გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

3 წიგნი თავისუფლების შესახებ



გამორჩეულად პოლისემანტიკური ცნებაა თავისუფლება, რომელიც მუდმივად გაფიქრებს და ყოველ ჯერზე შესაძლოა სრულიად განსხვავებულ განმარტებამდე მიგიყვანოს. განსაკუთრებით მძაფრი და ემოციურია ფიქრები მასზე ყოველი წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. როდესაც ყველაზე ახლოს მიდიხარ ცნებასთან, რომელიც უხსოვარი დროიდან ადამიანთა აზროვნების განუყოფელი ნაწილია და ცხოვრების მთავარ მიზანსა და სურვილებს აერთიანებს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს, როგორც ერთიანი ქვეყნის საერთო ეროვნულ სულისკვეთებას დეკლარირებული სახე მიეცა და გამოცხადდა დამოუკიდებლობა.

პიროვნული თუ საერთო თავისუფლება მხატვრული ლიტერატურული სივრცის ერთ-ერთი წამყვანი კონცეპტია. ყველა კარგი წიგნის საზრისი შეიძლება თავისუფლების ფართო სემანტიკური ველის რომელიმე შრეზე დაიყვანო. თუმცა, ყველაზე საინტერესოა მაინც ის პირველადი ლიტერატურული ასოციაციაა, რომელიც ამ ცნებასთან მიმართებით ჩნდება.

სამი თანამედროვე ქართველი მწერალი სწორედ ამ პირველად ლიტერატურულ ასოციაციას აღწერს - იხსენებს ტექსტს, რომელიც მარცვლავს თავისუფლებას.

არჩილ ქიქოძე  – ჯონ სტაინბეკის „ტორტილია ფლეტი“

ერთდროულად ძალიან ბევრი წიგნი მოვიდა თავში, თუმცა პირველი მაინც იყო ნაწარმოები, რომელიც უფრო მეტად პიროვნული თავისუფლების გამოხატულებაა. ზოგადად, ჯონ სტაინბეკის მთლიანი შემოქმედება ძალიან განსხვავებული და თავისუფალია, განსაკუთრებით თავისუფლადაა დაწერილი „ტორტილია ფლეტი“ - ცოტათი ხულიგნური წიგნიც კი შეგვიძლია ვუწოდოთ. მიუხედავად იმისა, რომ წიგნის გმირები ღატაკები არიან, ისინი მაინც ლაღად ატარებენ დროს და გაჰყავთ წუთისოფელი. შინაგანი თავისუფლება და მაიმუნობა ქმნის მათ წილ ბედნიერებას. მართალია, წიგნს ტრაგიკული დასასრული აქვს, თუმცა შენ, როგორც მკითხველი და მათი ამბის გამზიარებელი, მათთან ერთად ხარ ბედნიერი, რომ წაიკითხე ამბავი თავისუფალ ადამიანებზე.

სტაინბეკი

ინგლისელი ნობელიატი მწერლის, ჯონ სტაინბეკის მიერ 1935 წელს დაწერილი რომანი ღატაკი ბიჭის, დენის თავგადასავალს მოგვითხრობს, რომელიც ტორტილია ფლეტში მემკვიდრეობით ორ ბინას იღებს. ბინები - ეს არის სივრცე, რომელიც მთელი ტექსტის სიუჟეტურ, მთავარი პერსონაჟის თავგადასავალს, მის ბედს განსაზღვრავს.  „ტორტილია ფლეტი“ დაბალი სოციალური ფენის ადამიანების თავისუფალი გართობის, თავისუფალი მოძრაობისა და თავისუფალი ყოფის ამბავს აღწერს.

დავით გაბუნია  – ჯერომ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“

„თამაში ჭვავის ყანაში“ იყო ჩემი პირველი წიგნი, რომელიც ინგლისურ ენაზე, დედანში წავიკითხე. იქამდე ქართულად მქონდა წაკითხული. და ერთ ღამეში შევიცვალე პროფესია. აბიტურიენტობის წელი იყო, იურიდიულ ფაკულტეტზე ვაბარებდი, რაც საერთოდ არ მინდოდა. ამ წიგნის დედანში წაკითხვისა და აბსოლუტურად ყველაფრის გაგების შემდეგ გამოვაცხადე: „მე ვაბარებ უცხო ენათა ინსტიტუტში!“ მშობლებმა მითხრეს: „კარგი, შვილო, ჩააბარე.“ - ასე მოვიპოვე თავისუფლება“.

სელინჯერი

ამერიკელი მწერლის, ჯერომ სელინჯერის 1951 წელს გამოცემული რომანი, „თამაში ჭვავის ყანაში“ 1961-1982 წლებში აკრძალულ წიგნად ითვლებოდა. თექვსმეტი წლის ჰოლდენ კოლფილდს სოციუმში დამკვიდრებული ნორმების, ყალბი ღირებულებების მიმართ მძაფრი პროტესტი უჩნდება. მას სასწავლებლიდან რიცხავენ. ჰოლდენის თავგადასავალი  საზოგადოებაში დამკვიდრების მტკივნეულ პროცესზე მოგვითხრობს. ექსპრესიული რეაქცია ყალბი სოციუმის მიმართ და ემოციური მიჯაჭვულობა პატარა დასთან - მთავარი გმირი სწორედ ამ ორი გარემოების სინთეზით ვითარდება. ჰოლდენი ამბობს, რომ მისი მიზანი მომავალი თაობა ჭვავის ყანაში ჩამალულ უფსკრულში გადაჩეხას გადაარჩინოს.

ანა კორძაია-სამადაშვილი – მარო მაყაშვილის დღიური

„გმირების შესახებ საუბარი ძალიან რთულია. მარო მაყაშვილი არის გმირი, რომელთან დაკავშირებითაც არანაირი სპეკულაციის შანსი არ არსებობს. მისი დღიური, პატარა გოგონას დღიური, ნათელყოფს, რომ სინამდვილეში ადამიანები გმირებად არ იბადებიან, გმირებად ხდის მათ გარემოება. მარო არის დაბადების უფლებით გმირი და ეს არის ძალიან მაგარი, როდესაც გმირობა არის არა შემთხვევითი ამბავი, არამედ უბრალოდ სულისკვეთების შედეგი. მარო მაყაშვილი დაიბადა იმისთვის, რომ ყოფილიყო გმირი და მაგალითი ყოველი ადამიანისთვის, ვისაც გაუგონია, რომ არსებობს ქვეყანა სახელად საქართველო“.

მაყაშვილის დღიური

1921 წლის 19 თებერვალს რუსეთის მეთერთმეტე არმიის წინააღმდეგ ბრძოლისას გმირულად დაღუპული მარო მაყაშვილის დღიური პატარა გოგონას სულისშემძვრელ ჩანაწერებსა და ჩანახატებს მოიცავს. ტექსტი 2014 წელს გამოიცა და მასში ერთმანეთს ენაცვლება ავტორის პირადი განცდები და იმდროინდელი საქართველოს ყოველდღიურობის სცენები. 19 წლის მაროს ჩანაწერებში, მის ემოციებსა და მომავალზე ფიქრებში ქვეყნის ისტორიული ეპოქა იკითხება.

დამოუკიდებლობის აღიარებით არ სრულდება თავისუფლების მოპოვება, რადგან თავისუფლების გზაზე სიარული უწყვეტი პროცესია. სწორედ ამას გვახსენებს საქართველოს ბანკის მიერ 26 მაისისთვის მომზადებული ვიდეოც მესიჯით „თავისუფლების გზაზე არ გაჩერდე”.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა