გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

50 პირბადე შეკვრაში | ნეაპოლიდან, ლიკუნა ნასარიძე

ნეაპოლი. 19 მარტი 2020

ინტერვიუ ლიკუნა ნასარიძესთან

ჩვენ ისედაც მიჩვეულები ვიყავით ჩაკეტილობას. დღენახევარი გვაქვს კვირაში დასვენება. საყიდლებზე თუ გავალთ ხოლმე. კვირას ვისვენებთ მთელი დღე და ხუთშაბათს, ნახევარი. ეხლა რამდენიმე ჩემ მეგობარს საყიდლებზეც არ უშვებენ. არც დასვენების დღეებზე უშვებენ. შეშინებულებიც არიან. თან ზოგის პატრონი ისეთი აჟიტირებულია, ისეთ თვისებებს ავლენენ, რაც მანამდე არ ემჩნეოდათ. მოხუც პაპასთან მუშაობს ჩემი მეგობარი ნეაპოლში. ისეთი კმაყოფილი იყო თავიდან. ეს კაცი ძველი მოსამართლეა, ძალიან განათლებული, დახვეწილი ადამიანი. მუსიკალური ოთახი აქვს სახლში მოწყობილი. ყველაფერი, ყველაფერი აქვს შიგნით. კლასიკური ჩანაწერები. ჰოდა, ჩემ მეგობარს ეუბნებოდა ხოლმე, წადი ეხლა დაისვენე, კლასიკურ მუსიკას მოუსმინეო. ისეა ყველაფერი იმ ოთახში, თავი კონცერტზე რომ წარმოიდგინო. ისეთი პაპა შემხვდაო, გვეუბნებოდა, აქეთ მივლისო. კორონას მერე გადაირია უცბად. მთელი სახლი სუპერმარკეტის საწყობად გადაუქცევია, დაიმარაგა წამლები უაზროდ. პროდუქტები. სად წავიღოთ აღარ ვიციო. სადეზინფექციოები გინდა, პიბადე, თუ ხელთათმანები, ყველაფერი დაისაწყობა თურმე. ამ ჩემ მეგობარს კიდე საყიდელზე დასჭირდა გასვლა და პირბადე გათავებია. არაფრით ერთიც არ გაიმეტა. ვერ მოგცემო, ეგ მარაგიაო. პირბადეს გარეშე გაუშვა გარეთ, ამ კარანტინში. მგონი ფსიქიკა შეერყაო, ამბობს. 

ვცდილობ არ ავყვე პანიკას. ვიცავ წესებს. მაგრამ ის სპეციალური საშვი ვერ ვიშოვნე სახლიდან მშვიდად რო გავიდე. ტაბაკერიაში უნდა მოგცენო, მივედი, ვიკითხე და აღარ გვაქვსო. შორს წასვლა მეშინია, არ გამაჩერონ. სახლთან ახლოს ვმოძრაობ, აფთიაქში, მაღაზიაში საყიდელზე მივდივარ მარტო. თუ გამაჩერეს დამაჯარიმებენ. დაინფიცირებული თუ აღმოჩნდი და გარეთ აგიყვანეს, 9 მარტიდან უკვე ორი წელი ციხეა. 

არ მეშინია. ვიცი, ყველაფერი გაივლის. არც ჩამოსვლაზე ვფიქრობ ჯერ. ერთადერთი ის მაშინებს, რომ ძალიან  გაგვიჭირდება. მეგობრები ვლაპარაკობთ ხოლმე ონლაინ. ერთმანეთს ვეუბნებით, რო ეხლა დროა დავფიქრდეთ რა უფრო მნიშვნელოვანია, ღირებულებები გადავაფასოთ. ადამიანი რომაა მნიშვნელოვანი. არ ნერვიულობენ ჩვენებიც. 

იმ დღეს, ნიღბები ვერ ვიშოვნე. აფთიაქში ვიდექი კარგა ხანს რიგში და აღმოჩნდა რომ ცალობით არ იყიდება, იყიდება შეკვრა, სადაც ორმოცდაათი ცალია და 150 ევრო ღირს. ვერ ვიყიდე. ორი ნიღაბი მაქვს და წყალბადის ზეჟანგით ვასუფთავებ, ვაშრობ და ასე მრავალჯერადად ვიყენებ. ორსაათნახევარში თუ გამოვიცვალე, რამდენი უნდა ვიყიდო. 

აქ ახალმა ჩამოსულებმა რა უნდა ქნან არ ვიცი. გაიჭედნენ. სამუშაოს ვერ შოულობენ და სხედან უმუშევრები. უცხოს ეხლა არავინ არ შეიყვანს ოჯახში. კი არის გამოცხადებული, რომ დარეკეთ ამა და ამ ნომერზე, და გაგაგებინებთ როდის იქნება რეისი, რომელი ქალაქიდან და რა დროს გაფრინდება საქართველოში. მაგრამ უბილეთოდ წაიყვანენ? არაფერს ამბობენ ჯერ. ალბათ დაეხმარებიან. 

ჩემი მეგობარი ჩამოვიდა რომში ბარიდან, ახალ სამუშაოს იწყებდა და ეს ამბავი დაემთხვა. დაბრუნებასაც ვერ ფიქრობს. ვალებითაა წამოსული. 

ელოდება. 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა