ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ავტობუსის საბჭოთა გაჩერებები საქართველოში

პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში The Adventurer

ავტობუსის  გაჩერებების გადასაღებად პირველად ფოტოაპარატი ხელში 2015 წელს აიღო. მას შემდეგ ნანუკას 2018 წლამდე შეგროვებული მასალა წიგნად გამოიცა, რომელსაც ჰქვია „ავტობუსის საბჭოთა გაჩერებები საქართველოში“. 

ასეთი წიგნის შედგენის იდეა კრისტოფერ ჰერვიგის ნამუშევრის ნახვის შემდეგ გაუჩნდა. 

„2015 წელს გამოცემული წიგნი: „ავტობუსის საბჭოთა გაჩერებები“ (Soviet Bus Stops) აღმოვაჩინე. წიგნის ავტორი კრისტოფერ ჰერვიგი ფოტოგრაფია, რომელმაც საბჭოთა ქვეყნებში იმოგზაურა და ყველაზე ორიგინალური დიზაინის მქონე ავტობუსის გაჩერებები გადაიღო. იმ წიგნში საქართველოდან მხოლოდ ზუგდიდი და აფხაზეთის ულამაზესი გაჩერებები გვხდება, ამიტომ გადავწყვიტე, დანარჩენი მასალა საქართველოდან, რომელიც საკმაოდ მრავალფეოვანი და სიანტერესოა, მე გადამეღო“, - ამბობს ნანუკა. 

თავიდან უბრალოდ აღწერას აკეთებდა. შემდეგ ნახა, რომ რამდენიმე გაჩერების ფოტო მართლაც კარგი გამოვიდა და მას მერე უკვე ძალიან მოეწონა შეგროვების პროცესი.

ნანუკა ზაალიშვილი არქიტეტორია, კომპანია IDAAF Architechs-ის და ონლაინ გამოცემა IDAAF.com-ის დამფუძნებელი. 

„ძველი, თითქმის უფუნქციოდ დარჩენილი გაჩერებები კულტურული ღირებულებაა.  საქართველო კი ამ კულტურული მემკვიდრეობით განსაკუთრებით არის მდიდარი. საინტერესო აგებულებისა და დიზაინის გაჩერებები სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა რაოდენობით გვხვდება. ბევრია ბორჯომში, აბასთუმანში, წყალტუბოში, როგორც ჩანს, კურორტები იყო ამ მხრივ უფრო მდიდარი იყო“, - ამბობს ნანუკა. 

რამდენიმე გაჩერების ავტორი ქართველი არქიტექტორი გიორგი ჩახავაა. მისი ავტორობით აგებულ სამ გაჩერებას (პატარა ქანდა, ბორჯომი, ტეზერი) უკვე მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

პირველი, ბორჯომის გაჩერება უშუალოდ კონსტრუქციის თვალსაზრისით არის საინტერესო. ის აგებულია გიორგი ჩახავას მიერ მოფიქრებული ლეგოს ფორმის, ე.წ.“ სამშენებლო ელემენტით“. ეს ელემენტი რკინა-ბეტონის კუთხოვანი ფორმაა და მისი აწყობის ხერხები ჩახავას ზედმიწევნით ჰქონდა დამუშავებული. ამ გამოგონების საავტორო უფლება 1981 წელსაა გაცემული.  ეს კონსტრუქციები არქიტექტურული თვალსაზრისითაცაა საინტერესო, რადგან არც ერთი მათგანი არ მეორდება და ერთი და იგივე მოდულური ელემენტებით ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სრულიად განსხვავებული მოცულობაა აგებული. ამგვარად, ყოველი ნაგებობა უნიკალურია, თუმცა ის ერთ სისტემას ეკუთვნის. 

მსგავსი პრინციპითაა გაკეთებული გაჩერება სოფელ პატარა ქანდაშიც. სამშენებლო ელემენტები აქაც “სავარცხლის” პრინციპით იდგმება ერთმანეთში, რაც მათ სიხისტეს ჰმატებს. ფასადზე გამოსახულია მზის ფორმის ნახატი. 2018 წელს ამ გაჩერებას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

ანანურთან, სოფელ ციხისძირის ავტობუსის გაჩერება მოზაიკით გამოირჩევა. მისი არქიტექტურა ასევე გიორგი ჩახავას ეკუთვნის. მოზაიკა „ვეფხისტყაოსნის“ მოტივებზეა მოხატული. ამ გაჩერებას საინტერესოს ფერადი მოზაიკა და ბრუტალური ფორმები ხდის. მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ ერწყმის ეს გაჩერება გარემოსა და ლანდშაფტს.  

„სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ინფორმაციია შემორჩენილი ამ გაჩერებების ავტორებზე. ჩახავას არქივი რომ არ გაგვეხსნა, ესეც არ გვეცოდინებოდა, რაც ვიცით. არქივები დამწვარია 1990-იან წლებში. ჩახავას აქრივიც ოჯახში არის დაცული. უცებ შეიძლება ვიღაცამ გითხრას, უი, ეს გაჩერება მამაჩემის დახატულია”, - ამბობს ნანუკა. 

კიდევ ერთი გაჩერება, რომლის ნახვასაც ნანუკა ზაალიშვილი გვირჩევს, გოდერძის უღელტეხილის თავზეა. ის დაახლოებით 1970-80 იან წლებს უნდა ეკუთვნოდეს. 

„საინტერესოა იმიტომ, რომ დგას გარდამავალ წერტილზე, საიდანაც გადასავლელი იწყება. ფორმა აქვს იმდენად უცნაური, რომ გიკვირს - ავტობუსის გაჩერება როგორ  შეიძლება ასეთი იყოს?  ცისფრის შეხამება უკან, მთებიან ლადშფტთან კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის. თუ ნისლი წამოვიდა, გაჩერება აღარ ჩანს. სამკუთხედი ფორმები კი თოვლის გამო აქვს. თითქოს ჰგავს A ასოს, რომელიც ავტობუსის გაჩერებას აღნიშნავს“, - მიყვება ნანუკა.

თვალისმომჭრელია ავტობუსის გაჩერება სოფელ რუხთან. სოფელ რუხის გაჩერებაზე, რომელიც ზუგდიდთან მდებარეობს, მეგრული საცხენოსნო სპორტის, მარულას ფერადი და მხიარული სცენაა გამოსახული. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგი გაჩერება პავილიონის სახესაც ატარებდა და მათ დგამდნენ ან ანახლებდნენ რომელიმე კონკრეტულ დღესასწაულზე, მაგალითად ბავშვთა დღეს ან ყვავილების ფესტივალზე.

საყოფაცხოვრებო დატვირთვის გარდა, როგორც ჩანს, ავტობუსის გაჩერება საუკეთესო საშუალება იყო საბჭოთა პერიოდის ხელოვანთათვის თვითგამოხატვისთვისაც.  

„პატარა ობიექტზე მუშაობა უფრო რთულია, თუმცა, როგორც ჩანს, სწორედ ამ მცირე მასშტაბის გამო, მას საბჭოთა ცენზურა ნაკლებად ეხებოდა. საქართვლოში ნაპოვნ არც ერთ გაჩერებაზე  არ არის საბჭოთა სიმბოლიკა, ვიზუალურ მხარეში კი სჭარბობს იმ მხარისთვის დამახასიათებელი აქტივობები და დეტალები. მაგალითად, ბათუმის გაჩერებაზე მოცურავეებია გამოსახული, სოფელ ხვანჭკარას მოზაიკიან გაჩერებაზე კი ყურძნის მტევნებს ნახავთ“, - ამბობს ნანუკა. 

ამ მხრივ საინეტერესოა ქობულეთის გაჩერება. ბიჭი სალამურით, მზე, ზღაპრის პერსონაჟები ამ გაჩერებაზე გამოსახული ფერადი მოზაიკის დეტალებია. თუმცა, სამწუხაროდ, საბჭოთა პერიოდის მოზაიკა, ამ პერიოდში არსებული ხელოვნების სხვა დარგებისგან განსხვავებით, ნაკლებადაა შესწავლილი, შესაბამისად, ბევრი მათგანის ავტორი და შექმნის წელი უცნობია. 

ნანუკა ზაალიშვილის წიგნის მოძიება შეგიძლიათ PROJECT ART BEAT-ში; FOTOGRAFIA-ში; სანტა-ესპერანსაში, ეროვნული მუზეუმის მაღაზიაში, ეროვნულ გალერეაში, ურბან არეში და რესტორან „ხოხბის ცრემლებში“, სიღნაღში.