
ალექსანდრე ჯეჯელავა გრიშა წულაიას შესახებ
02.02.2016ალექსანდრე (სანდრო) ჯეჯელავა
42 წლის, მართვის აკადემიის თავმჯდომარე, პროფესიონალი ტრენერი, ინსპირაციული, ნოვატორი და იუმორით გამორჩეული საჯარო ორატორი (public speaker). არის TEDx TBILISI 2015-ის ერთ-ერთი მონაწილე. მე-10 წელია, რაც საქმიან ადამიანებს ასწავლის მენეჯმენტის სხვადასხვა მიმართულებას. არის საერთაშორისო და სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი და ქოუჩი.
დიდი იდეა: ვერ მტკიცდება, რომ უმაღლესი განათლების მიღებისას მიღწეული შედეგები კავშირშია პროფესიულ წარმატებასთან. 2016 წლიდან Ernst & Young რეკრუტმენტის სტრატეგიას ცვლის.
12 წლის ვიყავი, როდესაც დედ-მამასთან ხანგრძლივი თათბირის შემდეგ გადავწყვიტე, რომ დიდი ფიზიკოსი გამოვსულიყავი. ამ დიადი მიზნის მისაღწევად ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მქონდა გადასადგმელი – კომაროვის სკოლაში უნდა ჩამებარებინა.
ახალი ნაკადის მისაღები გამოცდები ახლოვდებოდა, როდესაც მე და დედა რკინის თაღის გავლით სკოლის შიდა ეზოში შევედით, კიბით მესამე სართულზე ავედით და დერეფნის მოსახვევის შემდეგ პირველივე ოთახში შევედით.
ვიზიტს განსაკუთრებული მიზანი ჰქონდა – კომაროვის „ლეგენდარულ“ მასწავლებელს ჩემთვის განაჩენი უნდა გამოეტანა – გამოვდგებოდი თუ ვერა „ვარსკვლავების მოსაწყვეტად“. ოთახში დაბალი, მსუქანი, ღიპიანი, ჭაღარა და ულვაშებიანი კაცი დაგვხვდა. ძველ ლურჯ სპორტულ შარვალსა და თეთრ მაისურში გამოწყობილი, დაფას მუქ მწვანედ ღებავდა. კომაროვის სკოლის მათემატიკის მასწავლებელს გრიშა წულაიას, თავისი კაბინეტის დანარჩენი ნაწილის გალამაზება უკვე მოესწრო.
მოკლე გასაუბრების შემდეგ 3 ამოცანა მომცა და თავისი საქმე გააგრძელა. იმ დღეს საღებავში ამოთხვრილმა გრიშა წულაიამ დამანახა, რომ თუკი მოვინდომებდი, ჩემგან რაღაც გამოვიდოდა.
კომაროვში სწავლისას მე მისი ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე გავხდი. ის კი – ჩემი საყვარელი მასწავლებელი სამუდამოდ.
ამ ამბებიდან 30 წლის შემდეგ, სხვა ლეგენდარული მასწავლებლისგან გავიგე, რომ ნამდვილი ლიდერი ისაა, ვის გვერდითაც სხვებს მაქსიმალურად დახარჯვა და განვითარება უნდებათ.
გრიშა წულაია ნამდვილი ლიდერი იყო.
ადამიანმა, რომელსაც ხანდახან ჩვენი სახელები და გვარები ეშლებოდა, რომელიც მცირე შეცდომაზეც კი ისე ყვიროდა, რომ სკოლის კედლები ზანზარებდა, გვასწავლა, რომ საქმეში ბოლომდე უნდა დაიხარჯო, თავი გადადო; რომ რეპუტაცია ფულზე ძვირფასია.
ამ ამბებიდან 30 წლის შემდეგ, სხვა ლეგენდარული მასწავლებლისგან გავიგე, რომ ნამდვილი ლიდერი ისაა, ვის გვერდითაც სხვებს მაქსიმალურად დახარჯვა და განვითარება უნდებათ.
გრიშა წულაია 30 წელი ასწავლიდა კომაროვის სკოლაში და თავის მოსწავლეებს არა მარტო მათემატიკის, არამედ აზროვნების, ბრძოლისა და თავისუფლების სიყვარული ჩაუნერგა. კომაროველებისთვის მაშინაც და ახლაც „გრიშას მოსწავლე“, „გრიშას კლასი“, „გრიშასთან მიღებული ხუთიანი“ მაგიური სიტყვები იყო და არის.
დღეს, როცა პროფესიას მეკითხებიან, ამაყად ვპასუხობ – „მასწავლებელი“. მგონია, რომ მასწავლებლობაზე ღირსეული საქმე ბევრი არაა. როდესაც ტრენინგის რომელიმე მონაწილე მეუბნება, რომ ჩვენთან შეძენილი ცოდნა გამოადგა, მგონია, რომ ვალს ვიხდი იმ ხალხის წინაშე, ვინც ჩემი და ჩემი მეგობრების აღზრდაში დიდი ენერგია ჩადო.
წელს კომაროვის სკოლას 50 წელი შეუსრულდა.
6 ნოემბერს საიუბილეო ღონისძიებაზე ჩემს მეგობრებთან ერთად ვიდექი სკოლის ეზოში, ვუყურებდი უამრავ ძალიან წარმატებულ კომაროველს და ვფიქრობდი, რომ ახლა შემიძლია მესამე სართულზე ავიდე, დერეფნის მოსახვევის შემდეგ პირველივე კაბინეტში შევიდე და სპორტულ ტანსაცმლიან, პატარა ტანის კაცს ვუთხრა, რომ ჩემგან მართლაც გამოვიდა რაღაც.
მახსოვს, ერთხელ, ძალიან რთულ ამოცანაზე გავიჭედეთ. გრიშამ დაგვაძალა – აბა, მერხებზე ადით, იქნებ ასე გამოვიდესო. ცოტა ხანი გაკვირვებულები კი ვიდექით მერხებზე, მაგრამ მოულოდნელად ერთ-ერთმა ჩვენგანმა ამოხსნას მართლაც მიაგნო. გრიშამ მაშინ გვითხრა, რომ ხანდახან სირთულის გადალახვას განსხვავებული, არასტანდარტული ხედვა სჭირდება. მას შემდეგ ჩემი ცხოვრების სხვადასხვა საპასუხისმგებლო მომენტში ბევრჯერ ავსულვარ მაგიდაზე და ისე მიპოვია გამოსავალი. გრიშაც ყოველ ჯერზე ეშმაკურად მიღიმის და მეუბნება „ასეა, ალექსანდრე! ასეა“.