წამლები, წნევის აპარატი, ადიელა | მანანა სარაული, მეჯვრისხევი
15.10.2021 | 6 წუთიანი საკითხავიმანანა სარაული, 76 წლის, მეჯვრისხევი.
2008 წლის ომი.
აქაური ბიჭი ცხოვრობს ორჯონიკიძეში და იმ ბიჭმა დამირეკა, რო მანანა დეიდა რა ხდება მანდაო, მე ვუთხარი არაფერი. ექვსს აგვისტოს და მერე მითხრა, მთელი ორჯონიკიძე ტანკებით არის სავსეო და ფრთხილად იყავითო. როგორ ვიყოთ ფრთხილად-მეთქი, შვილო, ტანკებს ვინ გადაუდგება წინ. კიდევაც შემოვიდნენ რვაში, დაიწყო დაბომბვა. ნუკრის თავზე გადაუფრინა თვითმფრინავმა და მერე ის თვითმფრინავი ძევერაში ჩავარდა, აქვე სოფელში ჩამოაგდეს. რამდენიმე ადამიანი მოკვდა.
ჩემი შვილები, შვილიშვილები, მთელი სოფლის ახალგაზრდობა გაიქცა თბილისში.
არც მე, არც ჩემი ქმარი არ წავედით. ხნიერი ხალხი დარჩა.
ერთ დღესაც აი აქ ვისხედით მე, ჩემი ქმარი და თავისი და და აქ გაჩერდა ვილისი. გადმოიხედეს, დაუძახეს ქოროს და წაჰყვა ესა. წაავლეს ხელი და შეიყვანეს ბოქსში, წამოდიო, დიდი მანქანა გვინდაო. ქორომ, არაფერი არ არის აქაო, მაინც შეყვა, ვერაფერი ვერ იპოვეს. ჩემ მულს შეეშინდა ძალიან და გადაუდგა, არაფერი დაუშავოთ, არაფერი დაუშავებია ამასო, ხოდა, რო წავიდა იმათკენ, ავტომატი გაისროლეს.
იმ ღამეს ძაან შეგვეშინდა მე და ქოროს და წავედით მულის სახლში. ეს ოთახის კარები სულ ღია დავტოვე, ისე გამოვხურე და წავედი. მეთქი, თუ შემოვლენ, კარებს მაინც არ შემოანგრევენ-თქო, რაც უნდათ ის წაიღონ. რა ვიცი, გადარჩა სახლიცა და ჩვენცა. იმ ღამეს პირველად იყო რომ მეძინა, მულთან. ტახტზე, ჩაცმულები, ჩანთაც იქვე მქონდა. გარდი-გარდმო ვწვებოდით. ფეხები დაბლა გვქონდა, ჩაცმულები, რამე ჩუჩუნი რო გაგვეგო, გავქცეულიყავით. ამ ჩანთაში წამლები, წნევის აპარატი და ერთი ადიელა მქონდა.
მერე თქვეს კაზაკები მოდიანო, ჩეჩნებიო და წავედით. ზერტის გადასახვევში, ელქსელებში ერთი კაცი მუშაობდა. ხოდა, ჩავედით იმ კაცთან სახლში. დავკიდეთ ეს ადიელა, შვიდი საათია რო თენდება და დაიწყო დაბომბვა. გორი რო დაბომბეს მაშინ. იმ ღამეს რო გენახა ეს ჩვენი გზა. აი, გეგონება გზაზე სინათლე მიდისო. თავიდან ბოლომდე მანქანები, მანქანები, შედედებული მანქანები, მთელი სოფლები იცლებოდა. ზოგი ფეხით გარბოდა, გადაძახილი, გადმოძახილი.
სიცოცხლე უნდა წაიღო, სიცოცხლე უნდა გადაარჩინო, მეტი არაფერი.
გარბიხარ მარტო, მეტი არაფერი. არ ფიქრობ მაგ დროს, მარტო რო გადარჩე.
გული ხომ ყველაფერზე გწყდება, სად დაიბადე, სად იზრდები, სად ბერდები, რამდენი გიშრომია, გიწვალია და ვის უტოვებ. მარა
რო მიდიხარ, ერთადერთი ფიქრობ რო სული გადაირჩინო. რამდენი ტანჯვითა და ეკონომიით აშენებ, აკეთებ და უცბად გარბიხარ.
ესეიგი ეს ჩემი ძმა რო წავიდა და წაიყვანა ცოლ-შვილი, ვეღარ შემოვიდა, გზა ჩაიკეტა იგოეთთან, არავის არ უშვებდნენ. ძალიან ემოციურია და იმდენი ინერვიულა. მე კი ყოველ დღე ჩავდიოდი, სახლს ვპატრონობდი, ძაღლს ვპატრონობდი, ქათმებს, ველურებივით დარბოდნენ ქათმები. ხოდა, რო ჩამოვიდა, სახლის კედლებს კოცნიდა სულ.
აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ
ტექსტი: დეა ტატიაშვილი
ფოტო: ვლადიმირ სვარცევიჩი / ანასტასია სვარცევიჩის არქივიდან