
ჩადება და დასჯა, ანუ ძალაუფლების მანკიერი ალიანსი
14.02.2018„სამდივნოები გატენილია, ჩინოვნიკები ლამისაა ქუჩაში დასხდნენ,
თავადები სუფრას უსხედან, ჩვენს კაცებს კი სისხლის საღვრელად ერეკებიან,
ვინც თვლა არ იცის ოთხამდე კარგად, რვა კერძსა ყლაპავს...“
ბერტოლტ ბრეხტი
„ჩადების“ პრაქტიკისა და სადამსჯელო ნარკოპოლიტიკის აზრი რომ გავიგოთ და მასში რაიმე ლოგიკა დავინახოთ, საკმარისი არაა მხოლოდ „პოლიციური რეჟიმისა“ და „ძალის გადამეტების“, ან თუნდაც „დრაკონული კანონმდებლობის“ კრიტიკა. საპოლიციო სისტემა, კანონმდებლობა და მართლმსაჯულება უბრალოდ ცალკეული სიმპტომებია, ძალაუფლების იმ ფორმების გამოვლინებაა, რომელიც თანამედროვე საქართველოს მართავს.
ძალაუფლება აქ არც რომელიმე პარტიისა თუ სამთავრობო კოალიციის, არც რომელიმე ფორმალური თუ არაფორმალური მმართველის, ან მაღალავტორიტეტული პიროვნებისა და მის უკან მდგომი ინსტიტუციის ხელშია. ის არც დიქტატორულია, არც ავტორიტარული და არც ოლიგარქიული.
ძალაუფლება დღევანდელ საქართველოში სრულიად მიწიერ ფასეულობებზე დგას – „არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი“ – და წარმოადგენს ალიანსს, რომელიც სამთა კავშირისგან შედგება. ეს სამეულია: მმართველი პოლიტიკური ელიტები, მსხვილი ბიზნესი და ეკლესია. სწორედ მათი კავშირი ქმნის იმ ძალაუფლებრივ ღერძს, რომელიც ყველა პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ პროცესს მართავს. ძალაუფლების გარეშე ხელისუფლების ლეგიტიმური ორგანოები შეიძლება შეედაროს მანქანებს, რომლებსაც ენერგიის საკუთარი წყარო არ გააჩნია და სხვისგან ჩასხმულ საწვავს მოიხმარს. სწორედ ეს „სხვა საწვავი“, რაც მათ ამოძრავებს, არის ძალაუფლება.
სამივეს ინტერესი ერთია – სამივეს საკუთარი ჰეგემონიის გამარადჟამება სურს, რათა ქვეყნის მთელი ეკონომიკური რესურსი მათ საკუთრებაში დარჩეს და მხოლოდ მათი კაპიტალის უსასრულოდ ზრდას მოხმარდეს, თანაც ისე, რომ დანარჩენმა საზოგადოებამ ვერაფერი ქნას.
ამიტომაც:
მმართველი პოლიტიკური ელიტის შექმნილი საგადასახადო სისტემა და განზრახ დასუსტებული რეგულაციის მექანიზმები მთლიანად საშუალო და მსხვილი ბიზნესის სურვილებს ემსახურება.
სამთავრობო თუ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობაც მდიდარი უმცირესობის ინტერესების დამცველია.
პოლიტიკური ელიტა ბიზნესელიტის ლობია.
მსხვილი ბიზნესიც მაქსიმალურ მოგებას მინიმალური დანაკარგით იღებს – გასცემს დაბალ ხელფასებს, სოციალურ პასუხისმგებლობას იხსნის და დასაქმებულთა უსაფრთხოების დაცვასაც თავს არიდებს.
საქართველო არაა ინდუსტრიული ქვეყანა და საკუთარი პროდუქტის მხოლოდ მინიმუმს აწარმოებს, ამიტომ იმპორტზეა დამოკიდებული და ელიტარულ ტურიზმზე გათვლილი ეკონომიკური სტრატეგია, საბოლოო ჯამში, ეკონომიკურ პარაზიტად აქცევს. მომრავლებული ფეშენებელური სასტუმროები და კაზინოები მხოლოდ იმის გამოხატულებაა, რომ ქვეყანა ვერაფერს ვერ აწარმოებს და მთლიანად მდიდარი ტურისტის დანატოვარი ფულით არსებობს.
ტურიზმი, როგორც დასაქმების მთავარი სფერო, ლეგალური და არალეგალური სერვისების გაზრდა-გაფართოებას გულისხმობს. ფულიან ტურისტს, სასტუმროს სერვისებთან ერთად, აზარტული თამაშებითა და „ეროტიული მასაჟით“ გართობაც უნდა, რაც საქართველოს არა მხოლოდ ტურიზმისა და კაზინოების, არამედ პროსტიტუციის სფეროშიც რეგიონის მოწინავე ქვეყნად აქცევს. ტურისტულ მომსახურებას დიდი რაოდენობით კადრები სჭირდება. საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ძვირადღირებულ სასტუმროებში, კაფე-ბარებსა და რესტორნებში, რომელთა სიმრავლითაც ამაყობს საქართველოს პოლიტიკური ელიტა, შესვლა არ შეუძლია. მეტიც, იქ მხოლოდ როგორც მოსამსახურეს და, არცთუ იშვიათად, როგორც სექს-მუშაკს შეუძლია მოხვდეს. ასეთი საარსებო პირობებით და სამუშაო პერსპექტივებით, ფუნდამენტური განათლების მიღება ადამიანებისთვის მეასეხარისხოვანია, ის უბრალოდ დროის კარგვაა. საბოლოო ჯამში, არა მხოლოდ განათლების დონე ეცემა კატასტროფულად, არამედ მოსახლეობა გონებრივი უმწეობის მდგომარეობაში ვარდება. უძლური ხდება, თავი გაართვას ცხოვრების უმარტივეს გამოწვევებსაც კი.
ნეოლიბერალიზმის – მდიდარი უმცირესობის ამ „ინდივიდუალისტური“ იდეოლოგიის მედროშე საქართველოს პოლიტიკური ელიტებია. მათ არა მხოლოდ თავიანთი საამაყო სუბიექტი ჰყავთ, ბეჯითი და წარმატებული ადამიანის სახით – საკუთარი ძალისხმევითა და ნებისყოფით რომ მიაღწია ყველაფერს, არამედ ჰყავთ გაუნათლებელი, კონკურენტუუნარო, იპოთეკისგან დაზარალებული, ტოტალიზატორებსა და კაზინოებში გაღატაკებული და უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების მთელი ლეგიონებიც.
ეს ადამიანებიც ნეოლიბერალიზმის პროდუქტები არიან – ლამაზი ხედის დამამახინჯებლები, რომელთაც კულისებში ერეკებიან, მაგრამ ბოლომდე კი არ სპობენ, უფრო ამრავლებენ, რადგან ტურიზმზე ორიენტირებული პარაზიტული ეკონომიკა სწორედ მათნაირებზე დგას. მათი არსებობა თავისუფალი ბაზრის დაკვეთაა – დაბალანაზღაურებადი, არაკვალიფიციური მუშახელი, ვინც ცუდ სამუშაო პირობებზე თანხმდება.
ხშირად სწორედ ასეთი სასოწარკვეთილი ადამიანები ეძებენ გასაქცევს ალკოჰოლსა და ნარკოტიკში. განსხვავებით მდიდარი ნარკომომხმარებლებისგან, ვისთვისაც თრობა განცხრომისა და ჰედონისტური ტკბობის გამოხატულებაა, ისევე როგორც შედარებით იაფი კლუბური ნარკოტიკი, რომელიც ასევე გართობის საშუალებაა. ამ დროს, ნარკოდამოკიდებულთა უდიდესი ნაწილი მხოლოდ კუსტარულად დამზადებულ, მაღალტოქსიკურ ნივთიერებებს სწვდება. ნარკოტიკული ეფექტის შხამ-ქიმიკატები სიამოვნების ილუზიასაც ვერ ქმნის. ეს უფრო აუტანელი რეალობიდან გაქცევის სასოწარკვეთილი მცდელობაა, რომელსაც მისი მომხმარებელი ასოციალურობამდე და სხვების მოსავლელ მდგომარეობამდე მიჰყავს.
ამ თვალსაზრისით, ნარკომანია, თვითმკვლელობის შემდეგ, სასოწარკვეთის ყველაზე რადიკალური ფორმაა.
ნარკომანი „საზოგადოებისთვის უვარგისი“, წუნდებული საქონელია, რომელსაც სამუშაო ბაზარზე ვერ გაიტან, უვარგისია. სწორედ ეს უვარგისობაა მისი „დანაშაული“. ის თავისდა უნებლიეთ უწყობს საბოტაჟს სისტემას და, როგორც ჯანმრთელობაშერყეული, ამავე სისტემის ტვირთი ხდება. როგორც საბჭოთა კანონმდებლობა სდევნიდა „მუქთახორებს“ სისხლის სამართლის კოდექსით, ასევე სდევნის ნეოლიბერალური სისტემაც – საწარმოო ძალად გამოუსადეგარ ადამიანებს. ამ სისტემასაც მათი იზოლაციაში მოქცევა და სამაგალითოდ დასჯა სჭირდება.
ასეთი – ფიზიკურად და მორალურად გატეხილი ადამიანების საბოლოოდ გასანადგურებლად მხოლოდ ტოტალიზატორები, აზარტული თამაშები, იპოთეკური სესხების დრაკონული პროცენტები, კუსტარული ნარკოტიკი არ კმარა. საჭიროა ისეთი მაღალი ავტორიტეტი, რომელიც მათ დაარწმუნებს, რომ ჩაგვრისა და ყვლეფის სისტემა უალტერნატივოა. აქ ასპარეზი ეკლესიას ეთმობა.
ხელისუფლებას და მსხვილ ბიზნესს ეკლესიის ლოცვა-კურთხევასა და სულების გათეთრებაზე მეტად, მისგან სწორედ ადვილად მართვადი ბიომასის წარმოება სჭირდება; უმწეო ადამიანების მასის, რომელსაც არ შეუძლია, საკუთარი ცხოვრება თავისივე გონებით მართოს და იძულებულია, მთლიანად „ზებუნებრივ ძალებს“ ანდა ამ ძალებთან დამაკავშირებელ ავტორიტეტებს მიენდოს.
რელიგია მომავლის იმედდაკარგული და სოციალურ ქაოსში ჩავარდნილი ადამიანისთვის ცხოვრების მოწესრიგების ილუზიის უნივერსალური და უძველესი საშუალებაა. თავისი მომნუსხველობის ეფექტით ის მხოლოდ ნარკოტიკს თუ შეედრება, მაგრამ, როგორც ყველა ნარკოტიკულ საშუალებას, რელიგიასაც, სიამოვნებასთან ერთად, მრავალი გვერდითი ჩვენებაც აქვს. რელიგიის ეფექტი სოციალურ უკმაყოფილებას ახშობს, ის პროტესტის გამანეიტრალებელი იდეალური წამალია. მორწმუნე ადამიანი ისისხლხორცებს მასზე აღმატებული ძალისა და ამ ძალის მატარებელი ავტორიტეტის მიმართ ბრმა მორჩილებას. სწორედ აქ ვლინდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის „განსაკუთრებული დამსახურება“, რაც მისთვის მინიჭებულ უსასრულო პრივილეგიებზეც აისახება.
ეკლესია ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესკორპორაციაა. როგორც მეწარმე, იგი ისეთივე ექსპლუატატორია, როგორიც სამშენებლო კომპანია, წიაღისეული სიმდიდრეების მომპოვებელი ფირმა თუ ბანკი. ეკლესიას თავისი ბიზნესისთვის ისევე ესაჭიროება იაფი და თვინიერი მუშახელი, როგორც ქართულ თუ უცხოურ ბიზნესს.
დროდადრო კი საჭირო ხდება ამ თვინიერებს შორის გამორეული ურჩების სამაგალითო დასჯა. „ჩადებით“ კი, თან ურჩობაც ისჯება და თან ის დაშინების სტრატეგიაცაა. არ არსებობს პოლიციის მხრიდან „ძალის გადამეტება“. გადამეტებული ძალა, „დრაკონული კანონმდებლობა“, პოლიცია, მართლმსაჯულება, შავი PR-ის გამავრცელებელი ყვითელი მედია, უბრალოდ, ალიანსის სხვადასხვა ხელია, რომელიც წინააღმდეგობას ძირშივე ახშობს.
ხოლო თუ ვინმე მაინც გაბედავს დაგროვილი უკმაყოფილების აგრესიულად გამოხატვას, ძალაუფლების ალიანსი აუცილებლად მოუძებნის განტევების ვაცების მთელ ფარას – თუნდაც უმცირესობებს და მათ დამცველ აქტივისტებს. ეკლესიაც დაუყოვნებლივ შემოჰკრავს განგაშის ზარებს, რასაც უმალვე გამოეხმაურება ყვითელი მედია, როგორც მასობრივი დეზინფორმაციისა და შუღლის გაღვივების დიდოსტატი. ბოლოს ხელისუფლებაც განაცხადებს, რომ ეკლესიის და ხალხის ხმა მისთვის წმინდაა და აუცილებლად გაითვალისწინებს, თანაც გაწეული ჯაფისთვის გულუხვ პრემიებსა და დანამატებსაც გამოიწერს.
განვითარებული ინდუსტრიული ქვეყნები იაფ მუშახელს განვითარებად ქვეყნებში ეძებენ და ამას ნეოკოლონიალიზმი ეწოდება. საქართველოში კი, ძალაუფლების ალიანსი თავადვე ეწევა ქვეყნისა და მისი მოსახლეობის კოლონიზაციას. ეს თვითკოლონიზაცია სოლიდარობისა და სოციალური ემპათიის გრძნობას ანადგურებს, ამიტომ შეუძლებელია, აქაც გაჩნდეს ისეთი მოვლენა, რასაც კოლექტიური ერთობა ჰქვია.