
ადამიანის უფლება უკვდავებაზე
კანადელი ფანტასტი, მწერალი რობერტ სოიერი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში არსებულ სამივე უმაღლეს ჯილდოს ფლობს (Nebula Award, Hugo Award, John W. Campbell Memorial Award).
მის წიგნს - "სასიკვდილო ექსპერიმენტს", კიევის ავტოსადგომის ერთ იაფიანი წიგნების მაღაზიაში წავაწყდი. წიგნის გმირი, მეცნიერი პიტერ ჰობსონი საკუთარი ცნობიერების ელექტრონულ ვერსიას ქმნის და კიბერსივრცეში ტვირთავს. ასე ჩნდება მისი უბერებელი და უკვდავი ელექტრონული ასლი, რომელიც იმ ადამიანების ხოცვას იწყებს, პიტერ ჰობსონს ადამიანად ყოფნის დროს რომ აწყენინეს. მალე წიგნის პროტაგონისტის მთავარი ოპონენტი თავისივე ელექტრონული ვერსია ხდება - თავისივე ხელით შექმნილი ციფრული ფრანკენშტაინი.
ძალიან ბევრი დაწერილა პიროვნულ გახლეჩაზე, დისოციაციაზე, კლონთან დაპირისპირებაზე, თუმცა საკუთარი თავის ელექტრონულ ასლთან საერთაშორისო მასშტაბის ომის გამოცხადებაზე მანამდე არაფერი წამეკითხა. ჩამითრია წიგნის მთავარმა მსჯელობამაც ათეისტ მეცნიერსა და მის მუსლიმ მეგობარს შორის უკვდავებასა და სიკვდილზე.
მოკლედ, ამ წიგნმა გადამყლაპა და ხელახლა მშვა, სრულიად სხვა პიროვნებად.

ინტერვიუ რობერტ სოიერთან ვორლდკონზე (World Science Fiction Convention - მსოფლიო სამეცნერო ფანტასტიკის კონვენცია) ამერიკაში, კანზასში ჩავწერე. შეუდარებელი გრძნობაა, როცა საყვარელი მწერალი შენი მეგობარიც ხდება.
ინდიგო: ყოველთვის კონკრეტული თემის გარშემო აგებთ ხოლმე სიუჟეტს?
რ.ს: კი, ერთ-ერთი თემაა ცნობიერება და ამაზეა რომანები: Wave, Mindscan, Hominids, Humans და Hybrids.
სტუდენტობის დროს ფსიქოლოგიას ვსწავლობდი და შევამჩნიე, რომ კლასში არასდროს იყენებდნენ სიტყვას „ცნობიერება“. არასდროს საუბრობდნენ იმაზე, თუ რა ხდებოდა ელექტრული მუხტების, ბიოქიმიის და ნეირონების დონეზე ჩვენს ტვინში. ბევრი კითხვის შემდეგ, მივადექი ცნობიერებას, როგორც მეცნიერებას. ეს სულ ახალი, მულტიდისციპლინური მეცნიერება იყო, რომელიც მოიცავდა ბავშვთა განვითარებასაც, ხელოვნურ ინტელექტსაც, ნეირომეცნიერებასაც, ფსიქიატრიასაც, ფილოსოფიასაც. საუკეთესო მასალა იყო სამეცნიერო ფანტასტიკის შესაქმნელად. წარმოიდგინეთ, კვანტური ფიზიკოსი, რომელიც ცნობიერებას ფსიქიატრიის გადასახედიდან იკვლევს.
ჩემი მეორე საყვარელი თემაა SETI – search for extraterrestrial Intelligence, ანუ არამიწიერი ცივილიზაციების კვლევა. ამ თემას 1970-იან წლებში ასტრონომიის ზოგადი სახელმძღვანელოს წაკითხვის შემდეგ მივადექი. მომაჯადოვა წიგნში დაბეჭდილმა პატარა პიქტოგრამამ, რომელიც ფრენკ დრეიკმა რადიოსიგნალის სახით გაგზავნა „არესიბოს ტელესკოპიდან“, 1962 წელს. ეს პირველი გზავნილი იყო, რომელიც ადამიანებმა კოსმოსში გავუშვით. მოვიხიბლე კოსმოსთან პირველი კონტაქტის იდეით. არ მასვენებდა კითხვა – რა შეიძლებოდა, „ჩვენ და მათ“ საერთო გვქონოდა.
ინდიგო: გამიგია, რომ ათეისტი ხართ, ასეა?
რ.ს: დიახ.
ინდიგო: თქვენი წიგნებიდან პირველად „სასიკვდილო ექსპერიმენტი“ წავიკითხე. ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი ათეისტი მეცნიერი პიტერ ჰობსონია. მისი მუსლიმი მეგობარი ამტკიცებს, რომ რასაც მეცნიერები ენცეფალოგრამას ეძახიან, სინამდვილეში ადამიანის სულია, რომელიც სიკვდილის შემდეგაც აგრძელებს ცხოვრებას.
რ.ს: თუმცა პიტერი ამას არ ეთანხმება, მას არ სჯერა, რომ ელექტროტალღებს, რომელთაც ადამიანის ტვინი გამოჰყოფს, ღვთიური არსი აქვს.
ინდიგო: ანუ თქვენც თქვენი პერსონაჟივით ფიქრობთ?
რ.ს: ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩემი ოჯახის ნახევარზე მეტი გარდაიცვალა – დედაჩემიც, ჩემი ძმაც, ერთადერთი ბიძაც და ერთადერთი დეიდაც. მენატრებიან ძალიან, მაგრამ ვიცი, რომ ისინი არცერთი ფორმით აღარ არსებობენ.
ინდიგო: როგორც ზედმეტად რელიგიური ქვეყნის მოქალაქემ, როგორც ფანტასტ მწერალს, არ შემიძლია, არ გკითხოთ: ხომ არ ფიქრობთ, რომ რელიგიები კარგავენ თავიანთ ფუნქციას საზოგადოების ცხოვრებაში?
რ.ს: დღეს მსოფლიოს გაცილებით მეტ ადგილას სრულიად მისაღებია, იყო ათეისტი, ვიდრე – ორმოცდაათი წლის წინ. დასავლეთ ევროპის დიდი ნაწილი უკვე ათეისტია. კანადის დიდი ნაწილი ასევე ათეისტია. ჩვენ ახალ სამყაროში ვცხოვრობთ. კანადაში დღეს პოლიტიკოსს უკვე შეუძლია თქვას, რომ ათეისტია და მაინც გაიმარჯვოს არჩევნებში. ამერიკაში ეს ჯერ კიდევ არარეალურია, აქ ძალიან აინტერესებთ შენი რწმენა, თუმცა, ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსები მორწმუნე ადამიანს ხმების მოსაპოვებლად თამაშობენ.
დღეს ადამიანს, რა თქმა უნდა, შეუძლია თქვას, რომ ათეისტია, ბუდისტია, მუსლიმანია, თუმცა რელიგიური აღმსარებულობა ბევრი ადამიანის შემთხვევაში ფორმალობად იქცა.
ინდიგო: თქვენ ტრანსჰუმანიზმზეც ბევრს წერთ და გჯერათ, რომ ადამიანები შეიძენენ დამატებით უნარებს, გახდებიან უკვდავები და ეს დღე არც ისე შორია. სწორედ ამ კუთხით მაინტერესებს რელიგიის როლი მომავალში, როცა უკვდავება, ანუ ის, რასაც რელიგია სიკვდილის შემდეგ გვპირდება, შესაძლებელი გახდება აქვე, დედამიწაზე.
რ.ს: ვფიქრობ, ადამიანებს გვექნება გარკვეული გარდამავალი პერიოდი, რის შემდეგაც სრულიად საფუძვლიანად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რადიკალურად გაიზრდება ჩვენი სასიცოცხლო დრო. არ გამოვრიცხავ, რომ უკვდავებიც გავხდეთ, უკვე ამავე საუკუნეში. თუმცა ეს ძალიან ძვირი პროცესი იქნება. არავინ იცის, შესაძლოა ყველაფერს ერთი ტაბლეტის ჩაყლაპვა დასჭირდეს, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, მაინც ვფიქრობ, რომ ძვირი პროცესი იქნება. ამიტომ დაახლოებით ისეთი რაღაც შეიძლება მოხდეს, რაც ამერიკის სამოქალაქო ომის დროს ხდებოდა. ამერიკას ჰქონდა ბატონყმური ეკონომიკური სისტემა. რელიგიური ადამიანების, ქრისტიანების უმეტესობა მონები იყვნენ, რის გამოც, უკეთესი მომავლის იმედი მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ჰქონდათ. ადამიანები, რომლებიც სცემდნენ, აუპატიურებდნენ, ყიდულობდნენ და ჰყიდდნენ სხვა ადამიანებს, იმ დოგმებისა და მიდგომების სრულიად საპირისპიროდ ცხოვრობდნენ, რასაც ჩაგრულებს ასწავლიდნენ. ისინი ნაკლებად რელიგიურები იყვნენ. მათ ჰქონდათ კარგი ცხოვრება „ახლა“. ადამიანი ყოველთვის ასეთი იყო, თუ მოუწევს, აირჩიოს სამოთხე სიკვდილის შემდეგ ან კარგი ცხოვრება ახლა, არც დაფიქრდება, ისე აირჩევს კარგ ცხოვრებას ახლა. მაგრამ თუ საერთოდ არ გაქვს არჩევანი, საშინელებაა. სამაგიეროდ გრჩება იმედი, რომ რელიგია გადაგარჩენს და სიკვდილის შემდეგ, რაღაც უკეთესობისკენ აუცილებლად შეიცვლება. მაგრამ იმის გამო, რომ ღარიბებს არ აქვთ ასეთი არჩევანი, ხოლო მდიდრები აქაც კარგად ცხოვრობენ, ჩვენ ვნახავთ, რომ რელიგია გაქრება მდიდრებს შორის და დარჩება ღარიბებს შორის.
მეც მინდა მარადიული სიცოცხლე, მაგრამ არა ანდროიდის სხეულში, როგორც წიგნებშია.
მალე გამოჩნდება საშუალება, რაც იქამდე შეგვინახავს, სანამ უკვდავება ძალიან არ გაიაფდება, როგორც ნებისმიერი სხვა ტექნიკა იაფდება გამოსვლიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ; სანამ ყველასთვის არ გახდება ხელმისაწვდომი მარადიული სიცოცხლე.
ცხადია, ყველა სამუდამოდ დარჩენას არ მოისურვებს, მაგრამ მთავარია, რომ ვინც მოისურვებს, მიიღებს კიდეც.
ინდიგო: გამოდის, რომ სხვადასხვა სახის მომავალს წინასწარმეტყველებთ. ერთია ტრანსჰუმანიზმი, მეორე – ცნობიერების ატვირთვა ვირტუალურ სამყაროში, რომელი უფრო რეალისტური გგონიათ?
რ.ს: ეჭვი მაქვს, თავიდან, სიცოცხლის გახანგრძლივება მოხდება. ჩვენი ფიზიკური სხეული უფრო სიცოცხლისუნარიანი გახდება. ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, რომელსაც ოდესმე უცხოვრია, დაახლოებით ას ოცი წლის იყო. სიცოცხლის გახანგრძლივება გაამარტივებს ცნობიერების გაშიფვრის პროცესს, რის შემდეგაც მისი კოპირება გახდება შესაძლებელი.
თუ დამიდგება არჩევანი – რობოტის სხეულში ვიცხოვრო თუ ადამიანის სხეულში, ათი ათასი წელი, ადამიანის სხეულს ავირჩევდი, რა თქმა უნდა.
ინდიგო: რა ტიპის საზოგადოებას მივიღებთ მომავალში, თუკი უკვდავები გავხდებით? როგორ მოვაგვარებთ ოვერპოპულაციის პრობლემას? პლანეტის რესურსების ამოწურვის პრობლემას? იქნება საზოგადოება საკმარისად ჭკვიანი იმ დროისთვის, რომ მსგავსი საკითხები გადაჭრას?
რ.ს: ამერიკელი ფანტასტი მწერლის, ჯონ კემპბელის ფრაზაა: „მომავალი ძალიან მყიფეა“. საკმარისია ერთი გარღვევა რომელიმე სფეროში და ყველაფერი იცვლება. თუ სიცოცხლის გახანგრძლივებას მოვახერხებთ, მაშინ პლანეტებს შორის მოგზაურობასაც შევძლებთ. რაც შეეხება დედამიწის მოსახლეობის სიმრავლეს. როგორ მოხდა, რომ ადამიანები კანადაში ცხოვრობენ? იმიტომ, რომ აზიაში ჭარბმოსახლეობაა. ასევე ევროპაშიც, სადაც ადამიანები ნავებით ჩავიდნენ აზიიდან. მარსზეც უამრავი ადგილია, სადაც ადამიანები შეძლებდნენ დასახლებას. გარდა ამისა, დღეს უკვე გვაქვს საშუალება, გვქონდეს სექსი და არ ვიყოლიოთ შვილები, რაც ადრე რთული იყო. გვაქვს ეფექტური კონტრაცეპცია. გვაქვს აბორტის ხელმისაწვდომობა. არსებობს უამრავი ადამიანი, ჩემი ჩათვლით, რომლებსაც არ სურთ შვილების ყოლა. თუნდაც ამ ვორლდკონს გადავხედოთ, ჰკითხე ჯო ჰალდემანს, შვილები როგორ ჰყავს, გეტყვის, რომ არ ჰყავს. ჰკითხე რობერტ სილვერბერგს, შვილები როგორ ჰყავს, გიპასუხებს, რომ არ ჰყავს. მე მკითხე, როგორ მყავს შვილები, მეც გიპასუხებ, რომ არ მყავს.
დღეს უკვე უამრავი ადამიანი ირჩევს, არ დაუმორჩილოს მთელი თავისი ცხოვრება რეპროდუქციის დარვინისტულ იმპერატივს. აქედან გამომდინარე, არა მგონია, რომ მომავალში დიდად შეგვაწუხოს ოვერპოპულაციის პრობლემამ...
ინდიგო: მით უმეტეს, თუ სასწორზე მათივე უკვდავება იქნება.
რ.ს: დედაჩემმა თავისი ნებით აირჩია სიკვდილი შარშან. 90 წლის იყო, ექიმმა გვითხრა, რომ დიდხანს ვეღარ იცოცხლებდა. თუ საავადმყოფოში გადავიყვანდით, გაუხანგრძლივებდნენ სიცოცხლეს ექვსი თვით, ან ექვსი წლით, მაგრამ დედაჩემმა უპასუხა, – არა, მე საკმარისად ვიცხოვრე. ჩემი შვილები ჯანმრთელები და წარმატებულები არიან – ჩემზე და ჩემს ძმაზე ამბობდა. და ეს ერთადერთი იყო, რაც მას ცხოვრებაში უნდოდა. ყველა ადამიანი არ ებღაუჭება უკვდავებას. ეს სამეცნიეროფანტასტიკური ოცნებაა, რომელსაც ყველა უბრალოდ არ იზიარებს.
ინდიგო: თქვენი აზრით, რატომ არ განვითარდა ინტერსტელარი? მაშინ, როცა უამრავი ფანტასტი წარსულში მიიჩნევდა, რომ ამ დროისთვის ჩვენ უკვე მზის სისტემასაც გავცდებოდით, ყველაფერი პირიქით მოხდა, ტექნოლოგიებმა ადამიანის იზოლაცია მოახდინა პლანეტაზე.
რ.ს: ეს მათი ძალიან დიდი შეცდომა იყო; ეგონათ, რომ ამ ოცნებას მთელი მსოფლიო გაიზიარებდა. ტრილიონები დაჯდება ორბიტული კოსმოსური სადგურის აშენება, თავისი მთვარეზე ბაზით და ყველაფრით. ეს ძალიან დიდ თანხებს მოითხოვს.
ინდიგო: ფულია ყველაფრის მიზეზი?
რ.ს: ძირითადად კი. გარდა ამისა, არსებობს უამრავი სხვა სფერო, რომელშიც ადამიანებს ფულის დაბანდება სურთ კოსმოსის ათვისების ნაცვლად. დღეს სტუდენტურ სესხებზე დამოკიდებული ეკონომიკა გვაქვს. მაგალითად, თუ შენ მხარს უჭერ მაღალბიუჯეტიან პროექტებს მაშინ, როდესაც სკოლაში ბავშვებს არ აქვთ უფასო ლანჩი, კონგრესში ადგილს დაკარგავ. ანუ ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რეალურად არის ის, რომ ხალხს არ სურს, მათი ფული კოსმოსის ათვისებაში იხარჯებოდეს.
იდნიგო: თქვენს ტრილოგიაზე რომ ვისაუბროთ: The Neanderthal Parallax, რომელიც სამ წიგნს აერთიანებს, Hominids, Humans და Hybrids. ამ ტრილოგიაში საუბარია პარალელურ სამყაროზე, სადაც ჩვენ ნაცვლად ნეანდერტალელები გადარჩნენ.
რ.ს: დიახ, ეს არის ამ ტრილოგიის ცენტრალური იდეა, პარალელურ სამყაროში გადარჩნენ და განვითარდნენ ნეანდერტალელები, ჩვენ გადავშენდით. დაახლოებით 2000 წელს დავიწყე წერა და თითქმის ყველაფერი შევისწავლე, რაც კი ნეანდერტალელებზე არსებობდა. პალეოანთროპოლოგიურ ლიტერატურაში რამდენიმე საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინე. ერთი, რომ არცერთი მტკიცებულება არ არის ნაპოვნი იმისა, რომ ნეანდერტალელებს ოდესმე ჰქონდათ რაიმე რელიგია. მეორე, რომ არსებობს არაერთი მტკიცებულება იმისა, რომ მდედრობითი და მამრობითი სქესის ნეანდერტალელები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. მესამე, მათ არ ჰქონდათ მიწათმოქმედება, რამაც ჩვენს ცივილიზაციაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა. მონობა მიწათმოქმედებამ წარმოშვა. მიწათმოქმედება პირველი ადამიანური საქმიანობაა, რომელიც დახარჯული დროის პროპორციულად გაძლევს სარგებელს. ნადირობა-შემგროვებლობაში ასე არ ხდება. თუ მაგალითად დღეში თექვსმეტ საათს ნადირობ, შეიძლება სულ მალე ყველაფერი ამოწყვიტო შენ გარშემო, ამიტომ გიწევს შეზღუდული დროით ნადირობა. ამიტომ, მონადირე-შემგროვებლები თხუთმეტ საათს მუშაობენ კვირაში მაშინ, როცა აგრიკლუტურალისტები ას ან ას ოც საათს მუშაობენ კვირაში. თუკი ამ საზოგადოების მოდელის ექსტრაპოლაციას მოვახდენთ, დავინახავთ, რომ მათ არ ჰქონდათ რელიგია, არ ჰქონდათ მიწათმოქმედება და ქალები და კაცები ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე.
შემდეგი ფენომენი, რაც ჩვენს ცივილიზაციას ახასიათებს, არის პრივატულობა. რატომ გვაქვს პრივატულობა? ჩემი აზრით, ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ როცა ქალი და მამაკაცი ერთად ცხოვრობს, ქალებს არ სურთ, ვინმე ხედავდეს, როგორ იცვლებიან ფიზიკურად. არ ვიცი, საქართველოში როგორ ხდება, მაგრამ აქ ხშირად ნახავ მამაკაცების ჯგუფს, რომლებიც ერთად დადიან საბანაოდ, თუმცა მათ შორის არ არსებობს პრივატულობა. ასევეა ქალების შემთხვევაშიც. თუმცა, როგორც კი ერთად ხვდებიან, მაშინვე ჩნდება პრივატულობა. ანუ ჩვენს საზოგადოებაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პრივატულობას, რასაც შესაძლოა ნეანდერტალელებში ვერ შევხვდეთ.
მეოთხე ფენომენი არის ფიზიკური ძალა. ფიზიკურად ჩვენ არც ისე ძლიერები ვართ, შეგვიძლია დავიწყოთ აქვე ჩხუბი და ვურტყათ ერთმანეთს, თუმცა ცოტაა შანსი იმისა, რომ შიშველი ხელის დარტყმით ერთმანეთს მოვკლავთ. ნეანდერტალელები ძალიან ძლიერები იყვნენ, ბუმ, ერთი დარტყმა სახეში და მკვდარი ხარ. შეუძლებელია ააშენო ცივილიზაცია იმ წარმოდგენებზე დაყრდნობით, რომ ადამიანები ერთმანეთთან უთანხმოებას ერთმანეთის მოკვლით გადაწყვეტენ. ასეთი ცივილიზაცია ძალიან არამყარი გამოდგება. ამიტომ ნეანდერტალელები ბევრად უფრო მშვიდობიანები იყვნენ. მათ უნდა მოენახათ გზა ძალადობრივი ტენდენციების დასათრგუნად და მათ ეს გააკეთეს. ისინი საზოგადოებიდან რიყავდნენ ნებისმიერს, ვინც ძალადობდა. ამ ყველაფერზე დაფიქრება დაგვეხმარება იმის გაანალიზებაში, თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი.
ინდიგო: თქვენს ბოლო წიგნზეც მოგვიყევით, რა არის მთავარი თემა?
რ.ს: წიგნს ჰქვია Quantum Night. მას ორი მთავარი პერსონაჟი ჰყავს, ერთი ექსპერიმენტატორი ფსიქოლიგია, მეორე – კვანტური ფიზიკოსი. ისინი ერთობლივად იკვლევენ ადამიანის ცნობიერებას და აღმოაჩენენ, რომ კაცობრიობის ძალიან დიდ ნაწილს არ აქვს შინაგანი ცხოვრება. ეს მხოლოდ გარეგნულად ჩანს ისე, თითქოს აქვთ, რეალურად კი მათი ცნობიერება დაცლილია ფიქრებისა და აზრებისგან. წიგნსაც თავიდან ასე ერქვა Thoughtless. ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, ეს წიგნი არის ადამიანური ცნობიერების კვანტურ ბუნებაზე.
ინდიგო: ახლა თუ მუშაობთ ახალ წიგნზე?
რ.ს: არა, არ ვმუშაობ. ჩემი ოჯახის წევრების გარდაცვალებამ შემიშალა ხელი, თან გადავწყვიტე, სცენარისტობას დავუთმო მეტი დრო.
ინდიგო: რა არის ფუნდამენტური სხვაობა სცენარისა და რომანის წერის პროცესებს შორის?
რ.ს: რომანის წერისას ყოველთვის ვიღაცის ფიქრებს გადმოსცემ, სცენარში კი არ გაქვს არავითარი ფიქრები, მას მაყურებლის გადმოსახედიდან წერ და არა – პერსონაჟის. ეს არის მთავარი განსხვავება.