გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ანნა ნარინსკაია

ჩვენთვის ყველასთვის ეს დიდი მარცხია | ანნა ნარინსკაია


ანნა ნარინსკაია - რუსული ლიტერატურის კრიტიკოსი, ჟურნალისტი და კურატორი. იყო „ბიბისის“ ახალი ამბებისა და დოკუმენტური ფილმების პროდიუსერი,  გაზეთ „კომერსანტის“ ლიტერატურული მიმომხილველი, თანამშრომლობდა „ნოვაია გაზეტასთან“ და ტელეკომპანია „დოჟთან“.  უკანასკნელ წლებში იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოფენის კურატორი, მათ შორის „200 დარტყმა წუთში“, რომელიც ეძღვნებოდა საწერ მანქანას, როგორც მეოცე საუკუნის მწერლობის მთავარ იარაღს. ამას გარდა, არის იოსიფ ბროდსკის მემორიალური მუზეუმის „ერთნახევარი ოთახი“ კურატორი პეტერბურგში. 

 

ვიცი, რომ მოსკოვი დატოვეთ, როგორ ხართ, სად ხართ?

შვილები საქართველოში არიან, გოგონამ შარშან გადაწყვიტა, თბილისში გადმოსულიყო, 24 მარტს, დილით, როგორც კი უკრაინის ქალაქების დაბომბვა დაიწყო, ჩემს 20 წლის ვაჟსაც ავუღე ბილეთი და თბილისში გამოვუშვი. ჩვენ თელ ავივში ვართ, მოსკოვშია დარჩენილი 85 წლის დედა და მეც მომიწევს იქ ჩასვლა, იმედია, არ დამაპატიმრებენ და ჯარიმებით შემოიფარგლებიან, ამ ჯარიმებს ისედაც დაუსრულებლად ვიხდი (დემონსტრაციებში მონაწილეობა რუსეთში  ისჯება ჯარიმით ან ორკვირიანი პატიმრობით).

ფიქრობდით თუ არა რომ ომი შეიძლებოდა დაწყებულიყო?

დღეს ეს ყველაფერი დიდ, უპატიებელ სისულელედ მეჩვენება, მაგრამ ნამდვილად არ მიფიქრია, რომ უკრაინის ქალაქები დაიბომბებოდა, რომ მშვიდობიან მოსახლეობას დახოცავდნენ.

რუსეთის ხელისუფლება 1941 წლის პარადიგმაში ცხოვრობს, მათთვის ეს ყველაფერი ცოცხალია - დაბომბვები, ნაღმები, ტანკები მოდიან, - თითქოს ნანახ ფილმებს იმეორებენ. მე კი მეგონა, რომ გაგრძელდებოდა დონბასის ანექსია, უფრო სწორედ, კარის საუბრები დამოუკიდებელ დონბასზე, მაგრამ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ იქნებოდა ასეთი სასტიკი ომი და ადამიანებს გაჟლეტდნენ. ამიტომ, მიწევს ვაღიარო, რომ ვერ ვაფასებდი სიტუაციას. მეგონა, რომ პუტინი იმუქრებოდა, გვაშინებდა, მაგრამ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ აქამდე მივიდოდით. როცა 24-ში ჩემმა ვაჟმა დილას გამაღვიძა და მითხრა, რომ ხარკოვს ბომბავდნენ, ეს ჩემთვის საშინელი მოულოდნელობა იყო, თუმცა, აი, აღმოჩნდა, რომ ჩვენს დროში შესაძლებელია ევროპის დაბომბვა.

არ ვიცი, რამდენად სანდოა სოციოლოგია რუსეთში, მაგრამ ფაქტია, რომ პუტინს მხარდაჭერა აქვს. რაზე დგას მისი ხელისუფლება? 

პუტინის ხელისუფლება ორ რამეზე დგას, ერთი, ნაკლებად მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც გადამწყვეტი - პროპაგანდაა.  ადამიანებს 20 წლის განმავლობაში უმტკიცებდნენ, რომ დიად რუსეთს პატივს არ სცემენ, მუდმივად ამცირებენ, ჩაგრავენ. და რა არის მათთვის დიადი ქვეყანა? უბრალოდ ტერიტორია. ჩვენ ხომ მშვენივრად გვესმის, რომ ქვეყნის მნიშვნელობას სულაც არ განსაზღვრავს მისი ტერიტორია. მაგალითად, ბრიტანეთმა უარი თქვა დიდ იმპერიაზე, მაგრამ კულტურით, როკ-მუსიკით, „ბიტლზით“ უდიდეს გავლენას ახდენს მსოფლიოზე. ჩვენთან კი ჰგონიათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავია, მეზობლებს მიწები გამოგლიჯონ. ეს კონსერვატორული, არქაული პარადიგმაა, თითქოს ჩვენ ისევ მე-19 საუკუნეში ჩავრჩით. მაგრამ მთავარი მაინც დიდი წყენაა -  საბჭოთა კავშირის დაშლის ვერმონელება, იმასთან ვერშეგუება, რომ ოდესღაც დიდი სახელმწიფო ვიყავით, რომლისაც ყველას ეშინოდა, რომ გვქონდა ატომური ბომბი, რომელიც ახლაც გვაქვს, მაგრამ მაშინ მგონი, უფრო მნიშვნელოვანი  იყო. მინდა პატარა ისტორია მოგიყვეთ - 90-იანების დასაწყისში თარჯიმნად ვმუშაობდი ბიბისის ჟურნალისტებთან. ჩამოდიოდნენ ინგლისელები და აკეთებდნენ სიუჟეტებს იმდროინდელი რუსეთის ყოველდღიურობაზე. ერთხელ კრასნოიარსკში ვიყავით, რაღაც ქარხანაში, რომელიც ადრე რაკეტებს ამზადებდა, შემდეგ ამერიკელების დახმარებით გადააწყვეს და სარეცხის მანქანებს, „ვიატკას“ უშვებდნენ. სანამ რაკეტებს აკეთებდნენ, ადრეულ 90-ანებში, ხელფასიც კი არ ჰქონდათ, მაგრამ ვისაც არ ველაპარაკეთ, ყველა, როგორც ერთი, ამბობდა,  - რა საჭიროა სარეცხი მანქანა, ქალები ისედაც ხომ ისედაც რეცხავდნენ და გარეცხავენ სარეცხს, უკეთესი იყო, რაკეტები გვეკეთებინა და საერთოდ არ გვქონოდა ხელფასი, სამაგიეროდ რაკეტა დიდი იყო, ძლიერი, ბევრს დახოცავდა, სახელმწიფოს ვეხმარებოდითო.  ეს პარადიგმა - რომ ოდესღაც დიადი სახელმწიფო ვიყავით და ახლა არავინ გვცემს პატივს, ცხადია, საშინელი და დამანგრეველია.

ასე არ იყო პუტინამდეც?

დიახ, ასე იყო. პუტინმა კარგად უპასუხა ამ მოთხოვნას. ხელისუფლება მუდმივად უმეორებდა  ხალხს, რომ მთავარია, ჩვენი ყველას ეშინოდეს. ამ ადამიანებისთვის არავის უთქვამს, რომ შეეძლოთ ეშენებინათ კარგი ეკონომიკა, შეექმნათ კულტურა, ანდა უბრალოდ, ეცხოვრათ, როგორც ნორმალურ ადამიანებს, ყოფილიყვნენ ადამიანურები.

ბოლო დიდი აქცია მოსკოვში 2012 წელს იყო. რა მოხდა ამის შემდეგ? რატომ აღარ გამოდის ხალხი?   

აქ ორი ამბავია - თვითონ ოპოზიციამ ვერ შეძლო შეთანხმება. ეს მაინც ინტელიგენტური მოძრაობები იყო, ყველას თავისი დღის წესრიგი ჰქონდა, იყვნენ რადიკალურად განწყობილი ადამიანები, ნაკლებად რადიკალები, მაშინ გამოჩნდა ნავალნიც, მაგრამ  ეს ენერგია გაიფანტა იმიტომ, რომ ერთად შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებმაც ვერ შეძლეს საკუთარ ამბიციებზე და მოსაზრებებზე მაღლა დადგომა. ესაა ის, რაც მაშინ მოხდა. 2014 წლის, ყირიმის შემდეგ მიტინგებზე ძალიან, ძალიან მაგრად გვცემდნენ. ალბათ, უნდა გაგვეძლო, ამას გვსაყვედურობენ უკრაინელები და ბელარუსები, მაგრამ  არ ვუცემივარ და ვერაფერს ვიტყვი, თუმცა „ავტოზაკშიც“ ვიჯექი, წინასწარი დაკავების საკანშიც ვათენებდი ღამეებს და სულ ვიხდიდი ჯარიმებს.

ისეთი დიდი ევროპული კულტურის მქონე ერები, როგორიცაა რუსული კულტურა დღეს არიან დემოკრატიული ქვეყნები. როგორ ფიქრობთ, რატომ არა აქვს გავლენა რუსულ კულტურას  სახელმწიფო სისტემის მოწყობაზე?

აღარ მჯერა კულტურის ძალის, ჩინელებსაც ძალიან დიდი კულტურა აქვთ, უდიდესი, მაგრამ ეს არ უშლით ხელს რომ ტოტალიტარიზმში იცხოვრონ. არ მჯერა ბროდსკის ნობელის ლექციის სულისკვეთებისა. ის შესანიშნავი ლიტერატურული ტექსტია, მაგრამ მეოცნებე და ინტელიგენტური საუბრები იმაზე, რომ კულტურას რაიმეს შეცვლა შეუძლია, აღარ არის სერიოზული. დაუშალა გოეთემ ჰიტლერს ყოფილიყო ის, ვინც იყო? დიდია რუსული კულტურა, მაგრამ მეტწილად ტოტალიტარულია, იმპერიულია და ა. შ. დოსტოევსკის კითხვის დროს ამას ხვდები, და არა მარტო დოსტოევსკის - ასეთივეა გვიანდელი ბლოკიც და თვითონ ბროდსკიც. არადა, ბროდსკი, ახალგაზრდობაში რუსეთში თავად იჩაგრებოდა ებრაელობის გამო, მაგრამ ამან არ შეუშალა ხელი, იმპერიალისტი ყოფილიყო და ჩაეთვალა, რომ არსებობენ უკეთესი და უარესი ერები. აღარაფერს ვამბობ მის ლექსზე, რომელიც უკრაინას ეძღვნება. რუსული კულტურა მართლაც დიდებულია, მაგრამ სხვადასხვანაირია და ბევრი შრე აქვს. თანაც, არ მგონია, რომ კულტურა რამენაირად განსაზღვრავს ადამიანურობას. ამას ძალიან ბევრი რამ ადასტურებს. რუსული კულტურა იერარქიულიცაა, ისე მოხდა, რომ მე-19 და 20-ე საუკუნეებში რუსეთმა ბევრი დიდი და ხმამაღალი სახელი შვა - ის ამ დიდი სახელების ირგვლივ ტრიალებს და რაღაცნაირად, დამთრგუნველია, მუდმივად გენიოსების ზეწოლის ქვეშ ხარ. ცხადია, მე ამ დიდი სახელების თაყვანისმცემელი ვარ, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ ისინი არ ებრძვიან ტოტალიტარიზმს, უფრო პირიქით.

გინდოდათ,  გქონოდათ გავლენა უფრო დიდ აუდიტორიაზე?

ძალიან კარგი კითხვაა, მაგრამ მსგავსი რამ არასდროს მინდოდა. ეს შეიძლება, ძალიან ცუდია, მაგრამ ასეა. არ ვიცი, რამდენად იცნობთ რუსულ ლიტერატურულ კრიტიკას, იქ სულ სხვანაირი ადამიანები არიან, მაგალითად, გალინა იუზეფოვიჩი და სხვებიც, რომლებიც ბევრს და ყველასთვის გასაგებად წერენ, რეკომენდაციას უწევენ წიგნებს, მუშაობენ დიდ აუდიტორიაზე. მე საერთოდ არ მაინტერესებს პოპულარობა, როგორც ასეთი, ჩემთვის სხვა ღირებულებებია მთავარი და როცა ლიტერატურული კრიტიკოსი ვიყავი, რაღაცნაირად თავად  ვხურავდი დიდ აუდიტორიას ჩემთვის. ამას ძალიან გაცნობიერებულად ვაკეთებდი - ვლაპარაკობდი იმაზე, რაც მაინტერესებდა, და ყოველთვის მაინტერესებდა რთული ამბები. როცა გამოფენების კეთება დავიწყე, მაშინაც შედარებით ვიწრო აუდიტორია ავირჩიე. რა თქმა უნდა, ხალხი დადის მუზეუმებში, მაგრამ უფრო ნაკლები, ვიდრე კითხულობს რომანებს და მით უმეტეს, უფრო ნაკლები, ვიდრე უყურებს ფილმებს.  ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც მაინტერესებდა, შეიძლება, ეს ძალიან ეგოისტურად ჟღერს, მაგრამ ამას ვერაფერს ვუზამ.

საგანმანათლებლო მიზნები არც მაშინ გქონიათ, როცა გამოფენებს აკეთებდით?

საგანმანათლებლო მიზნებიც ხომ სხვადასხვანაირია. არასდროს მიფიქრია მილიონიან აუდიტორიაზე, ოდესღაც ასე მეგონა, ახლა არ ვიცი...  გამოფენებზე შესანიშნავ არქიტექტორთან და არტისტთან, ალექსანდ ბროდსკისთან ერთად ვმუშაობ, გავაკეთეთ რამდენიმე გამოფენა რეპრესიების შესახებ, როცა ვცდილობდით, ვიზუალური დონეზე გვეჩვენებინა, თუ რა ხდებოდა 1937 წელს. ბოლო გამოფენა, პერედელკინოში იყო, სადაც საბჭოთა მწერლები ფუფუნებაში ცხოვრობდნენ მდიდრულ აგარაკებზე, მაგრამ ღამით მოდიოდა „შავი ვორონა“ და მიჰყავდა ბაბელი, პილნიაკი და სხვები. მაშინ ვიფიქრე, რომ მართალია, ამას ყველაფერს ადამიანების ვიწრო წრეს ვუყვებოდი, მაგრამ სხვადასხვა არხით მაინც გავრცელდებოდა ინფორმაცია.  ის, რაც დღეს ხდება რუსეთში, ჩვენთვის ყველასთვის საშინელი მარცხია. ჩემთვის შეიძლება უარესიც, ვიდრე იმათთვის, ვინც ფართო აუდიტორიაზე მუშაობდა - ისინი ანათლებდნენ დიდ აუდიტორიას და ამ აუდიტორიამ პირდაპირ შეაფურთხა სახეში. ამას მხოლოდ თანაგრძნობით ვამბობ. ჩვენთვის ყველასთვის ეს დიდი სატანჯველია. ადამიანები მაინც ჩაკეტილ წრეში ვტრიალებთ, მაგალითად, ფეისბუქზე, გეჩვენება, რომ თითქოს ყველა გეთანხმება, დაწერ რამეს, 1000 ადამიანი მოიწონებს, 200 კომენტარს დაწერს - ეს იმიტომ, რომ შენი ნაცნობები არიან, შენნაირად ფიქრობენ და უბრალოდ, არ იცნობ, ვერ ხედავ იმათ, რომლებიც მაგალითად, ტაშს უკრავენ ომს. თუ დამიჯერებთ, ასეთი ადამიანს პირადად ნამდვილად არ ვიცნობ მაგრამ ისინი ხომ არიან! თანაც ძალიან ბევრნი, გაცილებით მეტნი, ვიდრე ჩემნაირები. შეიძლება ჩვენი შვილიშვილები მოესწრონ ნორმალურ რუსეთს, ჩვენ ნამდვილად ვერ მოვესწრებით.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა