ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

„ჩვენს ქვეყანას გმირები აღარ სჭირდება“ | ინტერვიუ მაკო გომურთან

მაკო გომური ერთ-ერთია იმ აქციის მონაწილეთაგან, ვისაც 2019 წლის 20 ივნისს აქციის დარბევისას რეზინის ტყვია მოხვდა და თვალი დაკარგა.

ეიფორიაში ვიყავი თავიდან. ტელეფონზე ათასი მესიჯი რომ მოგდის და საკუთარ თავს რომ ავალდებულებ, ყველას უპასუხო. თან ემოციები გამომქონდა ასე გარეთ. რამდენიმე თვის მერე, პირველად რომ დავრჩი მარტო საკუთარ თავთან, მაშინ გავიაზრე, რაც მოხდა. ჩემი ფიზიკური დანაკლისი, ახალი გარემო, ახალი ხალხი, ახალი ინფორმაცია – ძალიან ბევრი იყო.

თან ვხვდებოდი, რომ ჩემი რუტინა 20 ივნისს დამთავრდა. სხვა ეტაპი დაიწყო და ორი გზა მქონდა: ან უნდა გავმკლავებოდი, ან არა. როცა ბრძოლაში ერთვები, მარტო შენ აღარ გეხება. ვალდებული ხდები სხვების წინაშეც, ვინც შენ შემოგყურებს.

უფრო პატრიოტული სულისკვეთება შემოვიდა ჩემში – სამშობლოს სიყვარული. ის, რომ გიყვარდეს ის, სადაც იბადები, რაც შენია – მის უკეთეს მომავალზე რომ უნდა იზრუნო. ახლა დავიწყე ამ ყველაფრის კეთება. თუნდაც ის, რომ ქვეყნის სამოქალაქო ცხოვრებაში ვარ ჩართული; თუნდაც, რომ არ დავნებდი და დღესაც დამნაშავეების დასჯას ვითხოვ – ძალიან მნიშვნელოვანია, სხვებისთვისაც. იმიტომ, რომ დემოკრატიული, უფრო უსაფრთხო ქვეყნის ჩამოყალიბებას ვუწყობ ხელს. ჩემთვის ესაა პატრიოტიზმი, საკუთარი ნაბიჯებით რომ ცდილობ, ქვეყანაში უკეთესი აწმყო და მომავალი შექმნა. მთავარია, ეს ნაბიჯები არ იყოს აგრესიული.

ახლა რაც ძალას მაძლევს, ესაა დღევანდელი ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის სამსახურში, სამოქალაქო ცხოვრებაში. რაც ვიცი ჩემი მშობლებისგან, ჩემი მეგობრების მშობლებისაგან, 90-იანებში ყველა გადარჩენის ინსტინქტით ცხოვრობდა. დამოუკიდებლობა მივიღეთ, კი, მაგრამ ბოლო ოცდაათი წელია, სულ კონფლიქტში და დაპირისპირების შიშში არიან თაობები.

დღესაც, დაპირისპირების საფრთხეა, მაგრამ ჩემი თანატოლები, ვფიქრობ, უფრო მობილიზებულები არიან, ქვეყანას თუ დასჭირდება, იქნებიან საჭირო დროს, საჭირო ადგილას.

მეტად ჰუმანურებიც არიან. უფრო შეუძლიათ ერთად დგომა. ძალიან დიდ ძალას ვგრძნობდი, სულ ვიცოდი, რომ მარტო არ დამტოვებდნენ. შეიძლება თოფი არ დაიჭირონ, მაგრამ იქნებიან ჩემს გვერდზე, როცა დამჭირდება.

ადრე ერთობაც იცოდნენო. მაგრამ, მგონი, დღეს უფრო მეტი თანაგრძნობა გვაქვს ერთმანეთის. შეიძლება მე გამიმართლა და ჩემ გარშემოა ასე.

ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ გმირი, როგორც შუა საუკუნეებში აღიქმებოდა, ისე უნდა აღიქმებოდეს დღესაც. ჩემთვის გმირია ადამიანი, ვისაც უნდა, რომ რაღაც შეცვალოს უკეთესობისკენ.

ფუნდამენტური გაგებით გმირი რომ დაარქვა, შეიძლება რთულია, ეხლა არ არის ომი. თუმცა, თანამედროვეებზე თუ ვიტყვით, ისევ რაღაცნაირად რუსეთთან კონფლიქტამდე მივდივარ – ანწუხელიძე მახსენდება. გმირები, რომლებმაც არაფრის გამო არ დათმეს თავიანთი ღირსება. გამარჯვებული გმირები არ მომდის თავში.

ჩემთვის, მაგალითად, გმირობა იყო 100 დღე უწყვეტი პროტესტი. გმირობა არა იმიტომ, რომ რაღაცა გააკეთეს, რაც ფიზიკურ ტკივილს მიაყენებდათ, მაგრამ ღირსების საკითხი იყო და არ დანებდნენ. ომის გარდა გმირობაა სამოქალაქო აქტივიზმი. საერთოდ, სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართულობა ერთ-ერთი პირველი მოვალეობა უნდა იყოს.

ჩვენ უკვე სიტყვასაც „გმირი“ იშვიათად ვიყენებთ. ვინმე რომ იტყოდა ჩემზე, გმირიაო, უცნაური განცდა მქონდა, რომ რატო, გმირი სხვანაირია.

20 ივნისის მერე, უბრალოდ, მე აღმოვჩნდი ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი, არ ვიფიქრე მარტო საკუთარ თავზე და ხმამაღლა გავაპროტესტე.

ცოტა ხნის წინ, მეგობარმა მითხრა, დღეს ჩვენს ქვეყანას გმირები აღარ სჭირდებაო.

მიფიქრია იმაზეც, იქ რომ არ ვყოფილიყავი, იმ კაცის დასახმარებლად რომ არ მივსულიყავი, ბიჭების გასაფრთხილებლად რომ არ მივტრიალებულიყავი. მაგრამ არ მიფიქრია შეცვლაზე იმიტომ, რომ შეცვლა არ შემიძლია. მაგრამ იმის გამო, რაც მოხდა, ჩემს თავს ვერ ვადანაშაულებ. ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას ვაკისრებ იმათ, ვისაც ჩვენს უსაფრთხოებაზე უნდა ეზრუნა. რომ მივედი, ვერავინ ვნახე, ვინც მეტყოდა, სად არის საფრთხე, არეული იყო სიტუაცია. ხომ უნდა იყოს იქ სამართალდამცავი, ვინც ჩემს უსაფრთხოებაზე იზრუნებს, როდესაც მშვიდობიანად ვაპროტესტებ და არანაირ საფრთხეს არ ვუქმნი არც სპეცრაზმელებს, არც შენობას.

პირველი იწყებოდა, იქ რომ მივედი. თავისუფლების მეტროს კეტავდნენ. პირველი დაშლა უკვე დამთავრებული იყო. მეტროში უამრავი ხალხი იწვა ძირს. ერთმანეთს ასულიერებდნენ. ხალხი ვეღარ ამოდიოდა, ერთმანეთს ასკდებოდნენ.

ჩემს დებთან მივდიოდი აქციაზე. იმ დღეს ორი ცვლა ვიმუშავე „ორ ნაბიჯში“ და მერე, საღამოს ჩემმა დამ მომწერა, აქციაზე ვარო. არ ვიცოდი, საერთოდ რა აქცია იყო, მაგრამ ისინი იქ იყვნენ და სახლში რა გამაჩერებდა. ორივე ძალიან ჩართულია სამოქალაქო ცხოვრებაში.

ჩემი უფროსი და მეტროსთან დამხვდა და მეორე დასთან წავედით. მეგობრებსაც ველოდებოდით. მომენტებში ხალხი წინ მიიწევდა. მაგრამ იყო მომენტები, რომ იშლებოდნენ ხოლმე. ისეთი სიტუაცია არ იყო, რომ შეგვშინებოდა. მუზეუმის წინ, ახალგაზრდები მზესუმზირას ჭამდნენ. ერთი საათი გავატარეთ ერთად. და უცბად მეორე დაშლა დაიწყო. უკვე ისროდნენ. არ იმსახურებდა ეს ხალხი ამას. ჩვენ მეტროსკენ გავიქეცით, მაგრამ იქიდან რობოკობები მოდიოდნენ და უკან მოვტრიალდით. მემორიალთან, ჩვენს წინ კაცი წაიქცა. დასახმარებლად გავიწიეთ და ზუსტად მაგ მომენტში მომხვდა ტყვია.

ძალიან ვბრაზდებოდი, ნიუსების ქვეშ კომენტარებში რომ წერდნენ: მაგის ბრალია. რატო აჰყვა პროვოკაციასო. არავის პროვოკაციას არ ავყოლილვარ. ჩემი ნებით მივედი და რამდენი ხანიც მაცადეს, დავრჩი – ჩემი წილი პროტესტი რომ გამომეხატა.

მაგრამ ჩემს თავს არ მივცემ არც იმის უფლებას, რომ 20 ივნისი ერთადერთ გარდამტეხ დღედ დარჩეს ჩემს ცხოვრებაში. ძალიან ბევრი მაქვს წინ. 20 ივნისის მერეც ბევრ რამეზე შემეცვალა აზრი. და ესაა ჩემთვის გაზრდა, როცა დამოკიდებულებები გეცვლება და ამის არ გეშინია.

ხშირად წარსულსაც გვაყვედრიან ახალგაზრდებს. ადრე, აქციაზე ცოცხალ-მკვდარი ხალხი მიატოვეს და 26 მაისს, სახურავზე შემოაწყვეს მკვდრებიო. წარსულში თუ ხდებოდა, დღესაც უნდა დავხუჭოთ თვალები? თუ მათ ვერ მოითხოვეს სამართლიანობა, მეც უნდა გავჩერდე? მეორე თვალიც ხომ არ დავხუჭო?

ვბრაზდები უფროს თაობაზე, როცა ამას ითხოვენ ჩვენგან – შეგუებას.

ამიტომაა მნიშვნელოვანი, დაისაჯოს ის, ვინც დააშავა. თორემ დღესვე მოვრჩებოდი ბრძოლას. თვალს მაინც ვერავინ ამიხელს და იმას ვერ დამიბრუნებს, რაც 20 ივნისს დავკარგე. დამნაშავის დასჯა მარტო ჩემი ეგოს დასაკმაყოფილებლად არ მჭირდება! მინდა, ხალხმა დაინახოს, რომ დამნაშავე ისჯება ქვეყანაში. თორემ რაც ცუდი გვაქვს, ზუსტად ამ დაუსჯელობის სინდრომის გამოა. ჩვენ კიდევ ყველაფერს ვეგუებით.

მე კანონზომიერებისაც მჯერა. შეიძლება არ გწამდეს ღმერთის, მაგრამ ზუსტად ვიცი, არსებობს ბუნების კანონზომიერება და დამნაშავე დაუსჯელი არასდროს დარჩება. ძალიან დიდი გზა მექნება გასავლელი, მაგრამ თუ გავუძლებ და ბოლომდე გავყვები, გამომივა.


ტექსტი: ნინო ლომაძე
ფოტო: მანო სვანიძე