ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ქართველი და ოსი ახალგაზრდების ურთიერთაღქმა და მეხსიერება კონფლიქტის შესახებ

კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებებში ხშირად ამბობენ, რომ მომავალ თაობას შეუძლია კონფლიქტის მოგვარება, მეორე მხარესთან შერიგება, თანაცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება და ომით გამოწვეული ტკივილის გადალახვა. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდებს აზრს იშვიათად ეკითხებიან, და არამხოლოდ კონფლიქტ(ებ)ის დარეგულირების შესახებ.

ხშირად არც მედიაში ჩანს ახალი თაობის ხედვები. ცოტა რამ ვიცით, რას ფიქრობენ როგორც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები, ისე გამყოფ ხაზს მიღმა მყოფი ახალგაზრდები ნდობის აღდგენაზე, რას არქმევენ ისინი კონფლიქტის მოგვარებას ან ტრანსფორმაციას, როგორ აფასებენ სახელმწიფოს პოლიტიკას? საერთოდ რა იციან ერთმანეთზე, რა ინფორმაციას იღებენ და სად არის მთავარი ინფორმაციული ნაპრალები, რომ საზოგადოებამ იზრუნოს მათ ამოვსებასა და ახალ თაობებში კონფლიქტების მიმართ მგრძნობელობის გაზრდაზე.

ამ საკითხებზე დაკვირვება და ახალგაზრდებთან მუშაობა „ინდიგომ“ 2021 წელს დაიწყო. „მეხსიერების გაცოცხლება“ - ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც ქართულ-ოსური კონფლიქტის შესახებ გროვდება ზეპირი ისტორიები, დოკუმენტები და ამავდროულად იმართება ღონისძიებები ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის გასაზიარებლად. წინამდებარე კვლევაც სწორედ ამ პროექტის ნაწილია.

დოკუმენტი ქართველი და ოსი ახალგაზრდების აღქმასა და მეხსიერებას აჩვენებს კონფლიქტის/კონფლიქტებისა და ერთმანეთის შესახებ. კვლევა ეყრდნობა 2021 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში ჩატარებულ 22 სიღრმისეული ინტერვიუსა და 4 ფოკუსჯგუფის ანალიზს. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩაიწერა 15 სიღრმისეული ინტერვიუ და 4 ფოკუსჯგუფი, 8 სიღრმისეული ინტერვიუ კი ცხინვალსა და ახალგორში მცხოვრებ ახალგაზრდებთან გაიმართა. საერთო ჯამში კვლევაში მონაწილეობდა 18-30 წლის 50 ქართველი და ოსი ახალგაზრდა. 

იხილეთ კვლევა სრულად

ძირითადი მიგნებები:

  • ქართველი ახალგაზრდების ცოდნა ქართულ-ოსური კონფლიქტის შესახებ ძირითადად ოჯახის წევრებისა და ახლობლების მოყოლილ ამბებს ეყრდნობა. არ იცნობენ ისტორიულ ფაქტებს, ვერ იღებენ ინფორმაციას სკოლასა და უნივერსიტეტში. შესაბამისად, მათი მსჯელობა კონფლიქტის წინაპირობის, მისი განვითარებისა და მასში ჩართული მხარეების შესახებ ხშირად წინააღმდეგობრივია.
  • ოსი ახალგაზრდები კონფლიქტის ისტორიის შესახებ მეტ ინფორმაციას იღებენ სკოლასა და უნივერსიტეტში. მიუხედავად იმისა, რომ მეტი თავდაჯერებით საუბრობენ კონფლიქტის წინაპირობის, მისი განვითარებისა და მასში ჩართული მხარეების შესახებ, ხშირად მათი მსჯელობაც წინააღმდეგობრივია და დაუზუსტებელ ამბებს ეყრდნობა.
  • ქართველი ახალგაზრდები ინფორმაციას იღებენ ძირითადად ქართული წყაროებიდან, ოსები - რუსული და ოსური საინფორმაციო საშუალებებიდან. ქართველებთან შედარებით ოსი ახალგაზრდები ნაკლებად კრიტიკულად არიან ამ წყაროებისადმი განწყობილნი და ენდობიან მას. ქართველები პროპაგანდის წყაროდ რუსულ საინფორმაციო საშუალებებს ასახელებენ, ოსებს პროპაგანდის გამავრცელებლად ქართული და დასავლური მედია მიაჩნიათ.
  • ქართველი ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ ოსებს ქართველების შესახებ ნეგატიურ ინფორმაციას აწვდიან. მსგავსად ფიქრობენ ოსებიც - ასევე სჯერათ, რომ ქართველი ახალგაზრდები მათ მიმართ ნეგატიურად არიან განწყობილნი.
  • ქართველი ახალგაზრდების დამოკიდებულება ოსების მიმართ არ არის უარყოფითი, დიდწილად ჩამოუყალიბებელია, რადგან არ იცნობენ თანატოლ ოსებს და მათ შესახებ მეტის გაგება სურთ. ახალგორელი ქართველი ახალგაზრდები და იქ დარჩენილი ოსები ერთმანეთის მიმართ დადებითად არიან განწყობილნი. ქართველებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ჩანს ცხინვალში მცხოვრები ოსებისგან.
  • ოსი და ქართველი ახალგაზრდები ვერ უგულებელყოფენ ერთმანეთის ტრავმას, თუმცა მიაჩნიათ, რომ თავად უფრო მეტად დაზარალდნენ.
  • ქართველი ახალგაზრდები, რომელთაც უშუალო შეხება არ ჰქონიათ ომთან, ამბობენ, რომ ომი გარშემომყოფების ტკივილი უფროა, ვიდრე მათი. შესაბამისად, კონფლიქტთან ემოციური კავშირი არ აქვთ.
  • ქართველმა და ოსმა ახალგაზრდებმა ფაქტობრივად არაფერი იციან იმ გლოვის დღეების შესახებ, რომელსაც მეორე მხარე ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული ადამიანების ხსოვნისთვის აღნიშნავს.
  • შერეული ოჯახების შვილები ომის შედეგების სიმძიმეს განსაკუთრებით გრძნობენ.
  • დევნილი ახალგაზრდების შეფასებით, ვისაც დევნილობა არ გამოუვლია, ამ გამოცდილების სიმძიმეს ვერ აღიქვამენ და ამ საკითხის მიმართ გაუცხოებულები არიან. დევნილი ახალგაზრდები ასევე წუხან, რომ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ადამიანებმა თითქმის არ იციან მათი ისტორიები.
  • დევნილი ახალგაზრდების ნაწილი სახლად ვერ აღიქვამს იმ ადგილს, სადაც ახლა ცხოვრობს. ნაწილი კი ამბობს, რომ სახლი გახდა ის, რაც თავიდან დროებით საცხოვრებელად მიაჩნდათ.
  • ქართველი და ოსი ახალგაზრდებისთვის ბუნდოვანია ქართულ-ოსური ურთიერთობების მომავალი. ვერ ხედავენ გამოსავალს და არც მოვლენათა განვითარების ერთგვაროვანი სცენარი აქვთ წარმოდგენილი. ერთადერთი რაშიც აბსოლუტურად ყველა თანხმდება, ეს ძალის გამოყენების დაუშვებლობაა.
  • ქართველი ახალგაზრდებისთვის ყველაზე სასურველი ვარიანტია საქართველოს შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო დარჩენა, თუმცა ნაკლებად რომანტიკულად უყურებენ დაბრუნების საკითხს. ოსი ახალგაზრდები სუვერენიტეტის მოპოვების გარდა რუსეთის შემადგელობაში შესვლაზეც მსჯელობენ და ეს უსაფრთხოდ ცხოვრების გზად ესახებათ.
  • ახალგაზრდებს, ორივე მხარეს, სურთ ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობა, თუმცა, ფიქრობენ, რომ საზოგადოებებს შორის არსებული გაუცხოვების გამო ამის მიღწევა რთული იქნება.
  • ქართველ ახალგაზრდებს სჯერათ, რომ შესაძლებელია თავად უფრო მზად იყვნენ კომპრომისისთვის, რადგან ნაკლებად აქვთ გამოცდილი ის ტკივილი, რასაც უფროსი ასაკის ადამიანები ატარებენ და რაც მათ ერთმანეთთან კომუნიკაციაში უშლით ხელს.
  • ქართველი და ოსი ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ კონფლიქტის შესახებ ცოდნის ნაკლებობის გამო, დღეს არ შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლის შესრულება სამშვიდობო პროცესში.