გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ესე

100 წელიწადში ერთხელ | მარიამ ნატროშვილი

საქართველოში სახელოვნებო პროცესები დღეს ძალიან ფრაგმენტულია და ძირითადად ხელოვანების და ხელოვნების კურატორების ენთუზიაზმზე დგას. სამწუხაროა, რომ ეს პროცესები მოწყვეტილია თანამედროვე მსოფლიოს კულტურულ დინებებს და იშვიათად თუ აინთება ხოლმე საქართველო, მსოფლიო თანამედროვე ხელოვნების რუკაზე. ამის ბევრი მიზეზი არსებობს, თუმცა ვეცდები, ამ წერილში რამდენიმეს შევეხო მხოლოდ. ეს მიზეზები, ჩემი, როგორც ხელოვანის, პროცესებზე ემპირიული დაკვირვების შედეგია.

დღეს, თბილ ქვეყნებში, არტისტი, ხელოვანი არ არის “დამოუკიდებელი”, ხელოვანი დიდი სისტემის ნაწილია. ეს სისტემა მოიცავს სახელმწიფო თუ კერძო ფონდებს, მუზეუმებს, რეზიდენციებს, ხელოვნების ცენტრებს, ბიენალეებს და ტრიენალეებს, ხელოვნების საერთაშორისო გამოფენებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და არაფორმალურ სახელოვნებო სკოლებს, კერძო თუ სახელმწიფო გალერეებს. ამ სისტემის ჭანჭიკები იმისთვისაა მომართული, რომ ხელოვანმა იმუშაოს, შექმნას ხელოვნების ნაწარმოები, მიიტანოს ნამუშევარი საზოგადოებამდე, ჰქონდეს ღირსეული შრომის პირობები და გარემო.

რადგან მე კომერციული ხელოვნება ნაკლებად მაინტერესებს, აქცენტს არაკომერციულ ხელოვნებაზე გავაკეთებ. ბევრი ალბათ შემეკამათება, რომ დღეს აღარ არსებობს არაკომერციული ხელოვნება. მაგრამ, მე ვიგულისხმებ ხელოვნებას, რომელიც ზოგჯერ არც არის მატერიალური და მისი გაყიდვა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ფერწერული ტილოსი. ეს არის: ვიდეო, ადგილ-სპეციფიური ინსტალაცია, პერფორმანსი, ახალი მედია ხელოვნება, ციფრული ხელოვნება, ობიექტი, ინტერნეტის ხელოვნება, ექსპერიმენტული ფილმი და ა.შ. 

კომერციულ ხელოვნებას, კერძო გალერეებს, სახელმწიფოსგან მხარდაჭერა მაინცდამაინც არც უნდა სჭირდებოდეთ. სახელმწიფო მხარდაჭერა სწორედ არაკომერციულ, კვლევაზე დაფუძნებულ, არამომგებიან პროექტებს სჭირდებათ. მე კი, ამ წერილში, სახელმწიფოს მიერ სახელოვნებო პროცესების ხელშეწყობის მნიშვნელობაზეც ვაპირებ ლაპარაკს.


ზემოთ რომ სისტემა ვახსენეთ, საქართველოში ეს სისტემა არ არსებობს. 30 წლამდე ვფიქრობდი, რომ ეს კარგია. რომ არაფერი ჯობია “თავისუფლებას”, უსისტემობას. ეს ერთგვარი გამოწვევაც არის, თითქოს რეალითი შოუა - შექმნა ნამუშევრები და გადარჩე, შეძლო არსებობა იმ საქმით, რომელიც გიყვარს და მნიშვნელოვნად მიგაჩნია. თუმცა, მუდმივად ერთიდაიგივე პრობლემა და განმეორებადი წინააღმდეგობები სიზიფეს ლოდად იქცევა და აიძულებს ხელოვანს: ა) იშოვოს სამსახური, რომელიც ხშირად არავითარ კავშირში არ არის ხელოვნებასთან; ბ) წავიდეს ქვეყნიდან.

ბოლო წლებია საქართველოში პატარა, კერძო გალერეები მომრავლდა. გალერეები, რომლებსაც ახალგაზრდა კურატორები ან არტისტები მართავენ. გალერეები ცდილობენ საინტერესო, აქტუალური ხელოვნება აჩვენონ დამთვალიერებელს და ნამუშევრები გაყიდონ კიდეც. ეს გალერეები ნათელი წერტილებია ჩაბნელებულ სახელოვნებო პროცესებში. თუმცა, გალერეა, საგამოფენო სივრცე და ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუცია მარტო ვერ შეძლებს მხატვრისთვის საჭირო სამუშაო გარემოს შექმნას და ძლიერ სახელოვნებო პროცესს. ამისთვის ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუციებია საჭირო, რომელიც კერძო ინიციატივებთან ერთად შექმნის ხელოვნების პროცესების მდგრადი და არაფრაგმენტული მუშაობისთვის საჭირო სისტემას.

ხელოვნების კერძო მუზეუმებს, რომელიც თბილისშია, შინაარსით თანამედროვე კულტურასთან არავითარი კავშირი არ აქვთ, კონცეფციის და ხედვის გარეშე, უკონტექსტოდ კედლებზე ჩამოკიდებული (ზოგჯერ ქართული ხელოვნების ისტორიისთვის ფრიად მნიშვნელოვანი) ნამუშევრების ერთობლიობა ვერ ქმნის კულტურულ მნიშვნელობას და მხოლოდ დეკორატიული ხელოვნების მოყვარულთა ცნობისმოყვარეობას აკმაყოფილებს.

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი უბრალოდ არ ფუნქციონირებს როგორც მუზეუმი და ბევრს უკვე აღარც ახსოვს რომ ხელოვნების მუზეუმი არსებობს. იქ დაცული საგანძურიც არაკვალიფიციური გიდების და გარემოს გამო, კი არ იძენს, კარგავს მნიშვნელობას.

ეროვნული გალერეა, რომელიც დიმიტრი შევარდნაძის სახელს ატარებს და 100 წლის წინ დაარსდა, დაარსებისას ბევრად თანამედროვე კონცეფციით მუშაობდა, ვიდრე დღეს მუშაობს.

 

რა ხდება დღეს ეროვნულ გალერეაში?

გალერეის საგამოფენო პროგრამას თვალი რომ გადაავლოთ, დაგენიძლავებით, ძალიან გაგიჭირდებათ ხედვის ან საერთო კონცეფციის ამოცნობა. ეროვნულ გალერეაში გამოფენების შერჩევის პროცესი გამჭვირვალე არ არის. საგამოფენო პროექტების შერჩევისას არ ცხადდება კონკურსი, გაუგებარია რის მიხედვით არჩევენ გალერეის მესვეურები მხატვრებს და გამოფენებს. ხშირად გამოფენის ჩატარებაზე უარის თქმის მიზეზი სამი წლით ადრე გაწერილი პროგრამაა. გალერეაში რომ დავრეკეთ და ვიკითხეთ, სად შეიძლებოდა პროგრამის ნახვა, ტელეფონიდან სიცილით გვიპასუხეს რომ “თვითონაც წინა დღით იგებენ, რა გამოფენა ჩატარდება და არავითარი პროგრამა არ არსებობს”.

100 წლის წინ, დიმიტრი შევარდნაძის მიერ მოწყობილ ერთ-ერთ პირველ გამოფენაზე, მონაწილეები სწორედ კონკურსის გზით შეირჩა. შემორჩენილია ე.წ. Open call-ის ტექსტიც: “ბ-ნ განათლების მინისტრის თანხმობით და მოწონებით საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეა მხატვრულ - მეცნიერული მიზნით აწყობს მთელი მხატვრობის სურათების გამოფენას. გალერეა სთხოვს ყველას ნახატების ჩაბარებას. გალერეა გარანტიას იძლევა სურათების დაცვისა და ხელშეუხებლობისთვის, გამორჩეულებს კი შეიძენს.”

ერთ-ერთი პირველი გამოფენის შესახებ ტიციან ტაბიძე წერს: “ამბობენ, ას წელიწადში ერთხელ ცა გაიხსნება ნატვრისთვისო და ამ ცის გაღებულ კარებს მიასწრო საქართველომ 1919 წელს, როცა გაიმართა პირველი ქართველი მხატვრების გამოფენა ყოფილ დიდების ტაძარში.”

სწორედ ეროვნული გალერეა უნდა იყოს ინსტიტუცია, რომელიც საქართველოში სახელოვნებო პროცესების განვითარებაში მთავარ როლს ითამაშებდა. ეროვნულ გალერეას აქვს ორი სივრცე: მუდმივი და დროებითი საგამოფენო დარბაზები. მუდმივ საგამოფენო დარბაზში გამოფენილია ქართული მოდერნიზმის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები: ფიროსმანი, ქიქოძე, გუდიაშვილი, კაკაბაძე, ზდანევიჩი, ახვლედიანი. დროებით სივრცეში კი გაუგებარია ვისი გემოვნების თუ ხედვის მიხედვით შერჩეული გამოფენები იმართება.

 

ვნახოთ, როგორი იქნებოდა (ან როგორი მინდა რომ იყოს) ეროვნული გალერეა პარალელურ, გაბრწყინებულ, სხვა საქართველოში.

ეროვნული გალერეის საკურატორო ჯგუფი მუშაობს გალერეის გრძელვადიან ხედვასა და მიზნებზე და გამოფენებიც ამ ხედვის, კონცეფციის შესაბამისად იგეგმება (მართლაც 3 წლით ადრე). საკურატორო ჯგუფის დაგეგმილი გამოფენების გარდა, ყოველწლიურად ცხადდება კონკურსი და გამოფენის მოწყობის საშუალება დამოუკიდებელ ჯგუფებსაც ეძლევათ. გალერეის სივრცე თანაბრად ეთმობა როგორც ახალგაზრდა მხატვრების ჯგუფურ თუ სოლო გამოფენებს, ასევე დამსახურებული არტისტების რეტროსპექტივებს, თემატურ გამოფენებს.

ეროვნული გალერეა აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ინსტიტუციებთან და ატარებს გაცვლით გამოფენებს, ქართველი არტისტები ევროპის, ამერიკის და აზიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებსა და ცენტრებში იფინებიან, ეროვნული გალერეა კი პარტნიორი ორგანიზაციების გამოფენებს უთმობს სივრცეს. რა თქმა უნდა, როგორც ზემოთ ვახსენეთ, გამოფენები წინასწარ განსაზღვრული ხედვის მიხედვით იგეგმება და გალერეის სივრცე ეთმობა როგორც ტრადიციულ, ასევე ახალ მედიებს.

ეროვნულ გალერეას აქვს საგანმანათლებლო პროგრამები და ლექციები ფართო საზოგადოებისთვის. საგანმანათლებლო პროგრამები მიბმულია საგამოფენო პროგრამაზე და ეძღვნება როგორც ქართულ მოდერნიზმს, ავანგარდს, ასევე საბჭოთა, 80-იან, 90-იან წლების და დღევანდელ ხელოვნებას. 

ეროვნული გალერეების სტუმრებმა იციან, რატომ არის ფიროსმანი ფასდაუდებელი ჩვენი კულტურისთვის და რა არის თანამედროვე ხელოვნება. ეროვნულ გალერეას აქვს სტიპენდიები და რეზიდენციების პროგრამა. სტიპენდიები ხელოვანებს 6 თვით ან 1 წლით გადაეცემათ. საჭიროების შემთხვევაში, მხატვრებს გალერეა სარეზიდენციო სივრცეებს უთმობს. რეზიდენტები და სტიპენდიატები გალერეის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებში მონაწილეობენ. რეზიდენცია ასევე უცხოელ ხელოვანებს და კურატორებს მასპინძლობს, ქართველ არტისტებს კი პარტნიორი ორგანიზაციის რეზიდენციებში აგზავნის. სტიპენდიატები გალერეაში ლექციებს და საუბრებს ატარებენ და საზოგადოებას საკუთარ შემოქმედებაზე მოუთხრობენ.

ეროვნული გალერეა თბილისის ბიენალეს ორგანიზატორიც არის (პირველად ბიენალე 1996 წელს ჩატარდა მამუკა ცეცხლაძის კურატორობით, სწორედ ეროვნული გალერეის შენობაში) და ორ წელიწადში ერთხელ თბილისის საგამოფენო სივრცეების კარები საერთაშორისო სტუმრებისთვის არის ღია.

გალერეის ვებგვერდი და გაზეთი კულტურული პროცესების მიმოხილვას ეთმობა, ქვეყნდება კრიტიკული სტატიები და რეცენზიები მიმდინარე გამოფენებზე. გალერეა კვლევით პროექტებზეც მუშაობს, გამოიცემა ორენოვანი წიგნები ქართულ ხელოვნებაზე და საერთაშორისო, პარტნიორ ორგანიზაციებში ვრცელდება. გამოცემები საქართველოში და კავკასიაში ხელოვნების ისტორიას და აწმყოს ეძღვნება. გალერეის გამომცემლობა მნიშვნელოვანი თეორიული ლიტერატურის თარგმანებზეც მუშაობს.

ეროვნული გალერეა პერიოდულად ლიტერატურულ საღამოებსაც აწყობს, ექსპერიმენტულ მუსიკას და კინოსაც უთმობს სივრცეს, ცდილობს პროგრამა მრავალფეროვანი და ფართო აუდიტორიისთვის მიმზიდველი იყოს.

 

არ დაიბნეთ, ეს ყველაფერი პარალელურ, სხვა საქართველოში ხდება. სინამდვილეში კი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ეროვნული გალერეა დაკეტილია აქტუალური სახელოვნებო პროცესისთვის და მოწყვეტილია მსოფლიოს თანამედროვე კულტურას.

 თუმცა, ასე შეიძლება შეიცვალოს სახელოვნებო პროცესები ერთი ინსტიტუციის გამართულად მუშაობის შემთხვევაში. ხელოვანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანია რეზიდენციები, სტიპენდიები, მონაწილეობა საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებში, გაცვლითი პროგრამები, რეცენზიები, საგანმანათლებლო პროგრამები. ეს პროცესები მხოლოდ ხელოვანს კი არა, საზოგადოებას სჭირდება.

მსგავსი პროგრამის და პროცესის შექმნა ძალიან გაუჭირდება არასამთავრობო ორგანიზაციას ან კერძო ინიციატივას. არასახელმწიფო ორგანიზაციებისთვის დაფინანსება ძალიან მწირია, ბიზნესს თანამედროვე ხელოვნება არ აინტერესებს, ან თუ აინტერესებს, ხელოვნება და ლიტერატურა საკუთარი ბიზნესის რეკლამა ან სარეკლამო სლოგანი ჰგონია, საერთაშორისო ფონდების პრიორიტეტი კი არ არის საქართველოში ინსტიტუციების განვითარება და მხოლოდ ცალკეულ პროექტებს აფინანსებენ. ადგილობრივი დაფინანსებაც მხოლოდ ერთჯერად პროექტებზე ცხადდება.

ასეთ პირობებში შეუძლებელია გრძელვადიან პროექტზე სიღრმისეული მუშაობა. სამინისტროს, შემოქმედებითი საქართველოს ან მერიის კონკურსები ცხადდება გაზაფხულზე და შემოდგომაზე, დაფინანსება მცირეა, ხშირად მოთხოვნილი თანხის მხოლოდ ნაწილს აფინანსებენ, დაფინანსებული პროექტი კი იმავე წელს უნდა დასრულდეს. ორგანიზაცია ვერ ახერხებს განვითარებას, ყოველწლიურად ერთიდაიგივე წრეზე ტრიალებს, ხელოვანისთვის კი შეუძლებელია იმუშაოს ხანგრძლივ პროექტზე, დრო დაუთმოს ნამუშევარს, რომელსაც დიდი ხანი ჭირდება მუშაობა.

ახლა ხშირად ახსენებენ “კრეატიულ ინდუსტრიებს”. ეს ე.წ. კრეატიული ინდუსტრიები გამართული კულტურული პროცესების დამხმარე საშუალებაა. შემოქმედების ხარისხისა და შინაარსისთვის მისი კომერციალიზაციის მცდელობა, ვფიქრობ, სახელმწიფოს საქმე არ არის. ჩანთაზე დაბეჭდილ ფიროსმანს ან მაგნიტად ქცეულ თანამედროვე ხელოვანის ნამუშევარს ვერ წარვადგენთ, როგორც სახელმწიფოს სახეს, საქართველოს კულტურის აწმყოს.

 

რომ შევაჯამოთ, საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუციები არ მუშაობს, დამოუკიდებელი ორგანიზაციების დაფინანსების მოდელი სუსტია და არ არის მორგებული პროცესის განვითარებას, ხელოვანისთვის რთულია მუშაობა და საქართველო არ არის წარმოდგენილი საერთაშორისო ხელოვნების რუკაზე.

ამიტომ, საქართველოში ხშირად ზედაპირულ, სწრაფ ხელოვნებას ვხვდებით: fast art.

ამიტომ, ძალიან ვბრაზდები ხოლმე როდესაც კითხულობენ: სად არიან ხელოვანები, რატომ არაფერს არ აკეთებენ?

ხელოვანები მუშაობენ: სუპერმარკეტებში, ოფისებში, სარეკლამოებში. ხელოვანებს ხშირად უწევთ დაივიწყონ ხელოვნება.

ხელოვანებს უწევთ გაიქცნენ ამ ქვეყნიდან.

ტიციან ტაბიძე 100 წლის წინ წერდა, 100 წელიწადში ერთხელ ცა იხსნება ნატვრისთვისო. 100 წელი გავიდა და ალბათ დროა რომ ცა არ ვიცი, მაგრამ ეროვნული გალერეის კარი თანამედროვე, აქტუალური კულტურული პროცესებისთვის გაიხსნას.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა