გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ამბები ვირტუალური კლასებიდან

ნათია, 27 წლის, მასწავლებელი

იძულებით არდადეგებამდე კლასში „ანა ფრანკის დღიურზე“ ვსაუბროდბით. პროგრამულად ასე გვიწევდა. ბევრი ვიმსჯელეთ, როგორია ადამიანის ცხოვრება ჩაკეტილ სივრცეში. განსაკუთრებით, როცა მოზარდი ხარ, პირადი სივრცე გჭირდება და ამ დროს ოჯახის წევრებთან ერთად ხარ გამოკეტილი. მერე ვისაუბრეთ როგორ გეგმავს ადამიანი მომავალს და თავისი ოცნებების ასრულება როგორ წარმოუდგენია. ამ დროს ერთმა ბავშვმა იკითხა, ახლა ამაზე რატომ ვსაუბრობთ, ჩვენეს ხომ არ დაგვემართებაო. არ მახსოვს დისკუსია როგორ გავაგრძელეთ, მაგრამ დისტანციურ სწავლაზე ფიქრის დროს, სულ ეს ამბავი მახსენდებოდა. ყოველი გაკვეთილის დაგეგმვისას მაქვს განცდა, რომ არასდროს ვიცი რა დაგემართება.
პირველი დისტანციური გაკვეთილისთვის ძალიან ბევრი გზამკვლევი ჩავწერე. ჯერ მშობლებსაც და ბავშვებს ავუხსენით, რომ დისტანციური სწავლება არ ნიშნავდა, რომ დილის ცხრა საათიდან ორ საათამდე ბავშვები კომპიუტერთან ისხდებოდნენ და მასწავლებლებს მოუსმნდნენ. ვუთხარით, რომ ონლაინ შევხვდებოდით მხოლოდ მაშინ, როცა საჭირო გახდებოდა.

ბავშვებს ეგონათ ელოდნენ, რომ სულ ონლაინ გაკვეთილები ჩაუტარდებოდათ. ისინიც კი, ვისაცცხრა საათზე კლასში შემოსვლა არ უნდოდათ, ახლა ორშაბათს დილის ცხრაზე მწერდნენ ჩვენ უკვე გუგლ ქლასრუმში ვართ და როდის შემოხვალთო. უცნაური იყო ამ მდგომარეობაში თავის წარმოდგენა.
ყველანი შეგვაშფოთა სწავლის ახალმა ფორმატმა, მაგრამ ბავშვები არ არიან შეშინებულნი. მათ უყვართ სიახლეები ცხოვრებაში, მითუმეტეს ეს ის სფეროა, რომელიც მათ აინტერესებთ. ამ მდგომარეობამ დაგვანახა, რომ აქამდეც აქტიურად უნდა გამოგვეყენებინა დისტანციური სწავლების ელემენტები, ახალი ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში.

ვერ ვიტყვი, რომ დღის წესრიგი დიდად შემეცვალა. უფრო მეტად გადასხვაფერდა. ჩვეულებრივად ვგეგმავ გაკვეთილს, ვეძებ დამატებით რესურსებს. ამ ყველაფერს მხოლოდ ის დაემატა, რომ ვცდილობ მეტი ინსტრუქცია და ილუსტრაცია გავუგზავნო. მინდა უფრო მრავალფეროვანი იყოს სასწავლო მასალა.

ბავშვების მდგომარეობასაც ვითვალისწინებ. ერთ სივრცეში არიან, ვერ სეირნობენ, ვერ თამაშობენ, იქ ვეღარ დადიან, სადაც აქამდე სულ დადიოდნენ. ამიტომ სასწავლო პროცესმა ეს ემოციური დანაკლისი უნდა აუნაზღაუროს.

გიორგი, 17 წლის

სკოლაში რომ დავდიოდი დილით ადრე ვდგებოდი, რადგან ვიცოდი წასასვლელი ვიყავი. ახლა გაკვეთლის დაწყებამდე მაქსიმუმ ნახევარი საათით ადრე ავდგე. 

დღეში სამი საგანი მაქვს, ზოგი ნახევარი საათი, ზოგი ერთი საათი გრძელდება. ონლაინ მოსმენა რთულია. კლასში ახსნილი მირჩევნია. ონლაინ გაკვეთლის დროს ხანდახან ვინმე საუბარს რომ დაიწყებს, ყველანი ავხმაურდებით, ვითომ ტექნიკური ხარვეზია და ასე გაგვყავს დრო, როცა ვეღარ ვუსმენთ.

პირველი გაკვეთილი მათემატიკაში მქონდა. თავიდან კამერა ყველას გამორთული ჰქონდა, მასწავლებლის გარდა. მაგრამ ერთ-ორ დღეში შევეჩვიეთ და სახეებიც გამოვაჩინეთ. ხანდახან სახელებსაც ვიცვლით ხოლმე. მაგალითად, ქართულის გაკვეთილზე მოთხრობის პერსონაჟების სახელებს ვიწერთ. იმ დღეს ჯაყო ვიყავი. დღეს გადავწყვიტე ამირან გამყრელიძე დამეწერა. პაატა იმნაძეც გვყავდა კლასში და თენგიზ ცერცვაძეც.

დავალებებს ისევ ისე იბარებენ. ქართულის თემას ვორდის ფაილში ვწერ და მასწავლებელს ვუგზავნი. მათემატიკას ისევ რვეულში ვწერ. ინგლისურში ტექსტებს ვყვებით გაკვეთილზე. ნიშნებს არ გვიწერენ, მაგრამ გვეუბნებიან საკონტროლოებს დაგაწერინებთო. ჯერ როგორი იქნება არ ვიცით.

ამ ონლაინ სწავლებას რაღაც დადებითიც აქვს. სკოლაში როცა დავდიოდი ბევრ რამეს მოვალეობის მოხდის მიზნით ვაკეთებდი, მაგალითად სკოლის ფორმა სულ უნდა მცმოდა, თმა სულ მოწესრიგენული უნდა მქონოდა. ბევრ რამეზე გადამქონდა ყურადღება, ახლა მარტო სწავლაზე ვფიქრობ და ფსიქოლოგიურად უკეთ ვარ. ახლა რომ ვმეცადინეობ ასე მგონია უფრო ვვითარდები, ვიდრე აქამდე. ახლა საფიქრალი ნაკლები მაქვს.

წავედი ახლა ოც წუთში კოლექტიური მათემატიკის წერა გვეწყება ფეისბუქის ჩატში. ეს ჩვენ მოვიგონეთ, კლასელებმა.

ანი, 16 წლის

ვირტუალური საკლასი ოთახის შექმნა მარტივი არ ყოფილა. ჯერ  ვერ შევარჩიეთ პროგრამა, რომელსაც ყველა საგნისთვის გამოვიყენებთ. ზოგი იქ ვერ რეგისტრირდება, ზოგი აქ. ამიტომ ესე ცალ-ცალკე ვართ ხოლმე.

არც იმდენი დატვირთვა მაქვს, რამდენიც სკოლაში მქონდა. მითუმეტეს ყველა საგანში არ მიტარდება ონლაინ გაკვეთილი.  ზოგი მასწავლებელი ცდილობს ფოტო მასალა მოგვაწოდოს და ასე აანაზღაუროს გაკვეთილები.
დღის განრიგი შემეცვალა, მაგრამ ჩემთვის ეს კომფორტულია. სახლში ხარ, შენთვის. თან ბევრ რამეში არ იზღუდები. მაგალითდ მანამდე გაკვეთილის დროს ყავას ვინ დამალევინებდა, ახლა კომფორტულად მოვკალათდები და ყავასაც ვსვამ. ზოგი ჩემი კლასელი საინფორმაციოს უყურებს ხოლმე და ცალი ხელით აქეთ დავალებას წერს. ზოგს ყური სტკივა და ლოგინიდან გვერთვება.

მაგრამ ჩემთვის ძალიან რთულია იმის გაანალიზება, რომ გაკვეთილზე ვარ და ხშრად გონება მეფანტება. მაინც არაფორმალური გარემოა და ვერ ვიკრებ გონებას მოსასმენად. მასწავლებლები სულ ცდილობენ ჩართულები ვიყოთ პროცესში. დავალებებს ჩვეულებრივ გვაძლევენ, ყველას სათითაოდ გვიმოწმებენ, ხან იქვე გაკვეთილზე, ხან ონლაინ ვუგზავნით. სულ კითხვებს გვისვამენ ახსნის დროს, არ უნდათ რომ მოვდუნდეთ. ზოგიერთი მასწავლებელი ახლა ნაკლებად მკაცრი გახდა.

ჩემთვის კომფორტულია ეს, მაგრამ ძალიან უცხოა გარემო, კომუნიკაციის ეს ფორმა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, მათემატიკას ან ქიმიას დაფის და ცარცის გარეშე და ახლა ასე ონლაინ ვსწავლობ. ძველი ფრაზები მაინც შემოგვრჩა კლასში. ჩემ კლასელებს რვეულები ისევ რჩებათ სახლში დავალების შემოწმებისას, ზოგი მასწავლებელს წერს, რომ აგვიანდება და „არა“ არ დაუწერონ.

ეს ახალი გამოწვევაა ყველასთვის, მაგრამ მაინც საინტერესოა. ახლა არცერთი გაკვეთილი ერთნაირი არაა.

მარიამი, 23 წლის

საქართველოში კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა რომ დაფიქსირდა უნივერსიტეტში გამოცდების კვირა მქონდა. ჯერ ერთი კვირით გადამიდეს გამოცდები. მერე კიდევ ერთით და ბოლოს მეილზე მოვიდა შეტყობინება, რომ დისტანციურ სწავლაზე გადავდიოდით. გამოცდები ჯერ კიდევ არ ჩამიბარებია.
პირველი ონლაინ ლექცია 17 მარტს მქონდა, საღამოს შვიდ საათზე, როგორც ყოველთვის. უნივერსიტეტი ლექტორებს ავალდებულებს,  ვიდეო ჩართვისას ფონზე უნივერსიტეტის ლოგო ჰქონდეთ. ასე უფრო ოფიციალურიაო. მე ერთხელ ანგელოზის ფრთები დავიყენე და ისე ვუსმენდი ლექციას. ზოგი ტრამპის ადმინისტრაციიდან გვერთვება ხოლმე. მე ყველაზე მეტად მომწონს ლექტორები რომ დგებიან და ისე უჩინარდებიან ამ ლოგოში, სულ ჰარი პოტერი მახსენდება - 9 ¾ ბაქანზე რომ გადიან.

ისე ყველას გვეტყობა ერთი კვირა სახლიდან რომ არ გავსულვართ.  ზოგი ხალათით ზის, ზოგი ბავშვით, ზოგი უბრალოდ აწეული თმით. მე ძირითადად გათიშული მაქვს ვიდეო, მაგრამ როცა ვრთავ პომადას ვისვამ.
ლექტორები ხანდახან პროგრამის კოორდინატორებსაც იწვევენ ხარისხის შესამოწმებლად. ჩემმა ჯგუფელებმა პრეზენტაციაც ჩაატარეს. თავიანთი ეკრანი გაგვიზიარეს და რიგ-რიგობით საუბრობდნენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, აქ პრეზენტაციის უნარებს ვერ გამოამჟღავნებ.

ლექციები აღარაა ისეთი. ძალიან რთულია ონლაინ რეჟიმში მოსმენა. ეგ რომ შემეძლოს, ალბათ, ბევრი ონლაინ კურსი მექნებოდა აქამდე გავლილი, საერთოდ იუთუბიდან ვისწავლიდი ბევრ რამეს. ერთი საათის მერე მოსმენა ძალიან მიჭირს. კომუნიკაციაც რთულია. ლექტორი კითხვას რომ სვამს ხანდახან ვპასუხობთ, მაგრამ ძირითადად ვუსმენთ. ყველამ ერთად ლაპარაკი რომ დავიწყოთ ალიაქოთი იქნება, მერე ხმა გვიან მოდის, ზოგს ინტერნეტი უჭედავს, ზოგს სახლის ხმა აქვს გამორთული და ხმის ჩართვა და კითხვის დასმა ეუხერხულება. ამიტომ ძირითადად ჩუმად ყოფნა გვირჩევნია. ხანდახან ლექტორს თავისი ხმის ჩართვა ავიწყდება და დიდ ხანს საკუთარ თავს ესაუბრება, სანამ ჩვენ ჩატს არ დახედავს.

გიორგი, 10 წლის

კვირა-ნახევარია ონლაინ გაკვეთილები დამეწყო. დღეში ორი-სამი გაკვეთილი მაქვს 40-45 წუთიანი. გაკვეთილებს შორის დასვენება ახლა უფრო დიდი ხანია - ოცი წუთი. მაგრამ არ მომწონს, რადგან ფეხბურთს ვეღარ ვთამაშობ კლასელებთან ერთად. სკოლაში დიდ დასვენებაზე სულ გარეთ გავდიოდი, ახლაც გავდივარ ეზოში ხანდახან, მაგრამ აქ სტადიონი არაა.

პირველი გაკვეთილი დიდად არ მომეწონა. არ ვიცოდით სად უნდა შევსულიყავით, როგორ უნდა გამოგვეყენებინა პროგრამა და ამაზე დიდი დრო დავხარჯეთ. მერე უკვე მარტივი აღმოჩნდა, ყველაფერს მივხვდით. მაგრამ ახლა გაკვეთილზე ძირითადად სულ ჩუმად მიწევს ყოფნა. აქ ბავშვები რიგ-რიგობით ვსაუბრობთ. კლასში, როცა მიტარდებოდა გაკვეთილები, შემეძლო მასწავლებლისთვის კითხვა ნებისმიერ დროს დამესვა.

მასწავლებელი დავალებებს ონლაინ დაფაზე გვიწერს. საშინაო დავალებებსაც გვაძლევს და მერე გვეკითხება ვინ რა დავწერეთ. მაგრამ მე მაინც კლასში ახსნილი მირჩევნია. აქ ხანდახან ხმა წყდება ხოლმე და კარგად ვერ ვიგებ. არც ისე სახალისოა ეს ყველაფერი, მაგრამ არ ვიღლები.
ვიდეო ყველას ჩართული გვაქვს გაკვეთილის დროს. მასწავლებელი გვეუბნება უნდა ვიცოდე რას აკეთებთო. ერთხელ მასწავლებელს ინტერნეტი გაეთიშა და ყველანი გამოვედით. გაკვეთილი გაგვიცდა. ხანდახან შენიშვნებსაც გვაძლევს. მაგალითად, ნუ საუბრობთ ან ჩატში ერთმანეთს ნუ წერთ.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა