გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სიყვარული 1,22 კილოგრამი არ არის

ანი დიდიშვილი რუსუდან რუხაძის ახალი წიგნის შესახებ

ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ფილმიდან „21 გრამი“ (2003) ერთ-ერთი პერსონაჟი – პოლ რივერსი – თავის მონოლოგში ამბობს, რომ 21 გრამს იწონის ადამიანის სული:

„ისინი ამბობენ, რომ ადამიანები რაღაც წონას ვიკლებთ...
ზუსტად სიკვდილის მომენტში.
ყველა ჩვენგანი. და რამდენი ეტევა ამ გრამებში?
რამდენს ვიკლებთ? რამდენს ვიმატებთ?
21 გრამს: შოკოლადის ფილის წონას; კოლიბრის წონას; 5 პატარა მონეტის წონას...“.

მავანი ობიექტურად იფიქრებს, სადაც სულის წონა გაიგო კაცმა, იქ სიყვარულის აწონვაც არ იქნებოდა უტოპიაო, მაგრამ გუგლი ამ საკითხზე დუმს, უფრო სწორად, ერთი და ისიც „სახუმარო“ პასუხი აქვს: „სიყვარული ზუსტად 1,22 კგ-ს იწონის, აქ არა „ემოციურ კილოგრამებზე“, არამედ ყურძნის იმ რაოდენობაზე ვსაუბრობ, რაც ერთი ბოთლი შამპანურის წარმოებისთვის არის აუცილებელი“. მოკლედ, რა თქმა უნდა, სიყვარულის წონის გაგება რაციონალურ აქტებს არ ექვემდებარება და ჯობს, ისევ წარმოსახვას მივანდოთ ეს ამბავი.

„სიყვარულის წონა“ რუსუდან რუხაძის მოთხრობების მესამე კრებულია, რომელიც აერთიანებს 6 მოთხრობას: „მეორე წაკითხვა“, „ადმირალის დაბრუნება“, „ნესი გერცენი“, „ჩიტი ქვაზე“, „შიშველი აკაკი“ და „სიყვარულის წონა“. თითოეულში ვპოულობთ სახასიათო პერსონაჟებს, რომელთა მსგავსსაც ვიცნობთ, შევხვედრივართ ან თავად ვართ; ესეც ერთი მიზეზით, როგორც „ჩაწერიკო N75, მენაპირე“-ში ვკითხულობთ, ცხოვრება ყველგან ერთნაირია: „აქ ახლა ვიღაცამ მაღვიძარა დაადუმა და ძილი გააგრძელა, ვიღაცამ ისევ ვერ გაბედა სიყვარულის ახსნა, ვიღაცამ ჩაის კოვზი ნაგავს გააყოლა...“

ერთგან თქვეს, „სიყვარულის წონა“ ისეთი მოთხრობების კრებულია, რეცეპტების წიგნში მისი მომზადების წესი რომ ეწეროს, ბოლოს დააყოლებდნენ ერთ მწიკვ სიყვარულსა და ერთსაც სევდასო – ეს მოსაზრება მომწონს და მხარს ვუჭერ. ყველა მოთხრობა სავსეა სიყვარულის სევდიანი ისტორიებით, თუმცა თხრობა არ არის გაწელილი, ხელოვნური, ბანალური და რაც მთავარია – მოსაწყენი; ყველა პერსონაჟს აქვს ინდივიდუალურობა, საკუთარი ენა, ფიქრები, ხასიათი... სევდა ტექსტებში ფაქიზად შემოდის (მწიკვად) და იმედგაცრუებული ადამიანების ცხოვრება არა სიბრალულის გრძნობას – როგორც ეს იაფფასიან საპნის ოპერებში ხდება ხოლმე – არამედ ემპათიას იწვევს.

კრებული „მეორე წაკითხვით“ იწყება და მოგვითხრობს ემერიტუსის ამბავს, რომელსაც ახალგაზრდა ბიჭი წიგნებს უკითხავს და თან მოხუცისგან გზადაგზა იგებს კითხვის ესთეტიკურ მრწამსს. „ტექსტს თავისი ალგებრა და გეომეტრია აქვს, – ამბობს გურამ ცოტაძე, იგივე ნატალიჩი და მალევე ამატებს, – ფინალი ხშირად დასაწყისთან გაბრუნებს და წრე იკვრება“. აღსანიშნავია ისიც, რომ აქვე ვიგებთ ავტორის საყვარელ მწერალთა ვინაობას: რიუნოსკე აკუტაგავა, გაბრიელ გარსია მარკესი, ხუან რულფო – იკვრება წრე და მკითხველიც ხვდება, საიდან მოდის რუსუდან რუხაძის მოთხრობების ალგებრაცა და გეომეტრიაც. „მეორე წაკითხვა“, სუბიექტურად, ყველაზე მომხიბლავ მოთხრობად მეჩვენება კრებულში – აქ ლაღი იუმორი, მოულოდნელობა, სევდა და დაძაბულობაც კი ფაქიზად მონაცვლეობენ და ეთამაშებიან მკითხველს.

„კოტ დივუარი და პარაგვაი თანახმა იყვნენ პერელმანის კალენდარზე გადმოსასვლელად, მაგრამ, იცით, რა შემოთვალეს? ჯერ თქვენს ქვეყანაში გამოცადეთ და თუ უკეთ წავიდა ცხოვრება, ახალი წლიდან ჩვენც შემოგიერთდებითო, მაგრამ ნოსირი აჯანყდა – ორშაბათიდან ვგეგმავთ ყველა საქმის დაწყებას და ამ დღის ამოღება კარგს არაფერს მოგვიტანსო“, – ორშაბათი მძიმე დღეა, მაგრამ ისეთი მშრომელი ხალხისთვის, როგორებიც რენა და ქეთინია არიან, ამ დღის გაქრობა პირდაპირ მისწრებაა. „ადმირალის დაბრუნება“ ქალური სოლიდარობისა და ამავდროულად, უანგარო სიკეთის მანიფესტია, რენა და ქეთინია აფორიაქებულები უბრუნდებიან სამუშაო ადგილს და ზრუნავენ, რომ მომავალში, როცა სახლი უპატრონოდ დარჩება, ყვავილებმა შეავსონ სიცარიელე და ადამიანის არყოფნა შეუმჩნეველი გახადონ. 

„ნესი გერცენი“ კრებულის გამორჩეული მოთხრობაა და ტრაგიკული წარსულის მქონე ქალის აწმყო ცხოვრებაზე მოგვითხრობს. დედის სიკვდილის ეპიზოდი, რომელიც მოგვაგონებს სამეგრელოში არსებულ წეს-ჩვეულებას, უდიდეს კვალს ტოვებს მთავარ პერსონაჟზე – ნატალიზე და განსაზღვრავს მის მომავალ ქმედებებსაც. მოთხრობას სხვებისგან გამორჩეულს არა მხოლოდ სიუჟეტური ქარგა, არამედ ის განცდები და ემოციები ხდის, რასაც ყველა განიცდის – ჩვენ ყველას გვყავს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც ვაკვირდებით და გვაინტერესებს პატარ-პატარა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალები მათი ცხოვრებიდან. ნატალი არაა მარტო, როცა მისი ფიქრები ნესის ცხოვრებას უკავშირდება: „როგორ მუსიკას უსმენს; რამდენი ლიფი აქვს; როგორ გამოთქვამს the არტიკლს; შხაპის გადავლება ურჩევნია თუ აბაზანაში ნებივრობა...“

სიკვდილ-სიცოცხლის თემა „სიყვარულის წონაში“ ყველა მოთხრობის თანმდევი გემოა (დავუბრუნდეთ კრებულის კერძად ქცევის ზემომოყვანილ იდეას), თუმცა ყველაზე მკვეთრად მაინც მცირე მოთხრობაში „ჩიტი ქვაზე“ იჩენს თავს. აქ მთავარი პერსონაჟები წლების შემდეგ იხსენებენ ძველ გასართობს, რომელსაც დღეს თან ახლავს შიში იმისა, რომ ბავშვობის დროინდელი თამაში შესაძლოა, სულაც აღარ აღმოჩნდეს ძველებურად სახალისო...

კრებულის კულმინაციურ მოთხრობას „სიყვარულის წონა“ ეპიგრაფად ეთერ თათარაიძის, იგივე ეთეროს სიტყვები ახლავს თან, – „ჩვენ დიდხანიი შევწყვიტეთ სიყვარულზე საობარ“ და ამ სიტყვებით იწყება შვიდი მთხრობლის ამბავი, უფრო სწორად – „ჩაწერიკოები“, რომლებიც, როგორც ავტორი ამბობს: „უნდა ყოფილიყო არა პირველი ან უკანასკნელი, არამედ ძნელად მოსაყოლი, მოუხელთებელი სიყვარულის ამბები, რომლისგანაც, შესაძლოა, მხოლოდ მინაზე არეკლილი სილუეტი, ლოცვის ტექსტი ან პიტნის სუნი შეგრჩეს თითებზე და მეტი არაფერი“. შვიდი პერსონაჟის: მზეყანჩას, უფეზურას, მენაპირეს, ბოლოცეცხლას, გარიელას, ჩიბუხელასა და გულწითელას მონათხრობი ერთი შეხედვით განსხვავებულია, თუმცა შვიდივე მათგანს სიყვარულის თემატიკა აერთიანებს. ისინი თავისებურად უვლიან გვერდს ცხოვრებისეულ პრობლემებს, მაგალითად, ბოლოცეცხლას დარდი რომ შემოაწვება, ახალ საყურეებს ყიდულობს და წონასწორობის შესანარჩუნებლად, სევდას ორად ანაწილებს. ჩაწერიკოებს შორის, უდავოდ, ყველაზე სევდიანი და ამავდროულად, ლამაზია „N77, გარიელი“ – მარტივი საქმე არაა ერთ გვერდში ასე ფაქიზად, ყოველგვარი ბანალურობისა და ზედმეტი სიტყვების გარეშე მოჰყვე ამბავი. 

„სიყვარულის წონის“ (კრებული და არა ბოლო მოთხრობა) ქვაკუთხედია შემთხვევითობა: „ნესი გერცენში“ ნატალი შემთხვევით იგებს, რომ ქმარმა უღალატა და ტბასთან სეირნობისას ასევე შემთხვევით ხედავს ნესის; მოთხრობაში „ჩიტი ქვაზე“ ქეთი ბავშვობის მეგობარ ზურას წლების შემდეგ, შემთხვევით ხვდება და ასევე იგებს, რომ ოკისურ(ა) იაპონური საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენელი კი არა, რუსიკო ყოფილა შებრუნებით; „სიყვარულის წონაში“ გარიელიც გაზეთში შემთხვევით პოულობს იმ ბიჭის ფოტოს, წლების წინ რომ უყვარდა და იმან პერანგზე „მეც“ დაუწერა; და ბოლოს, ნანიკო უზნაძის ისტორიაში თუ შემთხვევითობა არ მოდის მასთან, ის თავად ცდილობს მიაკითხოს შემთხვევითობას: „ფარულად გამიჯნურებულს ისღა დამრჩენოდა, შემთხვევით შეხვედრას დავლოდებოდი და ბედისწერის მეწამა – წამითაც რომ შეყოვნდე, შესაძლოა, გზაჯვარედინზე ასცდე და ამის შესახებ ვერც ვერასოდეს შეიტყო. იმიტომ, ქუჩაში სიარულისას ხან ფეხს ავუჩქარებდი, ხან კი პირიქით – ტაატით მივუყვებოდი სკოლიდან სახლამდე გამზირს“.


loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა