წიგნის ჯაჭვური ექსპერიმენტი
დღეს დილით ფოსტალიონმა პირველი წიგნი მომიტანა, მარკესის “Memories of My Melancholy Whores”. მარიამს არ ვიცნობ, მაგრამ მგონია, რომ დღეიდან სამუდამოდ დავუკავშირდით ერთმანეთს. თურმე რამდენი რამე გვაერთიანებს - მარკესი, კითხვის სიყვარული და ექსპერიმენტებში მონაწილეობის გამბედაობა.
“Dear Book-lovers!
I am participating in a book-chain experiment, and I need at least 6 people of any age to participate! I promise, it's worth it. You can be anywhere in the world to do this, the further the better. You just have to buy one book (in English) and send it to one person and you will receive approximately 36 books in return. Let me know if you are interested and I will pm you the details.” - ამ სტატუსს მეგობრის კედელზე გადავეყარე. ესპერიმენტში მონაწილეობას როცა თანხმდები, წიგნს უგზავნი იმ ადამიანს, ვისგანაც შენმა მეგობარმა გადმოპოსტა ეს სტატუსი. შენს მეგობარს კი ისინი უგზავნიან თითო წიგნს, ვინც შენ გამოგეხმაურა და ა.შ. ჯაჭვური რეაქციით, შენი მეგობრების მეგობრებისგან წიგნები უკვე შენთან იწყებენ მოსვლას.
რაღაც დროის მერე ახალ წიგნებს მოავლებ თვალს და გამომგზავნებზე დაფიქრდები. აი ის ვინაა, სალმან რუშდის “შუაღამის შვილები” რომ მაჩუქა, მასაც ჩემსავით შეუყვარდა ეს წიგნი თუ რაც პირველი მოხვდა ხელში, ის გამოუშვა? არა, სავარაუდოდ წიგნს რომ საჩუქრად არჩევ, თანაც უცნობისთვის, პატარა ემოციის თან გაყოლებაც მოგინდება. მატარებელში სრულიად უცხო ადამიანს პირადულ ამბავს რომ უყვები, იმას გავს - წიგნთან ერთად, თითქოს შენს ფიქრებს და განცდებსაც იმ უცნობ ადრესატს უგზავნი. მის საპასუხო რეაქციას კი აღარ ელოდები. აი ასე უშვებ ენერგიას კოსმოსში, წიგნს კი - დიდ მოგზაურობაში.
არ ვარ დარწმუნებული, რომ “book-chain experiment”-ის ავტორის აზრები სიტყვა-სიტყვით გადმოვეცი, მართალი გითხრათ, ისიც კი არ ვიცი, ვინაა ამ კარგი საქმის წამომწყები. მაგრამ მე რომ მომეგონებინა წიგნების თამაში, აუცილებლად თვითკმაყოფილების განცდა შემიპყრობდა. აბა როგორია, დააკავშირო ერთმანეთთან უცნობი (ან თუნდაც ნაცნობი) ადამიანები და საყვარელი წიგნების მეშვეობით, ემოციები გააცვლევინო.
ამ თამაშით სოციალურ სივრცეში პირველი ნაბიჯი გადაიდგა, ერთმანეთს საყვარელ წიგნებს ვუგზავნით. უფრო შორსაც შეგვიძლია წასვლა, იმავე სივრცის გამოყენება წიგნებზე სასაუბროდ და ჩვენი ფიქრების, დამოკიდებულებების და განცდების ღიად გაზიარება. ალბათ ამ გზით უკეთ, უფრო ღრმად გავიცნობდით და ზედაპირულად აღარ შევაფასებდით ადამიანებს.
მოდი, ვითამაშოთ. დამენახეთ, ვის გიყვართ კითხვა და დაგაჯილდოვებთ. მე ერთ წიგნს გავაჩუქებ, უკან კი 30-ჯერ მეტს მივიღებ. ზოგი ძალიან მომეწონება, ზოგი - ნაკლებად, ნაწილი წაკითხულიც მექნება. კმაყოფილი შემოვაწყობ თაროებზე და კონვერტებს გადავხედავ.
მეზობელი ქალაქიდანაც მიმიღია წიგნი, ტორონტოდანაც და Georgia-დანაც. ეს ნეტა რომელი ჯორჯიაა, შტატი თუ ის მოცუცქნული ქვეყანა, რუსეთი რომ ავიწროვებს?