ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ტყვე და დამპყრობელი კავკასიაში | საუბარი ბრიუს გრანტთან

ესაუბრა თამარ ბაბუაძე


ბრიუს გრანტი ‒ პროფესორი, ნიუ იორკის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი;

მიმართულებები: ყოფილი საბჭოთა კავშირი, ციმბირი, კავკასია, კულტურის ისტორია და პოლიტიკა, რელიგია. 2009 წელს გამოიცა მისი წიგნი კავკასიაში რუსეთის იმპერიის ექსპანსიის თავისებურებათა შესახებ, სახელწოდებით: „ტყვე და საჩუქარი: სუვერენულობის კულტურის ისტორია რუსეთსა და კავკასიაში. კულტურა და საზოგადოება სოციალიზმის შემდეგ“.

ინდიგო: ჩვენი საუბრის წინა ნაწილში აღნიშნეთ, რომ რუსეთმა საქართველოში პატარა სარკე იპოვა, რომელშიც საკუთარი თავი აღმოაჩინა ‒ ქართულ არისტოკრატიასთან საერთო ენის გამონახვა ადვილად შეძლო. საბოლოოდ, საქართველო წარმატებულ მაგალითად იქცა მისთვის, თუმცა, ფართო ისტორიულ კონტექსტში, რატომ უკავშირდება ჩვენი ქვეყანა რუსეთისთვის მაინცდამაინც წარმატებას?

ბ.გ.: რა თქმა უნდა, ეს პარადოქსია და სულაც არ არის საჭირო 1800-იან წლებში დაბრუნება იმის წარმოსადგენად, თუ როგორ გრძნობდნენ თავს რუსი კოლონიზატორები, მწერლები, ჟურნალისტები, დიპლომატები ანდა ვაჭრები ამ კუთხით. პარადოქსია, რადგან, როგორც შენიშნეთ, საქართველოში ეს არავის უთხოვია მათთვის, ისევე, როგორც ახლა არ მოგიწვევიათ აქ თავიანთი სარკის საძებნელად (საუბარია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან წამოსულ ადამიანებზე ‒ თ.ბ.). თუმცა, იმპერიებისა და კოლონიების მსოფლიო ისტორიიდან დანამდვილებით ვიცით, რომ კოლონიზატორები თავს უცხოდ არასდროს გრძნობენ ახალაღმოჩენილ მიწაზე. პირიქით, იმასაც კი ფიქრობენ, რომ ამ ქვეყნის ატმოსფეროში კარგად მიიღებენ და, როგორც წესი, ეძებენ მსგავს ადამიანებს, რათა თავი უფრო კომფორტულად იგრძნონ.

ეს, ალბათ, ზოგადად ადამიანის ბუნებაში დევს, არა? საუნივერსიტეტო გარემოდანაც მოგიტანთ მაგალითებს: ახლა შესანიშნავ უნივერსიტეტში ვმუშაობ, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან სტუდენტები და, მსოფლიოს უმეტესი ქვეყნისგან განსხვავებით, უზარმაზარი რესურსები და პრივილეგიები აქვთ. მიუხედავად ამისა, მაინც თავიანთ მსგავს ადამიანებს ეძებენ და შესასწავლად ირჩევენ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს, ქალაქებში მცხოვრებ ინტელექტუალებს, რადგან თავს კომფორტულად მათთან გრძნობენ.

ეს კარგი პარალელია მსოფლიო და საბჭოთა იმპერიების ისტორიასთანაც, რეგიონში არაქართველთა ჩამოსვლის მიზნებთან. ასეთი მსგავსების პოვნა რუსებს შუა აზიასა თუ აზერბაიჯანში უჭირდათ, რადგან სხვაობა საგრძნობი იყო; უჭირდათ იმ ტერიტორიაზეც, რომელიც ცნობილია სომხეთის სახელით და საშინლად განადგურებული იყო ამდენი ომით, საქართველოში კი 1800-იანებში შემოსულმა რუსებმა იპოვეს ლამაზი ქვეყანა, ქრისტიანული მოსახლეობით, რომელსაც ჰყავდა თავისი არისტოკრატიაც ‒ მათგან განსხვავებული, მაგრამ არისტოკრატია! მართალია, ამ ხალხის ასიმილაციას შეუდგნენ, მაგრამ ეს მაინც იყო წარმოსახვითი პროცესი ‒ როცა უყურებ ამ ხალხს და შენს თავს ხედავ, ხარ მათ შორის და თან საკუთარ თავს ეკუთვნი.

ცხადია, ეს მარტო ამ სიტუაციას არ ეხება... არც ბერძნებს, არც რომაელებს, არც სპარსელებს, არაბებს, მონღოლებსა თუ სხვებს უკითხავთ რამე ადგილობრივებისთვის...

ინდიგო: თქვენი წიგნის დასაწყისიდან გავიხსენოთ ფრაზა, რომელსაც აზერბაიჯანის დაბა შაქის მცხოვრები მამაკაცი გეუბნებათ:

„ერთადერთი მომენტი, როცა ჩვენს ქალაქს აღორძინება ეტყობოდა, მეცხრე საუკუნეში იყო. მაშინ აბრეშუმის გზაზე ვაჭრობა ყვაოდა, მას მერე კი დაღმა დავეშვით… განვითარების ზენიტში მეცხრე საუკუნეში ვიყავით ‒ ჯერ კიდევ მაშინ, როცა რუსეთი კიევის რუსის დიდებას ირეკლავდა... მაგრამ რას გეტყვიან ამაზე რუსები? გეტყვიან, რომ ცივილიზაცია ჩვენთან თვითონ შემოიტანეს!“

გამოდის, რომ ეს კაცი დღესაც, ცუდ დროებაშიც ამაყობს თავისი დიადი და შორეული წარსულით, რომელიც პირადად არც ახსოვს (მისი წინაპრების მახსოვრობაშიც ვერ შემოინახებოდა ცოცხლად). სწორედ ამ წარსულის გამო, ის თავს მუდამ აღმატებულად გრძნობს რუსებთან მიმართებით, რომლებიც დამპყრობლებად, უცხო ძალად ესახება.

მსგავსი ფრაზა რუსების მიმართ ქართული პოპულარული გამოთქმებიდანაც შეგვიძლია გავიხსენოთ. ამიტომაც, საინტერესოა, რას ნიშნავს რუსების ეს მარადიული მიუღებლობა? იქნებ ასეთ ფრაზებში ‒ რუსებთან საკუთარი თავის შეპირისპირებაში ჩანს კავკასიელთა შინაგანი ძალა (შესაძლოა, სრულიად გაუცნობიერებელიც), რომელიც სჭირდებათ პროტესტის მარადიულად გამოსახატავად? იმისთვის, რომ არ მოდუნდნენ? დამპყრობლის ასე დანახვა თითქოს ყოველდღიური შეუგუებლობაა რეგიონში მათ ასე დიდხანს დარჩენასთან.

ბ.გ.: მართალია, ამ ადამიანს უშუალოდ არასოდეს განუცდია წარსული, რომელიც იგულისხმა, თავისი უძველესი კულტურა, თუმცა ყოველდღიურად გრძნობს და იცის, რომ მსოფლიოს იმ ნაწილს წარმოადგენს, რომელსაც მუდმივად ზემოდან უყურებენ და რომლის არსებობაც მუდმივად რჩებათ მხედველობიდან.

ამ კაცის შემთხვევაში ეს არ არის წარმოსახვის აქტი, არც „მწუხარე“ ნაციონალიზმის ფორმა. ეს ძალიან კონკრეტული, შეულამაზებელი ცოდნაა, რომ, ცივილიზაციური ტერმინების თანახმად, შენც გეკუთვნის გასვლა მსოფლიო ასპარეზზე, ნებისმიერი სხვა ხალხის მსგავსად, მაგრამ არავინ გიმჩნევს.

ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა ნათქვამმა. აღმოვაჩინე, რომ მეც ბევრი არაფერი ვიცოდი მის პატარა ქალაქზე. გაოცებული ვათვალიერებდი შაქის ხანების სასახლეს ‒ ისტორიულ და ულამაზეს ნაგებობას, რომელიც შესანიშნავადაც შემონახულა და გამაოგნებელი არქიტექტურითაც გამოირჩევა. გაივლი მის თაღოვან შესასვლელს და რწმუნდები, რომ ოდესღაც აქაურობა ნამდვილად მნიშვნელოვანი ადგილი იქნებოდა.

ამ საკითხს სხვა თემასთან მივყავართ ‒ ეს არის მსოფლიო, რომელსაც პერიფერიები არ აქვს; სამყარო, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის არსებობს. ასეთი მსოფლიო მინდა ყველასთვის და, ბუნებრივია, კავკასიისთვისაც, რადგან ამ რეგიონს ვიკვლევ. დიახ, უცხოელი ვარ, სტუმარი, აუტსაიდერი, და სხვები სხვა რამეს უსურვებენ კავკასიას, მაგრამ მე თვითონ დეკოლონიზებულ სამყაროზე ვოცნებობ. ამას თავისი აბსტრაქტული და პრაქტიკული მიზეზები აქვს. ყველაზე მარტივი, პრაქტიკული ასპექტი მაინც კარგი სამყაროს სურვილია ‒ დახარისხების, კატეგორიზაციის, ქვეყნების კატალოგებში მოქცევისა და ცენტრებად და პერიფერიებად დაყოფის გარეშე.

რა თქმა უნდა, მესმის თანამედროვე ეკონომიკური რეალპოლიტიკის, რომელიც გვეუბნება, რომ ზოგს მეტი ფული აქვს, ზოგს ‒ ნაკლები, და ვისაც მეტი აქვს, უფრო მნიშვნელოვან როლსაც ასრულებს, თუმცა რეალპოლიტიკის ასპექტები ხომ არ გვავალდებულებს, რომ სწავლულებიცა და მეცნიერებიც ამ წყობით ვაზროვნებდეთ? დიდ იმედგაცრუებას სწორედ ეს იწვევს ‒ ზოგჯერ საკუთარ თავშიც, უფრო ხშირად კი იმ ადამიანებში, რომლებიც მუდმივად გამაოგნებელი სიმსუბუქით განაგრძობენ ფიქრს „ცენტრი-პერიფერიის“ კატეგორიებით, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მიდგომა წარსულიდან ერგოთ. განსაცვიფრებელია, რომ დღესაც კავკასიისნაირ რეგიონს მსოფლიოს პერიფერიულ არეალად განვიხილავთ.

რატომ ხდება, რომ მსოფლიოს ამგვარ ნაწილებს სულ სხვა ხალხთა ამბის ნაწილად ვაფასებთ? სპარსთა პერიფერია, თურქთა პერიფერია, რუსთა პერიფერია, საბერძნეთის ამბიციების არეალი, ანდა მონღოლების... ყველა ეს ისტორია შესანიშნავია და ძალიან მნიშვნელოვანიც კაცობრიობის წარსული ცოდნის გასაგებად, მაგრამ აქვე, კავკასიაშივე გვაქვს საოცარი ისტორიები, აქაური ხალხების, მათი მეტოქეობის, ოღონდ ეს მაშინ ხდება ხილული, როცა თავად რეგიონის ცენტრიდან უყურებ მოვლენებს... და ამ ყველაფერს ისევ შაქელი კაცის ნათქვამთან მივყავართ: მას არ დასჭირვებია შესვლა „ცენტრი-პერიფერიის“ სიბრტყეზე, ანდა თანამედროვე ნაციონალიზმის ნიუანსებში, არც იმპერიის პრიზმის მორგება, თუმცა თითოეულ ჩამოთვლილ საკითხს მოტივად სწორედ ამ კაცის ნათქვამი უდევს: აქ უგულებელყოფილია ფუნდამენტური სოციალური ღირებულებები ‒ მთელი რიგი სოციალური გამოცდილებები... და ეს დღესაც გრძელდება. არ გეგონოთ, რამე აბსტრაქტულს ვამბობდე, არსებობს ძირეულად ემპირიული, ისტორიული ნივთმტკიცებები და გამოცდილებები, რომლებსაც დღესაც უგულებელყოფენ, ვერ ხედავენ, რადგან კავკასიაზე შრომების 99% ახლაც „ცენტრი-პერიფერიის“ ენას ეფუძნება.

კოლონიზაციის ენა ძალაუფლების მქონისა და სუსტის, პატრონისა და მონის, ჰეგელის ცნებებით რომ ვთქვათ, ბატონისა და ყმის ურთიერთობის ენაა. დავფიქრდეთ ცნებაზე „დახელოვნება“ (mastery), გარკვეულწილად, უმაღლესი ხელისუფლების (sovereignty) გაგებით ‒ როცა ერთი ჯგუფი ცდილობს ცოდნის, ძალაუფლების მოპოვებას მეორეზე. აი, ეს ‒ უფრო აბსტრაქტული გაგებით დახელოვნების ენაა ძალზე მნიშვნელოვანი ანთროპოლოგიაში, ისტორიასა და მთელ მეცნიერებაში.

ძალიან ფრთხილად კი ვიყენებ ამ სიტყვებს, რადგან არ უარვყოფ დაგროვებულ ცოდნას, მაგრამ იმისიც მჯერა, რომ თუ გვსურს დეკოლონიზებულ მსოფლიოში ცხოვრება, უარი უნდა ვთქვათ სხვა ადამიანთა დაუფლებაზე სამეცნიერო გაგებით (მათში დახელოვნებაზე). თავმდაბლობა იქნება ანთროპოლოგიაში იმთავითვე აღიარება, რომ აქ არ მოვსულვართ სხვა სამყაროთა დასაუფლებლად, სხვა ხალხებსა და ენებში დასახელოვნებლად. აქ იმისთვის ვართ, რომ მაქსიმალურად დავიხარჯოთ გარემოში, სადაც არავინ არავისში არ ხელოვნდება (არავინ ბატონობს სხვაზე).

არადა, დღეს ვხედავთ, რომ განსაცვიფრებელი დამაჯერებლობით აანალიზებენ ომს, რომელმაც მთელი რეგიონი შეარყია; აანალიზებენ ისინი, ვისაც სინამდვილეში მსოფლიოს ამ არეალისა თითქმის არაფერი გაეგება. ეს აზერბაიჯანელი კაციც დაქანცულია, გამოფიტულია იმ ნარატივთა მოსმენით, რომლებსაც უცხონი თხზავენ მის სამყაროზე...

ინდიგო: ასეთ გარემოებაში რთულია საკუთარი ნარატივისა თუ ხედვის კუთხის პოვნა, საიდანაც შევხედავთ ამ ყველაფერსაც და საკუთარ თავსაც...

ბ.გ.: დავიწყოთ იმით, რომ მთელ ქართველობას არ აწევს ტვირთი, კოლექტიურად აირჩიოს ხედვის კუთხე, რათა კოლექტიურად გაუგოს საკუთარ თავს, ან სხვებს. არ არსებობს ცნებები „ჩვენ“ და „ისინი“, რადგან, ეგზისტენციური თვალსაზრისით, ადამიანები მხოლოდ მოლეკულების ერთობა ვართ, განუწყვეტლივ რომ ეხლებიან ერთმანეთს. არც ვაკნინებ ამ საუბარს და არც ანეკდოტს ვყვები, უბრალოდ, სჯობს გავიხსენოთ ხოლმე,

რომ ვიბადებით, ვიტანჯებით და ვკვდებით, შუაში კი უამრავი შეხლა-შეტაკება გვაქვს.

სანამ ადამიანები მაინც ლაპარაკობენ კოლექტიურ „ჩვენზე“, აბსოლუტურად ვიზიარებ აზრს, რომ მსოფლიო მეცნიერების განვითარება ვერ პასუხობს გეოგრაფიულ-ისტორიულ ვითარებებს კავკასიის მსგავს არეალებში; ვერ ელაპარაკება ამ ადამიანებს თავიანთივე სიტყვებითა და ცნებებით, დებატის საკუთარი პირობებით და არა სამეზობლოში ყველაზე გავლენიანი ხალხის ენით.

რას ნიშნავს ეს? პერიფერიულ, კოლონიურ და იმპერიულ ენას რომ თავი დავანებოთ, ეს ვითარება საქართველოს მსგავსი ქვეყნებისგან მოითხოვს წარმოუდგენელ სიმტკიცეს, არ აჰყვნენ დომინანტურ ძალებს, როგორიცაა თუნდაც მოწოდება ევროპისკენ სვლაზე. ეს აბსოლუტურად პრაქტიკულ მიზნებზე დაფუძნებული მისწრაფებაა, მაგრამ თან ყოველთვის უიღბლობა მგონია, რომ ევროპა მიიჩნევა სამხრეთ კავკასიის განვითარების მთავარ კომპასად.

პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს სრულიად გასაგებია, თუმცა ხანდახან იმედგაცრუებასაც იწვევს, რადგან კავკასიას არ უნდა სჭირდებოდეს საკუთარი თავის „განსაზღვრა“ ევროპის შუქზე, საკუთარი თავის გაგება ნაციონალიზმის მეშვეობით.

ნაციონალიზმზე კიდევ ვისაუბროთ, მაგრამ აქ ერთი კითხვაა მნიშვნელოვანი ‒ როგორ ფასს იხდიან ადამიანები ამ რეგიონში, თუ ნაციონალიზმი არ აქვთ?

რას ვგულისხმობ?

უკრაინაში ომის დაწყებამდეც ვეუბნებოდი ჩემს უკრაინელ კოლეგებს ერთმანეთის მსგავს ისტორიულ ტრაექტორიაზე უკრაინასა და აზერბაიჯანს შორის, რადგან სწორედ ამ ორ ქვეყანაში არ მძლავრობდა ნაციონალიზმი ისე, როგორც ზოგიერთ მეზობელ ქვეყნებში.

ამის შედეგი აზერბაიჯანში ხელშესახებად იგრძნობა, რადგან ნებისმიერი ადგილი, რომლის „განსაზღვრა“, „სახელდება“ უჭირთ გარედან მისულებს, მყისიერად იქცევა საექსპერიმენტო ლაბორატორიად, მბრძანებლობის ზონად.

როდესაც საქართველოში შემოდიოდნენ რუსები, იცოდნენ, რომ საქმე ქართულ არისტოკრატიასთან ექნებოდათ; სომხეთის სახელით ცნობილ ტერიტორიაზე შესვლისას კარგად უწყოდნენ, რომ რაღაც უნდა აეგოთ იმ საზოგადოებასთან ერთად, რომელიც ისტორიულად იქვე ცხოვრობდა და უზარმაზარი პოლიტიკური და ისტორიული ტრავმებით იტანჯებოდა; აზერბაიჯანს კი უბრალოდ ვერაფერი გაუგეს ‒ გაუჭირდათ მისი ისტორიული გამოცდილებისთვის თვალის მიდევნება, თუნდაც იმიტომ, რომ არ ესმოდათ სპარსული, არც ოტომანური თურქული, რომლის სწავლა მართლაც რთულია. რეალურად, არავინ იცოდა, როგორ მიდგომოდნენ ამ ქვეყანას, ამიტომაც იყო, რომ იქ ყველაზე თავისუფლად იგრძნეს თავი ‒ პოლიტიკური გაგებით თავისუფლად.

აქ მახსენდება სწორედ უკრაინა, რომელსაც, ჩემი დაკვირვებით, ასევე არ დაუხარჯავს დიდი ძალისხმევა გამოკვეთილი ნაციონალური იდენტობის მოსაპოვებლად, სხვების გამორიცხვის ხარჯზე. ამას ახლაც მაშინვე შენიშნავ. კოლეგებიც ხშირად მეუბნებიან, რომ თავს კომფორტულად გრძნობენ უკრაინაში, სადაც იღებენ და არ დასცინიან... და ასეთ კომფორტს არ განიცდიან, ვთქვათ, ცენტრალურ რუსეთში (ევროპულსაც რომ უწოდებენ), სადაც კანის ფერი, რელიგია და ენა დიდი ფორიაქისა და აღგზნების წყაროა; ცხადია, ვერც საქართველოში. ასეა, იგივე აზერბაიჯანელები რომ ჩამოდიან თქვენთან... და არა იმიტომ, რომ ქართველები იმთავითვე ცუდად ხვდებიან, უფრო იმიტომ, რომ აქ გამოკვეთილი ნაციონალური კულტურაა, რომელსაც ხალხი ცნობიერად უკავშირებს თავს.

სოციალური „გადღაბნილობა“, მკაფიოდ გამოკვეთილი ნაციონალური გარემოს უქონლობა კი ხანდახან სხვებს აცდუნებს. ეს ვნახეთ კიდეც, როცა რუსეთმა იოლად გადაწყვიტა უკრაინაში შეჭრა, რადგან მათთან სხვაობას ვერ ხედავდა. მეტის თქმაც შეიძლება, თუმცა ერთი დასკვნისკენ ნამდვილად მივდივართ: ეს არის ცენტრისა და პერიფერიის ირგვლივ არსებული დინამიკა, ნაციონალიზმისა და იმ ფასის დინამიკა, რომელსაც ზოგიერთი ხალხი გარკვეული სოციალური და პოლიტიკური ღიაობისთვის იხდის. ამგვარ ღიაობას ზოგი გამოხსნილ კარად აღიქვამს, რომელში შესვლაც უკითხავად შეუძლია.

ინდიგო: მოდი, ვისაუბროთ ცნებაზე „დამპყრობელი-მსხვერპლი“. როგორც ჩანს, მას ძალიან სახიფათო შინაარსი აქვს: დამპყრობელს თავი შენს მსხვერპლად წარმოუდგენია, ამიტომ ვერასდროს იპოვის საჭირო „ენერგიას“ თავდასაღწევად. დამპყრობელი, რომელმაც თავი შემოგწირა, აქ არის, რათა დარჩეს. არის თუ არა ასეთი მსხვერპლობა „რუსული ბუნება“?

ბ.გ.: ვიყოთ პატიოსნები და ვთქვათ, რომ ეს მხოლოდ რუსეთს არ ეხება. „დამპყრობელი-მსხვერპლის“ სახეს ყველაზე მკაფიოდ ისტორიკოსი რიჩარდ უაიტი გადმოგვცემს, რომელიც სულაც არ გულისხმობს კავკასიას: ის უყურებს და სწავლობს შეერთებულ შტატებს, ასევე, ევროპულ მაგალითებს ბევრ სხვა შემთხვევას შორის. ასე რომ, „დამპყრობელი-მსხვერპლი“ ძალიან მძლავრი სახეა და მხოლოდ აქ არ გვხვდება.

თუმცა ყველა შემთხვევაში ჩანს იმპერიულობისა და კოლონიზაციის თანმხლები ორგვარი დინამიკა განსაზღვრული რიგითობით. პირველი ჩემს წიგნშიც იკვეთება ‒ სტრუქტურული აღრევა გაცემა-აღებას შორის.

რატომ შედის ადამიანი სხვა სამყაროში? მხოლოდ იმისთვის ხომ არა, რომ წიგნი წაიკითხოს, ან ყვავილები დაკრიფოს მდელოზე და შინ დაბრუნდეს? როცა იმპერიული და კოლონიური ამოცანები გაქვს, ადგილობრივ ხალხთან საერთო ენას გამონახავ, აღიარებ და დააფასებ მის სამყაროს, მაგრამ შენი იქ ყოფნის ძირეული მიზეზი ყოველთვის რაღაცის დაუფლება და წამოღება იქნება ‒ სამუშაო ძალის, რესურსებისა და კაპიტალის ექსტრაქცია. ამიტომ, პირველი, რასაც თავდაცვის ხერხად იყენებ, დაჟინებული მტკიცებაა, რომ რაღაცის წასართმევად კი არა, მისატანად ხარ ჩასული, ასე ვთქვათ, ჰუმანიტარული მისიით; მერე გადადიხარ თავდაცვის მეორე ვერსიაზე ‒ „დამპყრობელი-მსხვერპლი“.

უკავშირდება ეს ლოგიკა იმას, რასაც რუსეთი აკეთებდა სხვადასხვა რეგიონში? დიახ! თუმცა ისტორია გვეუბნება, რომ მე-18 და მე-19 საუკუნეებში მსოფლიოს ყველა სხვა არეალში ადამიანებმა „დამპყრობელი-მსხვერპლის“ ენა თავიდან მოიშორეს და, შედეგად, ბევრგან აღარ გვხვდება. რაც შეეხება თავად მე-19 საუკუნეს, კი ბატონო, ეს იყო რომანტიზმის ხანა ‒ პუშკინის, ლერმონტოვის, ტოლსტოის, ბესტუჟევ-მარლინსკის... ‒ მაგრამ ამ ენის დღემდე შენარჩუნება? ეს პუტინის ენაა ‒ „ჩვენებს გასაჭირში არ მივატოვებთ“ („სვაიხ ნე ბრასაემ“). რას ნიშნავს? რას და: „იქ იმიტომ კი არ ვართ, რომ გვინდა, უბრალოდ იძულებულნი ვართ“; „იქ მსხვერპლნი ჩვენ ვართ და სხვები გვდევნიან“. ამ ლოგიკით აიხსნება დღესაც უკრაინაში შეჭრა და იქაურობის მიწასთან გასწორება. ასე რომ, სტრუქტურული აღრევა მიცემა-აღებას შორის ძალზე მნიშვნელოვანია. თუ ის არ მუშაობს, ირთვება „დამპყრობელი-მსხვერპლის“ ლოგიკა სწორედ ამ რიგითობით. რატომ იყენებენ ამ ენას დღემდე რუსეთში? წარმატებული გამოდგა და იმიტომ.

ინდიგო: „რუკაზე რომ დაიტანო რუსეთის იმპერიის ადრეული პერიოდისა და შემდგომში უფრო გამრავალფეროვნებული სუვერენული პრაქტიკა, დაინახავ შთამბეჭდავ გაერთიანებებს, საზიარო ენისა და ოჯახების სახით (რაც დაპყრობის შედეგია), მოგვიანებით კი უკვე საბჭოთა ინტერნაციონალური იდეალების სახითაც“, ‒ ეს ფრაგმენტი წიგნის იმ ნაწილიდან არის, რომელშიც ცხადად ჩანს, გარკვეულ სიბრტყეებზე როგორ შეეზარდა ერთმანეთს რეგიონში მოსული ოკუპანტი და ადგილობრივი.

წიგნის ამ ნაწილის კითხვისას ვივარაუდე, რომ შესაძლოა რუსების კავკასიაში თანაცხოვრების ეს მაგალითები საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის იმდენად მიუღებელი იყოს, რომ მისი დავიწყება ურჩევნია. ევროპისკენ სწრაფვის ფონზე ხაზი გადაესვა რუსეთის აქ ყოფნის მთლიან კვალს და მის სხვადასხვა გამოვლინებას. თუმცა, რა ცოდნაა ეს, რომლის აღიარების გარეშეც წინსვლა ფერხდება?

ბ.გ.: არასერიოზულად ნუ მოვეკიდებით რეალპოლიტიკას, რომელშიც ახლა ვართ. საქართველოს, ნებისმიერი სხვა ქვეყნის მსგავსად, სერიოზული სამხედრო ძალა სჭირდება თავდასაცავად; ასევე სჭირდება ძლიერი კონსტიტუცია და კანონის უზენაესობაც, რათა ყველა მოქალაქისთვის იყოს მისაღები და საკანონმდებლო ფარგლებშიც სტაბილურ საზოგადოებად დარჩეს იმ უმრავლესობისთვის, რომელიც ქვეყანას წარმოადგენს. თუ რუსები უქმნიან ამ ყველაფერს საფრთხეს, დიახ, უნდა მიმართოთ კონსტიტუციას და სამხედრო მხარდაჭერას. გასათვალისწინებელია ეკონომიკური ძლიერება და მსგავსი საჭიროებებიც.

თუმცა, რუსები მსოფლიოს ამ ნაწილში კოლონიზაციამდეც იყვნენ და რეგიონის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ და ისტორიულ ელემენტს ქმნიდნენ. საერთოდ, მჯერა, რომ „ჩვენ და ისინი“ დაპირისპირების ენაში მოქცევა ნიშნავს საკუთარი ნებით გამოკეტვას სატუსაღოში. მესმის, რომ არსებობს ნაციონალიზმის ენა, რომელსაც აქტიურად იყენებენ ესა თუ ის პოლიტიკური ძალები... მესმის, რომ მის გარეშე ცხოვრება ხალხისთვისაც რთულია, თუმცა ეს აშკარად უკავშირდება პოსტკოლონიური ვითარების ორ ძირითად ვექტორს: წარსულის მიღებასა და აწმყოსთვის თვალის გასწორებას.

წარსულთან დაკავშირებული პრობლემაა თანამონაწილეობის უარყოფა ‒ იმის უარყოფა, რომ ბევრი გავლენიანი ქართველი (არა მხოლოდ უზნეო ანდა მორალურ კომპრომისზე წამსვლელი, არამედ კარგი ზრახვების მქონე, ინტელიგენტი და ალტრუისტიც) მონაწილეობდა ქვეყნის მართვაში რუსეთის იმპერიისა თუ საბჭოთა კავშირის დროს.

მეორე პრობლემა დღევანდელობას უკავშირდება ‒ ძალაუფლების იმ სტრუქტურებთან გამკლავებას, რომლებიც სულაც არ გარდაქმნილა ისე, როგორც ადამიანებს სურდათ. ცინიკურად არ ვამბობ, რადგან არც ისეა საქმე, თითქოს არაფერი შეცვლილა. ცხადია, საზეიმო განწყობა გვქონდა, როცა კოლონიალიზმის ხანა დასრულდა და გაჩნდა მოლოდინი, რომ მოისპობოდა უთანასწორობა, იერარქიულობა, და დადგებოდა კონსტრუქციული მომავლის ხანა. თუმცა დღევანდელ სამყაროში ცხადად ჩანს, რომ უთანასწორობის სტრუქტურები არსად გამქრალა. მათ ყველა ძველი თუ ახალი გამოვლინებით ვხედავთ... შეიძლება ამას ხელაღებით არ უარვყოფთ, მაგრამ დიდად ვერც დანახვის სურვილს ვხედავ. ეს ეხება თქვენს ნათქვამსაც ‒ სურვილის არქონას, რომ წარსულს თვალი გაუსწორო, დაინახო ისტორიული ნივთმტკიცებები, ვგულისხმობ რუსების საქართველოში ყოფნას.

ინდიგო: „ასე და ამგვარად, „კარგი ტუსაღის“ ეს კონკრეტული მითოლოგია მოხვდა ნაყოფიერ გარემოში, სადაც რიტუალური განათხოვრების... და ადამიანთა გატაცების იდიომებს ხანგრძლივი ტრადიცია აქვს…“, ‒ წერთ თავში „პრომეთესეული დასაწყისი“ და იქვე: „ამგვარმა იმპერიულმა საჩუქარმა რუსულ პუბლიკას უამრავი რამ მოუტანა: შორეულ მიწებზე სამხედრო ხარჯების მითიური დასაბუთება; თავდაჯერება სხვა იმპერიულ ძალებთან მოხვედრისას; იმპერიის განმანათლებლურ მისიათა წყალობით კი ‒ თვითკმაყოფილებით გაჯერებული ნარატივი, რომ იმპერიის ახალ მხარეებთან ურთიერთობა გრძელდება…“ თუმცა, რას გულისხმობთ „ნაყოფიერ გარემოში“, რომელიც იმპერიას კავკასიაში დახვდა? რატომ მიიღო რეგიონმა ასეთი „ტყვე“? რა ურთიერთმიმართება გაჩნდა?

ბ.გ.: ასეთი ლანდშაფტი მხოლოდ კავკასიას არ ახასიათებს, მსოფლიოს ბევრ ქვეყანას აქვს მსგავსი ტრადიციები ‒ სოციალური აღრევისა და მისაკუთრების. როცა კავკასიურ გარემოზე ვწერდი, ძირითადად, ამ ორ იდეას ვგულისხმობდი. ვფიქრობ, ამას მნიშვნელობა აქვს დატყვევების დომინანტურ ენაში, რომლის რუსული ვერსიაც, როგორც აღვნიშნე, მსოფლიოში გავრცელებული მოვლენის მხოლოდ ერთი სახესხვაობაა და არა, როგორც თქვენ მკითხეთ, „რუსული ხასიათი“. ეს ენა ყველანაირ იმპერიულობას ახასიათებს, კოლონიზაციასაც, და ძალაუფლების გავრცელების ზოგადი ლოგიკაა.

თუმცა, როცა კავკასიურ გარემოზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ აქ უკვე გავრცელებული იყო დატყვევების არარუსული პრაქტიკა ‒ ვთქვათ, მომავალი ცოლების მოტაცება. ხშირად ეს ძალადობრივად და ქალთან შეუთანხმებლად ხდებოდა, თუმცა მერე და მერე, იერარქიათა შესუსტების კვალდაკვალ, ნაკლებძალადობრივი და მეტად გამოკვეთილი თანხმობითაც: „ჩემი მშობლები არასდროს დამრთავენ ნებას, ცოლად გამოგყვე, მაგრამ მიყვარხარ და, თუ მომიტაცებ, სხვა გზა არ ექნებათ“ ‒ აი, ამას ვგულისხმობ.

ჩემი კვლევაც ამით დაიწყო; ასევე, აბრაგის ფენომენზე დაკვირვებით, როცა ადამიანი სხვა საზოგადოებას აფარებს თავს; როცა სხვა სოციუმიდან მოსულ უცხოს ახალ სამყაროში ახალ სოციალურ სტატუსს ანიჭებენ და თითქოს იშვილებენ კიდეც... თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ გარემოში აბრაგის უცხო წარმომავლობა ავიწყდებათ, ანდა მას ოდესმე მაინც მოექცევიან თავისიანივით, აბრაგის ისტორიები კი გვიჩვენებს, რომ ადამიანებს აქვთ უნარი, გადალახონ სოციალური ზღვრები და სხვა საზოგადოებაში, სხვა სამყაროში დარჩნენ.

ჩვენც ამაზე ვსაუბრობთ ახლა ‒ როგორ გადაადგილდებიან პასიური სხეულები სოციალურ სივრცეთა კიდეებზე ისე, როგორც ისტორიის ნორმალურ განვითარებას შეეფერება. შესაბამისად, მსგავსი ნაყოფიერი ლანდშაფტი, ზოგადად, ორმხრივ თანხმობას შეიცავს. ამ გარემოში აბრაგის არქეტიპი ისედაც გასაგები იყო უმეტესობისთვის: იცოდნენ, რომ ადამიანებს შეეძლოთ თავშესაფრის ძიება საკუთარი სოციალური საზღვრებიდან მოშორებით, რომ ამას თავისი სახელი ჰქონდა და თვითიდენტიფიკაციაც შეეძლოთ; მიმღებ საზოგადოებაში კი კარგად უწყოდნენ, რომ ასეთი სტუმრის მიღება-არმიღება, მოკვლა ან დატოვება მხოლოდ მათი გადასაწყვეტი გახლდათ. თუმცა, პრაქტიკული გარემოებები სხვაგვარია: ამბავი, თუ როგორ მოდის რუსი დამპყრობელი მსხვერპლი, რომელიც ტყვედ ვარდება, უპირველეს ყოვლისა, ნარატიულია და რეალურ ცხოვრებაში ასეთი ფიგურა იშვიათად გვხვდება. ამ ისტორიებში სწორედ ეს არნახული პარადოქსია საოცრად ამაღელვებელი: რუსი ტუსაღის ამბავი ისეთი დამაჯერებელი, ისეთი მიმზიდველი და რომანტიკული ეჩვენებოდა რუს მკითხველს, სულ მცირე, 200 წლის განმავლობაში, რომ მან გარკვეული პოლიტიკური ძალაც კი შეიძინა, რომანტიკულ ხიბლთან ერთად, და ამ ძალას დღემდე ინარჩუნებს.

ამავდროულად, უამრავი ადამიანისთვის კავკასიაში ტყვედ ჩავარდნილი რუსის ნარატივი სულაც არ იყო რომანტიკული. აბა, რა არის რომანტიკული იმაში, რომ კავკასიელი ქალი ყველა ასეთი ამბის ბოლოს კვდება? დიახ, ასეა დაუსრულებლად ‒ ყველა მოთხრობასა და ნაწერში ეს სცენარი მეორდება... და როგორღა გამოდის ეს სიყვარულის ამბავი?

როცა სტატია დავწერე კავკასიაში ტყვედ ჩავარდნილ რუსებზე („ტყვეობის ციკლი“, რომელიც შემდეგ ამ წიგნშიც შევიტანე), მივხვდი, რომ მსგავს ისტორიებს მართლაც დიდი რომანტიკული ზემოქმედება ჰქონდათ ‒ იმდენად დიდი, რომ ევროპელ და ამერიკელ მეცნიერებსაც კი უთქვამთ: „კარგი რა, ბრიუს, ბოლოსდაბოლოს, ლიტერატურის მკვლევარი არ ხარ და არ გესმის: ეს სასიყვარულო ისტორიებია! ეს ამბები მშვიდობაზეა დაწერილი!“

ჰოდა, რამდენჯერ გამიფიქრებია, ნეტავ, რომელ სამყაროში მივიჩნევთ მშვიდობაზე დაწერილ ნაწარმოებად მოთხრობას, რომელშიც პერსონაჟი აუცილებლად კვდება?

იმავეს მიმტკიცებდნენ ფილმზე „კავკასიის ტყვე“, რომელშიც სერგეი ბოდროვი უმცროსი თამაშობს. თუ გახსოვთ, ის ტრაგიკულად დაიღუპა ‒ სხვა ფილმზე მუშაობისას მყინვარის ნაშალში ჩაიმარხა და კავკასიას ემსხვერპლა. აი, ამ ფილმზეც ხალხი დაჟინებით მიმეორებდა, რომ მშვიდობაზეა გადაღებული. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ რანაირად? ბოლო სცენაში ხომ ვხედავთ, როგორ მიიწევს კავკასიური სოფლის ცისკენ რამდენიმე რუსული სამხედრო ვერტმფრენი და ვიცით, რასაც უზამენ იქაურობას? მშვიდობაზეა გადაღებული ფილმი, რომელიც ისევ კავკასიელის სიკვდილით უნდა დასრულდეს?

ამ რომანტიკულ ტრადიციას ისეთი დამაჯერებელი ძალა აქვს, რომ შენც თავს ირწმუნებ, თითქოს რაღაც კარგს აკეთებ, თუმცა სინამდვილეში პირიქითაა.

ერთხელ, ბაქოში, რამდენიმე მეგობარს ვაჩვენე „კავკასიელი ტყვე“, მაინტერესებდა მათი აზრი. ფილმს აზერბაიჯანულად ვუყურებდით, ეს ენა მესმის და მეგონა, ჩრდილოკავკასიური ყოფის ამსახველ ეპიზოდებში იქაური მსახიობები მონაწილეობდნენ, რომლებიც თავიანთ ენებზე საუბრობდნენ. ჩემმა მეგობრებმა სიცილი დაიწყეს ‒ ეს ხომ რუსულიაო. კავკასიაში სულ სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ, თუმცა რეჟისორს ეს სულ არ აინტერესებდა. ამ პრინციპით, ჩინურადაც შეეძლოთ ჩაეწერათ დიალოგები. ასე რომ, „კავკასიელი ტყვე“ სიყვარულის ამბავი ნამდვილად არ არის ‒ თითქოს ეს ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის.

ინდიგო: ისევ ნაწყვეტი წიგნიდან: „...თანდათანობით მიღებული გახდა რეგიონის დაკავშირება ქურდობასთან. იმპერატორი ნიკოლოზ პირველი კავკასიას „ქურდების ბუნაგს“ უწოდებდა, პოეტი კატენინი კი ერთ-ერთი იყო, ვინც ამ მხარეს ადარებდა „ყაჩაღთა თავშესაფარს“, ქურდები ანტიკური დროიდან რომ სახლობენ“.

ბ.გ.: ჩემთვის სწორედ აქ იკითხება იმპერიისა და კოლონიზაციის ენის მესამე რიგის ლოგიკა ‒ უცხოს დემონიზაცია და კანონგარეშედ გამოცხადება, შენივე ძალადობის გასამართლებლად (პირველი, როგორც გახსოვთ, სტრუქტურული აღრევა იყო გაცემა-მიღებას შორის, მეორე კი ‒ დამპყრობელი-მსხვერპლის ლოგიკა).

გარკვეულ მომენტებში კავკასიის სამხედრო წინააღმდეგობა აღიზიანებდა რუსეთს, ისევე, როგორც სპარს ან ოსმალ მმართველებს, რადგან რეგიონში შემსვლელთ ძალიან იშვიათად აინტერესებდათ სახელდობრ კავკასია: თითქმის ყოველთვის მათ ის სურდათ, რომ შეუფერხებლად გაევლოთ აღნიშნული ტერიტორია და მსოფლიოს სხვა რეგიონებს დაუფლებოდნენ.

ამგვარად, კავკასია ასეთ შემთხვევებში უბრალოდ დაბრკოლება იყო. კავკასიელები, ცხადია, უპირისპირდებოდნენ მათ, სამხედრო წინააღმდეგობის დაძლევას ცდილობდნენ... და სწორედ ამ პროცესში იბადებოდა ენა კავკასიის შესახებ ‒ სახელდება, რომ ეს რეგიონი „ყაჩაღების ბუდეა“.

თუმცა, ამგვარი აღქმის მიღმა არსებობს უამრავი ძაფით შეკავშირებული რეგიონიც და აქ უკვე გვიწევს სხვა ენის ხსენებაც ‒ ნაციონალიზმის ენის, რომელსაც რეალპოლიტიკის სპექტრში გადავყავართ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დანაწევრებულ ტერიტორიაზე მრავალი მცირე ნაციონალური საზღვრის აღმოცენებას შევესწარით და არ მგონია, ვინმეს სრულად შეეფასებინოს იმ დრამატულ სოციალურ-პოლიტიკურ ტრანსფორმაციათა სიმძაფრე, რომლებიც კედლების აღმართვას მოჰყვა. შაქიში მუშაობისას ვიცოდი, რომ რუსეთ-დაღესტნის საზღვარი სულ რამდენიმე კილომეტრში იყო და ადამიანები მას სრულიად ჩვეულებრივად კვეთდნენ ჩრდილოეთით მცხოვრებ ნათესავთა მოსანახულებლად, 1992 წელს კი ეს უცებ აღიკვეთა. უამრავი ასეთი გზა მოისპო საზღვრების აღმართვის შემდეგ (თუნდაც ყარაბაღი კმარა დასტურად), მე კი მგონია, რომ ეს კავკასიური ძაფები დღესაც გასათვალისწინებელია. რამდენიმე ათწლეულში ამ მოვლენებს თავისი ისტორიული, სოციალური და კულტურული რეზონანსი მოჰყვება.

პირველი ანბანური წესი, რომელსაც ანთროპოლოგიის საწყის საფეხურზე ვასწავლი, ასე ჟღერს: მსოფლიო ისტორიაში არასოდეს უარსებია მცირე, დანარჩენი მსოფლიოსგან სრულად მოწყვეტილ საზოგადოებას, რომელსაც თავისი უნიკალური სოციალური სამყარო ჰქონდა. ადამიანები მუდამ სხვათა იმიტაციას ცდილობენ ‒ სურთ, დანარჩენებს ჰგავდნენ. ამის უარყოფას თავისი სერიოზული შედეგები მოსდევს, რის დანახვასაც პოლიტიკურ განზომილებაში არასდროს ცდილობენ.

ამ საკითხზე საუბარი ერთადერთი მიზეზით დავიწყე: კულტურის ისტორია ერთმანეთისგან სესხებისა და მოპარვის, სხვათა ხატებისგან ახალ სიმბოლოთა შექმნის (აპროპრეაციის) ისტორიაა.

და ბოლოს, ისევ ტყვეობას მივუბრუნდეთ: არ ვფიქრობ, რომ „დამპყრობელი მსხვერპლი“ მხოლოდ რუსული ფენომენია, თუმცა არ მასვენებს კითხვა, თუ რატომ გაიდგა ფესვი ასე მკვიდრად ამ არქეტიპმა რუსულ პოლიტიკასა და კულტურაში.

პრომეთეზე უკეთესი მაგალითი არ მაქვს (წიგნის ყდაზეც მისი გამოსახულებაა): სად იყო იგი მიჯაჭვული? კავკასიის მთებში ‒ როგორც ბერძნებს წარმოედგინათ, ძლიერი, იმპერიული და ამბიციური სახელმწიფოდან დაშორებულ უცხო მიწაზე. სხვა დანარჩენი ამბებიც საოცრად რომანტიკულია ამ პერსონაჟის შესახებ: დიახ, მას შთამბეჭდავი სხეული აქვს, რომელიც არ ჰგავს ჩვეულებრივი პატიმრისას, ხანგრძლივი მიჯაჭვა რომ დააძაბუნებდა. ნახეთ, როგორ ფიზიკურ ფორმაშია, რა მშვენიერი კუნთები აქვს ‒ ძალიან ლამაზი კაცია! მერე რა, რომ იტანჯება და არწივი ყოველდღე უკორტნის ღვიძლს… ისიც ხომ ვიცით, რომ ამ „სამუშაოს“ თავისი ნებით დათანხმდა: ბერძნული ვერსიით, პრომეთემ წინასწარ იცოდა, რა ელოდა ‒ რომ მრავალი ათასი წლის განმავლობაში იქნებოდა მსხვერპლის მდგომარეობაში, მაგრამ გააზრებულად შესწირა თავი ადამიანთა კეთილდღეობას. ...და რა გააკეთეს ამ ტანჯვის პასუხად სკვითებმა, რომლებიც დაიპყრეს? დაიტირეს პრომეთე ‒ ასე ვიცით ბერძნული ნარატივიდან. რამდენად განსხვავდება ამირანის მითი პრომეთესგან, სხვა თემაა, ბერძნული შემთხვევა შეგვახსენებს ლოგიკის ორ რიგს ‒ კერძოდ, ამ ნარატივში სრულად აიხსნება მიღება-გაცემას შორის სტრუქტურული აღრევაცა და დამპყრობელი მსხვერპლის ენაც.

ის კითხვაღა დაგვრჩა, თუ რატომ იყენებს რუსეთი ამ ენას დღემდე, როცა ოცდამეერთე საუკუნეში სამყაროს ძალიან ცოტა ნაწილში თუ მიმართავენ მას? რატომ ინარჩუნებს ეს ნარატივი მიმზიდველობას ამ ქვეყნისთვის?

რატომაც არა?! უკანასკნელი ორასი წლის განმავლობაში ხომ ამ ენამ მშვენივრად იმუშავა და მუშაობს დღესაც ‒ ეს ის პოლიტიკური ნარატივია, რომლის მობილიზებაც რუსეთს მოსახლეობის დიდ ნაწილში ძალიან უადვილდება: ყველას ესმის დაჟინებული ენა, რომელიც გაცემა-წართმევას შორის სტრუქტურულ აღრევას ეფუძნება.

ამას მივყავართ უკრაინასთან, სადაც საზოგადოება ბევრად ღიაა, ვიდრე, ვთქვათ, ცენტრალურ, ე.წ. ევროპულ რუსეთში, ანდა ბალტიისპირეთსა და საქართველოში, სადაც უფრო მკაფიოდ განსაზღვრული ნაციონალური საზღვრები და კონტექსტი აქვს. თუმცა, ეს ღიაობა არ გამოდგება უკრაინაში ომის დაწყების გამართლებად ‒ ომის, რომელსაც ბოლომდე არც არავინ ელოდა და რომელიც ბოლომდე არც არავის ესმის.

logos

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა