისტორიით გაწყობილ სუფრასთან
და იქეიფებთ
ჩვენი სიკვდილის დღემდე.
ჩრდილის სარჩულია ანარეკლი.
აწმყოს თანაშემწე და შეგირდია
ახლას ხელქვეითი ადამიანი,
რომელიც ისტორიას ახლავს,
როგორც ონკანი მოშვებულ წყალს,
როგორც ფუნქციას ორგანო.
ორგანო მზერა და არა მეტგან
გამოჭრილია თავის ქალაში,
სარკე გარწმუნებს,
არ ხარ ობობა ამ თვალსაზრისით,
რვათვალიანი.
თუმცა გამოსცემ ისტორიას,
როგორც ობობა ქსლის ძაფს ტანიდან,
გამოსცემ, როგორც
გონგი ბგერებს
და ამავე დროს
მომხვეჭელი ხარ ისტორიის,
ხელში ჩამგდები.
შენი მუჭისკენ ნაოჭებად
მოემართება და იქსოვება ისტორია,
შენი ორმაგი და ორფა სული,
სულ ორფეოს!
7.
ღამის კედლებზე ძაღლები
ყეფით აკეთებენ კაფელს.
ღამე იძირება დილის ჭაობში,
ობად ედება შუბლზე შუქები.
8.
იქ ადრე რაც იკადრე,
არ იკადრო, დროა.
არ იკადრო დროა,
იკადრო კი - სივრცე.
9.
რომ არ ვაბურთაოთ,
მოდი, ტაბურეტი
ხელუხლებელივით
ჩავიდგათ მუხლებში.
მაგაზე გაზეთი ზეთის
ლაქებით გადააფარე
და ბოთლებივით დაალაგე
გაზაფხულის ოფლიანი ფოთლები
და სახლების გახელება ახალი
და ქალაქი ბოქლომივით ძველი.
ჩამოვასხათ გალაქული ბზარები,
ზარი მე და ზარი შენ,
რას დავეძებთ ზარნიშებს.
ფირნიშებმაც მოიკითხა
ახლო მოუსავლეთი,
რელიგიაც დარჩა პავლედ
გადაცმული სავლეთი.
გაიხედე, პოლიტიკის ბილბორდები
ბორდელების ორდენებად კიდია.
იკვებება, კბილით ამტვრევს
ტყუილების თხილს და
რა იქნება,
თავის თავსაც მოუტანდეს
ეკლესია ეგრე ზიანს.
მის მიერ სიტყვაც ნათქვამი
„ამასობაში" ყიზილბაშია.
წითური სული არ განუტევა
და კვლავ დაკლავს
ხალხიანად ქვეყანას
თავისივე არჩეული უფალი
და შეშლილი მარჯვენა.
გზას დაგვილოცავს
სიძულვილის ავი ძუ ენა,
ვეღარ გვიშველის ექიმი,
ასკლეპიოსი ან ავიცენა.
ხელისუფლება გვამებს გვაამებს.
10.
შე სრისტიანო,
შე უსულმანო,
და შენ უნიჭო
გოგოვ და ბიჭო,
შენი რძმენა
კლანჭი და თათი და ტორია,
შენი რელიგია
ინკუბატორია
უდღეურად შობილი
და უზრდელი ღმერთის.
სამაგიეროდ
მე ვარსკვლავების ნაცარი ვარ,
რომელმაც ვიცი,
რომ ისტორია
ტანთან შეკრებილი დროა
და აწმყო,
რომელსაც გაშლილი ხელით
ლექსებად გავცემ,
თორემ დაიკარგება,
როგორც წყალზე ნაქარგი.
11.
ამბები ბამბებია
ყურთა დასაგმანცობად,
რომ არ მოგწვდეს,
არ ჩაგესმას ცხოვრების
სისხლიანი ანცობა.
ამბებიც აბებია,
აბები საბაბები
და ბომბები
ყურთასმენის წამღები
და ცხოვრების
ჭორად მოსაგვარებლად.
რომ არ გაუწყრეს
საზოჯადოების
ქარი მონაბერი,
მოფარჩაკე არ ჩაკეტავს
კარს ურდულით, არამედ
ღია დარჩება ვითომ შემთხვევით
და შემოღებულს
იქნებ გამვლელის თვალი ემთხვიოს
თუნდაც თითქოს ქურდულად.
დადგამს დარდის სპექტაკლებს,
არც აქ ფქვილი მოაქვს,
იქ კი ქატოს აკლებს.
12.
ლატენტური სტალინისტი
იწერს სასიფათე პირჯვარს,
მაგრამ მაინც გულწრფელად,
რადგან ჯვარზეც ალაგია
საკბილო და მსხვერპლი,
რაზეც არ აქვს ალერგია.
ის კი ქრისტიანია.
ქრისტიანს ღმერთი
უყვარს ფულწრფელად,
ხოლო მოყვასი სადილად.
ჭიამაიებად თავი რომ მოაქვთ,
მათი მთავარი საიდუმლო,
ევქარისტია
ხომ იესოს სისხლის შესმას
და ქრისტეს ხორცის
მირთმევას ნიშნავს
მიერ ქრისტიანების.
თუმცა რას ვერჩი,
კაციჭამია ქრისტიანებს
რას ვემართლები,
უძველესი და
რელიგიათა რელიგიაა
კანიბალიზმი.
13.
ხრიოკი დღის დაოკებას
რად უნდა ხრიკი და ილეთი,
უკვე აიღო თვითონ ბილეთი.
როგორმე მიაღწევს ღამის კართან,
შევა და საწოლზე ზღართანს
მოადენს, როგორც მოედნისოდენა.