ანი ერნოს „წლები“ | მთარგმნელისგან
თუ ვწერ, ეს იმიტომ ხდება,
რომ გადავარჩინო ის,
რაც მოხდა...
- ანი ერნო
თანამედროვე ფრანგი მწერალი და ლიტერატორი ანი ერნო (ნამდვილი გვარით დუშესნი) 1940 წელს ლილბონში (ნორმანდია) დაიბადა.
მისი წიგნები ძირითადად ავტობიოგრაფიულია. დაბალი სოციალური წრიდან გამოსული მწერალი სოციოლოგიური თემებისკენ იხრება. პირველი რომანი “ცარიელი უჯრები” 1974 წელს გამოაქვეყნა. მეორე რომანს “ადგილი” რენოდოს პრემია მიენიჭა. შემდეგ მოჰყვა რომანების მთელი სერია “სხვა გოგონა”, “ქალიშვილის მეხსიერება” და სხვ. 2017 წელს მთელი მისი შემოქმედებითი მოღვაწეობა მარგარიტ იურსენარის პრემიით აღინიშნა.
რომანი “წლები” 2008 წელს გამოიცა. ნაწარმოები, რომელიც ავტობიოგრაფიულ ელემენტებს ეფუძნება, ასახავს ქალის ცხოვრებას 1941-დან 2006 წლამდე. რომანი აგებულია მწერლის თორმეტი ფოტოსურათისა და მეხსიერებაში დალექილი მოგონებების, განცდების, მოვლენების გარშემო. ასე რომ. ეს წიგნი არის ცდა აღადგინოს კოლექტიური მეხსიერება ინდივიდუალურ მეხიერებაში: ,,მისი წიგნის ფორმა შეიძლება დაიბადოს მხოლოდ მეხსიერების სურათებში ჩაძირვით, რითიც ის შეძლებს დეტალურად აღწეროს ეპოქის სპეციფიკური ნიშნები, წელი, როცა ეს მოვლენები ხდებოდა, მეტნაკლებად უტყუარი იქნება, ის შეძლებს დაუკავშიროს ისინი ერთმანეთს, კიდევ ერთხელ გაიგონებს ადამიანების ნათქვამ სიტყვებს, კომენტარებს საგნებსა თუ მოვლენებზე, არცთუ მთლად დასაჯერებელ ამბებს, შეგონებათა სიმრავლეს და დაუსრულებელ ფორმულირებებს იმის შესახებ, თუ რანი ვართ და რანი უნდა ვიყოთ, რა ვიფიქროთ, რა გვჯეროდეს, რისი გვეშინოდეს, რისი იმედი ვიქონიოთ~.
ანი ერნოს აქვს უნარი, გადაიღოს და გადაწეროს ეპოქის კადრები, აღწეროს ატმოსფერო, გამოცდილება, რომელიც უნივერსალური და ამავე დროს უაღრესად ინტიმურია. იგი წარმოგვიდგენს 1940 წელს დაბადებული ქალის ბიოგრაფიას მისი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში გადაღებული კადრებით, რაც ყოველთვის კავშირშია ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ გარემოსთან, შესაბამისობაშია ყოველდღიურ პროგრესსა და მენტალიტეტის სერიოზულ ცვლილებებთან.
მიუხედვად იმისა, რომ მწერალი არ შედის ისტორიული, პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენების დეტალებში, იმ დროის მსოფლიოსა და საფრანგეთში მომხდარ ყველა მოვლენას ეხმიანება. ინდოჩინეთისა თუ ვიეტნამის ომს, 1968 წლის მაისის მოვლენებს პარიზში, მთელ რიგ ტრანსფორმაციებს, ალჟირის ომს, ევიანის შეთანხმება, რომლის 60 წლისთავი წელს სრულდება და ა.შ.
ასე რომ, “წლები” არ არის არც მხოლოდ ავტობიოგრაფიული და არც სოციალური ქრონიკა. მასში ორივე შერწყმულია. რომანი არა მხოლოდ ერთი ქალის, არამედ მთელი თაობის ცხოვრების ანონიმური ისტორიაა, როგორც მწერალი ამბობს, _ ვირჯინია ვულფიდან სამოცდაათი წლის შემდეგ და მარგარიტა დიურასიდან ოცი წლის შემდეგ. მწერალი მიჰყვება ურთიერთგამომრიცხავ შთაბეჭდილებებს მუდამ გაუგებარ რეჟიმში გატარებული ქალის ცხოვრებიდან და მას “უპიროვნო” და კოლექტიური ავტობიოგრაფიის ფორმად აქცევს. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ეს ქრონიკა მცირე შტრიხებით ფრანგული საზოგადოების ევოლუციის ისტორიაა – ავტორისეული მოგონებებითა და გამოცდილებით დანახული.
ანი ერნო გვიზიარებს მეხსიერების ფენებში დალექილ 60-წლიან შთაბეჭდილებებს, ეტაპებს, დროის მომენტს. თითქოს შემაშფოთებელი ისტორიაა... როგორც ამბობენ, თითქოს ადამიანები ვარსკვლავების მდგომარეობაში არიან, აგროვებენ გამოცდილებას, შეგრძნებებს, მოგონებებს და ცოდნას, მნიშვნელოვანსა თუ ტრივიალურს, მაგრამ ეს ყველაფერი უმეტესწილად განწირულია მათთან ერთად გაქრობისთვის, ამას მწერალი ნაწარმოების დასაწყისშივე აანონსებს; “ყველა სურათი გაქრება”. ამასთანავე, გასაოცრად იხსენებს იმას, რაც ადასტურებს, რომ სიცოცხლე ღირს, ეს ათასობით პატარა შეგრძენება, დიდი თუ მოკრძალებული სიამოვნება და ის წამებია, როცა ბედნიერება მზის სხივიდან ან ხელახლა აღმოჩენილი სურნელიდან ჩნდება. სწორედ ამიტომ სურს აღადგინოს პალიმფსესტის წარწერასავით გადაშლილი მოგონებები:
ყველაფრის გახსენებით, რაც სამყარომ მასში და მის თანამედროვეებში აღბეჭდა, ის შეეცდება აღადგინოს საერთო დრო. დრო, რომელიც დიდი ხნიდან დღემდე თვალსა და ხელს შუა გასხლტა, ინდივიდუალურ მეხსიერებაში კოლექტიური მეხსიერების აღდგენით შეეცდება გააცოცხლოს მრავალი ადამიანი და ისტორიის მიერ გამოვლილი განზომილებანი.
მწერალი ყურადღებას ამახვილებს ტექნიკურ პროგრესზე, დომინანტური შეგრძნება კი, ისევ და ისევ, განადგურების განცდაა, ძველის დაკარგვა ახალი ჩვეულებების გამო. ინტერნეტი და მსოფლიოს მეტყველების გასაოცარი გარდაქმნა, მომხმარებელთა საზოგადოება, რომელმაც თავისუფლებას კომერციული ცენტრის იერი შესძინა.
ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ ამ აღმოჩენებით შეშფოთებული და ღირებულებების გადარჩენის წყურვილით შეპყრობილი, ანი ერნო წიგნს ამთავრებს ბოლო “ოჯახური ვახშმის” რიტუალით, რომელიც დამკვიდრებული წეს-ჩვეულებების ერთგვარი გაგრძელებაა, იმ წლების წეს-ჩვეულებებისა, მისი ბავშვობიდან რომ მოდის, დაწყებული იმ ეპოქიდან როცა იხსენებდნენ ომში დაღუპულებს, იმ დრომდე, როცა ის უკვე ბებიაა, და თავის შთამომავლობას იწვევს საშობაო ვახშამზე – იმ შობაზე, რომლის კომერციული რიტუალი ასე სძულს.
ანი ერნო არ არის ლიტერატურული იერარქიების მიმდევარი. ის ცდილობს წეროს ისე, როგორც მეტყველებენ ნორმანდიის მუშები და გლეხები, უბრალო და გასაგები ენით, რაც თვრამეტ წლამდე მისი ენაც იყო. “ჩემთვის მნიშვნელოვანია აღადგინო სიტყვები, რომლითაც ვაზროვნებდი, მე და ჩემი გარემომცველი სამყარო”.
ნაწარმოებს მიღებული აქვს რამდენიმე ლიტერატურული ჯილდო. მას მწერალთა და ლიტერატორთა მხრიდან საკმაოდ დადებითი შეფასება მოჰყვა. ავტორმა, რომელიც ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებებს აქვეყნებდა, ამ წიგნით ეპოქის სურათი შექმნა. ფრედერიკ ბეგბედერმა აღნიშნა, რომ ამ ნაწარმოებით ანი ერნო ოფიციალური მწერალი გახდა. მწერლის თაობის ადამიანები ამბობენ: “თუ გინდათ შეიცნოთ საკუთარი თავი და ცხოვრება, წაიკითხეთ ანი ერნოს წიგნები”.
ავტორი: ლალი უნაფქოშვილი
ქავერ ილუსტრაცია: მარი პაპუაშვილი