ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ჩვენთვის წერილია | დათო ლობჟანიძე

ცოტა ხნის წინ მეგობრების წრეში „თქვენთვის წერილიას“  ვიხსენებდით, 90-იანი წლების რომანტიკული კომედიების ერთგვარ სიმბოლოს. უფრო სწორედ,  ფინალი ბუნდოვნად გვახსოვდა. ბოლოს შემდეგზე შევთანხმდით -  მგონი, მეგ რაიანის წიგნების მაღაზია იკეტება და ტომ ჰენქს მიყვება ცოლად. დღევანდელი გადმოსახედიდან ცოტა რთულად დასაჯერებელი ფინალი ჩანდა, მაგრამ თითქოს ეგრე მთავრდება. ვიცინეთ. კორპორაციის მფლობელი ძლიერი მამაკაცი ხურავს პატარა, ემოციური ისტორიის მქონე მაღაზიას და „მოჰყავს ცოლად“ უსამსახუროდ დარჩენილი მისი მფლობელი. 

მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ფილმი „ათასჯერ“ მაქვს ნანახი, ვარაუდი უნდა გადამემოწმებინა და ნაწარმოების ფინალური ნაწილი თავიდან მენახა. მართლაც ეგრეა. დასკვნით სცენაში ერთმანეთთან ფიზიკურ სიახლოვეში მყოფ ტომ ჰენქსს და მეგ რაიანს ირგვლივ ოქროსფერი რეტრივერი დასტრიალებთ, მათი  ბაგეები სემ ჰარისის Over the Rainbow-ს ჰანგებზე ერთიანდებიან, კადრი ზევით ადის, ვხედავთ ცას და შემდეგ ტიტრებს.  ჭირი იქა, ლხინი - აქა, ქატო იქა, ფქვილი - აქა.

რთული წარმოსადგენია, მაგრამ თუ „თქვენთვის წერილია“ არ გინახავთ, აი, მოკლე აღწერა: 90-იანების დასასრულია, მოქმედება ნიუ-იორკში ვითარდება. კეტლინ კელი (მეგ რაიანი) პატარა წიგნების მაღაზიას ხელმძღვანელობს. ჯო ფოქსი (ტომ ჰენქსი) წიგნების ქსელური ბიზნესის მქონე ოჯახის წარმომადგენელია. ორივეს პარტნიორი ჰყავს, მაგრამ არც ერთის ურთიერთობა ბედნიერების მომტანი არაა, რის ფონზეც ისინი ერთმანეთთან ინტერნეტ რომანს იწყებენ. რეალურ ცხოვრებაში ფოქსის ბიზნესი კეტლინის საბავშვო წიგნების მაღაზიას დახურვას უქადის.  როგორ მთავრდება ისტორია, უკვე ვიცით.

დღევანდელი გადმოსახედიდან ფილმი სასაცილოა არა იმიტომ, რომ კომედიურ ჟანრს მიეკუთვნება, არამედ იმიტომ, რომ აბსურდულად გამოიყურება. საინტერესოა, თუ როგორ მოახერხა ამ ნაწარმოებმა თავის დროზე უზარმაზარი სიყვარულის (მათ შორის ჩემის) მოპოვება და 90-იანი წლების ჰოლივუდის რომკომების ერთგვარ სავიზიტო ბარათად გადაქცევა?

ვფიქრობ ამ კონტრასტის განხილვა ორი მიმართულებით შეიძლება. გლობალური და ლოკალური პერსპექტივიდან. პირველ შემთხვევაში ვგულისხმობ ზოგადად 90-იანებს, როგორც მოვლენას და ამ ეპოქაში იმ პირველ ნაბიჯებს, რომელსაც ინტერნეტი, როგორც მასობრივი მოხმარების პროდუქტი დგამდა. ერთია თუ როგორ იყურებოდა ფილმი 90-იანების და 2000-იანების მიჯნაზე, მაშინ, როდესაც მეილზე მოსული წერილი მართლაც რეალური ადამიანისგან გამოგზავნილ წერილს ნიშნავდა და მეორეა დღეს, ეპოქაში, როდესაც ყოველი ჩვენგანის საფოსტო ყუთი სპამით სავსეა. დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდები,  რომლებიც უკვე ფეხადგმული ინტერნეტის ეპოქაში დაიბადნენ და მისი ადრეული პერიოდი არ ახსოვთ, სულ სხვანაირად აღიქვამენ ფილმს, ვიდრე იმ ეპოქის მომსწრენი.

მაშინ ინტერნეტი  ჯერ კიდევ მყუდრო და ინტიმურ მოვლენად გვესახებოდა, სადაც შეტყობინება შესაძლოა დღეში სულ ორჯერ ან სამჯერ მოსულიყო, მაგრამ ყოველ ჯერზე ფასეულად მივიჩნევდით. შეიძლება ამიტომაა, რომ ფილმის მთავარი მორალი, რომლის მიხედვითაც პატარა მაღაზიებს, წიგნების თუ სხვა პროდუქტებისას ადგილი უნდა დაეთმოთ კორპორაციული და კონვეიერული ტიპის ქსელებისთვის და ამავდროულად ქალის ადგილი ძლიერი მამაკაცის გვერდზე უნდა ყოფილიყო, მეორე პლანზე გადადიოდა, რომელსაც ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდით.

90-იანები ხომ ჯერ კიდევ ის ეპოქაა, როდესაც ფრენსის ფუკუიამას, ისტორიის დასასრულს ყველაფერი გადაწყვეტილი აქვს, რომლის მიხედვითაც, სამყარომ დაასრულა სოციო-კულტურული ევოლუცია, არსებული პოლიტიკური მოწყობა საბოლოა და ინდივიდებს ისღა დარჩენიათ, არსებულ გარემოში თვითრეალიზდნენ, სიხარულით შეეგებონ კორპორაციულ კულტურას და პირველი სამყაროს ქვეყნებისთვის დამახასიათებელი პრობლემებით დაკავდნენ.  ამ ლოგიკის მიხედვით, არანაირი პრობლემა არაა იმაში, რომ მეგ რაიანის პერსონაჟს მაღაზიის დახურვა უწევს, პირიქით, ეს ახალ შესაძლებლობასაც კი აჩენს - ასეთ ვითარებაში მას შეუძლია სახლში დაჯდეს და ბავშვებისთვის წიგნები წეროს (ფილმში ის პირდაპირ ამბობს, რომ მაღაზიის დახურვის შემდეგ მას ამ საქმისთვის მეტი დრო აქვს). ოჯახის მატერიალურ ყოფას კი მამაკაცი უზრუნველყოფს. ამავდროულად, საინტერესოა თუ როგორ ტიპაჟად გვიხატავს ფილმი ფოქსის კორპორაციის წარმომადგენელ მამაკაცს? მზრუნველად, ყურადღებიანად და ემპათიურად, მოკლედ, ტომ ჰენქსად. როგორ შეიძლება მას ცუდი უნდოდეს მკითხველისთვის ან პატარა მაღაზიისთვის. უბრალოდ, დროა ეგეთი, იქნება ეს წიგნების თუ პროდუქტების მაღაზიები, ყველაფერი პატარა, დიდი ქსელით უნდა ჩანაცვლდეს. იმარჯვებს ძლიერი.

კიდევ უფრო საინტერესოდ მეჩვენება ფილმზე საუბარი ლოკალური პერსპექტივიდან. ფილმი ეკრანებზე 1998 წელს გამოვიდა. ეს ის დროა, როდესაც საქართველოში ამერიკული ოცნების იდეა პიკშია. უფრო მეტიც, ეს ის ეპოქაა, როდესაც ამერიკა და ნიუ-იორკი არარეალურ მოვლენად გვესახება. ამიტომაა, რომ ასეთი აღქმის პირობებში კინო და უფრო კონკრეტულად ჰოლივუდი, როგორც ფიქციის წარმოების პლატფორმა იდეალურად ეწყობა პოსტ-საბჭოური საზოგადოების აღქმას. რა თქმა უნდა, ფილმი, რომელიც ზღაპრულ სამყაროს გვიჩვენებს და სადაც ნიუ-იორკის მხოლოდ ნათელ მხარეს ვხედავთ, პოპულარული იქნებოდა ქვეყანაში, სადაც უბნის მაღაზიებში ერთის მხრივ, პროდუქტების დეფიციტია და მეორე მხრივ, ის რისი ყიდვაც შესაძლებელია, ხშირ შემთხვევაში ნისიად იყიდება. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში ვის შეიძლება აღელვებდეს კეტლინის კუთხის მაღაზიის დახურვა? დაიხურა, დაიხურა, სამაგიეროდ ფოქსის ქსელში ბევრად უფრო დიდი არჩევანია.

თუ დასავლეთში ქსელურ წიგნების მაღაზიაში ყოფილხართ, უნდა აღიაროთ, რომ მართლაც კომფორტულია, ორგანიზებული და სასიამოვნო გარემოა. თუმცა, მნიშვნელოვანია იმის გააზრება თუ რა არათანაბარი კონკურენტული პირობებია მსხვილი და წვრილი ბიზნესის შემთხვევაში.

საქართველოში, სადაც წიგნის ბიზნესი შედარებით ნაკლებადაა განვითარებული, ანალოგიის გავლება უფრო ქსელური მარკეტების და პატარა სასურსათო,  ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებთან  მიმართებაში შეიძლება. აქ თამაშის წესები თავშივე გაყალბებულია. მსხვილი კაპიტალის მფლობელს, რომელსაც უზომოდ დიდი რაოდენობის პროდუქტების შეძენა და მძლავრი ინფრასტრუქტურის მეშვეობით მისი შენახვა შეუძლია, უკეთესი ფასების შემოთავაზების ფუფუნებაც აქვთ და ამავდროულად მომხმარებელს უფრო გამართულად შეიძლება მოემსახურონ. თუმცა, ასეთ ვითარებაში მომხმარებელი კორპორაციული კულტურის სიცივეს ეჯახება, სადაც მონოტონურ რუტინაში გახვეულ მომსახურე პერსონალს მაღაზიისადმი არანაირი მიკუთვნილობა აქვს და ამავდროულად უკეთესი პირობების და კონკურენციის არ არსებობის პირობებში მიზერულ ანაზღაურებაზე მუშაობა უწევს.   

საქართველოში კორპორაციულ კულტურის პოპულარობაზე საუბრისას, ალბათ, არც კინოთეატრების თემა უნდა დაგვავიწყდეს. ქვეყანაში, სადაც თავის დროზე მუნიციპალური დარბაზები არა მხოლოდ მსხვილ ქალაქებში, არამედ რეგიონებშიც არსებობდა, დღეს ასეთებს საერთოდ ვერ ვხედავთ. ერთადერთი ადგილი, სადაც ადამიანს კინოს ნახვა დიდ ეკრანზე შეუძლია, ისევ და ისევ ქსელური ტიპის სავაჭრო ცენტრებია. 

კვლავ წიგნებს რომ მივუბრუნდეთ, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში პატარა წიგნების მაღაზიებს კარგი დღე არ უდგათ (უნდა აღინიშნოს, რომ ამავდროულად ჯერ 2008 წლის ფინანსური კრიზისის და ახლა უკვე პანდემიის ფონზე არც ქსელურ მაღაზიებს ულხინთ), ისინი ალაგ-ალაგ გადარჩენას სწორედ მსგავსი კრიტიკის და გადააზრების საფუძველზე ახერხებენ. 

რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში? შარშანწინ ბათუმში ჩემს მეუღლესთან ერთად წიგნებზე ვლოგი ჩავწერე. ძველი ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე წიგნების უნიკალური მაღაზია მოვინახულეთ, რომელიც იქ ათწლეულების განმავლობაში იდგა და თავისი არსებობით ქალაქის ღირსშესანიშნაობას ქმნიდა. მფლობელი განიცდიდა, რომ მაღაზიის მომავალი ბუნდოვანი იყო. სულ რამდენიმე თვეში გავიგეთ, რომ მაღაზია დაიხურა და დღეს აღარ არსებობს. შეიძლება მავანმა თქვას, რა პრობლემაა? სხვა გაიხსნება. უფრო დიდი და უფრო ქსელური. ბიზნესის წესი ხომ ეგაა. როგორც უკვე ითქვა, გარდა იმისა, რომ ბიზნესის თამაშის წესები არათანაბარია, ასეთ შემთხვევაში ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი ტიპის წიგნის თუ უბნის მაღაზია მხოლოდ მაღაზია არაა, ის გარემოს  ღირებული ნაწილია, და ყოველ ჯერზე, როდესაც ასეთი მაღაზია ქრება მასთან ერთად ქრება ქალაქის ერთი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი არტეფაქტი და რა არის ქალაქი თუ არა ასეთი პატარა არტეფაქტების ნაკრები?

მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის საქართველო ძალიან განსხვავდება თავის 20 წლის წინანდელი მდგომარეობისგან და ქვეყანაში ამერიკული ოცნების დემისტიფიკაციის ნიშნებს ვხედავთ, ალბათ, ჯერ კიდევ შორს ვართ კორპორაციული კულტურის საფუძვლიანი გააზრებისგან. ამის საილუსტრაციოდ არც თუ ისე დიდი ხნის წინ ერთ-ერთი ტელევიზიის გენერალური დირექტორის მიერ კოკა-კოლაზე გაკეთებული კომენტარი გამოდგება, სადაც მან სასმელი თავისუფლების სიმბოლოდ წარმოაჩინა.

ის, რომ კოკა-კოლა კორპორაციული კულტურის კრიტიკის ერთ-ერთ ყველაზე ექსტრემალურ სიმბოლოდ დასავლეთში უკვე ათწლეულებია გვევლინება, იქნება ეს წყლის რესურსის ჭარბი მოხმარებისჯანმრთელობაზე მავნე გავლენის თუ სხვა მიმართულებით ალბათ, ბევრ ახსნას არ საჭიროებს.

"ბავშვობაში კოკა-კოლის ბოთლს რომ ვიშოვნიდი, ქილას, თუნუქისას, მეგონა, რომ სამყარო იყო ჩემი, იმიტომ რომ ჩემი ბავშვობა საბჭოთა კავშირში იყო და რამე გამოხატავს უფრო მეტად თავისუფლებას ვიდრე კოკა-კოლის თუნუქის ქილა? ჩემთვის მატერიალიზირებული თავისუფლება არის ეს," -  ამბობს ნიკა გვარამია და ალბათ, გაუცნობიერებლად გვიყვება თუ როგორ ვცხოვრობთ რეალობით, რომელიც სადღაც არსებობდა ოცდაათი წლის წინ, მაგრამ არ უარსებია დიდი ხანი და ვერც იმას ვახერხებთ, რომ შევქმნათ ახალი კრიტიკები, ახალი რეალობის გასააზრებლად. შედეგად ისმის კითხვა, შეიძლება რიტორიკულიც კი, შევძელით საქართველოში, დასავლეთისგან განსხვავებით, პირობითი „თქვენთვის წერილიას“ გადააზრება, თუ არც ისე დიდი ხნის წინ კორპორაციულ კულტურაზე შეყვარებულები ჯერ კიდევ ვერ გამოვდივართ მისი მოკრძალებული ხიბლიდან?

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა