ცვალებადი მოღრუბლულობა
მამულზე ჭმუნვა სუბუტექსის რიგში, კიტკეტი და კრკი
ნაწყვეტი რომანიდან
დავით კოვზირიძის რომანი სავსეა იმით, რასაც ქართულ რომანში ხშირად ვერ შეხვდებით. ესაა დონკიხოტობები - ესე იგი, მსუბუქად მოყოლილი მძიმე ამბები, პარადოქსული თავგადასავლები, და, რაც მთავარია, სატირა. ოღონდ სასხვათაშორისოდ ნათქვამი სატირა, ასე ვთქვათ, 25-ე კადრივით რომ უნდა ჩაგვირბინოს და ზოგ შემთხვევაში, გამოუსწორებელი კვალი რომ უნდა დატოვოს.
და საერთოდაც, იცით, კრკი ვინ არის? „ამაშია საქმე“.
კოტბუსერზე ვდგავართ სუბუტექსის რიგში. რის და როგორ რიგში არ დავყუდებულვარ, ლენინის მავზოლეუმით დაწყებული და პურით ჩვენი არსობისა დამთავრებული, მაგრამ სუბუტექსისაში – არ ვმდგარვარ. ჩხერას დიდი ხნის წინ შევეშვი, უინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, მაგრამ მაშინ, იმ გაყინულ ჯუნგლებში, როცა დედამოტყნული ლენინის გამო პურის რიგებში ვიდექით მშივრები, წამლის კეთება აუცილებელიც კი იყო – მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ კაიფში.
ერთხელ ტაქსის ვაჩერებდით ზუსტად მაგ პერიოდში მე და ჩემი მეგობარი და რაღაც მანქანამ წაგვიჩერა. ყინავდა. კარი გამოვაღეთ – ნაცნობი მენტები. ისინიც ორნი. გადაჩხერილები, მაგარ სითბოში, მაგნიტაფონში გათხრილი ბარი ვაიტით. ზდაროვა, რამე, რუმე, ჩაჯექითო, წაგვიყვანეს, ანჰიდრიდი* დაითრიეს და მოსახარშად რომ მივედით, აღმოჩნდა, რომ ჩვენი მეგობარი გოგოს მამასთან მივედით. მაგრამ წამალმა სუბორდინაცია არ იცის, ის ყველას ათანაბრებს. კომუნიზმივითაა რა. ჰოდა, ჩვენ, ნარკომანიასთან ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა და მეგობრის მამამ, მაგრა გავიკეთეთ.
რიგს დავუბრუნდეთ. ზოგადად, რიგის ფორმა და შინაარსი ერის ფორმას და შინაარსს ჰგავს გაჭრილი ვაშლივით. როგორც ფეხბურთელთა ნაკრები. ის, რაც რიგში ხდება, ხდება ქვეყანაში.
ქართულ რიგს არც დასაწყისი აქვს და არც ბოლო, ის მრგვალია. მოვიდა ხო ადამიანი? საიდანაც მოადგება ამ ბურთს, იქიდან დგება, ნაბიჯს არ იკადრებს ზედმეტს. მისულთა მხოლოდ 50 პროცენტი კითხულობს, ვინაა ბოლო და ასეთ პასუხებს იღებს – რამდენიმე „მე“; რამდენიმე „ეს“; აქ იდგა და გავიდა; რას გაიგებ, გენაცვალე (ბატონო, ქალბატონო, შვილო, ჯიგარო, ძმაო, ბრატელა).
იქ ყველა ნერვებზეა და ნებისმიერმა წვრილმანმა შეიძლება ლოკალური დაპირისპირება დაძრას. ამის თითო სპეციალისტი ყველა ქართულ რიგში დგას, თუნდაც ორკაციანში. ბურთში ხუთ წუთში ერთხელ იწყება ხმაური, რადგან სხვადასხვა მხრიდან მოსულებს ჰგონიათ, რომ ახლა ზუსტად მათი ჯერია. ამ ქაოსში ხშირად ვიღაც იჩეკება და იქვე დგება, ვითომ სულაც იქ იყო, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ბოლომდე ვერ გადის, ააშკარავებენ გამოცდილი რიგოსნები. ერთი შანსი რჩება: „რას ამბობთ, როგორ არ გრცხვენიათ, ვიდექი და წამით გავედი. აგერ, ბატონი დამემოწმება“. ბატონი არაფერს ამოწმებს. „ერთი თქვენი კარგიც მოვტყან“ – ყლეური ოსტაპ ბენდერი სცენას ტოვებს. დეგენერატი – აწევენ კუდში.
სადაც მავზოლეუმი და რიგი ვახსენეთ, იმასაც გეტყვით, რომ ერთხელ, ზუსტად წითელ მოედანზე, მავზოლეუმის მეზობლად, ნაყინის ძალიან გრძელი რიგი თითქმის მთლიანად გამოგვეკიდა. იმდენი ხალხი იდგა, ბერგჰაინს შეშურდებოდა, ამიტომ ურიგოდ მივაჭერით, სწრაფად მივაწოდეთ ფული გამყიდველს, იმან ავტომატურად მოგვაწოდა ნაყინი და როგორც ამ სპეცოპერაციამდე გავთვალეთ, დაახლოებით სამწამიანი ფორა მივიღეთ – პირველ შეძახილს – „გრაჟდანინ!“ ამდენი დასჭირდა. და დაიძრა ცუნამი. მალე მოვუტყდით გოიმებს. ძალიან გემრიელი კი იყო. ლენინგრადსკი, კარაქის ბრიკეტივით.
აქვე სუბუტექსისა და საქართველოს უთბილეს ურთიერთობებზეც უნდა ვთქვათ, სხვანაირად არ გამოვა, იმიტომ რომ ამ პრეპარატმა ქართული კრიმინალური სამყარო თავდაყირა დააყენა. კერძოდ, მისი ერთ-ერთი უმთავრესი პოსტულატი, რომ „ბარიგა ბოზია, ბიჭო“. გამოჩნდა თუ არა თეთრი მოგრძო აბები, უფრო სწორად, დაარეგულირა თუ არა ბაზარმა მისი ფასი, ქართველი კაიბიჭების მთელი არმია „გაბოზდა“. გაბოზდა, მაგრამ გამდიდრდა. გაჩნდა ახალი ფენა – უფულო ვაჟკაცები გადაკვალიფიცირდნენ მაყუთიან ბოზებად. ტაქსის ფულის მომათხოვრე ტიპები მალე ახალი მანქანებით გამოჩნდნენ უტყვ მოდელებთან ერთად. ყიდდა ყველა – კაიბიჭები, კდემამოსილი დიასახლისები, მაღალი თანამდებობის პირები, ხელოვანები. თან უსათნოესი, ინდურ ფილმებში ახალშემორიგებული დედამთილის სახეებით. ამის მიზეზი, როგორც ცოტა ხნის წინ გითხარით, ბაზრის წესებია. ბიზნესი კი, მართლაც რომ უაღრესად სარფიანი გახლდათ – ევროპაში ერთ აბს სამ ევროდ იშოვიდი, ხოლო თბილისში ეს ერთი აბი 300-400 დოლარად იყიდებოდა. მიდი და, ნუ გაბოზდები!
ჰოდა, ვდგავართ მე და ზაზა სუბუტექსის მომლოდინე ხაზში, რომელიც გაცილებით მოწესრიგებულია, ვიდრე თბილისის ნებისმიერი რიგი. თუნდაც ზიარების მისაღები. 15 წუთით ადრე იქვე ბურგერმაისტერის ახლად გახსნილ ფილიალში თითო ორმაგი ბურგერი და ჩილიან-ყველიანი კარტოფილი გადავირტყით როლინგების აკომპანიმენტის ქვეშ და ბოყინი რო დავიწყეთ მოგუდულად, ზაზამ, წამო ერთ სუბრიკს დავითრევ, მერე მეზარება აქ გამოსვლაო. წინდახედული კაცია, ვერაფერს იტყვი.
უკვე საღამოვდებოდა, ამიტომ დილერები შეთხელებულიყვნენ და რიგიც ამიტომ დაგვხვდა. მე მეორე მხარეს დავდექი, კრკი (ასე ვეძახი ზაზას) რიგში დარჩა. მოსაწევს მოვუკიდე. ისეთი ბალახი მქონდა, დილით ტიპს მოვაწევინე და გათეთრდა. ისე, როგორ გვევასება ქართველებს, ვიღაცას რომ ვაფითრებთ და ვსპობთ, არა? ყანწებით, მოსაწევით, გინებით, ზედმეტი სიყვარულით, ნებისმიერი გზით. საუკუნეებია, ცენტრალკა ვერ დავიჭირეთ, ვერ ვზომავთ ვერაფერს. „ნახე, ბიჭო, რა ვუქენი მაგ ყლეს? გასკდა რწყევით, იმდენი დავალევინე“ – ესაა ჩვენი დიდების ზენიტი, ჩვენი სიხარული, მიზანი და სიამაყე.
მაგრა დამაბოლა, იქვე ჩამოვჯექი და დავიწყე ფილმის ყურება, რომლის მოქმედებაც ქუჩის მეორე მხარეს ვითარდებოდა და მთავარ როლში, რა თქმა უნდა, ქართველი იყო – არაორდინარულ, ექსტრემალურ და კრიმინალურ ეპიზოდებში ხომ ბადალი არ გვყავს ზეზვას და მზიას პირდაპირ შტოს. რაღაც ძალიან კარგი ან ძალიან ცუდი უნდა ხდებოდეს, წყალში თევზებივით რომ ვიყოთ. სიმშვიდესა და წესრიგში არაა ქართველების ადგილი.
ზაზა რიგში ვერ გაჩერდა, რაც ცხადი იყო თავიდანვე. ჯერ ერთი ტიპი გაიყვანა, მერე მეორეს გაუყარა ხელი, მერე თვალი ჩამიკრა, მერე ვიღაცას გაუბა ბაზარი, ბოლოს გადმოირბინა და ჩემს ძეგლს უთხრა:
– კაროჩე, ვიღაცაა წასული მოსატანად რა, პარტიებად მოაქვს, ოპტომ ყიდის და ქრება. ის ცხენი რო დგას, ხო ხედავ, ეგ დავკერე, ფეხია, მეთქი 20 ევროს მოგცემ, ოღონდ დაითრიე და ნათიურლიშო, შეჩემაო, 17-ზე მეტს არავინ მაძლევსო.
– და ისე რა ღირს კაკალი? – ძლივს ვთქვი ეს სიტყვები, მეგონა, სოხუმში რო კოფეს ხარშავდნენ ქვიშაში, ის ქვიშა მეყარა პირში.
– 15, ათადაც დაითრევ მამენტ და რვადაც. იტოგში, მოვა ის მალე და ვიშუსტრებ. ქერა ტიპია, მაღალი. მაიცა, გადავალ მაინც – გადავიდა. იქ უკვე მაგარი მოძრაობა იყო, რიგს შეემატნენ სანდომიანი არიელი სტუდენტი, რომელმაც მალე ლუდი იყიდა და სახლში წავიდა ამაყად, ლომკაში მყოფი წვერებიანი ალჟირელი და რუსი. იქვე ვიღაც ლოთმა დაიწყო აქეთ-იქით სიარული ბოთლებიანი ურიკით, ვითომც არაფერი.
დრო მიდის, მაღალი არ ჩანს, რიგი დაიძაბა, პოლიციამ გამოიარა, ზედაც არ შეუხედავს რიგისთვის, საკაიფო ნაშამ ჩაიარა და ეგრევე კრკის გავხედე, უყურებდა ტრაკზე. გამეღიმა. ტელეფონში შევძვერი, ფეისბუკში უფრო კონკრეტულად, და პირველი პოსტი ეს შემხვდა – თქვენი ლიბერალი დედებს შევეცი მე! – ეგრევე გამოვედი, სიგარეტს მოვუკიდე და რატომღაც იმ ურიკიან ლოთს დავაკვირდი.
რა ოხერია ეს მოსაწევი, ზუსტად იმას გაყურებინებს და გაფიქრებინებს, რაც საჭიროა. რიგი ჩემგან მარჯვნივაა, ეს წელში მოხრილი ლოთი მარცხნივ მოძრაობს და მეთქი – ეს ის არაა, რაც თქვენ გგონიათ – რაღაც იცის ამ გოთვერანმა. უცებ ზუსტად მაგ ფლანგიდან მაგარი დაკაიფებული ტიპი შემობანდალდა ზემომთაწმინდური ყანყალით, ვიღაცას ცინკი მიცა და ნაბიჯს აუჩქარა. ის ვიღაც აეკიდა. ლოთმა ურიკა მიატოვა, წელში გაიმართა კაიზერ სოზესავით და ტემპს მოუმატა. რიგი აზრზე არაა აქეთ რა ხდება და მეთქი – კრკი! შემომხედა და თვალის ერთი მოძრაობით მოვუყევი ამხელა ამბავი. ეგრევე მიხვდა. მაგიტომაა ჩემი ძმა, რომ ამხელა ისტორიებს წამში ვუყვებით ერთმანეთს. უსიტყვოდ.
მერე ამბობდა – შევტეხე რეზკად და უკვე მაგარი ქაოსი იყო, ვიღაცეებმა მოაჭრეს, ის ალჟირელიც მოვარდა, ეს დილერი აკიმარებს, ხელში უჭირავს ფაქტი და ბუტბუტებს და უცებ იმ ურიკიანმა არ დაიწყო პარადის წაყვანა? ჯერ ალჟირელს მიაჯვა, მერე ერთი საერთოდ გააგდო, ჰაი-ჰუი და ჩემთვისაც უნდოდა რაღაცის თქმა, მარა ქართული ვზგლიადი დახვდა, ზვიადებ და ბლიადებგამოვლილი ვზგლიადი. ეგრევე ჩაიჯვა, ამოვიღე ოცევროიანი და დავიადე რა. ალჟირელი მუდარით მიყურებდა, მეც მინდაო, მარა მაგის ნერვები აღარ მქონდა.
– მოწევ?
– მერამდენედ მეკითხები ტო, არ მინდა ეს მოწევა, მღლის რა მაგრა.
– საღამოს რა ვქნათ?
***
საღამოს რა ვქენით და, კიტკეტში წავედით. კლუბია ბერლინში, ტიპები ტყავებში, ტრუსიკებში, მათრახებით მიდიან და თავისას ისწორებენ. მუსიკაც ნორმალურია. ქართველისთვის ცოტა შოკისმომგვრელია, იქ რაც ხდება, განსაკუთრებით პარასკევს, როცა უცებ შეიძლება ორგიაში აღმოჩნდე ვეფხისტყაოსანზე და ქალიშვილობა-ქუჩა-სუფრის ინსტიტუტებში გაზრდილი ადამიანი. თუმცა, კარგად რომ დააკვირდე, სადო-მაზო ჩვენ რომ ვიცით, ეგეთი უნდა:
ქვეყნის მთავარ ქუჩაზე ათ ჰომოსექსუალს 50 ათასი მღვდელი და რაინდი დასდევს საცემრად და მოსაკლავად; იმპოტენტი კაცები დიდი დოქებით სვამენ ქალების სადღეგრძელოებს და მერე, მთვრალები, ამ ქალებს ცემენ, იმიტომ რომ არ უდგებათ; სასულიერო პირები გაჭირვებულებს ბოლო კაპიკებს ართმევენ ღმერთის სახელით და ამ ფულებით ბოზებში დადიან, დიდ მანქანებს ყიდულობენ, სამსართულიან სახლებში ცხოვრობენ, პატარა ბიჭებს ეპრანჭებიან, წამალსაც იკეთებენ და ერთმანეთის მოწამვლაზეც ოცნებობენ; ყველა სამშობლოს სიყვარულზე ლაპარაკობს და არავინ არაფერს აკეთებს ამ ქვეყნისთვის; ღირსებაზე გესაუბრებიან და ბავშვებზე ანძრევენ ჩოხაში გამოწყობილი განდონები; მოსაწევის მოწევისთვის ახალგაზრდა ადამიანებს ციხეებში ალპობენ; სხვისი წარმატების გაგონებაზე დედა ეტყვნებათ და იმას კი არ ფიქრობენ, მოდი, მე უფრო მაგარ რაღაცას გავაკეთებო, იმ წარმატებულის დაძირვას იწყებენ.
ჰო, მურტალი ორგიაა. რა კიტკეტი, რის კიტკეტი.
რადგან ორშაბათი, ანუ ჩვეულებრივი დღე იყო, თავისუფლად შეგვიშვეს. კრკი ადრეც გვეჩალიჩებოდა, წავიდეთ, მაგარი ეგზოტიკაა, გავერთობითო. მივედით კიდეც, თან შაბათს, მაგრამ რო შემომხედეს – ლევისები, კონვერსები, მხრებში ოდნავ მოხრილი სოლოლაკური დგომით – შიგ ხო არ გაქვს, სად მიდიხარო. ეხლა შეგვიშვეს. მე, ზაზა და მაიკო, ჩემი წოწკო – უკრაინულ-ფშავური ნაზავი დეპარდიეს ცხვირით, ფერადი სიცილით, უნიკალური ნატურალიზმით, საშინელი სიმთვრალით, წარმოუდგენელი ერთგულებით, საკაიფო თითებით, ულამაზესი ატამივით ტრაკით და მალინისგემოიანი ტუჩებით. პირველ დეიტზე რომ შევხვდით პეროვსკაიას და ქიაჩელის გასაყარზე, მეგონა, დიდი ხნის უნახავი ძმაკაცი ვნახე, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრება მქონდა გატარებული.
ეგრევე ტუალეტში შევუხვიე, კოქსის შემაშფოთებელი ზომის ხაზი მივეცი, ამ შეშფოთებულზე ემდიემეით ყელიც ჩავიკოკლოზინე და გამოვჭიხვინდი. მუსიკამ მაგრად გაასწორა, წაუდისკოებდა. დავიღალე ამ ელექტრონული დაგადუგით.
ნელ-ნელა გახურდა ამბავი, ნახევარი კლუბი შიშველია, კუთხეში გოგო ტიპს მინეტს უკეთებს, უკან ორ წყვილს სექსი აქვს, ვიღაც წოწკოსთან მოვიდა, დაბადების დღე მაქვს, ერთი წავიზასაოთო. წარბი აუწია, როგორც იცის და ისიც ეგრევე წაძუნძულდა მორცხვად. ჩემი მტერი ჩავარდა მაია წოწკოლაურის მარჯვენა წარბში.
ტუალეტში შევედი ერთხელაც, ყნოსვის, სიცილის და გათავების ხმები ისმოდა. კოკაინი მივირთვი კიდევ, ცოტა ამამოძრავა. ტუალეტიდან გამოსულს ერთი დაბალი ღიპიანი და შიშველი კაცი, რომელიც მანამდე დადიოდა, პენისს იწელავდა, მერე ხელს უშვებდა და ატკაცუნებდა, ოთხზე დამდგარი და ყელსაბამით რაღაცაზე მიბმული დამხვდა. ორი ქამარმომარჯვებული საკაიფო გოგო ყურში რაღაცეებს უყვიროდა, სავარაუდოდ „მიგტყიპოთ, ცუდო ბიჭო?“-ს და უცებ დააყარეს ეს ქამრები ტრაკზე და წაუწითლეს, მერე გადააკოტრიალეს ზურგზე და რასაც იწელავდა, იმაში დააყარეს მთელი ძალით.
გამოვყლევდი. საბჭოთა ქართველისთვის რთულია ასეთი ინფორმაციების გადახარშვა, ჩვენს აზროვნებაში ხომ ჯერ კიდევ ბევრი ტიხარია ჩატოვებული იმ საზიზღარი სისტემის მიერ, რომელიც ფსევდოთავისუფლებამ შეცვალა და კიდევ უფრო დაამახინჯა. ბიჯო, აქ ვინმემ ქართველობა არ წამართვას – არ დავმალავ, გამიელვა მაგ აზრმაც. მერე წოწკომ მითხრა, მეცო. მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ქართველი.
ადრე ერთმა უცხოელმა გოგომ მომიყვა – რაღაც დიდი ორგანიზაციის ლიფტში ვიდექი ბლომად ხალხში და ტიპი მაგრად მომეწონაო: „ისიც მიყურებდა. მაგრა გავხურდი და იმასაც შევატყვე, ძალიან მოვუნდი. თავისი სართული გამოტოვა, მივხვდი, მომყვებოდა. გამოვედი. გამომყვა. სირბილით ვეძებდით სართულზე ადგილს და ბოლოს ვიპოვეთ პატარა ოთახი. არანორმალური სექსი გვქონდა. ხმა არ გაგვიცია ერთმანეთისთვის, ისე დავშორდით“.
უტიხრობაზე დიდი ბედნიერება არაფერია, მაგრამ ჩვენ ამას ვერ გავიგებთ.
ეს ჭუჭუტკაცუნა ადამიანი შეიძლება სერიოზულ თანამდებობაზე მუშაობს, ოჯახი ჰყავს, საღამოობით ტელევიზორთანაც ზის ფაჩუჩებში, მაგრამ პარასკევს ჩანთაში ტყავებს და მათრახებს ალაგებს და მიდის იქ, სადაც მიტყიპავენ, როგორც ცუღლუტ ბიჭს. ასე უნდა და იმიტომ. კიტკეტიდან აღმოსავლეთით, 3 ათას კილომეტრში კი, მსგავსი ადამიანი, რომელსაც საბჭოთა კავშირმა გონება გადაუტიხრა და კომპლექსიან არსებად აქცია, იძულებულია, ყოველდღე საათობით იჯდეს სუფრასთან და ილაპარაკოს, როგორ უყვარს სამშობლო, რომელსაც სულ ანაგვიანებს და რომლის სადარბაზოებშიც და ზღვებშიც ჯვამს; ყვება, როგორ გიჟდება ცოლზე, რომელიც შიშველი წესიერად არც უნახავს; როგორ უყვარს ძმაკაცები, რომლებზეც სხვებთან ჭორაობს და ზოგიერთის ცოლზეც დანძრეული აქვს; ლაქლაქებს, რა დიდია უფალი, რომელიც რა არის, წარმოდგენაც არ აქვს; ყვება, როგორ ტყნავდა ახალგაზრდობაში ალა პუგაჩოვას (ეს ქართველი კაცების მთავარი ლეგენდაა, ალასთან მთელ საქართველოსთან ჰქონდა სექსი);
მას ძალიან უნდა, რომ გატყიპონ, ან გატყიპოს, ან ადრე, ნაქირავებ პანასონიკის ვიდეოში ნანახი ორგიების მსგავსში მიიღოს მონაწილეობა. მაგრამ არა, „მოდი რა, ჩვენ პატრიარქს გაუმარჯოს რა, ჩემო ძმებო“, მორიგი ცისტერნის ჩასხმა, რწყევა, ცოლის გვერდით წამოწოლა, დილით ბიჭებთან ერთად ისევ პატრიარქის სადღეგრძელოს სმა, ისევ რწყევა, ისევ ცოლის გვერდით. ქმარს მიტყეპვა უნდა, ცოლს, ორგაზმი მარტო ფილმებში რომ უნახავს, უბრალოდ, კარგი სექსი. არც ერთია და არც მეორე. ამ ადამიანებს დაგროვილი სპერმა შიგნიდან ხრწნის. ჩვენ ვლპებით, ქართველებო, საკუთარ თესლში ვიხრჩობით.
დილისკენ გამოვედით, მეტრომდე ცოტა მოვწიეთ, მაგრა გვეძინებოდა უკვე, მივლასლასდით შონებერგში, ზღაპრულ უბანში, სიმწვანეში, ჭიკჭიკში. ჰაუპტშტრასეზე, ჩვენს მეზობლად, მემორიალური დაფა კიდია:
In diesem Haus wohnte von 1976 bis 1978
DAVID BOWIE
In dieser zeit entstanden die alben “low”, “heroes” und “lodger”. Sie gingen als Berliner Trilogie in die musikgeschichte ein
“we can be heroes, just for one day”
ჩემი სეხნია. დავითა. ვერ ვიტან, დავითს რომ მეძახიან. რატომ, არ ვიცი. შეიძლება იმ ამბის ბრალია, კიკეთში რომ მოხდა – გოგოს ვეპრანჭებოდი და ერთ საღამოსაც ნელი, საქერაო ცეკვისას, ძალიან ახლოდან ამომხედა – მეთქი, ეგაა, ეხლა ვაკოცებ და უცებ მეუბნება – დაუიით, მითხარი რა რამე ძალიან სასაცილო. იმის მერე აღარ მინახავს. ნეტა ბოუი რას ვერ იტანდა, ან ეს დაფა რომ ენახა, რას იტყოდა კაცი, რომელმაც სიცოცხლეშივე აქცია საკუთარი თავი მემორიალურ დაფად.
„გასაღები ვის აქვს?“, „ტრაკის?“, „არა, რა ტრაკის“. წოწკოს აქვს, რა თქმა უნდა. სადარბაზოს მძიმე კარს აღებს, შევდივართ ეზოში, ჰაშიშის დიდ ნატეხს ვეწევი, მერე კიდევ კარს ვაღებთ, კიდევ და ოთახში შევდივართ, ოთახში, რომელიც მთელი მსოფლიოს სასახლეებს მირჩევნია იმიტომ, რომ ეს კრკის ოთახია.
***
ტეგელში ჩასვლისას, მგონია, მანქანა შემყავს, სანაპიროზე რომ რობოტი სამრეცხაოებია, დიდი ჩოთქებით, იქ და მთელ ეროვნულ, ქაბაბისსუნიან ნაგავს ვიბან, რაც სულში მაქვს დაგროვებული. ბერლინი ჩემი სულის სამრეცხაოა.
ბარგს ვიღებთ, ჩემს შავ ჩანთას და მაიკოს რაღაცნაირფერს, ხელში ორივეს სიგარეტი გვიჭირავს, გასასვლელი კარი იღება და ზაზაც იღიმის. ეშმაკურად, სათვალიდან. შავებშია, როგორც ყოველთვის, თავისი დიდი ქოლგით და ვაინმაიშტერზე სერასთან ნაყიდი მაგარი ფეხსაცმელებით. საპოჟკით, როგორც თვითონ ამბობს. იგულავა ნეტა სერასთან? მეტყოდა, ეტყობა გაემაზა. იშვიათად ვეხუტები ადამიანებს ისე გულწრფელად, როგორც ამ თესლს.
ბოლო წელიწად-ნახევარში მეოთხედ ჩავედით მე და წოწკო კრკისთან. შარშან გეზუნდბრუნენში გვქონდა ბაზა წმინდა სამებას, ეხლა შონებერგში, მეტროსადგურ იულიუს ლებერ ბრუკესთან. ზუსტად მანდ მომიყვა ლევანამ ადრე – მეტროში ვარო ბერლინში და ქართველი ტიპი ეძახის თავის გოგოს ზევითო – „აზზე ხარ, ნინ, ეხლა მეტროში რო ვინმემ დაგვინახოს, ბოიშვილივიყოო?“ მეტროში ჩასვლა უტყდებათ თბილისის მდაბიო დაუნთაუნის შვილებს, რომლებიც სახლიდან 50 მეტრში, პურზე, გამოპრანჭულები მიდიან იხტიოზავრისხელა მანქანებით.
აეროპორტიდან სახლამდე ჩქარ-ჩქარა ვყვებით თბილისის ჭორებს და ვხარხარებთ, მერე ბარგს ვალაგებთ, აბაზანა, ისევ ის თხევადი საპონი და კბილის პასტა. ძველებურად ის სერი ჩუსტები დამახვედრა, ნაიკის, ცოტა ბანძი და უკვე ჩემი. სულ მეკაიფება ამ ჩემ-თავის ჩუსტებზე, მაგრა გიხდებაო. ისე, მაგ ჩუსტებს შეჩემა უნდა დავარქვა. ან შეჩემისა. შეჩემის ტრულაილა, შეჩემანალა, შეჩემისთვრამეტიანო, შეჩემისგადანგრეულო, შეჩემისმოტყნულისშვილო. კი, ასეთიც გამიგია.
ვწესრიგდებით და გავდივართ. ჯერ ყავას ვსვამთ, კარგ ყავას, იმიტომ რომ კრკის უყვარს და იცის სადაც „ისმევა“ გემრიელი, თავის ნამცხვრებით და ამბებით. მერე დილერს ვხვდებით: მოსაწევი, კოკაინი, სპიდი, ექსტაზი, შმექსტაზი. კეტამინი? არა, რა კეტამინი. რამდენიმე წლის წინ ამსტერდამში გეახელით, არ ვიცოდი რა იყო, ძალიან ბევრი მომივიდა და საათ-ნახევარი მიქელ-გაბრიელს ვთხოვდი, ძმობას გაფიცებ, ეხლა ნუ იზამ-მეთქი. იმის მერე მეზიზღება.
პარკში ვეწევით. ამათ არ უყვართ მოწევა, წოწკო ეგრევე იძინებს და მწერალი იქანცება. ბევრი ხალხია, მაგრამ სიწყნარეა. მარტო სიცილი ისმის. არავინ არავის უყურებს, არავის აინტერესებს, ვისთან ერთად ხარ, რა გაცვია, ვის აძლევ ხმას, რას ეწევი, რას ლაპარაკობ. აქ ყველა თავისთვისაა. და ყველა ყველასთვის. ოღონდ მართლა და არა ღვინიანი ჭიქით ხელში.
ზაზა არ ევასებათ საქართველოში, აგინებენ, იმიტომ რომ ამბობს, რასაც ფიქრობს და არავის უძვრება ტრაკში, არც პოლიტიკოსებს, არც კოლეგებს და არც მდიდრებს. საქართველოში თითქმის არავის უყვარხარ, თუ არ ეპირფერები, არ ეთანხმები ყველაფერში, არ უცინი ყლესავით ქაჯურ ხუმრობებზე, არ ამბობ მის სადღეგრძელოს. ჰოდა, არ უყვართ კრკი. სამაგიეროდ, იქ, მსოფლიო კულტურის საშოში მოსწონთ და პატივს სცემენ. ჯორჯიაში ამაზე სულ გიჟდებიან და კიდევ უფრო ეზიზღებათ. და ეს მაგრად კაიფობს მაგაზე.
თვითონ სულ იმას ჩალიჩობს, ნიჭიერი ქართველი აღმოაჩინოს და ამ ნიჭის გამოვლენაში დაეხმაროს. ასე მგონია, ნიჭი რომ იფურჩქნება მის ცხვირწინ, ყველაზე მაგრად ამაზე ხურდება. „იცი, რა კარგად წერს?“, „გამოყლევდები, ისე ხატავს“ – ყოველ ჩასვლაზე ბავშვივით გახარებული მიყვება ახალ აღმოჩენებზე...
„რაღაცეები დავიადოთ, ცოტა ხნით შინ მივიდეთ, ყავა მივცეთ, დავისვენოთ და გამოვიდეთ რა ისევ“. „დავაი“ – ისევ კოფეს ქვიშა მაქვს სასაზე. ვბრუნდებით. კრკი სულ წინ მიდის, ოდნავ მარჯვნივ გადახრილი, დიდი ნაბიჯებით. ეს კადრი ჩემს ბერლინის ფილმში მუდმივადაა ლოგოსავით – გადახრილი კრკი.
ავდივართ. ვბაზრობთ. კოლტრეინის პოსტერი. ბევრი დისკები. ბევრი წიგნები. ძველი, გეზუნდბრუნენის სუნი. გადასარევი ყავა და ლიმონის იოგურტი. ვეწევი. რამდენს ვეწევი ისე. ვყნოსავთ. ისევ ვბაზრობთ. ისევ ვყნოსავთ. სიგარეტი არ დაგრჩეს. გასაღები ხო ჩაიდე? აბა, სად ჩაიდე? ეგ გასაღებია? რაღაც არ გავს იმას. მანახე? ეგაა. გავედით? გავედით. სად მივდივართ? ხუივოზნაეტ. მივალთ სადმე და რასაც გვინდა, როგორც გვინდა, ისე ვიზამთ.