
აუტიზმი და ყოველდღიური მეტაფორები
29.05.20198 წელი აუტიზმთან ერთად – 8 ყველაზე საინტერესო წელი, ამოცანებით, ამოცანების ამოხსნით, ახალი ამოცანების მოფიქრებით, ცდითა და იმპროვიზაციებით სავსე წლები.
– დიანა, შენ სახლის მოადგილე ხარ. – და დირექტორი შენ ხარ ხო, გიო? – არა, გოგო, შენ ხარ სახლის მო-ად-გილ-ე, შენთან რომ ვარ, სახლში ვარ, მეუბნება ბიჭი, რომელსაც გაიდლაინების მიხედვით ფრაზეოლოგიზმები, გადატანითი მნიშვნელობა არ ესმის, არადა, თავად ყველა სიტყვაში ეტიმოლოგიასა და მეტაფორას ეძებს.
მეტყველების დაგვიანება დიდხანს გაგრძელდა, „ბიჭები ლაპარაკს გვიან იწყებენ და მეზობლის ბავშვმაც გვიან დაიწყო“ აღარ დასრულდა და ცოტა გვიან, 3 წლის ასაკში სპეციალისტს მივაკითხეთ.
იმის გამო, რომ აუტიზმის ნიშნები მკვეთრად გამოხატული არ იყო, დიაგნოსტიკა ცოტა დიდხანს გაგრძელდა. არის თუ არა აუტიზმი? დიდხანს ვიმსჯელეთ და დავასკვენით, რომ არის – აუტისტური სპექტრის აშლილობა, ძირითადად, მეტყველების შეზღუდვითა და ინტერესების აკვიატებული სფეროთი გამოხატული, თუმცა, ინტერესები – ხშირად იცვლება, ამას უფრო ხასიათს ვარქმევ – ამოწურო რაღაც, კონკრეტული, ძირის ძირობამდე ჩაჰყვე და მერე სხვაგან გადაინაცვლო.
სახელის დარქმევა მნიშვნელოვანი პროცესი იყო, მიდგომებისა და თერაპიული რუტინის შერჩევა – კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ჰოდა, ჩვენც საქმეს შევუდექით – ცოტა ABA, ცოტა ხელოვნებით თერაპია, მერე მუსიკალური თერაპია, ცხენები და ძალიან ბევრი ოჯახური ჩართულობა, რაც თერაპიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.
არ ვიცი, როგორია სამყარო მისი თვალთახედვით, მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია, მაგრამ ყველა ნივთი, საგანი, ემოცია, ფერი იმისთვის არსებობს, რომ ჩემი და მისი საერთო თერაპიის ნაწილად იქცეს, ამაში დარწმუნებული ვარ.
ჩანაწერების გაკეთება დავიწყე, ჩანაწერების კითხვა ჩემი, მშობლის თერაპიის ნაწილია, პრიზი, რომელიც ამ რთული პროცესის შედეგად მერგო.
მეგობრები
„დიანა, დღეს დილით ფოფომ მითხრა, გიო ბარბაქაძეს ისეთი ბუმბულია ხელი აქვს, ეზოში რომ ჩავდივართ, სულ მას ვკიდებ ხელსო, ეზოში სულ მე დამსდევს და სულ მეკითხება რამდენი წლის ხარო, რცხვენია ლაპარაკიო, სამაგიეროდ ინგლისურის ყველა ასო იცის და სიტყვების შედგენაც შეუძლია, წარმოიდგინე, ყველა ასო თავიდან ბოლომდეო“.
ბიჭმა მეგობრები გაიჩინა.
ნასა
გუშინ სკოლაში გიო ნასას ფორმით წარდგა და იუპიტერის ყველა თანამგზავრი ჩამოთვალა. ყველაზე დიდი ბედნიერება იყო, როგორ გაისუსნენ და ელოდნენ, როდის ილაპარაკებდა, როგორ ამხნევებდნენ – მიდი, გიო, მიდი, მერე ერთმა პატარა გოგომ, გიოს გვერდით რომ ზის, ჩუმად მითხრა, ნუ გეშინია, გიო ჭკვიანი ბიჭია, მერე პატარა ბიჭი ჩაეხუტა, მერე მესამემ მითხრა – ამდენი კოსმოსი თუ იცის, ჩვენც დაგველაპარაკება მერეო.
სიზმარი
„უამრავი ჯადოქრის ლხინში ვიყავი, ჭიქაში მთვარე ჩამიგდეს, გადნა და მერე გამოვიქეცი“, – გიო ჰყვება სიზმრებს. კიდევ კარგი, დევების ქორწილს ასცდა.
მეგობარი
გიოს კლასელ გოგოს ვეჭორავები, აბა, მომიყევი, გიო როგორ იქცევა სკოლაში-მეთქი. უი, გადასარევადო, ძალიან კარგადო, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ბოლო დროს მასწავლებლებს საერთოდ არ უჯერებს და ზოგჯერ თავისთვის მღერისო. ისე კარგად იქცევაო.
იუმორი
– ნაღდი ფული არ მაქვს, რომ ტაქსის მივცე, მომე რა, – მეუბნება ზაზა. – ვა, წუწუნებს? – თვალს მიკრავს გიო.
მეთოდი
ბიჭმა აკრძალვებსა და შენიშვნებთან ბრძოლის ახალი მეთოდი აღმოაჩინა, რამეს ეტყვი და გპასუხობს:
– რა საყვარელი ხარ!
მაგალითად,
– გიო, აალაგე შენი სათამაშოები.
– დიანა, რა საყვარელი ხარ.
კარგი მეთოდია.
ძილისწინა დიალოგი
– გიო, ნუღარ წუწუნებ რა, შევწუხდი.
– იყო და არა იყო რა, იყო ერთი წუწუნა გიო...
– მერე?
– მერე წუწუნებდა და წუწუნებდა.
– მერე?
– მერე მობეზრდა წუწუნი.
– მერე?
– დიანა, ვერ ხვდები, ჭირი იქა, ლხინი აქა რომ თქვა?
სპექტაკლი
სრულიად შემთხვევით დღეს გიო პირველად იყო სპექტაკლზე. ძალიან ვაჟკაცურად გაძლო საათ-ნახევარი, შეჰხაროდა თავის საყვარელი მულტფილმის გმირებს. ერთადერთი, როცა სცენა ბნელდებოდა, მაშინ ტიროდა. ამ დროს წინა რიგიდან გადმოგვხედავდა ერთი ქალბატონი, თავს გადაიქნევდა, ნწნწ იტყოდა, იმის აღსანიშნავად, როგორი ცუდი დედა ვარ და როგორი გაუზრდელი შვილი მყავს და თითქმის ყველა ჯერზე ეგრე იყო, ხან მის მუხლზე მჯდარი პატარა გოგოც ეგრე გამოგვხედავდა ხოლმე.
ჩახუტება
დილით მივიყვანე გიო სკოლაში, ჩამეხუტეო, მთხოვა და ჩავეხუტე, მაგრამ მეჩქარებოდა და მალევე მოვიშორე, შევიდა ჯგუფში და პირველი ვინც გამოეგება, პატარა გოგო, იმას ჩაეხუტა მთელი გულით.
ბავშვებმა სიცილი დააყარეს, ატყდება ახლა ბაღში ჭორაობა, რომ ჩემი ბიჭი იმ პატარა გოგოზე შეყვარებულია, არადა, რა ექნა, უბრალოდ ჩახუტება უნდოდა და ვინც შეხვდა, იმას ჩაეხუტა.
ზოგჯერ ყველაფერი გაცილებით მარტივია.
ორგანი
– გიო, აბა, როგორი იყო ორგანი? (ორგანს მოუსმინა პირველად კონსერვატორიაში) – ბევრი.
რვეული
გიოს რვეულები წამოვიღე სკოლიდან, როგორც წესი, მინაწერებით და ნახატებით ძალიან ბევრს ვიგებ ხოლმე.
როგორ უჭირს ერთ ადგილას გაჩერება და როგორ აძალებს თავს ჩემი ბიჭი, ერთ ადგილას მიუწერია „გიო, ასჯერ დაჯექი“ – ეტყობა, ბევრჯერ ადგა და დაჯდომა მოსთხოვეს, მეორეგან – „წუთი ძალიან ძნელია“ და მესამეგან ჩამოთვლილი აქვს „გაკვეთილის ბოლომდე დარჩა 30 წუთი, 20 წუთი, 15, წუთი, 10 წუთი“.
მელოტი
დღეს ექიმთან ვიყავით ჩაწერილები, ზუსტად მივედით, მაგრამ სანამ ანკეტა იპოვეს, ჩვენი რიგი გავიდა და სხვა შევიდა, მერე კიდევ სხვა და მოკლედ, ნახევარი საათი რიგში მოუწია გიოს ყოფნა. თან საშინლად ცხელოდა და ძალიან გაღიზიანდა, მობეზრდა და ტირილი და წუწუნი დაიწყო. ერთი მელოტი კაცი ამოიჩემა, იტირებდა, მივიდოდა და ეტყოდა – მაკოცე, – ის კაცი აკოცებდა, კიდევ მაკოცე :)) შენ რა კაი ტიპი ხარო, კარგად იმხიარულა იმან.
მერე ჩვენი დრო რომ მოვიდა, ექიმმა, თვითმფრინავი გამასწრებსო და ვერ მიგვიღო.
ნუ, მოკლედ, წამოვედით იქიდან და კიდევ წაიწუწუნა, ის კაცი სადააო.
საღამოს ვკითხე, რას გადაეკიდე იმ კაცს, რა გინდოდა- მეთქი და თავზე ნათურა ჰქონდა და მომეწონაო.
პრიალა თავი ჰქონდა და განათება ირეკლებოდა და შუქ-ჩრდილებს ათვალიერებდა ბიჭი.
საწოლი
– გიო, გახსოვს, წუხელ საწოლიდან ძირს რომ გადმოებრეხვე?
– უი, არ მოვკვდი?
ბებერი დედიკო
– არ დაბერდე, არ გახდე ბებერი დედიკო.
– კაი, ვეცდები.
– იცი, რა უნდა ქნა?
– რა?
– უნდა გაიზარდო, დაპატარავდე. გაიზარდო, დაპატარავდე.
– აბა, უფრო კარგად ამიხსენი.
– ერთი წელი მოგემატოს, ორი დაგაკლდეს, ერთი მოგემატოს, ორი დაგაკლდეს.
დრო
გიორგი დროის დათვლაზე ჩაიციკლა, სულ კითხულობს, რომელი საათია, როდისაა შუადღე, როდის დაღამდება, რამდენ წამში მოვალ სახლში, რამდენი წუთი აქვს დავალების დასაწერად და სათამაშოდ, საჭმელად და სხვა საჭიროებებისთვის.
მივხვდი მიზეზს, როგორც იქნა.
დედამისს ეგონა, რომ გუშინ დაავიწყდა კრებაზე წასვლა, რომელიც სინამდვილეში დღესაა. დღესაა დედლაინი, რომელიც სინამდვილეში გუშინ იყო და სხვა. ვინმე თუ არ დამეხმარა დროში ორიენტაციაში, ისე როგორ გამოვა?
ჰოდა, მეხმარება გიორგი – „დიანა დედიკო, 360 წუთში გნახავ“.
ძილის წინ:
– გიორგი, ტვინი უფრო მთავარია თუ გული?
– გული.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ტვინი იძინებს.
და კიდევ, 5 გრძნობა ჩამომითვალა და მეექვსე მიათვალა – კოცნა.
დაპატიჟება სიზმარში
ბებო, წამოდი, ჩემს სიზმარში დაგპატიჟებ, – ძილის წინ შეუთანხმდა გიორგი ბებიას.
ვახშამი
გიორგი ვახშმობს და ლაპარაკობს:
ახლა მოლეკულებს ვჭამ და მოლეკულებს დავაყოლებ.
(კარაქიანი ჩაი და პური, სხვანაირად)
გულის ფანცქალი
„გულის ფანცქალი მინდა“, – დილიდან ითხოვს გიორგი.
ზღაპარი
როლები გავცვალეთ, ზღაპრებს გიორგი მიამბობს:
– იყო და არა იყო რა, იყო ერთი ზღაპარი.
– მერე, დე?
– მერე მოხდა და მორჩა, ახლა დავიძინებ.
გული დამწყდა, რაღაცნაირად.
პიჟამა
შუაღამისას მომადგა ლოგინთან გიორგი, თავისი ვარსკვლავებიანი პიჟამათი:
– დიანა დედიკო, ღამეა?
– კი, ღამეა, წადი, დაიძინე.
– ჩამეხუტე, სანამ ღამეა.
და ჩამეხუტა სულ კრუსუნ-კრუსუნით.
ავტონომია
ამ ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთი ავტონომიური რესპუბლიკაა, გიორგიბარბაქაძის – მათემატიკაში მხოლოდ თავისი მოფიქრებული მაგალითები და ამოცანები გამოჰყავს, სკოლაში თავისი (არასასკოლო) წიგნით დადის და დღეს, მარშრუტკაში ფული გამომართვა, ჩემი მე თვითონ უნდა გადავიხადოო.
შიშით ველოდები ამბის გაგრძელებას.
დიდი ბიჭი
აი, დიდი ბიჭი რომ გახდები-მეთქი, რაღაცას ვუყვები გიოს და იჩხუბა, არ მინდა გავიზარდო, არ გავიზრდებიო, რატომ-მეთქი და მერე ეს გიორგი აღარ ვიქნებიო. რას გაუგებ ბავშვების დარდებს.
დედიკუნას სიხარულო
ერთად მივდივართ და გიოს ვეუბნები, „როგორ გამაღლდი და გაიზარდე, უკვე დიდი ბიჭი ხარ“. დაფიქრდა, – დიანა, აბა მითხარი, დედიკუნას სიხარულო, – ვუთხარი.
– კარგია, ჯერ შვიდის ვარ.
გულის დაბანა
გიომ ბოლო ორი დღის მანძილზე ორჯერ იტირა სკოლაში. მასწავლებელს უთხრა, დავიღალეო და ცრემლები ამოუშვა.
დღეს სკოლიდან კაფეში წავიყვანე სალაპარაკოდ, ჭამა-სმის მერე მოვკალათდით და ვკითხე, დე, რატომ იტირე, რამე გადარდებს-მეთქი? არაო, გული დავიბანე და კარგად გავხდიო.
თვალის ფერი
რა ხდება შესაბამისი სასწავლო გარემოს პირობებში? ძილის წინ პატარა ბიჭი უკლებლივ ჩამოთვლის 14 მოსწავლისა და ორი მასწავლებლის თვალის ფერს. ყველას თვალებში შეხედა.