დავრჩეთ თუ წავიდეთ?
24.02.2022ალექსანდრ სშჩელუსჩენკო, კიევში გალერეა „ცეხის“ მფლობელი და დირექტორი
დილით ჩვეულებრივ, გალერეაში წავედი, მარტის დასაწყისისთვის ახალ გამოფენას ვგეგმავდი.
ორი საათის წინ კიევიდან 30 კილომეტრში ჩამოვედი, ჩემს ცოლ-შვილთან და მშობლებთან ერთად, აგარაკზე. შოკში ვართ, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ერთი თვეა, რაც შინაგანად ამ მომენტისთვის ვემზადები. აქ წამოსვლაც დაგეგმილი მქონდა. რამდენიმე კვირისთვის სამყოფი საჭმელიც კი მოვიმარაგე. დიდი ხანია რუსეთი ღიად გვებრძვის. ამიტომ მოლოდინები გვქონდა.
ბევრი ამბობს, რომ ბოლომდე დარჩება ქვეყანაში და არმიას დაეხმარება. ნაწილი გარბის, ან ქვეყნის დატოვებას ცდილობს და უსაფრთხო თავშესაფარს ეძებს. მაინც არა მგონია ბევრი ჩაბარდეს ევროპაში ლტოლვილად. ჩვენ უკვე გადავიტანეთ რევოლუცია და გვაქვს ომის გამოცდილებაც. გვინდა ამ ქვეყანაში დავრჩეთ და გავაგრძელოთ ბრძოლა. ბევრი ახლა პატრიოტული სულისკვეთებითაა ანთებული. ჩემი მეგობრები, ახლობლები, ყველა მეუბნება, წადით ქვეყნიდან, ორი პატარა შვილი გყავს, უსაფრთხო ადგილას წაიყვანეო. ასეთი დილემის წინაშე ვარ: დავრჩე და დავეხმარო არმიას, მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს ამის გამოცდილება, თუ ოჯახისთვის ვეძებო უსაფრთხო სივრცე და ვიყო მათთან ერთად. რთული გადასაწყვეტია.
არ ვიცი როგორ მოვიქცე. მე და ჩემი ცოლი გაუჩერებლად ვლაპარაკობთ. ვურეკავთ მეგობრებს, საათობით ველაპარაკებით, იქნებ მათ გვირჩიონ რამე და რაღაც კონკრეტული გადავწყვიტოთ. ვერაფერს ვწყვეტთ. არც ვიცით წესიერად რა ხდება ქვეყანაში. თვალს ვადევნებთ მთავრობის ოფიციალურ განცხადებებს. მდგომარეობა ძალიან სწრაფად იცვლება. გვირჩევენ ქუჩებში არ ვიაროთ, თუკი არ ვართ პოლიციელი ან არმიის წევრი. უნდა დავრჩეთ შენობაში. უნდა გვქონდეს მინიმუმ გადარჩენისთვის საჭირო წყალი და საკვები.
ახლა რომ სადმე წასვლა გადავწყვიტო, შეიძლება გზაში უარესი მოხდეს.
ყველა დაბნეულია. ბევრს არც იმის საშუალება აქვს, რომ ქვეყანა, ქალაქი დატოვოს. ყველაფრის მიტოვება არ არის მარტივი. ბევრი მეგობარი მყავს საქართველოდან, მათგან ვიცი რა რთულია მტერს დაუტოვო საკუთარი საქმე და საცხოვრებელი ადგილი.
უფრო მეტსაც ველოდებოდით ჩვენი დასავლელი მეგობრებისგან. ცოტა იმედგაცრუებულები ვართ. ჩვენ ახლა პირდაპირ სახეში ვუყურებთ მტერს. ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს.
იმასაც ვფიქრობ, იქნებ რუსმა ხალხმა ახლა გადააფასოს რაღაცები, რუსეთში შიგნიდან დაიწყოს ცვლილებები. მწერენ, აქაც კი განიცდიან იმას, რაც უკრაინაში ხდებაო, მაგრამ ჩვენ ახლა მხოლოდ რეალური მოქმედება გვჭირდება.
უკრაინაში ხალხი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს. რითიც შეუძლია ყველა ერთმანეთს ეხმარება. მეც ვცდილობ, როგორმე ადეკვატური დავრჩე. სანამ რამეს გადავწყვეტ, იქამდე ბევრი ვიფიქრო. ალბათ, ამაღამ აქ დავრჩებით. იმედია კიევს აღარ დაბომბავენ.
ფოტო: კადრი Mitec-ის ვიდეოდან