გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
სინდისის პატიმრები დანიელ მუმლაძე გურამ ხუტაშვილი

დაკავება წინააღმდეგობის გარეშე | დანიელ მუმლაძისა და გურამ ხუტაშვილის საქმე

23 წლის დანიელ მუმლაძე და 26 წლის გურამ ხუტაშვილი ერთი ბრალდებით დააკავეს. 4 დეკემბრის აქციის ღამეს, მათ რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული 112-ის სათვალთვალო კამერების დაზიანება ბრალდებათ. დამტკიცების შემთხვევაში ეს 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ორივენი წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. საპროცესო შეთანხმება ამ დრომდე მიღწეული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ გურამიც და დანიელიც დანაშაულს აღიარებენ, ინანიებენ და მზად არიან, ზარალი აანაზღაურონ. სწორედ ეს გარემოება განასხვავებს მათ საქმეს ყველა დანარჩენი პატიმრის საქმისგან, რომლებიც ბოლო ორ თვეში აქციებზე სისხლის სამართლის მუხლით დააკავეს და წინასწარ პატიმრობაში დატოვეს.

დანიელ მუმლაძის ადვოკატი, ომარ ფურცელაძე ამბობს, რომ დანიელის და გურამის უფლება უკვე დარღვეულია იმით, რომ ბრალის აღიარების და ზარალის ანაზღაურების დაპირების მიუხედავად ისინი მაინც დააპატიმრეს. ანუ პატიმრობა მათ მიმართ გამოიყენეს, როგორც სადამსჯელო ღონისძიება და არა როგორც უზრუნველყოფის ღონისძიება. ეს პატიმრობა უკვე არის სასჯელი.

* * *

4 დეკემბრის ღამეა, დანიელი თავის თანამშრომელთან და მეგობართან გურამ ხუტაშვილთან ერთად სამუშაო ცვლას ასრულებს რესტორანში, იცვლის ტანსაცმელს, ქურთუკს იცვამს და ერთად გადიან გარეთ. რესტორანი რუსთაველის გამზირთან ახლოსაა, პარლამენტის მიმდებარედ, ღამის 11 ან 12 საათია, საპროტესტო აქცია კვლავაც მიმდინარეობს.

გურამი და დანიელი პროტესტის სულისკვეთებას იზიარებენ, სამსახურის შემდეგ ზოგჯერ აქციებსაც უერთდებიან, მაგრამ 4 დეკემბრის ღამეს რაღაც მაინც სხვანაირად ხდება. რუსთაველის გამზირზე ამოსულ დანიელს და გურამს ორი, მათთვის უცნობი ადამიანი ხვდება, სახე არ უჩანთ, ბალაკლავა უკეთიათ და სათვალე, სავარაუდოდ, გოგო და ბიჭი უნდა იყვნენ და დახმარებას სთხოვენ: რუსთაველზე ახალდაყენებული სათვალთვალო კამერები გვინდა გავანეიტრალოთ და მოგვეხმარეთო. არ ეუბნებიან, დავაზიანოთ, გავანადგუროთ ეს კამერები, გავანეიტრალოთო – ზუსტად ამ სიტყვას ამბობენ. ამ ორ უცნობ ადამიანს კიბე უკვე აქვთ. დანიელი და გურამი თანხმდებიან. მათი განზრახვაა, რომ სათვალთვალო კამერებს ხედვის წერტილი შეუცვალონ. თუმცა, კამერებიდან ამოღებულ მასალაში მოგვიანებით ჩანს, რომ მათი ქცევა აგრესიულიც არის, რამდენიმე კამერა ნადგურდება. ჯამში, 20 კამერა აქვთ მიზანში ამოღებული, მათგან 10-ია განადგურებული. სასტუმრო „მერიოტიდან” სასტუმრო „ბილტმორამდე” მოძრაობენ და გზის ორივე მხარეს კამერებისთვის რაკურსის შეცვლას ცდილობენ.

„მთავარი მიზანი რომ სახელმწიფოსთვის ქონებრივი ზიანის მიყენება არ არის, ეს იმთავითვე ცხადად იკვეთება. თითქოს, იმ კამერებით აქციის მონაწილეების იდენტიფიცირება ხდებოდა, რომლებსაც მოგვიანებით ადმინისტრაციული წესით, ან სისხლის სამართლით აკავებდნენ. მათ შემთხვევაში კამერა აღქმულია, როგორც ჩაგვრის ინსტრუმენტი”, – გვიხსნის დანიელ მუმლაძის ადვოკატი ომარ ფურცელაძე.

შემთხვევიდან 5 დღის შემდეგ, 9 დეკემბერს, შუადღეს, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოდან, დაახლოებით 20-30 მეტრში, მაღაზიაში ჩასულ დანიელს აკავებენ. ამის შემდეგ ჩხრეკენ სახლს, ოჯახის წევრები ნებაყოფლობით იღებენ მონაწილეობას.

განყოფილებაში მისვლისთანავე დანიელ მუმლაძე დანაშაულს აღიარებს. გამოკითხვის დროს ამბობს, რომ დანაშაული ნამდვილად მან ჩაიდინა. გამომძიებელს უდასტურებს, რომ ვიდეოში თავად არის. დეტალურად უყვება, რა მოხდა 4 დეკემბრის ღამეს. ერთდაერთი ვერ უსახელებს იმ ორი ადამიანის ვინაობას, რომლებსაც დასახმარებლად გაყვნენ, რადგან მათი სახეები არ დაუნახავს. ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლომ არც ერთი გარემოება არ გაითვალისწინა და პატიმრობა მაინც ძალაში დატოვა.

პატიმრობის ძალაში დატოვება პროკურორმა თამარ იაკობიძემ ორი საფრთხით ახსნა: ახალი დანაშაულის ჩადენის რისკით და მიმალვის საფრთხით. ის სასამართლომაც გაიზიარა. დანიელის და გურამის ადვოკატები ამ მსჯელობას ალოგიკურსა და აბსურდულს უწოდებენ.

გურამის ოჯახი სოციალურად დაუცველია. ოჯახს, ფაქტობრივად, გურამი არჩენდა მიმტანის შემოსავლით.

დანიელს 3 წლამდე შვილი ჰყავს, ცოლი ვერ მუშაობს. ოჯახი ქირით ცხოვრობს, ჭერი და საჭმელი რომ ჰქონდეთ, დანიელმა უნდა იმუშაოს. ის ერთადერთია, ვისაც ოჯახში შემოსავალი აქვს. მისი ადვოკატი, ომარ ფურცელაძე ამბობს, რომ ეს მდგომარეობა მისი მიმალვის რისკს მინიმუმამდე ამცირებს:

„საზღვარგარეთის პასპორტიც კი არ აქვს, საქართველოს ფარგლებს გარეთ არასოდეს ყოფილა. არც მეგობრები და ნათესავები ჰყავს საზღვარგარეთ, რომ შეიფარონ. რთულია, 1000 ლარად მიიმალო” – გვეუბნება ომარ ფურცელაძე და დასძენს: „ძალიან იშვიათია შემთხვევა, როცა ადამიანს ტოვებენ საპატიმროში, თუ ზიანი ანაზღაურებული აქვს. არც ჩემი კოლეგებისგან გამიგია, რომ 187-ე მუხლზე ვინმე იხდიდეს სასჯელს ციხით თუ ბრალდებული ზიანს აანაზღაურებს, ხოლო დაზარალებული იტყვის, რომ საკითხი მოგვარდა და ადამიანის ციხეში დატოვება საჭირო აღარაა”.

ადვოკატები განმარტავენ, აღიარება, ფაქტობრივად, მონანიებაა დანაშაულის. ასეთ დროს დანაშაულის ხელმეორედ ჩადენის რისკი მაღალი ვერ იქნება. გარდა ამისა, აქციების კონტექსტში, სასამართლოს შეუძლია დანიელს და გურამს გარკვეული დროით, ვთქვათ, საღამოს 9 საათიდან დილის 9 საათამდე, სახლიდან გასვლის უფლებაც შეუზღუდოს.

ამ საქმეში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. ბრალდებულებმა არა მხოლოდ დანაშაული, მტკიცებულებებიც აღიარეს. ეს იმას ნიშნავს, რომ რასაც პროკურატურა ამბობს და გადმოსცემს მტკიცებულებად, ყველაფერს ეთანხმებიან. შესაბამისად, ამ მტკიცებულებებზე ზემოქმედებასაც ვეღარავინ მოახდენს.

„მე თუ ამ ადამიანს შეღავათი არ გავუკეთე, ხვალ და სხვა დროს, როგორ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს ინტერესი, დანაშაული აღიაროს? გამოდის, რომ სახელმწიფო საკუთარ თავს აზიანებს, პირველ რიგში”, – ამბობს ომარ ფურცელაძე.

გურამ ხუტაშვილის ადვოკატი, გელა ნიკოლაიშვილი „რადიო თავისუფლებასთან” 30 იანვარს მიცემულ ინტერვიუში ხსნის: „ეს არის იმის წახალისება, რომ ადამიანებმა არ აღიარონ, არ მოინანიონ. ასეთი ხისტი მიდგომებით ბრალდების მხარე არ უწყობს ხელს სიტუაციის განმუხტვას, პირიქით, ამწვავებს”.

უკვე ორი თვეა, გურამი და დანიელი ქსანის პენიტენციურ დაწესებულებაში არიან. დანიელს თურმე ძალიან ეუხერხულება მის სახელს „უკანონო პატიმრებთან” ერთად რომ მოიხსენიებენ. არ უნდა, ამით პროცესი დააზიანოს.

„არ მინდა ვინმემ უკანონო პატიმარი მეძახოს. მერე შეიძლება ჩემს მაგალითზე ვინმემ თქვას: არც ისინი არიან უკანონო პატიმრებიო. მე ვარ ადამიანი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, ვინანიებ ამ დანაშაულს და მერიდება  მართლა უკანონოდ დაკავებული ადამიანების იმიტომ, რომ მე და ისინი ერთნაირ მდგომარეობაში არ ვართ. მე ვაღიარებ”, – ამას გვითვლის ციხიდან ადვოკატის პირით.

ადვოკატები საპროცესო შეთანხმებას ელოდებიან. სასამართლომ არცერთი გარემოება არ გაითვალისწინა და პატიმრობა მაინც ძალაში დატოვა.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა