ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

დაწყევლილი საქმე | თამარ კობალაძე, ცხინვალი

თამარ კობალაძე, ცხინვალი. 1991 წლიდან მოყოლებული ცხოვრობს დიღმის გზატკეცილზე, დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში

ქართულ-ოსური კონფლიქტი. 1991-1992. 
ცხინვალში ვცხოვრობდით ლერმონტოვის ქუჩაზე. ჩვენ ქუჩაზე სულ 4-5 ოჯახი ვიყავით ქართველი. დანარჩენი სულ ოსები. მაგრამ ერთს არ ვიტყოდით, ეს რუსია, ან ეს თათარი, ანდა - სომეხიო. ცხინვალში მაგას არ არჩევდნენ. აქ რომ ჩამოვედი, ვიძახდი, ვაიმე, ღმერთო, ეს სადა ვარ, სულ კუთხურად უყურებენ ერთმანეთს-მეთქი, ის გურულია, ის იმერელია. 

ჩვენც ასე არ გვიყურებენ?!

ისე მწარედ მახსოვს პირველი ასეთი შემთხვევა. ოცდაათი წლის წინ, ჩვენ რომ აქ დავსახლდით, გარშემო მარტო ცარიელი მინდვრები იყო. ჰოდა, გააკეთეს ბაზარი, სოფელ დიღმიდან ჩამოდიოდნენ და ბოსტნეულს ჰყიდდნენ. ერთხელ კომბოსტოს ვყიდულობ და გამყიდველი ბიჭი ეუბნება მეორეს ჩვენზე, ესენი ლტოლვილები არიანო, ისიც დამცინავად მომიტრიალდა და - ჰა, მოგეწონათ ასფალტი, აღარ გინდათ სახლებში დაბრუნებაო? მე ვუთხარი, ღმერთმა არ გამოგაცდევინოს, ქოხი რო გედგას და ეგ დაკარგო, მაგაზეც თავს მოიკლავ ტირილითა-მეთქი.

მაგრამა იმ ბიჭმა კი არა, ყველამ ძნელია, გაიგოს, რა გამოვიარეთ ჩვენ. თქვენი სახლი ბოლომდე დაწვესო, ეს ამბავი დეიდაჩემთან ყოფნისას გავიგეთ. იქვე იყო დეიდაჩემის მეზობელი, ჩავიდა თავის ბინაში, დაიწყო ოთახებში სიარული, მარტო იყო თან, მერე ჩამოჯდა და ატირდა. მივიდა მისი მეუღლე, მანანა, რა გატირებსო, შეეშინდა კაცს. ამან კიდევ, იციო, ალიკოო, ლამარას სახლი დაუწვეს და მეც წარმოვიდგინე, ეს ჩემი ყველაფერი რო დაწვანო, სულ ყველაფერიო, - ამაზე ტიროდა ქალი, ასე შეეცადა ჩვენს გაგებას.

სამი დღე და ღამე ზიდეს სატვირთოებით ჩვენი ნივთები. ჩვენი ნათესავები პოსტებზე იდგნენ და იმათ უთხრეს დედაჩემს: სულ ვიცოდით, როდის გადიოდა შენი ავეჯი, მარა ვერაფერს ვეუბნებოდითო. რო გაძარცვეს და გაყიდეს ყველაფერი, მერე დაწვეს, წაუკიდეს ცეცხლი.

ეს უკვე მეორე არეულობაზე მოხდა. თორემ პირველზე - გამსახურდია რომ ჩამოვიდა და მიტინგი ჩაატარა და იქით შეიქმნა „ადამონ ნიხასი“, ამის მერე დაახლოებით ერთი წელიწადი, თუ უფრო მეტი არა, ჩვეულებრივი ცხოვრება და ურთიერთობა გვქონდა. ის კი არა, 22-23 წლის გოგო ვმუშაობდი მაღაზიაში გამგედ და რომ მივდიოდი, ერთი ეგ იყო, თანამშრომლები მეხუმრებოდნენ, მოვიდა ჩვენი პატარა ექსტრემისტიო. თორემ ისე, პატივს მცემდნენ და მეც პატივს ვცემდი. 

მერე და მერე გართულდა. ოსები ლაპარაკობდნენ, რა უნდათ ამ ქართველებს, რას შლიან ამ საბჭოთა კავშირს, რა არა ყოფნითო. თვითონ არც დაშლა უნდოდათ, არც ეს არეულობა, არც ქართველების გამოყრა. ჩემ გვერდზე მცხოვრებნი ვინც იყვნენ, საღამოთი დავსხდებოდით და ხან ყავას ვსვამდით, ხან ისე ვერთობოდით და ვლაპარაკობდით. მაგრამ იყვნენ არაფორმალი ოსები, უნდოდათ ხელი მოეთბოთ და თავიანთი საქმე გაეკეთებინათ. დაჟე ფულებსაც აგროვებდნენ იარაღის შესაძენად, რუსებისგან მარაგდებოდნენ.  

ჩვენებმა, ქართველებმა კიდევ ის არ იფიქრეს, იქ მცხოვრებ ქართველებს რა მოგვივიდოდა. მიტინგი ჩაატარეს და შუღლი დატოვეს. ჭორები გავრცელდა, ოსებს გაყრიან და ოსების სახლებში ქართველებს შეასახლებენო. ოსებმა დაიწყეს ლაპარაკი, მაგ ზელენჟიხმა სთქვაო (ყბამოგრეხილს ნიშნავს), ოსებს სულ კალოშით უნდა ვასვა წყალიო. ჰოდა, ახლა დავინახავთ, ვინ ვის დაალევინებს კალოშითო. მაგრამ თან თვითონ ოსები გვიცავდნენ ჩამოსული ოსებისგან. თბილისში გადმოსვლამდე, რაღაც დროს, ერთი თვით გავიხიზნეთ დედაჩემის სოფელში, ოსებმა გვითხრეს, გაერიდეთ, ბავშვები გაიყვანეთო და უკან რომ მივბრუნდით, ეზოს ჭიშკარიც კი არავის ჰქონდა შეღებული. მაშინ გაზეთებს ვიწერდით და ფოსტით სახლებში გვირიგებდნენ. ჰოდა, ეს ამდენი გაზეთი კართან ეყარა ახალმოთოვლილზე. 

უკვე ბოლოსკენ, მეზობლის ქალი შესულა და დედაჩემისთვის ფეხები დაურტყამს, ეს ოსების მიწააო, ქართველების კი არააო. არადა, რა რჯიდა, ისე წაუვიდა მერე საქმე, შვილი დაეწვა, ბიჭიც მოუკლეს. 

დაწყევლილი საქმეა მიწაზე ჩხუბი. იმიტო რო ჩვენი ბოლო მაინც ეგ არის, ორ მეტრზე მეტს მაინც არ გაგვატანენ. 

მეორე არეულობა 1991 წლის შობას იყო ზუსტად. ახალი წელი ცხინვალში დავიყენეთ, შობის წინა დღეს წავედით სოფელში. ღამე ცა გავარვარდა, გაწითლდა, სროლებია, რა ხდება - ვიძახით. არაფერია, ჩვენები არიან, თბილისიდან შემოვიდნენ, სამხედრო პოლიცია შემოიყვანესო. ეგ იყო და ეგ, ჩავიკეტეთ სოფელში ჩვენი ჭკუით ძველით ახალ წლამდე მოსალხენად წასულები. ქართველები ოსებს იჭერდნენ. ოსს თუ მოკლავდნენ, მერე იმისიანები მოდიოდნენ და ქართველებს ხოცავდნენ. მერე - პირიქით. ჩემი ქმარი პოსტზე იდგა. რომ გაიხნა გზები, ჩაგვსხა მანქანაში და წამოგვიყვანა. ქალაქი გამოვიარეთ ჩქარა, სახლში არც შემივლია, რა უნდა ამეღო. არც ვფიქრობდით იმაზე, რომ დიდ ხანს მოგვიწევდა აქეთ ყოფნა. მალე უნდა დავბრუნებულიყათ ისევ. აი, მერე გავიგეთ, რომ სახლი დაწვეს ჩვენი. ჯერ გაცალეს და მერე დაწვეს. სხვა ხმებიც გამოდიოდა, რომ ოჯახებში რომ შედიოდნენ, ვინც ხვდებოდათ, ზოგს ხოცავდნენ, ზოგს უშვებდნენ, გოგოებს აუპატიურებდნენ. ჩემს მეზობელს ქონდა ჭა და თქვეს, სულ ქართველები არიან იმ ჭაში ჩახოცილებიო, ხოცავენ და იქა ყრიანო.

თბილისში მოვედით 1991-ში. აქ შემოვსახლდით გაზაფხულზე. საქონელის ჯოგს რო შეყრი, დროებითო და შემოვრჩით დღემდე. 30 წელია აქა ვცხოვრობთ. 

ძალიან მინდა ჩემი მხარე. ხო, ვიცი, რომ არც სახლი დამხვდება, ის ურთიერთობაც აღარ იქნება, მაგრამ მაინც მინდა. ის მომენატრა, რომ გახვალ და უცებ იცი, საქმეს სად და როგორ მოაგვარებ, ხვეწნა არავისი დაგჭირდება, ყველა გიცნობს და იცნობ. აქაც უკვე მოვშინაურდით, მაგრამ აი, ამ საცხოვრებელსაც კი არ გვიკანონებენ. და ამასაც, რასაც მივაღწიეთ, წლები მოვანდომეთ. იქა, იმხელა მაღაზია მებარა, იმხელა პატივისცემა მქონდა, წინსვლის პერსპექტივა კიდევ. აქა, ეკონომიკური მაქვს დამთავრებული და აგერ, დაცვის პოლიციაში, პოლის ჯოხი მიჭირავს, ვალაგებ. დავიჩაგრეთ. ჩამოვჩით ცხოვრებას და ჩვენივე თავებს.

იმათაც კი ენატრებათ ქართველები. რამდენი ხმა მომივიდა, ნაცნობებს უთქვამთ ცხინვალში, ქართველები რომ აქ ცხოვრობდითო, სულ სხვა ცხოვრება გვქონდაო. რა გასაკვირია - ის ხალხი აღარ არის, ვისაც იცნობდნენ, ის სითბო აღარა აქვთ. ნაომარი მხარეა. ძველი ოსები ვინც იყვნენ, აი, ინტელიგენციას რომ ეძახდნენ, სულ გასულები არიან მეტი წილი, ზოგი რუსეთის რომელ ქალაქში ცხოვრობს, ზოგი - უკრაინის. 



ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ტექსტი: თამარ ბაბუაძე

ტრანსკრიპტზე მუშაობდა მართა მელიქიძე
ფოტო: ვლადიმირ სვარცევიჩი / ანასტასია სვარცევიჩის არქივიდან

 თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა