
ბულიონი
ოთახში ექვსნი არიან. ნატალია ვაწაძე, თეიმურაზ ქართლელიშვილი, ლადო ხარტიშვილი, კონსტანტინე ქიტიაშვილი, ეკატერინე ქეცბაია და ზურაბ კიკვაძე. ეს ჯგუფის ერთ-ერთი პირველი პერფორმანსია.
პატარა, სადად მოწყობილ ბინაში სამუშაო იარაღებს უმისამართოდ იქნევენ და ამსხვრევენ ყველაფერს, რაც გზაზე ხვდებათ. ილეწება სკამები, მაგიდა, სავარძლები, იხევა შპალერი, ნაფოტებად იქცევა თაროები.
„რემონტია. წამო, გამოფენა სადღაც სხვაგანაა“, – ისმის გარედან.
კართან ვდგავართ და ვუყურებთ. ხან ვფიქრობ, რომ ეს ახლად გამოღვიძებული ჯენტრიფიკაციის მაუწყებელი განგაშია, ხან კი მგონია, რომ ეს თამაშია საკუთარ მეხსიერებასთან – ახალ დროსთან შესახვედრად ის, რაც იქამდე იყო, უნდა დაივიწყო, რაც მატერიალურად არსებობდა, ნაფლეთებად უნდა იქცეს, დაქუცმაცდეს იქამდე, რომ მთელის აღდგენა ვერასოდეს შეძლო. იქვე ხმის ჩამწერი დგას. ბინიდან მაინც დარჩება რაღაც: იმიჯები (ვიღაცები ფოტოებს იღებენ), ჩამწერზე კი ნგრევის, განადგურების საუნდტრეკი – როგორც აუდიოინსტალაცია.
„ბულიონს“ პირველად 2009 წელს ვხვდები. ეს ბეთლემის ქუჩის რესტავრაციამდე ხდება, ვიდრე თვალს მოფარებულ, ძველთბილისურ უბანს ჯერ მხოლოდ იქაურები და კანტი-კუნტად შეხეტიალებული ტურისტები იცნობენ.
„ნელ-ნელა შევიკრიბეთ, – მიხსნის ნატალია, – თავიდან ბიჭები იყვნენ. და საერთოდ არ იყო კრიტიკა. ხომ იცით, როგორ არის ხოლმე ბიჭებთან? ძალიან დამყოლები არიან. ჰოდა, ეკატერინეს ვუთხარი, მოდი ცოტა გავაკრიტიკოთ-მეთქი. ასე დავიწყეთ“.
ისინი სივრცეს იკვლევენ – საჯაროს და პრივატულს, მათ მიჯნას. ეძებენ პერსონალურის კოლექტიურთან გადაბმის წერტილებს და ყველაზე ღრმა შრეებიდან დაფარული სურვილების, მოტივების ზედაპირზე ამოტანას ცდილობენ.
მათ არტისტულ ნარატივში, თითქოს, მრავალდისციპლინური კვლევისა და ძიების შედეგები ჩანს. ნამუშევრები იმდენად ძლიერი და ინტენსიურია, რომ ხანდახან ინტერპრეტაციის სიმრავლე გაბნევს. ის, რაც სტატისტიკური მონაცემების შესწავლით უნდა გაიგო; ის, რაც გეოპოლიტიკური თუ სოციალური პროცესების ანალიზით უნდა დაინახო, „ბულიონის“ აქციებზე თითქოს თავისთავად იქცევა შენს ემოციურ გამოცდილებად რომელიც მეხსიერებაში გებეჭდება.
მათი მედიუმი აქციები, პერფორმანსები და მულტიმედია ინსტალაციებია. „არა, წინასწარ არასდროს ვიცით, ნამუშევარი რა ფორმას მიიღებს, – მიხსნის ეკატერინე, – უბრალოდ ვსხდებით ყველანი ერთად და იდეაზე ვიწყებთ ფიქრს. მერე თითქოს თავისთავად იქცევა პერფორმანსად ის, რაც გვინდა ვთქვათ“.
კაზრეთი
პერფორმანსი. 2015
მოძრავი გალერეა / პროექტი ArtBeat
(2016 – დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა)
[რა ვიცით პროდუქტზე, რომელსაც ყოველდღე დახლებზე ვხვდებით? ვიყიდით თუ არა დაბინძურებულ ნიადაგზე მოყვანილ პროდუქტს, თუკი იაფი ღირს?]
26 ივნისს, ჯგუფურ გამოფენაში „მწვანე“ ბულიონს ძველი ნამუშევარი გამოაქვს. გალერეაში ერთი დახლი დგას. ტომრებიდან კარტოფილს ყიდიან, „ბაზარში რომ ვერ იშოვი, ისეთ კარგ ფასად“, ეტიკეტს აწერია, რომ კარტოფილი კაზრეთიდანაა.
ნატალია: გახსოვთ ტრიენალე? პირველად მაშინ ჩამოვიტანეთ პროდუქტი კაზრეთიდან და გავყიდეთ. რამდენიმე დღეში მინისტრი გამოვიდა და თქვა, რომ კაზრეთის პროდუქტი არის ძალიან კარგი, რომ შეამოწმეს და ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. ამ დროს, ჩვენ ვიცით, რომ ეს ტყუილია. გამოთხოვილი გვაქვს ინფორმაცია სამინისტროდან, რომელშიც ჩანს, რომ მდინარეც და ნიადაგიც დაბინძურებულია.
კაზრეთი არ იყო მხოლოდ საყდრისის პრობლემა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ იქ მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად ვიბრძოდით, ძალიან ცდება. რასაკვირველია, ამისთვისაც ვიბრძოდით, მაგრამ ეს ძეგლი საინტერესო იყო იმიტომაც, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ვინც მაღაროში უმძიმეს პირობებში მუშაობს, გვეჩვენებინა, რომ გადარჩენის სხვა გზებიც არსებობს.
კოკა: ოქროს დღემდე ღია წესით მოიპოვებენ. აფეთქების შემდეგ მტვერი მიწაზე ილექება.
კაზრეთი ნამდვილი ეკოლოგიური კატასტროფაა.
მადანს ციანიდით ამუშავებენ და ჩამონარეცხი წყალი ავზებიდან პირდაპირ მდინარე მაშავერაში ჩადის. მდინარეში დღეს თევზი საერთოდ გამქრალია.
ამ ციანიდიანი მდინარიდან ირწყვება ბაღები.
ნატალია: პირველად პროექტ „არტბიტის“ გალერეაში გავაკეთეთ გამოფენა. „არტბიტის“ კონტეინერი სპორტის სასახლის წინ იდგა. ხალხი ყიდულობდა კარტოფილს. ამ დროს, კედლებზე გაკრული იყო კვლევის შედეგები, შესაფუთ მასალებზე გვქონდა წარწერები ნიადაგის, წყლის დაბინძურების შესახებ. ზოგჯერ, როცა იგებდნენ, რომ პროდუქტი კაზრეთიდან იყო, უკან ბრუნდებოდნენ.
თუმცა, ბაზრიდან იგივე კარტოფილი მიაქვთ ყოველდღე სახლში, არავინ კითხულობს საიდანაა. წარმოიდგინეთ, დღეს, კაზრეთში ხალხი ამ პრობლემებზე აღარ ლაპარაკობს. თითქოს ეს აქციები არც ყოფილა. ეშინიათ, სამსახური არ დაკარგონ. ვინც ჩვენთან ერთად იბრძოდნენ, დღეს სხვა მხარეს არიან, იმიტომ, რომ ბევრი სამსახურში (RMG რიჩ მეტალს გრუპი) დააბრუნეს. იმ პირობით, რომ გაჩერდებოდნენ.
(რელიგიური) აერობიკა
პერფორმანსი. 2013.
ვენეციის ბიენალე

[რა არის გზა სულიერებამდე]
ნატალია: ამ ნამუშევარში თავი მოიყარა ყველა იმ კითხვამ, რაც 2013 წლის 17 მაისამდე გაგვიჩნდა. თითქოს წინასწარ ვხედავდით, საით მივდიოდით.
ეს იყო პერფორმანსი, რომელშიც სამი რელიგიის – ქრისტიანობის, ისლამის და იუდაიზმის რიტუალებს ვიკვლევდით.
კოკა: გვაინტერესებდა, სადამდე მიჰყავხარ რელიგიური რიტუალების შესრულების დროს მექანიკური მოძრაობის მრავალჯერ გამეორებას. ერთი წელი ვსწავლობდით; ვარჩევდით, რომელი მოძრაობა რა ფორმით გამოგვეყენებინა. გვაინტერესებდა, მექანიკიდან შეიძლება თუ არა სულიერ სრულყოფილებამდე მისვლა.
მერე მივხვდით, რომ განმეორებადი მოძრაობებით ტრანსამდე მივალთ, სულიერებამდე კი – ვერა.
ეკა: შეიძლება იმიტომ მოხდა ასე, რომ რეალურად არ ვლოცულობდით. ბელგიაში 5 საათს ვაკეთებდით აერობიკას. ყველაფერი გვტკიოდა ბოლოს, ძალიან დაღლილები ვიყავით, მაგრამ უცბად ვიგრძენი, რომ შემიძლია, არ გავჩერდე; საერთოდ არ გავჩერდე. რაღაც მომენტში შემეძლო შემეწყვიტა, მაგრამ მერე მაინც გადავწყვიტე, რომ – არა, გავაგრძელებ. ყველა გაჩერდა, მე ერთ საათს კიდევ ვაკეთებდი, მაგრამ ბოლოს მაინც არაფერი მიგრძვნია; ვერავითარ სულიერებამდე მე ვერ მივედი.
ბელგიაში „აერობიკა“ პირველად იქ გავაკეთეთ, სადაც ერთი წლით ადრე (2014), ბელგიის ებრაულ მუზეუმს ტერორისტი დაესხა თავს და ოთხი ებრაელი მოკლა. შემდეგ მეჩეთთან გავიმეორეთ. გაგვიკვირდა, რომ ყველა ძალიან პოზიტიურად შეხვდა პერფორმანსს. მოლამ თავისთან, მეჩეთშიც კი მიგვიწვია. არადა, მძაფრ რეაქციას ველოდით და გაფრთხილებულიც გვყავდა პოლიცია, თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდებოდა, უნდა გამოვეყვანეთ.
ძალოსნები
პერფორმანსი, ვიდეოინსტალაცია
თბილისი 2009
ლაიპციგი, გერმანია 2011

[რას ნიშნავს ცვლილება/ინტეგრაცია/პროგრესი „მოკლე ვადებში“]
კოკა: ამ ნამუშევრის მთავარი თემა იყო იმ მდგომარეობის კვლევა, როცა გთხოვენ, ძალიან მალე, სწრაფად და გაუაზრებლად მოერგო სრულიად ახალ და შენთვის უცნობ სივრცეს. ეს იყო იმ მიდგომის კრიტიკა, რომელშიც ყველაფერი შეიძლება იგულისხმო: შედი ევროკავშირსა და ნატოში „სწრაფად“; „ისწავლე ინგლისური 3 თვეში“. გვაინტერესებდა, რამდენად რეალურია, ძალიან დიდი სურვილის და ძალისხმევის შემთხვევაშიც კი, უცბად ამაღლდე ამ სტანდარტამდე. საიდან მოდის ეს სპორტული ჟინი საერთოდ? რა უდევს საფუძვლად შეჯიბრის და სხვაზე გამარჯვების სურვილს?
ნატალია: პასუხების მოსაძებნად დავიწყეთ სამთვიანი ინტენსიური ვარჯიში, მიზანი ასეთი იყო – ბოლოს შტანგა უნდა აგვეწია. ვვარჯიშობდით ისე, როგორც ოლიმპიადაზე გასასვლელად ემზადებიან. გვეცვა ფორმები, ყველანი ვიყავით 28 ნომერი (ევროკავშირს 27 წევრი ქვეყანა ჰყავს, ჩვენ გვინდოდა ვყოფილიყავით ოცდამერვენი).
როცა ეს პერფორმანსი პრაღაში გავაკეთეთ, მე უკვე ორსულად ვიყავი და ჩემთვის უკვე აღარ შეიძლებოდა შტანგის აწევა. თემოს მხედველობის პრობლემა ჰქონდა და სიმძიმის აწევა არც მისთვის შეიძლებოდა. ამიტომ ძალაუნებურად გამწვავდა კითხვა: რამდენად ეთიკური და სამართლიანია მოსთხოვო სტანდარტის დაცვა ქვეყანას, რომელსაც სულ სხვა გამოცდილება და შესაძლებლობები აქვს? ითვალისწინებენ თუ არა ამ დროს ქვეყნის თავისებურებებს?
კოკა: ამ დროს ჩვენს მწვრთნელებს ბოლომდე ეგონათ, რომ მართლა ვეჯიბრებოდით სხვებს. ძალიან უჭირდათ დაჯერება, რომ პირველობის მოპოვების მიზნით არ ვვარჯიშობდით. იცოდნენ, რომ ამით რაღაცის თქმა გვინდოდა, მაგრამ ვერ გაიგეს მაინც.
ძალოსნებივით ერთი წელი ვიცხოვრეთ. მთელი წესები ავითვისეთ. ახლა რომ მკითხო, უკვე ვიცი, რომ შტანგას არ უნდა გადავაბიჯო – ერთხელ გადავაბიჯე და კინაღამ მომკლა მწვრთნელმა.
ნატალია: ეგრე მეც სულ მეჩხუბებოდა, იმიტომ რომ ძალიან ცუდი ტექნიკა მქონდა, მაგრამ ბოლოს მაინც ავწიე შტანგა.
კოკა: ძალიან ემოციურია ეს პროცესი. შტანგასთან მიდიხარ, დგები, ემზადები, ძალას იკრებ და იცი, რომ თუ ყურადღება დაგეფანტება, თუ სერიოზულად არ მიუდგები, პატარა წონის შტანგაც კი ძალიან დაგაზიანებს.
ეკატერინე: ეს იყო მთავარი ამ პერფორმანსზე მუშაობის პროცესში, რომ შეჯიბრისთვის მზადება ჩვენი ცხოვრების ნაწილად ვაქციეთ. მთლიანად მოვშალეთ ზღვარი ხელოვნებას და ცხოვრებას შორის.
Что означает слово Владикавказ и кто такой Владимир?
პერფორმანსი. ინსტალაცია
ვლადიკავკაზი, ჩრდილოეთი ოსეთი, რუსეთი. 2015

ათი დღე ვლადიკავკაზის ბიბლიოთეკის მთავარი ჰოლის ცენტრში, ნაციონალური ორნამენტებით გაწყობილ ტანსაცმელში, მაგიდასთან „ბულიონის“ ერთ-ერთი წევრი ზის. წინ ფურცლები და პასტები უწყვია. სტუმრებს მაგიდასთან ეპატიჟება, სთხოვს პირისპირ დასხნენ და კითხვარი შეავსონ. სულ ორი კითხვა აქვს: Что означает слово Владикавказ и кто такой Владимир?
ბევრი თანხმდება. ზოგი დაუფიქრებლად ავსებს, ზოგიც ყოყმანობს, იძაბებიან. ეკითხებიან, შეიძლება თუ არა არ გაამხილონ ვინაობა? ეს თუ წიგნად აიკინძება, ვიღაც ნახავს და... რა იცის, მაინც. ვიღაცები საერთოდ უარს ამბობენ კითხვარის შევსებაზე. ასეთ დროს, ჟურნალში სუფთა ფურცლები ეწყობა.
კითხვაზე – „ვინ არის ვლადიმირი“, ნაირ-ნაირი პასუხები გროვდება. არადა, თითქოს ცხადი უნდა იყოს, ვისზეა საუბარი.
ყველა მონაწილეს, ვინც კითხვარს ავსებს, გადაეცემა სერტიფიკატი. მასში წერია, რომ ესა და ეს გახლავთ владелец Кавказа.
ნატალია: მთელი ნამუშევარი ამ სიტყვაზე ავაწყვეთ: „ვლადიკავკაზი“. ადრე ვლადიკავკაზი ციხესიმაგრე იყო, რუსი ჯარისკაცების ხელით აგებული პლაცდარმი, საიდანაც კავკასიაში რუსეთის ექსპანსია უნდა გაგრძელებულიყო. ძალიან კომპლექსური სიტყვაა და ბევრი არტისტი მუშაობდა ამ თემაზე, გააკეთეს ნამუშევრები: „ვლადიმირი და კავკაზი“, „ვლადეტ კავკაზამ“, „ბლადი კავკაზ“, კიდევ ბევრი იყო.
განზრახ არ გაგვიკეთებია, მაგრამ 8 აგვისტოს დაემთხვა ჩვენი პერფორმანსი. დავიწყეთ და ამ დროს, მოულოდნელად, ადგილობრივი მილიციის წარმომადგენლები მოვიდნენ და გამოაცხადეს, რომ უნდა გაეშვათ ფილმი, კადრები საქართველოზე, ოღონდ რუსების გადაღებული. ჩვენ ფილმის ჩვენების შესახებ წინასწარ არაფერი ვიცოდით. კურატორები, მხატვრები – დაახლოებით 40 ადამიანი ჩაიყვანეს დარბაზში და აჩვენეს ეს ფილმი. ძალიან უხერხული სიტუაცია შეიქმნა, დაიბნა ხალხი. საშინლად შეურაცხყოფილები დავრჩით, ერთხანს ისიც ვიფიქრეთ, დაგვეტოვებინა იქაურობა და წამოვსულიყავით, მაგრამ მერე მივხვდით, რომ ეს გაქცევა იქნებოდა, ამიტომ დავრჩით და ღიად ლაპარაკი ვარჩიეთ. კურატორებმა გულწრფელად მოგვიბოდიშეს, რომ მილიციამ ფილმის გაშვება მათ აიძულა და რომ სხვანაირად არ გამოდიოდა. რეაქცია ყველას ასეთი ჰქონდა და ეს დაგვეხმარა დაბნეულობის, შეურაცხყოფის გადატანაში. მილიციელებმა ბიბლიოთეკაში ფილმის დისკებიც დატოვეს, მაგრამ არავის აუღია ჩვენ გარდა – ერთი ცალი სამახსოვროდ წამოვიღეთ.
საბოლოოდ პერფორმანსისგან უზარმაზარი გამოცემა დაგვრჩა, ერთადერთი ეგზემპლარი. ეს იყო ჩვენი რესპონდენტების ხელით შევსებული კითხვარი, უკვე წიგნი, სადაც, ჩემი აზრით, ყველაფერია კავკასიის შესახებ: რეალური თუ ალტერნატიული ისტორია, კონკრეტული ადამიანების ცხოვრება – შიშებით, ფიქრით, ფიქრზე თავის არიდებით, დანებებით, გაბედვით – ამ ამბებს ორადორ კითხვაზე პასუხებში უნებურად კითხულობ.
Каша из Калашникова
პერფორმანსი
სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი. 2015

[რა გემო აქვს ფაფას, როდესაც მას კალაშნიკოვისგან ამზადებ]
ნატალია: ვლადიკავკაზში, ბუკინისტების მაღაზიაში შემთხვევით ვიპოვე წიგნი. არის ასეთი რუსული ზღაპარი: Каша из топора.
მშიერი ჯარისკაცი ერთ სოფელში, სახლში შედის და დიასახლისს გამწარებული ეუბნება, რამე მაჭამეო. ქალი პასუხობს, რომ არაფერი აქვს. ჯარისკაცი ბრაზობს. მომეცი მაშინ ერთი ქვაბი და ნაჯახიო, ეუბნება. ნაჯახისგან ფაფას ხარშავს. შეშინებული ქალი თავს წინასწარ იმართლებს: მალე იქნება, ოღონდ ცოტა მარილი ან ბურღულეული რომ მქონოდა, უფრო გემრიელი გამოვიდოდაო. ჯარისკაცი ჭამს ფაფას, იღებს ნაჯახს და თან მიაქვს, სოფელში გამომადგებაო.
კალაშნიკოვით, თურმე, მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანია მოკლული.
პეტერბურგში ორგანიზაცია „არტპროსპექტმა“ მიგვიწვია. ფესტივალი ქალაქის გარეუბანში ჩატარდა (ნაკლებ ყურადღებას იქცევდა ასე). საჯარო შეხვედრებსა და დისკუსიებზე, ამ დროს, ბევრი ხალხი დადიოდა. ერთ-ერთი მწვავე კითხვა სწორედ ეს იყო: როგორ იმალება ხელოვნება დღეს? ისე, როგორც რეპრესიების დროს, მიწისქვეშეთში მიდის – ბინებში, კერძო, პრივატულ სივრცეებში. იგივე ხდება დღესაც. ძლიერი, რეაქციული თანამედროვე ხელოვნება, რომელსაც მართლა ცვლილება უნდა, იმალება. სხვანაირ ხელოვნებას კი ძალა აღარ აქვს. დღეს, მხოლოდ ყველაზე რადიკალური მუშაობს.
თუ გინდა დისკურსი შექმნა, რადიკალი უნდა იყო.
ფაფა მოვხარშეთ გაზის ბალონებზე, ოღონდ ეს ბალონები რუსული გაზით იყო სავსე (ძლივს ვიშოვეთ ასეთები). პირდაპირ ქუჩაში, უზარმაზარ ქვაბში ვხარშავდით. ორი დღის მანძილზე უამრავი ხალხი დავაპურეთ. პირველ დღეს ხორბლის ფაფა გვქონდა, მეორე დღეს – წიწიბურის.
ხარშვისას ფაფას კალაშნიკოვით ვურევდით. ავტომატიც იქვე ვიყიდეთ. ინტერნეტით გამოვიწერეთ და მოგვიტანეს. წარმოიდგინეთ, შუა ქუჩაში ჩერდება მანქანა. აღებენ საბარგულს და გადმოაქვთ ავტომატი. ხელში ვიჭერ, ვატრიალებ, ვათვალიერებ, ვუხდი ფულს და ხელით ამაქვს სახლში. ქუჩაში ხალხი დადის, კიბეზე მეზობლები მხვდებიან. არავის რეაქცია არ აქვს, არც მეკითხებიან რამეს.
ისე კი, გამოგვადგა, კარგად ურევს ფაფას.
ცხადია, ხვდებოდნენ, რისი თქმაც გვინდოდა. არავინ გაბრაზებულა. საინტერესო დიალოგებიც გვქონდა. უჰ, ბევრს ვკამათობდით.
...ვიღაცები მოდიოდნენ და სიცილით გვეკითხებოდნენ: А каша жирная?
Нет, обезжиренная, – ვპასუხობდით ჩვენ.