გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ასეულის მეთაური | გელა ათაქიშვილი, ომის ვეტერანი

გელა ათაქიშვილი, ვიცეპოლკოვნიკი, 58 წლის, ომის ვეტერანი
ქართულ-ოსური კონფლიქტი. 1991-1992. 

1980 წელს ბალტიისპირეთის სამხედრო ოლქში ვმსახურობდი. წელიწადნახევარში სამხედრო სასწავლებელში გამგზავნეს, იქ მივიღე ოფიცრის წოდება. საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში, 1990 წელს, ოფიცრები ვარშავის ხელშეკრულებით პოლონეთში გაგვიშვეს. იქიდან ნელ-ნელა უკვე გამოჰყავდათ ჯარები. მაისში ჩამოვედი საქართველოში, მამაჩემი ისედაც მეხვეწებოდა, ეს ერთი ბიჭი მყავხარ და არ მინდა, სულ აქეთ-იქით იაროო.

1991 წლის, 27 იანვარს, ეროვნული გვარდია შეიქმნა. როგორც ყოფილ საბჭოთა არმიის ოფიცერს, მეც შემომთავაზეს, გვარდიის ჩამოყალიბებაში დაგვეხმარეო. გლდანის მილიციის გადამზადების სკოლას რომ ეძახდნენ, იმ ბაზაზე ვიყავით. პირველი მოხალისეები თებერვალშივე მივიღეთ. სადღაც აპრილში უკვე საქართველოს ეროვნული გვარდიის, პირველი ბატალიონის, მეორე ასეულის, მეორე ოცეულის მეთაური ვიყავი.

ზვიად გამსახურდია უკვე პრეზიდენტი იყო. ახლად ჩამოყალიბებულ გვარდიას 26 მაისის აღლუმისთვის ვამზადებდით. მალე ასეულის მეთაური გავხდი.

ქართულ ეროვნულ გვარდიაში 18-20 წლის ბავშვები მოდიოდნენ მოხალისეებად. ძველი სამხედრო სკოლებიდან გვქონდა ავტომატები, დაშლა-აწყობას ვასწავლიდით, თორემ სად იყო საველე პირობები, საბჭოთა არმია იდგა ჯერ ბაზებზე. ელემენტარულს ვასწავლიდით.

ჩვენთან ერთად მსახურობდა კაპიტანი ბიჭიკო კანდელაკი, ზემო ნიქოზიდან. ცხინვალის პოლიციაში მუშაობდა, სანამ ომი დაიწყებოდა. მერე წამოვიდა ცოლ-შვილიანად. ჩვენი პირველი ბატალიონის მეთაური გელა ლანჩავა იყო. მაშინ ლეიტენანტი ვიყავი წოდებით. ნიქოზის სასაფლაოებზე გვქონდა სანგრები. ადგილობრივი მოსახლეობისგან მოხალისეთა რაზმები შეიკრიბა, მათ მჭედლიშვილი, ზედმეტსახელად მამაო ხელმძღვანელობდა. ძალიან გამოცდილი სამხედრო, ავტორიტეტი, აფხაზეთის ომში დაიღუპა მერე. ერთ-ერთი მეთაური იყო ლომიძე იური, ის ცხინვალიდან შემოსულ ბოევიკებს აკავებდა. 1990 წლის დეკემბერს, ჯერ ქართული მილიცია აკონტროლებდა სიტუაციას. მაგრამ მარტის ბოლოს იქ უკვე საბჭოთა შინაგანი ჯარები დადგნენ. ქართული მილიცია ვეღარც შედიოდა. რუსები ადგილობრივ ბოევიკებს ეხმარებოდნენ. ჰქონდათ მძიმე ტექნიკაც, ქვეითი საბრძოლო მანქანები, ავტომატები.

გვარდიას საკმარისი ტყვიაც არ გვქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებიდან კი გვამარაგებდნენ, რაც შეეძლოთ, მაგრამ იარაღი არ გვყოფნიდა, არაფერი არ გვქონდა.

კანდელაკმა კარგად იცოდა ადგილმდებარეობა და ჩვენ ვეხმარებოდით. ათი-თხუთმეტი კაცი ჩავდიოდით როტაციით და ორი-სამი კვირა ზემო ნიქოზის სასაფლაოზე, სანგრებში ვრჩებოდით. ვეფხია ბიჩინაშვილთან ერთად ჩავდიოდი ხშირად. ჩვენ გვარდიაშიც ერთად ვიყავით. ცხინვალის მხრიდან ყუმბარმტყორცნებით ისროდნენ. ახლომახლო სახლები სულ დაცხრილული იყო.

ივლისის თვეში თბილისში სიტუაცია ძალიან დაიძაბა. თბილისის ზღვაზე კიტოვანი დაბანაკდა. მოსკოვიდან ბატონ ზვიად გამსახურდიას, პრეზიდენტს შემოუთვალეს თუ თქვენ ოფიციალურ გვარდიას ჩამოაყალიბებთ, შეიძლება საშიშროება შეიქმნასო. ეს იყო სიგნალი. ჩვენ ნიქოზიდან ჩამოვედით. უკვე განგაში იყო, გვითხრეს ახლა შატილში უნდა წახვიდეთ (ვითომ იქ იყო საშიშროება), რადგან ახლო-მახლო სულ რუსული ბაზები იყო და ნებისმიერ დროს შეიძლებოდა შემოსულიყვნენ. სინამდვილეში შატილში იმიტომ გაგვგზავნეს, რომ იქ დავბანაკებულიყავით და ქალაქს გავცლოდით, შეტაკება რომ აგვეცილებინა თავიდან.

მაგრამ როგორც კი ჩავედით, კარვები უკვე გაშლილი იყო ჩვენთვის, ვითომ რომ დავრჩენილიყავით და უცბად მივიღეთ ბრძანება, მანდ ყოფნა საშიშია, ვერტმფრენებიდან შეიძლება დაგვბომბონ და კასპის რაიონში გადადითო. მთელი ეს კოლონა შემობრუნდა და წამოვედით კასპში. გათენებამდე გამგეობის შენობაში მიდიოდა თათბირი. ჩვენ უბრალოდ ბრძანებებს ვასრულებდით, ჯერ არ ვიცოდით, რა ხდებოდა. ბოლოს კიტოვანის ბრძანება მოვიდა რკონში დაბანაკდითო. გვარდიიდან ათი ათას კაცამდე ვიყავით - ყველა წაგვიყვანეს რკონში. ჩვენ ასე ვიცოდით, რომ ეს იმისათვის კეთდება, ზვიად გამსახურდიას შეტაკება რომ აეცილებინა რუსებთან. ამ დროს ქვეყანას ჰქონდა უფლება, საკუთარი შინაგანი ჯარები ჩამოეყალიბებინა, ამაზე ვერაფერს ეტყოდნენ. ეს კიტოვანი არ დათანხმდა შინაგანი ჯარების სტატუსს და ბოიკოტი მოაწყო. ვგრძნობდით, რომ სიტუაცია ისე არ იყო, რამე რომ მომხდარიყო, პირველ რიგში ოფიცრებს დაგვიჭერდნენ.

რკონში ერთ თვემდე ვიყავით. ჩამოდიოდნენ პარლამენტის თავჯდომარე კაკო ასათიანი, ნოდარ ნათაძე სახალხო ფრონტიდან, ჩვენ არ გვხვდებოდნენ, მაგრამ ხელმძღვანელობას ელაპარაკებოდნენ. აგვისტოს შუა რიცხვებში, კიტოვანმა აგვიყვანა ეკლესიაში - ფიცი უნდა დადოთო.

ერთი მუხის ხე იდგა მინდორში. რაღაცით რომ დავეკავებინეთ, იქ ჭიდაობაში შეჯიბრებებს მართავდნენ, მაგრამ მაინც იგრძნობოდა, რომ იძაბებოდა სიტუაცია. თვის ბოლოსთვის უკვე მშობლების ნაკადი მოაწვა ღობეებს. იქ ქარელის ბატალიონიც იყო, თეთრი არწივიც, ქუთაისის, ოზურგეთის ბატალიონები. მარტო სამეგრელოს ბატალიონები არ იყვნენ ჩვენთან, სამეგრელოს პირადი გვარდია არ დაემორჩილა კიტოვანს და ქობალიას გაჰყვნენ. ჩვენ ეს ყველაფერი მშობლებისგან გავიგეთ. იქამდე ვიცოდით მხოლოდ ის, რომ შეიძლებოდა რუსებს ზემოდან დაერტყათ და ალყაში მოვექციეთ. ამ დროს, ქუთაისის ბატალიონს სულ ორი ქვემეხი ჰქონდა.

ჩვენი პოლკის მეთაური იყო შოთა ზალდასტანიშვილი. კიტოვანთან მოსვლია შელაპარაკება, აქ ჩვენ რას ვაკეთებთო. საბჭოს წევრი იყო და მეტი ინფორმაცია ჰქონდა. ჩემი პოლკით უნდა წავიდე, ჩემი მოვალეობა შევასრულო და თბილისში ჩავიდე ჩვენი პრეზიდენტის ბრძანებითო. მერე გავიგეთ, რომ გაანთავისუფლეს და მეთაურად გივი გუგუციძე დაგვინიშნეს. ისიც ყოფილი საბჭოთა არმიის ოფიცერი. აგვისტოს ბოლოსკენ მოვიდა ბრძანება და დავიძარით შავნაბადაზე. თბილისში მთავრობის სახლის წინდ უკვე დასავლეთ საქართველოს გვარდიელები იდგნენ. გავიარეთ და ხელი დავუქნიეთ ჯარისკაცებს სოხუმის, ოჩამჩირის, გალის რაიონებიდან, იმათაც დაგვიქნიეს. თურმე ჩვენ უკვე კიტოვანის არმიად ვითვლებით, ეს ჯერ არ ვიცოდით უბრალოდ.

ავტობუსებით წავედით შავნაბადაზე. იქაც დაიძაბა სიტუაცია, თქვეს, ომონის რაზმი მოდის თბილისში და შეტაკებაა მოსალოდნელიო. ისევ მოვიდნენ მშობლები, მოგვეცით ჩვენი ბავშვები, სახლში წავიყვანოთო. მართლა წაიყვანეს ნელ-ნელა, ზოგიც თვითონ გაიპარა. მერე მოვიდა ბრძანება, გადით და ქალაქში წესრიგი დაამყარეთო. დავდექით ქალაქში პიკეტებზე.

მე ღმერთის წინაშე ვამბობ, რომ ქართველის წინააღმდეგ ტყვია არ გამისვრია. პარლამენტის წინ რომ დავდექით, ზუსტად ის ღამე იყო, სიგუა რომ ამბობდა, პრეზიდენტი უნდა გადადგესო, ჩვენ შუაში ჩავდექით.

ეს მოგვიანებით გაიყო გვარდია და ნაწილი ზღვაზე გადავიდა. ჩვენ პრეზიდენტის არჩეულები ვიყავით და უკანონო იქნებოდა, რომ გავსულიყავი. ზუსტად იმ დღეს 22-ში თუ 23-ში ჩვენც მთავრობის სახლში ვიყავით. ცოტა ხნით დაგვეძინა სააქტო დარბაზში და დილას 7 საათზე ქალების კივილმა გაგვაღვიძა: ომი დაიწყოო. უკვე სერიოზული სროლები მიდიოდა. სამი დღის მერე უჩავამ მითხრა, ეს ხალხი აქედან გაიყვანე, მაინც არაფერი არ გაქვთო. საშვი მომცა და ნელ-ნელა გავიყვანე ჩემები. იქ ქობალიას რაზმი იყო, მილიციაც ბევრი იყო რაიონებიდან. ვიფიქრე, აქ დაბრუნება აღარ ღირს-მეთქი და  შინაგან ჯარებში გადავედი. იქითა მხარეს ბევრს ვიცნობდი. ერთ-ერთი ჩემი ყოფილი მოადგილე იყო და იმან მითხრა წინასწარ, გაიყვანე ხალხი, ამაღამ უნდა დავარტყათო. დაგეგმილი იყო ყველაფერი. ამიტომ როგორ მოაგორეს ქვემეხები სასტუმრო „საქართველოსთან“ ისე, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო, არ ვიცი.

ცოტა ხანში ბიჭიკო ბიჩინაშვილმა გვითხრა, ცხინვალში უნდა წავიდეთ, ჩემს სოფელს და ქალაქს უნდა მივხედოო. წავედით მე, ბიჩინაშვილი და კიდევ რამდენიმე. ნაღმტყორცნებით ისროდნენ ცხინვალიდან. ეს უკვე 92 წელს, ივნისში. გოგოციძე იყო მეთაური. 5 ივლისს, ეროვნული გვარდიის შტაბში შევარდნაძე ჩამოვიდა. გვითხრა, ყველაფერი კარგად იქნება, ნუ გეშინიათ, ხელშეკრულებაზე ხელს მოვაწერთ და ოსურ-ქართული და რუსული ბატალიონები შეიქმნებაო. ჩვენი მხრიდან ხელმძღვანელობა დაევალა პანტელეიმონ გიორგაძეს, მაშინ ხანში იყო უკვე შესული.

ხელშეკრულებას ხელი მოეწერა და შევარდნაძე წავიდა თუ არა, თავს დაგვესხნენ. სიტუაცია უკვე ძალიან დაძაბული იყო. საბჭოთა შინაგანი ჯარები აკონტროლებდა იქაურობას. მაგათი წაქეზებული ოსები შემოდიოდნენ და გადიოდნენ. თავდასხმის დროს დაგვიჭრეს რამდენიმე, ტყვედაც წაიყვანეს. 12 ივლისს უკვე მოვიდა ბრძანება, სასწრაფოდ მივდივართ ცხინვალში სამშვიდობო მისიითო. 60 კაცის შემადგენლობით ცხინვალსა და ზემო ნიქოზს შორის, მინდორში განვლაგდით. მერე მოვიდა ბრძანება, სოფელ დირბში გადადითო. იქ ოსურ-ქართული მოსახლეობა ცხოვრობდა. კარვები გავშალეთ და დავბანაკდით. ქარსაცავში.

ერთხელაც ოსების ბეტეერი მოგვადგა, უნომრო. სამოქალაქო ფორმაში იყვნენ. დაგვიმიზნეს, თითქოს გარდაუვალი იყო შეტაკება, მაგრამ რომ ვუთხარით, სანამ თქვენ არ გაისვრით ჩვენ არ ვისვრითო, გაჩერდნენ. რომ არ ეთქვათ მერე, სროლა ქართველებმა დაიწყესო. ცოტა ხანში ჯავშანტრანსპორტიორით მოვიდნენ რუსები. შორიდან პულიმიოტით გვიმიზნებდნენ. ჩვენც მოვემზადეთ ავტომატებით, მაგრამ არც იმათ გაისროლეს. ვიდექით და ერთმანეთს ვზვერავდით. ბოლოს ჩამოვიდნენ და დავილაპარაკეთ. ჩვენ სამშვიდობო ძალებს, კასკებზე თეთრი ჯვრებივით ნიშანი გვქონდა. ესენი ისევ რუსებმა დაგვირიგეს, გიორგაძემ მოატანინა, ჩვენი ძალები სხვებისგან რომ განესხვავებინათ, თორემ იქ კოსტავას საზოგადოება, სახალხო ფრონტი, თეთრი გიორგი, სხვადასხვა დანაყოფი იბრძოდა.

თითქოს თავიდან საერთო ენა გამოვნახეთ, მაგრამ მერე მოსახლეობას ორი ათასამდე ცხვარი მოპარეს, მაინც შემოდიოდნენ და ყაჩაღობდნენ.

ივლისის ბოლოსკენ თავდაცვის სამინისტროს რაზმები გავიდნენ და დარჩა მარტო შინაგანი ძალები. თვეში ერთხელ ოფიცრები ცხინვალში შევდიოდით, რუსებიც მოდიოდნენ, პანტელეიმონ გიორგაძეც მოდიოდა და ტარდებოდა თათბირი, აბა, რომელმა მხარემ რა დაარღვია, ვინ სად ისროლა, რომელ სოფელს დაეცნენ, ვინ დაიღუპა, საიდან რა გაიტაცეს - ყველა თავის პრეტენზიას გამოხატავდა.

ბაღებიდან შემოვიდოდნენ, გაისროდნენ, ვიღაცას მოიტაცებდნენ, საქონელს ართმევდნენ, ხოცავდნენ კიდეც და გადიოდნენ. ერთხელ ჩვენებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და ნიშნიანიძე დაიჭრა. მიაყენეს ერთხელ საბრძოლო მანქანა და ტუალეტი დაგვინგრიეს. მერე ჩვენ დავაკავეთ ორი ბოევიკი. უკვე ვერტალიოტნი პოლკზე ვიდექით. გვერდზე რუსეთის დესატნიკები იყვნენ. პირდაპირ ერთმანეთს ვუყურებდით.

ამ ერთიან სამშვიდობო ძალებში ერთმანეთის დამკვირვებლებიც გვყავდა - ორნი ჩვენთან იყვნენ, ჩვენებიც, ორნი - იქით. ძალიან აგდებულად ექცეოდნენ ჩვენ ბიჭებს. ამ დროს ყველანი სამშვიდობოები ვიყავით და 800 მანეთს ხელფასს ვიღებდით. ამცირებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ ბიჭებს, უკან რომ ბრუნდებოდნენ, ახალ ცვლას აღარ უნდოდა წასვლა. სულ შიშის ქვეშ იყვნენ.

დირბში რომ ჩავდექით, ოსური მოსახლეობა მერე დაბრუნდა. შერიგდნენ ქართველებთანაც. ჩვენ სანგრებში ვატარებდით მთელ დღეებს. უფრო დაცულად გრძნობდა თავს ხალხი, იქ რომ ვიყავით. შემოსვლით, დღისით რუსები შემოდიოდნენ. სულ ღვინო უნდოდათ. მერე დაღამდებოდა და იწყებოდა მასიური სროლები. ოსებს იარაღით ეგ საბჭოთა შინაგანი ჯარი ამარაგებდა, თორემ თვითონ სად ჰქონდათ შეიარაღება. ან მარტო რას გაბედავდნენ.

სამშვიდობო მისიაში ექვსი კაცი მაინც მოგვიკლეს. მოვიდა მერე ერთ-ერთის, ბიჩინაშვილის მამა და დადგა - სადაც ჩემი შვილი მოკლეს, მეც იქ ვიბრძოლებ ბოლომდეო.

65 წლისა იქნებოდა, ბოლომდე იდგა ჩვენს გვერდით. სექტემბრის მერე გვარდიაში დაპირისპირება დაიწყო, ბოლოს ორად გაიყო. ყველაფერი დაგეგმილი იყო.

13 აგვისტოს, თათბირის მერე, საღამოს ჯარისკაცებს ურალის მარკის ავტობუსით მოჰქონდათ პროდუქტები და ცოტა საწვავი. მუგუთთან დაუხვდნენ. შორიდანვე ესროლეს. ამ დროს სამშვიდობოები იყვნენ, ორი გამოცდილი ჯარისკაცი, ერთი ოფიცერი იყო და სამი 18 წლის ბიჭი, ახალი ფიცმიღებულები. ყველა ადგილზე ჩახოცეს. საკონტროლო გასროლები გაუკეთეს. სურათებიც გვაქვს, რომ ყრიან დახოცილები. საქმეც აღიძრა, მაგრამ რას გაიგებდი. იმათ თქვეს, ეს ოფიციალური სტრუქტურები არ ყოფილაო.

მერე უკვე, 14 აგვისტოს აფხაზეთში დაიწყო ომი.

აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ

 

ტექსტი: ნინო ლომაძე
ტრანსკრიპტი მოამზადა კესო კობიძემ
ფოტო: გამოყენებულია პირადი არქივი



loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა