ბენქსი | ხელოვნების უხმო კივილი
თანამედროვე ხელოვნების სცენაზე, სადაც ცნობადობა ხშირად ნიჭიერებას გადაფარავს ხოლმე, ერთი ხელოვანი, უკვე წლებია ჩრდილში მოქცეულა. ეს იდუმალება მის შესახებ სრულად არასდროს გაფანტულა, არასდროს დარღვეულა. ირიბი თუ პირდაპირი მნიშვნელობით ეს ასეა და, რასაკვირველია, საზოგადოების ნაწილი ამ დაფარულ იდენტობას მეტაფორად აღიქვამს. ის ფაქტი, რომ ბენქსის მუდამ თან დაჰყვება ანონიმურობის აჩრდილი, თვითონ პერფორმანსია; ხილულსა და უხილავს, ცნობადსა და უცნობს შორის გამართული ბალეტია. ბენქსი — მის სახელს ხმადაბლა, ჩურჩულით იმეორებენ, გაოცებითა და ცნობისმოყვარეობით. მას იცნობენ, როგორც არტისტს, რომელმაც ქუჩის ხელოვნება აქცია მაღალ ეშელონად, სადაც პოლიტიკური კომენტარი და სოციალური ცხოვრების კრიტიკა ერთმანეთს დაუჯერებელი მშვენიერებით ეჯახება.
ბენქსის ენიგმა, ამდენი ხნის განმავლობაში ვერცერთმა ცნობისმოყვარე დეტექტივმა გამოიძია. ამ ანონიმურობასა და მის ძალაზე არა მხოლოდ ჟურნალისტური გამოძიებები, არამედ აკადემიური ნაშრომებიც დაწერილა. და ის ფაქტი, რომ ბენქსი დღემდე შეუცნობელ ადამიანად რჩება, დღის წესრიგში გამუდმებით ტოვებს შეკითხვას: ნეტავ ამ ყველაფრის მიღმა ერთი ადამიანი იმალება, თუ საერთო სათქმელის ქვეშ გაერთიანებული კოლექტივი დგას?
არსებობს მოსაზრება, რომ ბენქსის მიღმა, ოდესღაც, მართლაც იყო ერთი ადამიანი, რომელსაც ერთგვარი „ქუჩური ბრძოლა“ ჰქონდა გაჩაღებული ლონდონელ გრაფიტი-არტისტთან, სახელად რობო. თუმცა, ეს დრო დასრულდა. დღეს ბენქსი - ეს სახელი უკვე ცალსახად ხელოვანების კოლექტივია. ისინი, გუნდურად, გამჭრიახ, პროვოკაციულ და მშვენიერ ნამუშევრებსა თუ ინსტალაციებზე მუშაობენ. ამ ჯგუფური და მხარდამხარ ორკესტირებული სამუშაოს ნაყოფია „მოსაწყენი პარკი“, სახელად „დიზმალენდი“ (თამაში სიტყვებით „დისნეი“ და „მოსაწყენი“), „შემოსაზღვრული სასტუმრო“ პალესტინაში (ბენქსის კიდევ ერთი მწვავე კომენტარი ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის თემაზე) და „სჯობს გარეთ, ვიდრე შიგნით“, კოლექტივის ნიუ-იორკული სახელოვნებო რეზიდენცია).
ბენქსის ისტორიის „მკვლევარები“ დარწმუნებით ამტკიცებენ, რომ კოლექტივში რამდენიმე სახელგანთქმული არტისტიც მონაწილეობს დაფარულად. მათ შორის, ბრისტოლელი ქუჩის არტისტი, ჯონ დ’ო, ასევე, გრაფიტი არტისტი ჯეიმს AME72, და შესაძლოა, ცნობილი ბენდის, „Massive Attack“-ის, ვოკალისტიც, რობერტ დელ ნაჯაც. თუმცა, ეს სიაც, მხოლოდ და მხოლოდ, დაუსაბუთებელი ვარაუდებია. მეტიც, სინამდვილეში, ამ ვარაუდების სისწორეს აზრი საერთოდ არ აქვს.
2020 წლის სექტემბერში, სოციალურ ქსელებში ბენქსის „ნამდვილ ვინაობასაც“ მიაგნეს. რჩეული ადამიანი ვინმე ნილ ბუქანანი აღმოჩნდა, 1990 წლებში, დისნეის ტელეარხზე გადაცემა „ხელოვნების თავდასხმას“ რომ უძღვებოდა. ბავშვების საყვარელ გადაცემაში, ბუქანანი პატარებს ხელოვნების ნიმუშების ყოველდღიური საგნებისგან დამზადებას ასწავლიდა. მართალია, ეს თეორია არცერთი მხრიდან არ დადასტურდა, მაგრამ ბენქსის თაყვანისმცემლებს, თავისი გმირის ნილ ბუქანანად წარმოდგენა ძალიან სიამოვნებთ: ამ შემთხვევაში, მათი ბავშვობის ხელოვნების მასწავლებელი იდუმალი წინამძღვრის მოსასხამშია გახვეული, რომლის კარიერულ ნაბიჯებს ზრდასრულ ასაკში აკვირდებიან. ბენქსის გავლენა უდავოა, მისი ნამუშევრების ჩრდილში გაიზარდნენ თაობები და სხვადასხვა ქვეყნის ქუჩებში ინტელექტუალი გრაფიტი არტისტები გაჩდნენ.
თუმცა, როგორც უნდა იყოს, ანონიმურობა და იდენტობის ასე ხანგრძლივად დაფარვა ორგვარი ეფექტით მოქმედებს. ერთი მხრივ, სახელი ბენქსი კვლავაც ერთ პიროვნებას მიემართება და ცნობისმოყვარეობა მისი ვინაობის გამოსაცნობად ამიტომაც არ სუსტდება, მაგრამ თან მისი სახელით ერთი კონკრეტული არტისტის ჰეროიზმი ნიველირდება და ის მასობრივ, კოლექტიურ ხედვად იქცევა. ეს კი, პირველ რიგში, აძლიერებს ბენქსის ნამუშევრების სათქმელს და საბოლოოდ, მაყურებელს მაინც ნამუშევარი ამახსოვრდება და არა მისი პირქუში შემოქმედი.
ბენქსის სამუშაო ტილო ბეტონის ჯუნგლებია, მიზანმიმართული არჩევანი, რომელიც გალერეების უსახურ კედლებს იმთავითვე სცდება.
ბენქსი ლონდონის ბინძური ქუჩებიდან ამოიზარდა, მაგრამ მისმა სტენსილებმა გეოგრაფიული საზღვრები გაარღვია და მსოფლიო რუკის უამრავ ცხელ წერტილს დაარტყა: ბრისტოლი, ნიუ იორკი და სხვა უამრავი მიმალული ადგილი. ეს უჩვეულო მიდგომა ხელოვნების ტრადიციულ ელიტიზმს ებრძვის და არტისტის უფრო დემოკრატიულ, თანასწორ საჯარო სივრცეებს ავსებს.
ასე ურცხვად გაშიშვლებული ხელოვნება თხრობისა და სათქმელის მთავარი ნაწილი ხდება: აშიშვლებს და ირეკლავს ხალხის მფეთქავ პულსს, სვამს შეკითხვებს, გვაღელვებს, გვეწინააღმდეგება. ხმაურითა და ქაოსით სავსე სამყაროში, სადაც ხელოვნება ყურადღების მისაპყრობად კონკურენციას უწევს მიმდინარე მოვლენებს, ბენქსი ის გამორჩეული არტისტია, რომლის არსებობაც პირდაპირ მოითხოვს, ჩვენი ქუჩების კედლებსა თუ ქვაფენილებს და მათზე დატანილ ნამუშევრებს მივაპყროთ ყურადღება.
ამ ნამუშევრებიდან სამყაროში ფესვგადგმული სოციალური უთანასწორობის, პოლიტიკური თუ ემოციური კორუფციისა და მჩაგვრელი სისტემების წინააღმდეგ შესრულებული განწირული ხმაური ისმის. ბენქსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეა „ყვავილის მსროლელი“, რომელშიც მეამბოხე, აქციაზე გავარდნილი ახალგაზრდა, მოლოტოვის კოქტეილის ნაცვლად, ყვავილებს ისვრის: მშვიდობიანი წინააღმდეგობის მშვენიერების ზუსტი ილუსტრაცია. გრაფიტის ინსპირაცია, შეიძლება, 1960 წლების საპროტესტო აქციები და ბრუნო ბარბის 1968 წელს საფრანგეთში გადაღებული ფოტო გახდა (ბენქსის „ყვავილის მსროლელის“ - იგივე, „ყვავილის ნაღმის მტყორცნელის“ - პირველი ვერსია 1999 წელს გამოჩნდა, 2000 წელს კი არტისტის პირველო გამოფენის ცენტრალურ იმიჯად წარმოგვიდგა).
ყვავილების მსროლელი, ბეთლემი
2000-იან წლებში, მას მერე, რაც ბრისტოლიდან ლონდონში გადასახლდება, ბენქსი გამოფენებს აწყობს ინგლისის დედაქალაქში და ცნობილი ხდება. იწყებს ნამუშევრების ბრიტანეთის გარეთ გატანას და დედამიწაზე ყველაზე პოპულარული გრაფიტი არტისტი ხდება. 2003 წელს, ლონდონში, გალერეა „ტეიტის“ თანამშრომლებს გააცურებს, პენსიონერივით შეინიღბება და საგამოფენო სივრცის ცარიელ ადგილას თავის ნამუშევარს გამოკიდებს. 2004 წელს პარიზის „ლუვრში“ შეიპარება და მონა ლიზას თავისებურ ვერსიას დაკიდებს. 2010 წელს ბენქსი გადაიღებს ფილს „საჩუქრების მაღაზიიდან გაპარვა: ბენქსის ფილმი“, საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავა და, უკვე დანამდვილებით, ყველაზე ცნობადი თანამედროვე ხელოვანის სახელით განაგრძობს ანონიმურ ცხოვრებას.
ბენქსის მნიშვნელოვანი გამოფენების სია ვრცელია, მაგრამ არტისტის ახლიდან გაცნობის მსურველებს ამგვარ ჩამონათვალს შევთავაზებთ:
- 1998: ადრეული ნამუშევრების გამოფენა ბრისტოლში
- 2001: პირველი გამოფენა ლონდონში, რივინგტონ-სტრიტზე
- 2002: მშვიდობა რთულია, გამოფენა გლაზგოში
- 2002: ეგზისტენციალიზმი, გამოფენა ლოს ანჯელესში
- 2003: ნახევრად მუდმივი, გამოფენა სიდნეიში
- 2008: ქილების ფესტივალი, გამოფენა ლიკ-სტრიტზე, ლონდონში
- 2015: დიზმალენდი, მოსაწყენი პარკი, არტ-პროექტი სომერსეტში, ინგლისი
მართალია, პროტესტი ბენქსის ნამუშევრების წამყვანი ლაიტმოტივია, მაგრამ შეუძლებელია არ შევნიშნოთ არტისტის სოლიდარობისა და თანაგრძნობის დიდი მიმართულება. „იმედი არ კვდება“, ასე აწერია ბენქსის აწ უკვე კლიშედ ქცეულ, მძაფრ ვიზუალს, რომელშიც პატარა გოგონა ბუშტს უშვებს ხელს და გვახსენებს, რომ ადამიანური სულის ჩაკვლა არც ისე მარტივია, ცვლილებას კი ხშირად დადებითი შედეგები მოჰყვება. ბენქსის შემოქმედება ერთგვარი შეძახილია, რომელიც მნახველს საერთო გასაჭირს უზიარებს და კაცობრიობის სულიერი გამარჯვების იმედით ავსებს. ეს არის თანაგრძნობის პირდაპირი და უსირცხვილო გამჟღავნება. „გოგონა ბუშტით“, ერთი შეხედევით, ბავშვურ თამაშს წააგავს, უმანკოებასა და სიცელქეს შორის გამოკიდებულს. თუმცა, ეს არის უნივერსალური სახე, რომელიც ადამიანის მიუწვდომლისკენ დაუოკებელ სწრაფვას გამოხატავს.
„გოგონა ბუშტით“ 2005 წელს გამოჩნდა, ქალაქ ბეთლემში, ისრაელისა და პალესტინის გამყოფ კედელზე. ამ კონტროვერსიულ წერტილში გამოსახული მეოცნებე გოგონას სახემ მაშინვე მიიპყრო მთელი მსოფლიოს ყურადღება, თავისი ძლიერი სიმბოლიზმითა და მნიშვნელოვანი მესიჯით. კონფლიქტის ზონის მიღმა, ბეთლემი ქრისტეს დაბადების ადგილიც არის, ისტორიული თუ რელიგიური წარსულით სავსე ქალაქი. სწორედ ამ კედელზე გამოსახული იმიჯით, ბენქსი გასცდება მხოლოდ პოლიტიკურ სათქმელს და რაღაც უფრო სულიერს, უფრო ადამიანურს იტყვის მშვიდობის, სიყვარულისა და ადამიანთა უფლებების შესახებ.
დროის განმავლობაში „გოგონა ბუშტით“ ბენქსის ერთ-ერთ ყველაზე ცნობად გამოსახულებად იქცა, რომლის ვერსიებიც განსხვავებულ ტერიტორიებზე შეიქმნა და ცამეტი წლის შემდეგ განსხვავებული კონტროვერსიით დაუბრუნდა მაყურებელს.
2018 წელს აუქციონზე „საზების“ „გოგონა ბუშტით“ 1 მილიონ დოლარად უნდა გაყიდულიყო. როგორც კი ხის ჩაქუჩი სადგამზე დაეშვა და გარაკუნდა, ნამუშევარი (რომელიც, წინდაწინ, შრედერში იყო ჩასმული) აზუზუნდა და საკუთარი თავის განადგურება დაიწყო.
ნახატი შრედერში თავად ავტორმა ჩადგა და ამ ფორმით შემდეგ მშვენიერ ჩარჩოშიც მოაქცია. ეს იყო დრამატული და მოულოდნელი სვლა, წამით ხელოვნებისა და, ზოგადად, მთელი სამყაროს ყურადღება რომ მიიქცია. დაქუცმაცებული ნამუშევარი, რომელსაც ამჟამად ჰქვია „სიყვარული სანაგვეშია“, მყისიერად იქცა სენსაციად.
მოგვიანებით, ბენქსიმ განაცხადა, რომ ნამუშევარი შრედერში იმ შემთხვევისთვის მოათავსა, თუ ოდესმე, ვინმე მის აუქციონზე გატანას გადაწყვეტდა. ინსტაგრამის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელშიც ნახატი პირდაღებული მაყურებლის თვალწინ ნადგურდება, არტისტმა ასეთი ფრაზა მიაწერა: „მიდის, მიდის, წავიდა“… პერფორმანსი მედიამ მაშინვე მონათლა კომერციალიზაციაზე გაყიდული ხელოვნების წინააღმდეგ მიმართულ განცხადებად, თუმცა ბევრისთვის ის, უბრალოდ, აბსურდის თეატრალური აქტია.
ამ მოვლენის შემდეგ, გაჩაღდა ცხარე კამათი ხელოვნების შეფასების შესახებ, მილიონებად გაყიდული ფერწერული ტილოებისა და ბაზარზე ხელოვანის ფასის ირგვლივ, გამძაფრდა დავა თანამედროვე ხელოვნების პომპეზურობასა და ამაობაზე. მოგვიანებით, „სიყვარული სანაგვეშია“ კიდევ უფრო მოთხონად ნიმუშად იქცა, რომლის ხელში ჩაგდებას უამრავი გალერეა, მუზეუმი თუ პირადი კოლექციონერი ცდილობს.
იმასაც ამბობენ, ბენქსი ვინმე რობინ განინგჰემი იქნებაო, ბრისტოლში დაბადებული და აღზრდილი ადამიანი, რომელიც ზუსტად 2000-იან წლებში გადავიდა ლონდონში საცხოვრებლად. თუ რობინის გეოგრაფიულ მოგზაურობას გავყვებით, ის ზუსტად დაემთხვევა ბენქსის ყველაზე ცნობილი ნამუშევრების გამოჩენის წერტილებს, თუმცა, როგორი სიზუსტითაც არ უნდა ვიკვლიოთ იდუმალი ჯადოსანის ნაბიჯები, თეორია საბოლოოდ არ დასტურდება... და, ალბათ, თეორეტიკოსების, დეტექტივების, ჟურნალისტებისა თუ თაყვანისმცემლების მთავარი მიზანიც ეს არის: ბენქსის ვინაობის საიდუმლოზე ფარდის ახდა, დროებით მაინც გადაიტანს ყურადღებას იმაზე, რაც არტისტისთვის სულაც არ არის საინტერესო: მისი მთავარი მესიჯი მის ნამუშევრებში, მის სათქმელშია; ბენქსი მისი ნამუშევრის მნახველს ეკუთვნის; მაყურებელს, რომელსაც ფიქრი შეუძლია, თანაგრძნობისა და სოლიდარობის უნარი აქვს.
ბენქსის ჩირაღდანი ხელოვნების სამყაროში თამამად ბრიალებს და ადამიანური ყოფის სირთულეებს ნათელს ჰფენს. პროტესტის, წინააღმდეგობის, თანაგანცდისა და სოლიდარობის გავლით, არტისტი არღვევს ტრადიციული ხელოვნების საზღვრებს და პირდაპირ მნახველის გულამდე აღწევს: აჩენს შეგრძნებებს, ფერებს, იმიჯებს და აჩენს შეკითხვებს; შეკითხვებს, რომელზეც მარტივი პასუხები არავის აქვს. ალბათ, არც ბენქსის.
ქართული სახვითი ხელოვნების 5 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში პირველად ბენქსის საერთაშორისო გამოფენა - „ბენქი: ლეგენდის დაბადება“- სტივ ლაზარიდისის კურატორობით 18 ოქტომბერს გაიხსნა და მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში უმასპინძლებს დამთვალიერებელს. პროექტის მხარდამჭერები არიან SOLO X და VISA