გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

აკაკი | ფენია სიუკაევა, ფრისი

ქართულ-ოსური კონფლიქტი. 1991-1992. 

ჩვენი სოფელი პირველად 1992 წლის 12 მაისს გადაწვეს. იმ დღეს ეზოში ჭაჭა დავაყენეთ. საშინელი სროლა იყო. ჩემი დედამთილი და მამამთილი ძალიან მოხუცები იყვნენ უკვე, მათთან ვიყავი, ყველანი სარდაფში ვისხედით. ჩვენთან მოვიდა მეზობელიც, ბავშვებთან და დედასთან ერთად. იმათ არ ჰქონდათ სარდაფი. ხანდახან ამოვიდოდი, ღუმელს შეშას შევუკეთებდი და უკან ჩავიდოდი ხოლმე. 

მერე ჩაწყნარდა. მე და ჩემი მეზობელი სოფლის ცენტრისკენ გავიქეცით, რომ გაგვეგო რა ხდებოდა. დავდექით ცოტა ხანს და უცბად მეზობლის კაცი დავინახეთ, ზემო სოფლიდან ჩამორბოდა, შორიდან გვეძახდა, ჩქარა გაიქეცით, ქართველები შემოდიანო. 

ეს ჩემი მეზობელი მაშინვე გაიქცა, ბავშვებიც და დედაც თან ახლდნენ. რა მექნა არ ვიცოდი, დედამთილ-მამამთილი სახლში მყავდა დატოვებული. ამაზე ვფიქრობდი და თან გავრბოდი. დავტოვე ისინი. დღემდე ვერ ვპატიობ თავს ამ სისუსტეს. 

ხიდთან, ტურბაზასთან ბევრი ხალხი იყო შეკრებილი, ჩვენი სოფლელებიც, ქალაქელებიც. ყველა ტიროდა, ახლობლებს ეძებდნენ. 

ჩემი მოხუცები ქალაქში საღამოს ჩამოვიდნენ. ყვებოდნენ, წახვედით თუ არა, სახლში ქართველები შემოვიდნენო. ფულს ეძებდნენო. გამოგვყარეს ეზოში, აქედან წაეთრიეთო. მამამთილს ზაპოროჟეცი ეყენა ეზოში, სულ საბურავები დაუცხრილეს. ფეხით წამოვიდნენ, ჩემ დედამთილს ჩქარა სიარული არ შეეძლო. 

სამი ჩვენი სოფლელი მოკლეს მაშინ. ისინიც ჩამოასვენეს ქალაქში, ნათესავების სახლებში. იქვე დაკრძალეს, მთელი სოფელი მიაცილებდა სასაფლაოზე. მეტი რა შეგვეძლო, სახლები აღარ გვქონდა და მარტო მკვდრებს თუ დავიტირებდით. ამბობდნენ, ერთ-ერთი მოკლული, აკაკი, არ გაიქცა, დარწმუნებული იყო, ხელს არავინ ახლებდაო. ერედვში მუშაობდა თურმე, გვერდით სოფელში, ყველას იცნობდა, მასაც ცნობდნენ. მაგრამ არც ამან უშველა, მაინც მოკლეს. 

ჩვენი სახლი ჯერ გაძარცვეს, მერე დაწვეს. სამშვიდობოები რომ შემოვიდნენ, მერეღა ვნახეთ. ყველა სახლი გადამწვარი იყო, რაც დატოვეს იმაზე წარწერები დაგვხვდა, ქართული სახელებით, დაკავებული ჰქონდათ უკვე. მთელი საქონელი გარეკეს, ქათმებიც, გოჭებიც გაიყოლეს. 

სამშვიდობოების შემოსვლამდე ორი დღით ადრე, ჩვენ სახლს ცხინვალში ჭურვი მოხვდა, სახურავი ჩამოაგდო. კიდევ კარგი თვითონ სახლი არ დააზიანა, სახურავზე ბრეზენტი გადავაკარით და ვცხოვრობდით. 

სოფელში, ათ წელიწადში ავაშენეთ თავიდან სახლი, ჩვენ ქალაქში ვცხოვრობდით, ზაფხულობით ვიყავით აქეთ, მიწას ვამუშავებდით, ბაღს ვუვლიდით, ნელ-ნელა გავასუფთავეთ ნაკვეთი. როგორც იქნა დავასრულეთ მშენებლობა ისე, რომ უკვე ცხოვრება შეიძლებოდა. 

2008 წლის აგვისტოს სახლს ისევ ჭურვი მოხვდა. მეორედ დაიწვა.

აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ

ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ტექსტი: ზარინა სანაკოევა
ფოტო: ვლადიმირ სვარცევიჩი / ანასტასია სვარცევიჩის არქივიდან

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა