ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ცვლადები და კონსტანტები | გიორგი ზურაბიშვილი

"Change before you have to” - Jack Welsh

წინათქმა

ამბობენ, რომ სამყაროში ერთადერთი მუდმივი რამე ცვლილებებია. რიჟაბაზარი! რაღაცები არ იცვლება. მაგალითად, დედოფალი ელიზაბეთი, წვიმა უიმბლდონზე და ინგლისის საფეხბურთო ნაკრები. უფრო სწორად ის ფაქტი, რომ ფეხბურთის სამშობლოს ნორმალური მწვრთნელი არა და არ ეღირსა. კიდევ ბევრი რამეა რაც არ იცვლება. მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, გორან პანდევი და ქართველი ვაჟკაცის წუხილი, რომ საფრანგეთის ნაკრები საფრანგეთის ნაკრებს აღარ ჰგავს. 

მოკლედ, უფრო მეტი რამე იცვლება, მაგრამ არა ყველაფერი. უმეტესად ცხოვრებაში ცვლილება საჭირო და გარდაუვალიც კია, მაგრამ ის ყოველთვის სასიკეთო როდია და არც უეჭველად პროგრესის მანიშნებელია. ძირითადად ასეა, მაგრამ არა ყოველთვის. მაგალითისთვის, მუსიკის ინდუსტრია წლების მანძილზე უკეთესობისკენ ნამდვილად არ შეცვლილა. და საერთოდ სადაც კომერცია ღრმა ფესვებს იდგამს, იქ, ჩემი დაკვირვებით, დადებითი ცვლილებების ალბათობა უფრო და უფრო ნაკლები ხდება.

ფეხბურთი? ფეხბურთიც, რა თქმა უნდა, იცვლება და საინტერესოა ამის ნახვა, თუ რატომ, როგორ და რანაირად ხდება ეს. თამაში იხვეწება, შეიძლება ვთქვათ ვითარდება. თუმცა, ეს განვითარება მართლა განვითარება რამდენად არის?

ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ფეხბურთის და ზოგადად სპორტის საზრისზე უნდა დავფიქრდეთ. თუ სპორტს, როგორც ხელოვნებას ისე შევხედავთ, მაშინ უდავოა, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ შეფასებაში უმთავრეს როლს ესთეტიკა შეასრულებს. იმატებს თუ არა ესთეტიკა ფეხბურთში? ეს ჩემთვის დღეს ყველაზე საინტერესო საკითხია და შევეცდები სტატიის ბოლოს ამ კითხვაზე ბუნდოვანი პასუხი მაინც გვქონდეს. თუმცა, არსებობს მეორე მხარეც - შედეგი და ზოგადად შეჯიბრებითობის პრინციპი. თუ ასე შევხედავთ ცვლილებებს, მაშინ ორი აზრი არ არის რომ ფეხბურთი იხვეწება და ვითარდება. მე რომანტიკოსი ვარ და პირველი უფრო მაინტერესებს, თუმცა ტაქტიკური ინოვაციებითაც შემიძლია დავტკბე და რადგან ამ მხრივ თანამედროვე ფეხბურთში ბევრი საინტერესო სიახლეა, ამაზეც ვილაპარაკოთ. 


მოედანს გარეთ

გარდაუვალ ცვლილებებზე ვსაუბრობთ და გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო აურ-დაურია ყველაფერი. “ევრო 2020” 2021-ში იმართება, გულშემატკივარი ზოგ ქალაქში სტადიონზე ნორმალურად ვერ ესწრება და საერთოდაც საით მიექანება სამყარო?! იტალია ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, “ტიკ-ტოკი” ტურნირის მთავარი სპონსორია და ჩემპიონატს მასპინძელი ქვეყანა არ ჰყავს. უფრო სწორად ლამის იმდენი მასპინძელია, რამდენიც სტუმარი და ეგრე რაღა გამოვიდა? ადრე გვახსოვს მაქსიმუმ ორი. ისიც მეზედმეტებოდა და ასე სულ მთლად აჯაფსანდალია. ამ გადაწყვეტილებით, ჩემი აზრით, ევროს დიდი მუღამი გამოეცალა. ჩემპიონატის აღქმაში მასპინძელი ქვეყანა თავისი კულტურით და ხასიათით ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ტურნირები კი დიდწილად ასეც გვებეჭდებოდა ტვინში, როგორც მაგალითად 86 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატი, ანდა 94 წლის ამერიკის ჩემპიონატი. დღეს ასე აღარ არის. გლობალიზაციამ სტუმარ-მასპინძლობის წესებიც შეცვალა და გლობალიზაციაზე უფრო მეტად კიდევ კომერციალიზაციამ. ამ ამბავშიც კომერციის შხამიანი ფესვები უნდა ვეძიოთ და თუ ფულს დავითვლით, იოლად მივხდებით უეფას ბოსებმა ცამეტი მასპინძელი ქვეყნის გადაწყვეტილება რატომ მიიღეს: წლევანდელი ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 456 მილიონი ევროა, რაც წინა ტურნირის ფონდს 155 მილიონი ევროთი აღემატება. ჩვენ კიდევ ესთეტიკაზე და მუღამზე ვლაპარაკობთ. უეფაში კი ფული როგორც უყვართ, ეს უკვე ყველამ გაიგო. ფული ვის არ უყვარს, მაგრამ მათ მაინც განსაკუთრებით… Cash Rules Everything Around Me - CREAM. Get the money, dollar dollar bill yooo!

 მაშ ასე, 13 მასპინძელი. ცრურწმენების და ასეთი ამბების მე არ მჯერა, მაგრამ სამაგიეროდ ინგლისელებს სჯერათ. მათი უაზრო კონსერვატიზმის ალბათ გსმენიათ - ყოველგვარი ლოგიკიდან ამოვარდნილი ტრადიციების. მაგალითად, დღემდე ცხელ და ცივ წყალს ერთმანეთში არ აზავებენ, სახლებზე მეხამრიდებს არ აყენებენ და როგორც ამბობენ, ამ ცამეტი რიცხვის ისე ეშინიათ, რომ ბევრ შენობაში მეთორმეტე სართულის მერე ეგრევე მეთოთხმეტე მოდის. ჰოდა, იქნებ ზუსტად ეს ცამეტი მასპინძელი აღმოჩნდეს იღბლიანი ინგლისისთვის და იქნებ ამან მაინც დააფიქროთ, რომ გადააფასონ მსგავსი სისულელეები. თუმცა ვნახოთ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამე, რაც იხვეწება, მსაჯობის პრინციპებია. ტექნოლოგიის დანერგვამ დიდი ცვლილებები უკვე მოიტანა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ხელით თამაშის დროს პენალტი როდის იდება და როდის არა, მაინც ვერავინ გაიგო. რაც დავიბადე, ამაზე მიდის კამათი და ალბათ როდესაც მოვკვდები ისევ იგივე იქნება. როგორც ჩანს, ესეც ისეთივე კონსტანტაა, როგორც ესპანელი მსაჯების დაბალი დონე. ტექნოლოგიის დანერგვა კი ფეხბურთს ნამდვილად მოუხდა. ბევრს შეიძლება აღიზიანებს, რომ თამაშგარე ეგრევე არ ფიქსირდება და ფეხბურთელებს მომენტის დასრულებას აცდიან, მაგრამ სამართლიანობის პრინციპით თუ ვიაზროვნებთ, ორი აზრი არ არის, რომ ვიდეო გამეორებამ და VAR-ის დანერგვამ ბევრი სასიკეთო ცვლილება მოიტანა.

ვინ იცის, ეს ტექნოლოგია ფეხბურთში თავიდანვე რომ ყოფილიყო, იქნებ ქართველი მსოფლიო ჩემპიონებიც გვყოლოდა? 1970 წლის მუნდიალზე მეოთხედფინალში ურუგვაი საბჭოთა კავშირის ნაკრებს ეთამაშებოდა. ანგარიში 0-0 იყო, როდესაც ურუგვაელმა ლუის კუბილამ საჯარიმოში ჩააწოდა, გოლიც გავიდა და ურუგვაიმ თამაში მინიმალური ანგარიშით მოიგო. გამეორებაზე კარგად ჩანს, რომ ჩაწოდების დროს ბურთი აშკარად გადასული იყო და გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, თუმცა მსაჯებმა ეს ვერ დაინახეს და გოლი ჩათვალეს. საბჭოთა კავშირის იმ დროინდელ ნაკრებში ბევრი ქართველი თამაშობდა და VAR-ის არსებობის შემთხვევაში იქნებ მათ მსოფლიო თასიც აეწიათ? ამის ალბათობა მაინც ძალიან დაბალი იქნებოდა, რადგან არა მგონია ტექნოლოგიას ბრაზილიის ლეგენდარული ნაკრებისთვის ხელი შეეშალა, მაგრამ ვინ იცის? თუმცა კიდევ ისიც საკითხავია ქართველ ხალხს რა უფრო გაუხარდებოდა, ჩვენების გაჩემპიონება თუ საბჭოთა კავშირის ნაკრების გავარდნა. როგორც უფროსი თაობისგან ვიცი, ბევრი ქართველი იმ დროს სსრკ-ს ნაკრების წინააღმდეგ გულშემატკივრობდა. რთული დრო იყო.

ამ შემთხვევის გარდა კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, სადაც ტექნოლოგიის არ არსებობამ ისტორია დაამახინჯა, მაგრამ ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. ერთი ის არის, ამ შემთხვევაში ტოფიკ ბახრამოვის სახელი არავის ეცოდინებოდა და ბაქოში მსაჯის სახელობის სტადიონიც არ იარსებებდა. მოკლედ, რაც არ უნდა იყოს, უდავოა, რომ წესებში ცვლილებები და ფეხბურთში ტექნოლოგიის დანერგვა საჭირო და ალბათ დაგვიანებულიც კი იყო. ახლა კი ვფიქრობ უმჯობესია წესებზე, მსაჯებზე და ორგანიზაციულ საკითხებზე ლაპარაკი დავასრულოთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იმაზე გადავიდეთ.

თანამედროვე ფეხბურთის მთავარი კომპონენტი

მეცხრამეტე საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსის გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელის დიალექტიკას თუ გავეცნობით, ძალიან ბევრ საინტერესო რამეს აღმოვაჩენთ. მათ შორის ბევრ ისეთ თემას მივაგნებთ, რაც აქტუალობას დღემდე არ კარგავს.  ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჰეგელის თეზისის, ანტითეზისის და სინთეზის თეორიაა. გერმანელი ფილოსოფოსის ეს ძალიან საინტერესო ხედვა როგორც მიკრო, ასევე მაკრო დონეზე თითქმის ყველა სფეროს თუ მოვლენას შეგვიძლია მოვარგოთ და გამონაკლისი არც ფეხბურთია. თეზისის და ანტითეზისის თეორია იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერი განვითარება, იქნება ეს ფილოსოფიური დისკუსია, სოციალური ცვლილებები, თუ სხვა რომელიმე დინამიკური პროცესი, ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეებიდან და მათი ჯახიდან გამომდინარეობს. დაპირისპირებული იდეების ეს ჯახი ქმნის სინთეზს, რაც შემდეგ თავისთავად შობს ახალ თეზისს, ახალ მოცემულობას, რომელსაც ისევ დაუპირისპირდება კონტრაზრი, და ასე დაუსრულებლად. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ველური კაპიტალიზმის უარყოფითმა მხარეებმა თავის დროზე სოციალიზმის და მემარცხენე მიდგომების დიდი პოპულარობა გამოიწვია, რამაც შემდეგ რევოლუცია შვა. რევოლუციამ და კომუნიზმის წარუმატებლობამ, პირიქით მემარჯვენე მიდგომები გახადა პოპულარული, რამაც ახალი სახის კაპიტალიზმის დამკვიდრებას შეუწყო ხელი. დღეს უკვე კაპიტალიზმი გადადის მოდიდან და სკანდინავიური სოციალ-დემოკრატიული მოდელი ხდება პოპულარული და ა.შ.

იგივე ხდება ფეხბურთში. ყველა ეპოქაში კონკრეტული სტილი თუ ტაქტიკა დომინირებს. ეს დომინანტური სტილი შემდეგ საფეხბურთო სამყაროს მთავარ პრობლემად, ამოცანად იქცევა ხოლმე და გამოსავლის ძიება იწყება. მწვრთნელების და ტაქტიკოსების მთავარი თავსატეხიც სწორედ ეს ხდება, თუ დაუმარცხებელი სტილის ზეობა როგორ უნდა დასრულდეს. მოიგონებენ ახალ მეთოდებს, ახალ ტაქტიკებს და ერთ დროს წაუგებელ სტილს გასაღებს უპოვიან. შემდეგ თავად ეს სიახლეები იქცევიან პრობლემად და ახალი გამოსავლის ძიების საჭიროებაც ჩნდება. ასე ვითარდება ფეხბურთი და ყოველ ეპოქას თავისი თეზისი და ანტითეზისი, ანუ პრობლემა და გამოსავალი ახასიათებს.

 მწვრთნელის გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, თამაში უხეშად სამ ფაზად შეგვიძლია დავყოთ. ესენია ბურთის ფლობა, ბურთის არ ფლობა და გარდამავალი ფაზა, ანუ როდესაც ბურთის დაკარგვა ან მოპოვება ხდება და ჯერ არც ფლობაა და არც არ ფლობა. თუკი რაიმე ქარის გარდა არ არსებულა, თუკი ყოველი დაქცეულა არ ავსებულა, არ არსებული არსებულად უნდა ჩათვალო, არსებული კი მიიჩნიო არ არსებულად. სპარსული პოეზია იქით იყოს და ეს სამი ფაზა ფეხბურთის კონსტანტაა. რაც არ უნდა შეიცვალოს, ეს სამი აუცილებლად იქნება. ცვლადი კი არის ის, თუ მწვრთნელები ამ ფაზებს როგორ ხედავენ და მათ გარშემო გუნდის თამაშის აწყობას რანაირად ცდილობენ.

თანამედროვე ფეხბურთის ბოლოს წინა ეტაპს რომ შევხედოთ, უდავოა, რომ 2000-იანი წლების შუიდან მოყოლებული, დაახლოებით ათი წლის განმავლობაში, მსოფლიო ფეხბურთში “ტიკი-ტაკა” დომინირებდა და მწვრთნელებისთვის მთავარი პრობლემა, დასაძლევი ტაქტიკა, სწორედ “ტიკი-ტაკა” იყო. საკლუბო ფეხბურთში ბარსელონას წარმატება შემთხვევითი არ ყოფილა და არც ის, რომ ესპანეთის ნაკრებმა ზედიზედ სამი ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები მოიგო. “ტიკი-ტაკა” სწორი შემსრულებლებით დიდი ხნის განმავლობაში პრაქტიკულად დაუმარცხებელი ტაქტიკა შეიქნა და ის არც დღეს არის იოლად დასამარცხებელი.

 ვნახოთ მისი თავისებურება რაში მდგომარეობს: “ტიკი-ტაკას” მთავარი აზრი ის გახლავთ, რომ გუნდმა ბურთი მაქსიმალურად უნდა აკონტროლოს. გაუთავებელი ბურთის ფლობა და გორაობა სადღაც მეტოქე გუნდს კონცენტრაციას აუცილებლად აკარგვინებს, შეცდომას აშვებინებს და შანსიც ადრე თუ გვიან ჩნდება. ამ ტაქტიკაში, ბურთის ფლობის დროს, ფეხბურთელისთვის მთავარი პასის მიცემისა და მიღების კულტურა, მოედნის გეომეტრიის სწორი აღქმა, ხოლო გუნდისთვის კი აუჩქარებელი ტემპი და მოთმინების უნარია. თუმცა, როგორც ვთქვით, თამაში მხოლოდ ბურთის ფლობისგან არ შედგება და დანარჩენი ორი ფაზა არა ნაკლებ მნიშვნელოვანია.

 გარდამავალ ფაზას, დაცვაშიც და შეტევაშიც, ორი ვარიანტი აქვს: ბურთის დაკარგვის შემთხვევაში ფეხბურთელები ან უკან იხევენ და დაცვით ფორმას ინარჩუნებენ, ან პირიქით, იქვე აპრესინგებენ და ბურთის მოპოვებას მალევე ცდილობენ. “ტიკი-ტაკასთვის” დამახასიათებელი მეორე ვარიანტია, რადგან ეს ტაქტიკა მეტოქისთვის ბურთის ფლობის დროის მაქსიმალურად შემცირებას გულისხმობს, ამისთვის კი აუცილებელია ბურთის დაკარგვის შემთხვევაში გუნდს მისი დაბრუნება სწრაფად და ეფექტურად შეეძლოს. ბურთის მოპოვების დროსაც ორი ვარიანტი არსებობს: ან კონტრშეტევაზე სწრაფად გადასვლა ხდება, ანაც ტემპის დაგდება და ბურთის კონტროლი. “ტიკი-ტაკა” აქაც მეორე ვარიანტს ირჩევს, რადგან სწრაფი კონტრშეტევა ბურთის დაკარგვის ალბათობას ზრდის.

 რაც შეეხება არ ფლობის ფაზას, ასეთ დროსაც პრიორიტეტი ბურთის მაქსიმალურად სწრაფად დაბრუნებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდმა აუცილებლად პრესინგი უნდა ითამაშოს, რადგან თუ უკან დაიხევს და თავის ნახევარზე ჩაჯდება, შემდეგ ბურთს მეტოქე გააგორებს და თავად მოედანზე ისეთი დომინანტური ვეღარ იქნება. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრესინგი, როგორც გარდამავალ, ასევე არ ფლობის ფაზაში, “ტიკი-ტაკას” ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი კომპონენტია. პრესინგის გარეშე “ტიკი-ტაკა” არ მუშაობს. უამისოდ ვერც ბარსელონა იქნებოდა დომინანტი და ვერც ესპანეთის სანაკრებო ტრიუმფს ვნახავდით.

 დღევანდელ დღეს კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფეხბურთში ორი ტაქტიკა დომინირებს. ესენია “ვერტიკალური ტიკი-ტაკა” (“ტიკი-ტაკას” განახლებული ვერსია, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ბურთის ფლობის ფაზაში გუნდი უფრო სწრაფად და პირდაპირად მოქმედებს), რისი საუკეთესო მაგალითიც გვარდიოლას მანჩესტერ სიტია და “გეგენპრესინგი”, რისი საუკეთესო მაგალითიც თანამედროვე ლივერპული და მიუნხენის ბაიერნია. “გეგენპრესინგი” გერმანელმა სპეციალისტებმა გახადეს პოპულარული: რალფ რანგნიკი, იურგენ კლოპი, ჰანსი ფლიკი, ჯულიან ნაგელსმანი. ეს ის სპეციალისტები არიან, რომლებიც სწორედ “გეგენმპრესინგს” ანიჭებენ უპირატესობას. სახელიდანაც ჩანს, რომ ეს სტილიც პრესინგზეა ორიენტირებული. ის “7 წამში დაიბრუნე, 7 წამში გაიტანე” პრინციპს გულისხმობს. პრესინგით ბურთის სწრაფად დაბრუნდება და შემდეგ შეტევის სწრაფად დასრულება ამ ტაქტიკის მთავარი მახასიათებელია.

რა დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ? როგორც ბოლოს წინა დომინანტური ტაქტიკა (ტიკი-ტაკა), ისევე დღევანდელი დომინანტური ტაქტიკები (ვერტიკალური ტიკი-ტაკა, გეგენპრესინგი) ბურთის არ ფლობის და გარდამავალ ფაზებში თავიდან ბოლომდე პრესინგზე და მეტოქის ნახევარზევე ბურთის ართმევაზე არიან აწყობილი. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ პრესინგი შეგვიძლია თანამედროვე ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტად მივიჩნიოთ. ვინც პრესინგს ვერ თამაშობს, ის დომინანტი ვერ იქნება და ვინც დომინანტი ვერ იქნება, იმას მოგების შანსიც ძალიან ცოტა აქვს. ადრე თუ პრესინგს აქტიურად მხოლოდ გარკვეული გუნდები იყენებდნენ, დღეს უკვე მისი ცოდნა და გამოყენება ნებისმიერ ამბიციურ გუნდს მოეთხოვება. ეს ყველაფერი, თავის მხრივ, ფეხბურთში ახალ ინდივიდუალურ სტანდარტებს ამკვიდრებს. ფიზიკური მომზადება და ტაქტიკური განსწავლულობა უკვე ყველა პოზიციის მოთამაშეს თანაბრად მოეთხოვება. ფეხით თამაშის უნარი მეკარის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი გახდა, ისევე როგორც ბურთის ფლობის ცოდნა და პასის კულტურა ცენტრალური მცველებისთვის გახდა აუცილებელი პირობა. თავდამსხმელის შეფასების დროს კი უკვე ლამის გოლის ალღოზე მეტად ფორვარდის ბურთის ართმევის უნარი და უბურთოდ გადაადგილების სურვილი ფასობს. ასეა, ყველაფერი თავდაყირა დგება. მთავარი კონსტანტები იგივე რჩება, მაგრამ მათ გარშემო თითქმის ყველაფერი იცვლება და იხვეწება.

თუ ვთანხმდებით, რომ თანამედროვე ფეხბურთის მთავარი მახასიათებელი და დომინანტური სტილის მთავარი იარაღი პრესინგია, დღევანდელი ამოცანაც სწორედ ის არის. რა იქნება ანტითეზისი, ანუ როგორი უნდა იყოს ანტიპრესინგი, ამაზე ერთად ვიმსჯელოთ.

 

ტრი ტრი ტრი ანუ რიცხობრივი უპრატესობა

მოედანზე რიცხობრივი უპირატესობის შექმნა ოდითგანვე მწვრთნელების მთავარი ამოცანა იყო. როდესაც ძველ დროში თამაში ძირითადად მეტოქის ნახევარზე მიდიოდა, სათამაშო სქემებიც შესაბამისი იყო. გუნდები მოედანზე ხუთი თავდამსხმელით გადიოდნენ, იმისთვის რომ სადაც ბურთი ყველაზე ხშირად ტრიალებდა, იქ რიცხობრივი უპირატესობა ჰქონოდათ. ტოტალური ფეხბურთის დამკვიდრებასთან ერთად, რა თქმა უნდა, სქემები და მიდგომები შეიცვალა, მაგრამ რიცხობრივი უპირატესობა ის კონსტანტაა, რაც ფეხბურთში გამარჯვების გასაღები ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება.

ცვლადი კი არის ის თუ ამ უპირატესობის შექმნის მცდელობა მოედნის რომელ მონაკვეთში ხდება. როგორც ვისაუბრეთ, თანამედროვე ფეხბურთში მთავარი იარაღი პრესინგია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბურთის ფლობის დროს გუნდებისთვის მთავარი საზრუნავი ბურთის დაცვიდან შეტევაში გადატანაა. სივრცეები დღეს ყველაზე მეტად სწორედ ამ ზონაში იზღუდება და რიცხობრივი უპირატესობის შექმნაც ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ აქ არის. ამიტომაცაა, რომ თუ ადრე გუნდის პლეიმეიკერი 10 ნომრის პოზიციაზე თამაშობდა და ბურთს თავდამსხმელების უკნიდან ათამაშებდა, დღეს ეს პოზიცია პრაქტიკულად გაქრა და გამთამაშებლებმა ცენტრალურ მცველებს შორის გადაინაცვლეს. ამიტომაც ფასობენ ყველაზე მეტად ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ლუკა მოდრიჩი, ტონი კროოსი, ტიაგო ალკანტარა, ფრენკი დე იონგი და ა.შ. გამთამაშებელი დღეს ყველაზე მეტად საყრდენ ზონაშია საჭირო, რადგან მთავარი ამოცანა პრესინგის გარღვევა და დაცვის პირველი ბარიერის დაძლევაა. გამქრალი 10 ნომრის ფუნქციები კი დიდწილად ცენტ-ფორვარდებმა შეითავსეს. ამიტომაც არიან წარმატებული ისეთი სტილის თავდამსხმელები, როგორც მაგალითად ქარიმ ბენზემა, ჰარი კეინი, რობერტო ფირმინო და ა.შ.

 ბოლო წლების ყველაზე წარმატებულ გუნდებს თუ გადავხედავთ, ერთ ძალიან საინტერესო დეტალს აღმოვაჩენთ. თითქმის ყველა გუნდი, ვინც მნიშვნელოვან გამარჯვებებს მიაღწია, სამი მოსაყრდენო ცენტრალური ნახევარმცველით თამაშობდა. ამის ყველაზე კარგი მაგალითი მადრიდის რეალია (კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი), თუმცა, ბაიერნი და ლივერპულიც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები იგივე სტილის ნახევარდაცვით გახდნენ. კრიშტიანუ რონალდოზე უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი, ჩემი აზრით, ზიდანის რეალის უდიდეს წარმატებაში სწორედ ეს კომპონენტი იყო. დაცვიდან შეტევაში იდეალური გადასვლა, რასაც გუნდი საყრდენ ზონაში რიცხობრივი უპირატესობის მოპოვებით ახერხებდა, ხოლო 10 ნომრის პოზიციაზე დარჩენილ სიცარიელეს ქარიმ ბენზემა ავსებდა და დაცვის პირველი ბარიერის დაძლევის შემდეგ უკვე მეტოქის ნახევარზე რიცხობრივი უპირატესობის შექმნაში მთავარ როლს ბენზემა ასრულებდა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ მსოფლიოს ჩემპიონ საფრანგეთის ნაკრებზე: კანტე, პოგბა და მატუიდი მცველებთან ერთად რიცხობრივ უპირატესობას შეტევის დაწყების დროს ქმნიდნენ, ხოლო უკვე მეტოქის ნახევარზე ბურთის გათამაშებაში ნახევარმცველებს გრიზმანი და ოლივიე ჟირუ ეხმარებოდნენ. ჟირუს წინა მუნდიალზე კარშიც კი არ დაურტყამს, მაგრამ გუნდის წარმატებაში მაინც უდიდესი როლი შეასრულა, რადგან დასკვნით ფაზებში ბურთს ინარჩუნებდა, რაც ნახევარმცველებს სიღრმიდან ამოსვლის დროს აძლევდა და შემდეგ გრიზმანის და განაპირა მცველების დახმარებით საფრანგეთის ნაკრები უკვე მეტოქის საჯარიმოსთან ქმნიდა რიცხობრივ უპირატესობას. ეს ტაქტიკა მოედნის ცენტრის მოგებაზეა გათვლილი, რაც იმას ნიშნავს რომ ასეთ დროს ნახევარდაცვაში ფლანგების მოთამაშეების ადგილი აღარ რჩება და ფლანგის ნახევარმცველების ფუნქციებს განაპირა მცველები ითავსებენ.

ასეთი ტაქტიკა ბოლო პერიოდში ყველაზე წარმატებული იმიტომაც არის, რომ რიცხობრივ უპირატესობას მოედნის ყველა მონაკვეთში ქმნის, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ჩანაფიქრის შესრულებას ყველა პოზიციაზე უმაღლესი კლასის შემსრულებლები ჭირდება. ეს არის თანამედროვე ფეხბურთის სტანდარტი და თუ რომელიმე რგოლი არ მუშაობს, ტაქტიკაც არ ამართლებს.

დღეს პრესინგს საშუალო დონის გუნდებიც კარგად თამაშობენ და ამიტომაც არის, რომ ბევრი მწვრთნელი უკვე სამმცვლიან ტაქტიკაზე გადავიდა. ესეც, რა თქმა უნდა, გუნდების რესურსიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე ხდება, მაგრამ სამმცვლიანი ტაქტიკა ბოლო დროს მაინც თვალში საცემად პოპულარული გახდა. ამის მიზეზიც საყრდენ ზონაში რიცხობრივი უპირატესობის შექმნის მცდელობაა, რადგან ასეთი განლაგებით ბურთის ატანის დროს მეტი სამკუთხედი იქმნება და წნეხში მოყოლილ ბურთიან კაცს პრესინგის დროს შეტევის დაწყების მეტი ვარიანტი უჩნდება.

 ვინ იცის იქნებ ამ ევროზე პრესინგის დაძლევის ახალი მეთოდებიც ვნახოთ. ან იქნებ ისეთმა ოლდ სქულ ტაქტიკებმა მოიპოვონ წარმატება, როგორი მეთოდითაც წელს ტომას ტუხელის ჩელსიმ გუარდიოლას სიტის ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოუგო. აქტიური პრესინგი დაცვის ხაზის მაქსიმალურად ზევით აწევას გულისხმობს, რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ მცველების ზურგს უკან სივრცეები რჩება. ეს კი კონტრშეტევებისთვის და პირდაპირი სწრაფი თამაშისთვის ხელსაყრელი მოცემულობაა. ანდაც იქნებ პრესინგის დაძლევა და დაცვიდან შეტევაში ბურთის ატანა ლუკაკუს სტილის ტარანული ტიპის ფორვარდების გამოყენებით გახდეს შესაძლებელი. ასეთ შემთხვევაში დაცვიდან გრძელი პასი და პირველი ბურთის მოგება პრესინგს მთლიანად არღვევს და რიცხობრივ უპირატესობას პირდაპირ მეტოქის ნახევარზე ქმნის. მოკლედ, ვნახოთ რომელი სტილი და ტაქტიკა გაიმარჯვებს. ჰეგელის თეორიისა არ იყოს, ყველაფერი ვითარდება, მაგრამ შეიძლება ეს განვითარება როგორც სამყაროში, ასევე ფეხბურთშიც წრეზე დატრიალდეს და ერთ დროს მივიწყებული რომელიმე სისტემა კვლავ აქტუალური გახდეს. 

 

ბოლოთქმა

ახლა მთავარ შეკითხვას დავუბრუნდეთ. ტაქტიკური თვალსაზრისით დავრწმუნდით რომ ფეხბურთი იხვეწება და ვითარდება, მაგრამ ესთეტიკის მხრივ რა ხდება? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჯერ იმაზე უნდა დავფიქრდეთ თუ ფეხბურთში ესთეტიკურ სიამოვნებას რა გვანიჭებს.

ჩემთვის ეს არის სამი რამე: ფანტაზია/ინტელექტი, სისწრაფე/დინამიკა და ტექნიკა. რაც მეტი ფანტაზია, დინამიკა და ტექნიკა არის თამაშში, მით უფრო ესთეტიკურია ჩემთვის მატჩი და პირიქით.

 საით მიდის ფეხბურთი და ვითარდება თუ არა ის? აქამდე ჩემთვის პასუხი ცალსახა იყო, რომ ფეხბურთი კი არ ვითარდება, არამედ პირიქით უფასურდება, რადგან თამაშის მთავარი ამოცანა სივრცის და დროის შეზღუდვა იყო. ხოლო რაც ნაკლები სივრცე და დრო აქვს ფეხბურთელს, მით უფრო პატარა შანსია მან ესთეტიურად ითამაშოს. შეზღუდულ სივრცეში და დროში ფანტაზისტა მოთამაშეების როლი კლებულობს, ფსონი კი უფრო ფიზიკურად ჯანმრთელ და ძლიერ ფეხბურთელებზე კეთდება. ტექნიკის დემონსტრირების და ფინტაობის დროც აღარ არის.

 თუმცა, ვფიქრობ, დღეს უკვე სხვა რეალობა გვაქვს. ახლა მთავარი ამოცანა ყველა გუნდისთვის სწორედ პრესინგიდან ეფექტურად ამოსვლა და ჩაკეტილი სივრცეების გახსნაა. ის ფაქტი, რომ საშუალო დონის გუნდებიც პრესინგს თამაშობენ, იმას ნიშნავს, რომ ძლიერმა გუნდებმა რაღაც ახალი უნდა მოიფიქრონ და ეს ახალი, ჩემი აზრით, მცველებს უკან დარჩენილი სივრცეების ათვისება უნდა იყოს. ამიტომაც არის, რომ ამ ევროზე გუნდები უკვე ძალიან სწრაფ ფეხბურთს გვთავაზობენ, რადგან პრესინგს, როგორც წესი, მოედანზე მყოფი ორივე გუნდი თამაშობს და ბურთის ფლობისა და არ ფლობის გარდამავალი ფაზა, წინა ეპოქებთან შედარებით, გაცილებით ხშირად გვხვდება. ის კი ნიშნავს მეტ ქაოსს, მეტ სივრცეებს, მეტ დინამიკას და შემოქმედებითი, ტექნიკური, სწრაფი თამაშის მეტ შესაძლებლობას. ასე რომ, მე მომავალს იმედიანად ვუყურებ და ვფიქრობ ფეხბურთი ესთეტიკური თვალსაზრისითაც განვითარდება. ყოველ შემთხვევაში იმაზე უკეთესი მაინც გახდება, ვიდრე ბოლო პერიოდში იყო. აბა სანტანას ბრაზილიას მე, სამწუხაროდ, არ მოვსწრებივარ და საფეხბურთო წრის იმ წერტილამდე მისასვლელად ამ უდიდეს თამაშს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი.

ამ ყველაფრის მერე ალბათ გაიფიქრებთ: სად ვართ ჩვენ? საით მივდივართ, რა არის ჩვენი განვითარების ვექტორი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მკითხველისთვის მომინდვია, უბრალოდ ერთ რამეს შეგახსენებთ: სამყაროში რამდენი ცვლადიც არ უნდა არსებობდეს, თავისუფალი ვარდნის აჩქარება ყოველთვის 9.8 მ/წმ2-ა, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ, ჩვენ თავს ხელი თუ არ გავუწოდეთ ფსკერისკენ მაინც ერთნაირი აჩქარებით მივექანებით.