დაწნული ქალი | ბესო ხვედელიძე
ვიხუთებოდით აგვისტოს 40-გრადუსიან თბილისში და პაპაიას ცივ მაწონში ვაწებდით. ეს მედიტაციებს შორის, ინტერვალებში ხდებოდა. მედიტაცია – პირობითად, თორემ სინამდვილეში, მე და გოგომ მოვუგონეთ თავს ეგ რიტუალი. მერე გოგოს გიჟური ნუმეროლოგიური გამოთვლების მიხედვით დავალაგეთ დღის გრაფიკი. თავიდან სასაცილო ვარჯიშს ჰგავდა: ჩემთან, ცარიელ სახლში, დიდ ოთახში, შიშვლები, ზურგით კედელთან ვსხდებოდით ლოტოსის პოზებში და წელში გამართულები თვალებს ვხუჭავდით. მერე ოთხი სწრაფი შესუნთქვა და სამი სწრაფი გამოსუნთქვა. თან დაკვირვება ნესტოების და ზედა ტუჩის მიდამოებში, თუ როგორ შედი-გამოდის ჩვენში ჰაერი. ეს ყოველ ჯერზე – ცამეტჯერ ზედიზედ. გოგო აკონტროლებდა სიტუაციასა და გრაფიკს. მეც ვუბამდი მხარს. ამ დროს ხელისგულები მიერთებული გვქონდა ერთმანეთზე. ამ რიტუალს ვატარებდით დღეში ოთხჯერ: დილის ცხრაზე, შუადღის ორის ნახევარზე, მერე ოთხზე და საღამოს რვის ოც წუთზე.
ერთი კვირის მერე, გოგომ, საღამოსკენ:
– დაწნულ ქალს ხედავ?
მე ძლივს გავიხილე და გოგოს შევხედე. თვალის გუგები არაადამიანურად გაფართოებული ჰქონდა. ჩემ მიღმა იყურებოდა და ფერი არ ედო. მეც იქით მივიხედე ფრთხილად და შიშისგან დამაზრიალა:
ხის მოწნულ სავარძელში მართლაც ცოცხის ტოტებისგან დაწნული ქალი იჯდა, ხელებზე სამ-სამი თითი ჰქონდა და მთელი ამ დატოტვილ-დაწნული სხეულით თრთოდა, ლიმონისფერი ედო და ავადმყოფურადაც ბზინავდა. თან წყალი სდიოდა იატაკისკენ დაშვებული გრძელი დრედებიდან. ცუდი სიცივეც მოდიოდა მისგან. თითქოს ერთდროულად მოწყენილი, დაღლილი, გაბეზრებული და დაბერებულიც იყო. მოწნული სავარძელი ჰარმონიულად ერწყმოდა მას, ოღონდ ქალი გადადიოდა სავარძელში თუ სავარძელი ქალში, ვერ გაიგებდი.
– გავგიჟდით, მგონი... – მინდოდა მეყვირა, მაგრამ ჩურჩულით გამომივიდა. ვიგრძენი, რომ ამ მომენტში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდებოდა ჩვენს თავს. თან გამიხარდა და მაგრადაც შემეშინდა. დაწნული ქალი მართლა ძალიან რეალურად გამოიყურებოდა. თან საიდანღაც ძალიან მეცნობოდა. ისეთი მძაფრი შეგრძნება მედგა სხეულში, თითქოს მუდამ აქ იყო, სულ მონაწილეობდა ჩემს ცხოვრებაში – და უბრალოდ, მე ვერ ვხედავდი. აქამდე არ შემეძლო...
***
ყველაფერი წელს, თებერვალში დაიწყო. ნეპალის ჰიმალაებში ერთად წავედით ტურში, და იქ, სასტუმროს ფოიეში, გოგომ რაღაც უცნაური წიგნი ნახა ციფრებსა და მის გრძნეულ მაგიაზე... ადგა, წაიკითხა და გამოიყოლა. უკანა გზაზე, თვითმფრინავში გადაავსო ბლოკნოტი უცნაური ფორმულებით. მე ეგეთების არ მჯეროდა არასდროს. ვითომ ახლაც არმჯერასავით, მაგრამ თან ეს დაწნული ქალი ხომ აგერ, აშკარად აქაა – მეც ვხედავ და გოგოც. ისეთი ნამდვილია, მისი სუნიც მცემს და გემოც.
იქ, მაშინ, უკანა გზაზე, თვითმფრინავშივე მომიტრიალდა ანთებული გოგო:
– შენ ხომ თვრამეტიანი ხარ?
– ჩემის თვრამეტიანი... პირად ჰოროსკოპს მიდგენ?
– არა... სხვანაირად უნდა გამოგთვალო...
– მიდი, აბა!
– ესე იგი – ათას ცხრაას სამოცდათვრამეტი – ეგაა: ერთს პლუს ცხრა პლუს შვიდი და პლუს რვა.
– რა პონჩი უმატებ?
– ეგრე უნდა...
– ...მოიგონა რაღაც...
– მე კი არა – პითაგორამ!
– ეგ რომელია – მრგვალ ბაღთან რო ცხოვრობს?
– აუ, დავაი მართლა, რა! სულ ვიღაც სნობს რომ თამაშობ! პლებეურად გამოგდის-მეთქი!!.. არაფერი გაინტერესებს საკუთარ თავზე! კმაყოფილი ნოლი ხარ! – აღშფოთდა ლოყების აწითლებამდე გოგო. მეც მივხვდი, რომ უნდა დავნებებოდი და ავყოლოდი. – რა ციფრი გამოგივიდა?
– ერთი და ცხრა არის ათი. კიდევ შვიდი – ჩვიდმეტი. და პლუს რვა – ოცდახუთი, – ჩამოვასხაპასხუპე მე.
– სამ მარტს ხომ გაქვს დაბდღე?
– იეს! დედიკოების დღეს გამაჩინა ლელიმ...
– ოცახუთს ექვსი... შენ ვაბშე ოცდათერთმეტი ხარ...
– რა ოცდათერთმეტი? გააფრინე?..
– რა გაყვირებს? ეგრე გამოვიდა.
– ბაბუაჩემს ემსახურებოდა შავი „ოცდათერთმეტი“...
– ჰა-ჰა! ვგიჟდები შენს ჭაღარა იუმორზე! მერე კიდევ უნდა მიუმატო. ბოლომდე. სამს – ერთი. ოთხიანი გამოდის.
– არც ოთხიანი მევასება!
– რატომ? ოთხი სეზონი. წმინდა ოთხთავი. ოთხი სტიქია. ოთხი მხარე. ცოტაა?
– ოთხოთახიანი ვაკეში... შენ რა ნომერი გამოხვედი?
– ნომერი?.. ჰ-ჰა! მიკროავტობუსი კი არ ვარ... მე – სამი...
– ეუფ... მერე ეგ განა ბევრი არაა შენთვის?
– ჰა-ჰა! ნერვებს ნუ მიშლი, და ნუ დამცინი კიდე აქ!
– კაი. და რა ვქნათ მერე? მკითხავთან ხომ არ წავიდეთ, რომ ჩავფრინდებით?
– კიდევ გავიგებ მე რაღაცეებს... ეს რა კაი წიგნი შეგვხვდა!
მკითხავი და ეგეთები არც დაგვჭირვებია. თბილისში გოგომ ისეთი მონდომებით გუგლა ინტერნეტი და იკითხა „რამეები“, მეც ბოლომდე ამიყოლია. საბოლოოდ, იმდენი ვუმატეთ ერთმანეთის დაბადების დღეების ციფრები ერთმანეთს და ისეთი გაშმაგებით ვთვალეთ, რომ ივლისის დახუთულობისას, ჩემთან გამოკეტილები ასეთ პირად, ანუ ჩვენივე გამოგონილ მედიტაციამდეც მივედით... სადღაც ერთ კვირაში კი, აგერ ასეთი დაწნული ქალი ჩამოგვიჯდა მოწნულ სავარძელში.
***
ვგრძნობ, რომ სხეულიდან მთელი ძალა და ენერგია თავის ქალაშია ასული. იქ ჩემი ცხოვრების თითქოს უმნიშვნელო გვერდები იფურცლებიან საოცარი სისწრაფით. გოგოსკენ მინდა გავიხედო, მაგრამ ვერა – თავის გატრიალებასაც დიდი ძალა და აურაცხელი შრომა სჭირდება. ეს დაწნული ქალი კი, ისევ აქაა. ვიცი, რომ გოგოც მიახლოებით ჩემნაირ განცდებშია. რამენაირად უნდა მივუტრიალდე. არ გამოდის. ეგ კი არა, შეტყუპებულ ხელისგულებსაც კი ვერ ვაშორებთ ერთმანეთს.
– გოგო... – ძლივს ვბუტბუტებ და ტვინში მცირე აფეთქებები იწყება. უცებ ვხვდები, რომ ჩემს წარმოსახვას ამწამს იმხელა ძალა აქვს, რომ ყველაფერი ძალიან ადვილია. უბრალოდ, უნდა ვეცადო, უბრალოდ ვიზუალურად წარმოვიდგინო გოგო, და ფიქრით მაინც დაველაპარაკო. ასეც ვაკეთებ. გოგო ჩემს წარმოსახვაშიც ბოლომდე გუგებგაფართოებულია.
– ისევ ხედავ? – ვეკითხები იქ.
– კი.
– რა ფერია?
– ბოტკინი აქვს მგონი.
– ჩემთანაც ლიმონისფერია... ვინაა?.. რა უნდა?
– რავი... შენ როგორ ხარ?
– ასე რომ დავრჩეთ?.. ტელეფონზე გადავიღებდი, მაგრამ ვერ ვდგები...
– ვერც მე. კაი რამეებზე იფიქრე... არ გინდა პარანოიდობა!
– ისეთი დაღლილი ვარ, გეგონება, სულ არ მიძინია ცხოვრებაში...
– ეცადე, დეტალები დაიმახსოვრო! ეს ალბათ ერთ-ერთი გასაღებია...
გოგო წარმოსახვიდან უკანა ხედზე გადადის და ფოკუსს კარგავს. მე მოწნულ სავარძელს ვუბრუნდები მზერით და აქ კიდევ უფრო ვიბზარები:
იქ უკვე აღარავინაა, და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს წლები გავიდა.
უცებ თავში წარსულის ფურცლების ხმაური ითიშება და რაღაც რბილი ზარივით ხმა მერთვება. უფრო სწორად, ვგრძნობ, რომ ეს ხმა სულ იდგა ირგვლივ, და ახლა, თითქოს ყველა დანარჩენმა ხმა გაკმინდა და ეს დარჩა მხოლოდ – ერთადერთი და ნამდვილი. დიდი, მშვიდი, მაკე ძროხის ნაზი ზმუილი თავზე ნაქსოვ ქუდივით მეხურება. ამ ხმით ბოლომდე მითბება თავის ქალა. იქვე ვგრძნობ, რომ რაღაც უცხო ძალა შემოდის სხეულში. ვხვდები, რომ თან რაღაც დიდი და უარყოფითი გაედინება ჩემგან და სულ სხვა ენერგიითა და ინფორმაციით ვივსები უჯრედის დონეზე. ანდა, რაღა თითქოს... ძალა აქაა. ჭურჭელი სავსეა პირთამდე. მალევე ლამის ერთიორმოცად გაძლიერებული გოგოსკენ მკვეთრად ვტრიალდები და აქ უკვე საერთოდ ვიბნევი:
ოთახში სულ მარტოდმარტო ვარ. გვერდით ცარიელ ადგილს გაკვირვებული დავყურებ. მერე ხელისგულს ვადებ, თითქოს ვამოწმებ გოგოს დატოვებულ სითბოს. თავად ისეთი ცხელი ვარ, ვერანაირ სითბოს ვერ ვგრძნობ.
გარეთ მთვარიანი ღამეა. თავს ლოტოსისგან ვითავისუფლებ და ფეხზე ფრთხილად ვიმართები. ვერ ვხვდები, რა მოხდა. მივდივარ საძინებლისკენ. არავინ რომ არ დამხვდეს? ოდნავ ვყოვნდები.
კარი #1
თვალდახუჭული შევდივარ. თან ჩამრთველს ვატრიალებ, თვალებს ვიფშვნეტ და ვახელ. აქაც არავინაა. გონებას ძალას ვატან. მინდა გავიხსენო, სად წავიდა გოგო, მაგრამ მეხსიერების ეგ ნაწილი საერთოდ არ მპასუხობს, ვითომც წაშლილია, ან მე შევიშალე... საით?.. გოგო სასწრაფოდ მოსაძებნია. და ფიქრი და წარმოსახვა? ჩემი ასრულებადი პროექციები? როგორ დამავიწყდა... ვცდილობ აქვე, საძინებელში, გოგოს კვლავ ძველებურად, წარმოსახვით გამოძახებას, მაგრამ ამჯერად საერთოდ არაფერი გამომდის: თავში, ამ მიმართულებით, ერთი უსასრულო შავი ხვრელია. იქნებ თვალის დახუჭვაშია ხსნა? ვიხუჭები და იმასაც ვხვდები, რომ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა თვალის ღიაობა-დახუჭვასაც – ისეც და ასეც ყველაფერს მაინც ერთნაირად ვხედავ. ერთი გოგოა ამოვარდნილი, თუ გათიშული საერთო სურათიდან, მაგრამ საშიშროებას მაინც ვერ ვგრძნობ... და დაწნული ქალი?.. დაწნული ქალი. ახლა მის გამოძახებას ვცდილობ, და უცებ, საძინებლის კედელზე გაშვებულ კინოსავით ვხედავ:
რომელიღაც მთის წვერზე, დაწნული სასახლის ბანზე, დაწნულ სავარძელში ამაყად მოკალათებულა დაწნული ქალი. დრედებიანი ნაწნავები ამჯერად ზემოთ აქვს აპრეხილი, აშკარად გაძლიერებულია და ყვითლად მბზინავ ალქაჯს ჰგავს, თან თანამდებობით მაღალი ჩინის ალქაჯს. ალმაცერადაც მიღიმის ამ არცთუ მკაფიო, საკმაოდ დანისლული წარმოსახვიდან. და უცებ, მისი სავარძლის ფეხებზე ყვითელი წნულებით ჩაბმულ გასავათებულ, სხვადასხვანაირ, მაგრამ მაინც ჩემს სხვა თავებს ვამჩნევ. ისინი ყველანი დაწნული ქალის ფეხებთან ყრიან შიშვლები. შორიდან სველ, ერთმანეთში აზელილ, ჭიან პელმენებს ჰგვანან. უეცრად, ოდნავ განზე, სავარძლიდან მარჯვნივ, გოგოსაც ვხედავ და გულზეც ერთბაშად მეშვება. მთის ციცაბოზე ლოტოსის პოზაში შიშვლად მჯდომს თვალები დახუჭული აქვს და წნულის ყულფი ყელზე უკეთია. კი ვცდილობ, ისე ვიყვირო, გაიგონოს, თვალი გაახილოს, მაგრამ ჩემი ღრიალი უბრალო მეხად იქცევა, ცას ანათებს და შორ გრუხუნად იკარგება – მაინც ძალიან ციცაბოს პირას ზის ჩემი გოგო. აქ ფიზიკის სულ სხვა კანონები თუ უკანონობაა. დაწნული ქალი, უკვე ნიშნის მოგებითაც მიღიმის. ახლაღა ვამჩნევ – სამთითა ხელებიდან მარცხენა ხელისგული გოგოს კეფაზე რომ უდევს. თითქოს ამით, ყველანაირი დროსა და სივრციდან გამორთული ჰყავს და მისი სულითა და ენერგიით ივსება, ძლიერდება. ალბათ ამიტომაც ვერ ვიჭერ გოგოს ჩემს წარმოსახვაში. დაწნული ქალი პარალელურად იმ ჩემი ვერსიებითაც იკვებება, ისე არიან მის დაწნულ სავარძელზე ყველანი ერთბაშად მიერთებული: ჭიპებით, ძუძუსთავებით, ენებით, თითებით, ყურებით, თვალებით. მათაც ალბათ ამიტომ ვერ ვიჭერდი აქამდე წარმოსახვაში.
უცებ ვხვდები, რომ ამ ჩემი მეებიდან თითქმის ყველამ სცადა დაწნულ ქალამდე მისვლა გოგოს გამოსახსნელად, მიაღწია კიდეც, და მაინც ვერაფერი: იქით დაემონა და დაეცა. არიან ახლა ასე ჩაბმულები და წმინდა რძით კვებავენ ამ დაწნულ ბოროტებას, რომელიც უკვე ზექალი თუ მთავარი ღვთაებაა მათ თვალში. ესენი, ყველა ჩემი ჩაფლავებული თავები და ვერსიებია... ჩემი დაღუპული, ფიქრის მეები.
თავს ვაქნევ და დაწნული ქალის სახებას გონებიდან ვაძევებ.
უცებ, აშკარად ვხედავ, რომ საძინებლის საწოლი ოდნავ რყევას იწყებს. არა! ეს უფრო ცეკვაა, ვიდრე რყევა. კედელიც პლასტიკურად იზნიქება. ისეთი სურათია, თითქოს ტანზე კაბასავით ასკდებოდეს ყვავილებიანი შპალერი. მერე, კიდევ ერთი აშკარა შეგრძნება და აღმოჩენაც მოდის: რომ ამ ოთახის ნივთები, საგნები, ფარდები, ავეჯი – მუდამ ასე ირყეოდნენ და სულ მოძრაობაში იყვნენ... უბრალოდ, მე ვერ ვხედავდი და აღვიქვამდი მათ ამგვარ რეჟიმში... გოგო... ვინილის ფირფიტის ნემსივით გულს მიკაწრავს კიდევ უფრო დიდი მონატრება.
კარი #2
ზანტი რყევით გამოვდივარ საწოლი ოთახიდან და ზღურბლზე გადმობიჯებული ვხევდები: აქაც ყველაფერი ერთდროულად მოძრაობს და ვიბრირებს. უკვე უცნაური ხმებიც მესმის – თითქოს აუდიოკასეტას ახვევენ წრიპინით. ამ დროს ოთახში მდგარი ჰაერიც იწყებს გაცოცხლებას და ცისარტყელასებრ იფერება. სადღაც ექოიანი, ერთმანეთში გადამდინარე ლაპარაკებია სხვადასხვა ენაზე. ეს ლაპარაკები უფრო და უფრო ახლოვდებიან და ადამიანების ფერად ლანდებად იქცევიან:
ვიღაც მოხუცი ქალი ოთახს ჰგვის იმ დაწნული ქალის ნაწნავისდარი ცოცხით. პარალელურად, ულვაშაწკეპილი კაცი მიახლოვდება ღიმილით და ვითომც კედელი ვიყო, ყვითელი ფანქრით ზედ ვიღაცის ტელეფონის ნომერს მაწერს. ულვაში კი, ვითომ იმ ცოცხისა აქვს. აქ უკვე მართლაც კედლად ვგრძნობ თავს და სულ არ მიკვირს – ეს თურმე არათუ შესაძლებელი, ძალიან ადვილიცაა. თან ყველაფერი ერთმანეთში იზილება. ვიღაც უნიფხვო ქალი ფანჯარაშია გადაყუდებული და სარეცხს ფენს. სხვა სივრცეში ბავშვები მაგიდის გარშემო ქართულს ცეკვავენ სასაცილოდ. შაოსანი დედაბერი ყვითელკლავიშებიან პიანინოზე „მთვარის სონატას“ უკუღმა ასრულებს. მერე ისევ კაცი გამოდის რომელიღაც შორი, ფერადი ნისლიდან, ამჯერად მოხუცი – სულ ყვითელი წვერით და მანათობელი წარწერით ლურჯ მაისურზე: – „ადამიანო, მე ძალიან ბილწი მამაო ვარ...“ მოხუცი ჩემ წინაშე პირჯვარს უკბილო ღიმილით ისახავს და სანთებელათი თავზე ცეცხლს მიკიდებს. თავზე უკვე ცეცხლოვანი ქუდი მახურავს და სანთელივით მეღვენთება სახეზე ფერები. ყველაფერი იწელება. კედლები აღარაა. ეს ალბათ ისაა, რასაც ადამიანები შიზოფრენიას ეძახიან, აქ კი... შიში საერთოდ აღარ არსებობს. ხელებს განზე ვშლი. სახედასიებული დედა და სამი ქერა ბავშვი საახალწლო სათამაშოებით ჩემს მორთვას იწყებენ და მე ამ დროს ხელოვნური ნაძვის ხე ვარ. ისმის საახალწლო მუსიკა. მერე რემონტი და ხმაური იწყება. ახევენ შპალერს კედელს ყვითელქუდა მუშები და ეს შპალერიც მე ვარ. დროც აღარ არსებობს, ანუ ყველაფერი ერთდროულადაა. უკვე ვხვდები, რომ ეს ყველაფერი, რასაც ვხედავ, ამ ბინის ისტორია და მომავლის ბიოგრაფიაა: რაც უკვე მოხდა და შემდგომად მოსახდენია: ყველა დროსა თუ უდროობაში. ყველა წვრილმანის დონეზე. და ეს ყველაფერი ამ ჩქამში, ახლა და ჩემ თვალწინ კინოსავით გადის, ოღონდ ყველა სცენა ერთმანეთს ადევს გამჭვირვალედ. ერთმანეთში რბილ და ხისტ გრადაციებად გადადინდება. დამაჯერებელი შეგრძნებაა, რომ მეც ამ ყველაფრის მარადი, ჰარმონიული ნატეხი ვარ. აუცილებელი ნაწილი. თან კიდევ, თითქოს ამ ყველაფერს, რასაც ვხედავ და ვგრძნობ, მევე მოვიცავ დასაბამიდან ბოლომდე. თითქოს მე ვარ სულ ყველაფერი ირგვლივ და ერთდროულად, ერთი დიდი მთლიანობა, და ამ მთელის ყველა უმცირესი ნამცეციც მე ვარ ბოლომდე. კიდევ ერთხელ მიელავს მეხი გონებაში: ამ ბინაში მისივე წარსულისა და მომავლის უწყვეტი, მარადი ქსელი დგას. ოთახში ისევ დიდი და ლოგიკური ქაოსია. რამდენიმე აქაური პანაშვიდი და გასვენება მიჯრით ენაცვლება ერთმანეთს. თან – ყველა მიცვალებული, კუბო, ჭირისუფალი და მოტანილი ყვავილიც მე ვარ. რამდენი რამე ვიყო, ვარ და ვიქნები, ვინ იცის კიდევ, თუ არა ისევ ჩემმა თავმა... თავზე ხელებს ვიჭერ. ამდენი ემოციისგან უკვე გასკდომაზე მაქვს: დუღს, ფეთქავს და ფუთფუთებს. ირგვლივ მთელი არმია ხალხი მიდი-მოდის და ერთმანეთში ირევა. დიდი დუღილი დგას ჩემს ბინაში. მე გოგოს საძებნელად უნდა წავიდე.
გზას წარმოსახვითი ბინიდან გასასვლელი კარისკენ ვიკვალავ. თითქოს ისევ ჩემში გადი-გამოდის აქაური წარსულ-მომავლის დაუსრულებელი კინონაკადი. კარის სახელურს სანამ ხელს მოვკიდებდე, დავყურებ და ყველა იმ ხელს ვხედავ, რომელიც მას ოდსმე შეხებია და შეეხება. რატომღაც ვგრძნობ, რომ გარეთ გასვლა არაფერ ხეირს არ მომიტანს – სახლში ამხელა საბინაო კოსმოსი მაქვს ატეხილი, მით უმეტეს, რომ კარს გასაღები შიგნიდან უკეთია და დაკეტილია. ანუ, დასკვნა: გოგო არსად გასულა. ამიტომაც სახელურს მოწიწებით ვუხდი გონებაში ბოდიშს და ვტრიალდები. ისევ დიდი ოთახისკენ მოვაბიჯებ. მოვაბიჯებ – ეს ძალიან პირობითად, იმიტომ რომ საერთოდ ვერ ვგრძნობ იატაკს, ვერანაირ შეხებას. რაღაც უმსუბუქესი ქაფი მელამუნება თითქოს ყველგან: სახეზე, ტანზეც. ირგვლივ ისევ ეს ფერადი უჟამო ჟრიამულია.
– გოგო!!! – ჩემი ჭკუით ხმამაღლა ვყვირი, მაგრამ საბოლო ჯამში ვჩურჩულებ, ანუ სულ ოდნავ ვაცმაცუნებ ტუჩებით სახელს. იქნებ კარადაშია. მივდივარ სარკიან კარადასთან. გზად, რამდენიმე ადამიანს ვართმევ ხელს. მაჭერინებენ ელ-ნათურას ჭერში. ვიღაც სველი სავარცხლით მივარცხნის თმას. არ ვეპუები. ვიშორებ. კარადამდე ძლივსმიღწეული, სარკეში ვიყურები და ვხედავ, რომ იქაც მე ვარ, ოღონდ თითქოს მთელი მსოფლიო შემომცქერის ჩემი სახით სარკიდან. სარკეშიც იგივე ცისარტყელა დგას.
– რა მჭირს? – სარკიდანაც მაშინვე იმავეს მეკითხებიან.
ჩემს სახეზე უამრავი გამომეტყველება გადადინდება ერთდროულად. ისევ დაწნული ქალი მახსენდება. მთის წვერზე ამაყად მჯდომი, კვლავ გოროზად და დამცინავად რომ იყურება ჩემკენ. და იქვე გოგო, და ბევრი დაღუპული, ჭიან პელმენებივით ჩემი მეები. კარადას ვაღებ. საკიდებზე ტანსაცმელი ჰკიდია. აქეთ- იქით ვწევ ყველაფერს და მიღმიერ კარს ვხედავ. ხისას. ხელს ვკრავ, ვაღებ და კარადის გავლით გარეთ გავდივარ.
კარი #3
– ვერ იპოვე? – მეკითხება კარიდან გასულს და ცარიელ ხელებზე დამყურებს ვიღაც ბოშასავით ჩაცმული ქალი. ვხედავ, რომ უცხო სამზარეულოში ვდგავარ. ქალს ჭრელი წინსაფარი უკეთია და თავზეც ხილაბანდი ახვევია.
– ვერა... – მცდება იმ წამს ყველაზე საჭირო სიტყვა და ჩემი ხმაც მეუცხოება.
– გამატარე ერთი... – ხელით განზე მწევს ქალი. ვტრიალდები. ის ჩემს დატოვებულ ღია კარში შედის. აშკარად საკუჭნაოა. ცოტა ხანში ქალი იქიდან ქილით ხელში გამოდის.
– ამხელა ქილას რომ ვერ დაინახავ კაცი... – ამბობს დაცინვით და გვერდს მივლის.
საერთოდ ვერ ვხვდები, რა ხდება... სად ვარ... ვინ ვარ... თუმცა ერთი უცნაურობა კია – საგნები დალაგდნენ, აღარ იზნიქებიან, ფერებიც ცოტა არ იყოს ჩაცხრა. და ყველაზე მთავარი – არაფრის მეშინია. ვგრძნობ, რომ იქ ვარ – სადაც უნდა ვიყო. მაგრამ გოგო აქ არაა.
– დაჯექი!.. – მანიშნებს სკამზე ქალი. – გასაწმენდია... – თან ტილოს იღებს და ქილის გაწმენდას იწყებს. ქილა ნახევარლიტრიანია. შიგნით რაღაც მუქი და ბლანტი სითხე იმღვრევა დუნედ.
– ესე იგი! ერთი კოვზი უზმოზე!.. ეგრევე გაგიყვანს...
ქალი გაწმენდილ ქილას მაწვდის და წინსაფარზე ხელს იწმენდს.
– მოიცა, ჩანთაში ჩაგიდო! შემოვიტან... – ქალი სამზარეულოდან გადის და მაშინვე გუმანით ვხვდები, რომ დროა აქედან გავიქცე... ქილით ხელში საკუჭნაოსთან სწრაფად მივდივარ. იმავე კარს ვაღებ, საიდანაც აქ გამოვედი, შევდივარ და ვიკეტავ.
კარი #4
საკუთარ დიდ ოთახში სარკიანი კარადიდან გადმოვდივარ. მესმის აპლოდისმენტები. ტაში. სტვენა. ყვირილი. ხელში ის ნახევარლიტრიანი ქილა მიჭირავს. თავის გულმოდგინე დაკვრით ირგვლივ გაღიმებული ვიყურები – ოთახი ძველებურ, ფერად ქაოსშია: ყველაფერი ერთმანეთში ირევა, უდროოდ მიედინება და ფორმას იცვლის.
– გოგო! – ვამბობ ისევ ჩურჩულით და ქილას მაგიდაზე ვდებ. მერე თავსახურს ვხსნი. მთის ყვავილების შორი არომატი ნათელი კვამლივით ამოდის ქილიდან.
„სადაა კოვზი?“ ვიწყებ ფიქრს და კოვზამდე ჩემივე შუა თითი ყოჩაღობს: ქილაში თითს ღონივრად ვაწებ და პირში ვიდებ. ვგრძნობ, როგორ გადადის თაფლი იქიდან ყელში, ყელიდან ქვემოთ – საყლაპავი მილის გავლით კუჭში. იქ ჩაღვრილი ოდნავ ეგლისება კედლებს. იწოვენ თაფლს კუჭის უწვრილესი სვრელები. ის სისხლს უერთდება ბუშტუკებად ქცეული. ერევა. კუჭში დარჩენილი კიდევ უფრო ქვემოთ – ნაწლავებისკენ იღვრება. და აქ უცებ დიდი შიშინის ხმა მესმის. ვგრძნობ, რომ ამ თაფლის გადამკიდე, რაღაც უზარმაზარი გადატრიალება იწყება მუცელში... ხელისგულებს მუცელზე ვიდებ – იქ დიდი აურზაურია... მუცელი ბუყბუყებს, გუგუნებს, ზრიალებს... უნდა მივასწრო ტუალეტამდე. რაც შეიძლება სწრაფად ვიკვალავ წარსულ-მომავლიან ლაბირინთში გზას საპირფარეშოსკენ.
კარი #5
კარს ვაღებ, შევდივარ და უნიტაზზე თვალდახუჭული ვჯდები. სხეულიდან მაშინვე გრგვინვით გასვლას იწყებენ ბავშვობის დროინდელი მოგონებები, შავ-თეთრი ფოტოალბომები, მოზარდული შიშები და ეროვნული კომპლექსები. მერე ისეთი შეგრძნება მოდის, თითქოს შინაგან ორგანოებსაც გავდივარ კუჭში: ღვიძლი, ნაღველი, ელენთა, ბრმა ნაწლავი, თირკმლები, ფილტვები, გული, თვით კუჭი... თვალდახუჭულს ცოტა არ იყოს მეშინია გახელის. მოთაფლული ორგანიზმი არ ჩერდება და ყოველგვარი ჭინთვების გარეშე უშვებს გარეთ უკვე კონტინენტებს და ოკეანეებს, მთებს და ტბებს, ფლორას და ფაუნას, ლამის ყველა იმ სულიერის დატოვებულ ემოციებს, ვინც კი ამ ცხოვრების განმავლობაში ჩემი მხედველობის არეში მოხვედრილა.
როგორღაც ვახერხებ და თვალს ვახელ. ისევ საპირფარეშოში ვარ, თუმცა ეს აშკარად სხვაა – კაფელი ღია ყავისფრის მაგივრად – შავია, ხოლო შემინულ საშხაპე კაბინაში ვიღაც გულმოდგინედ ბანაობს.
– აი, ეს გამომართვი! – მესმის ქალის ხმა კაბინიდან და ვხვდები, რომ აუცილებლად უნდა ვუპასუხო.
– მომე! – აქ საკმაოდ მჟღერი ხმა მაქვს.
ამ დროს კაბინის კარი იღება და ქალის ხელი იქიდან ძეწკვზე ჩამოკიდებულ ოქროსფერ ჯვარს მაწვდის.
– შემინახე!
ჯვარს ვართმევ. მერე უცებ ვიწესრიგებ თავს და ვხვდები, რომ უკვე აქედანაც გასვლის დროა.
– გავედი მე, – ვამბობ, ვაღებ საპირფარეშოს კარს შიგნიდან და ჯვრით ხელში ისევ ჩემს ბინაში გამოვდივარ.
კარი #6
ირგვლივ კვლავ მხურვალე აპლოდისმენტებია. სტვენა-ტაში-ყვირილი. აქ ისევ ძველებური ფერების და მოძრაობის კარნავალია. ჯვარს კისერზე ვიკიდებ და ძეწკვს ვიკრავ. ოთახი თითქოს ოქროსფრად ნათდება რამდენჯერმე, ვითომც ზემოდან ფოტოშუქის გამოყენებით აღმბეჭდეს ფირზე.
უეცრად და მარტივად ვხვდები, რომ აქ, ამ დროითი განტოტვილობიდან ნებისმიერში შემიძლია ჩართვა. ჩაჭვრეტა მაინც. ცისარტყელასფერ ოთახს უკვე სხვა ზრახვით ვაკვირდები: ჩვენს ბოლო მედიტაციას მინდა მივაგნო. ამ ფერად განტოტვილობაში გარკვევა ძნელია. მით უმეტეს, ახალბედა ვარ და ასეთების მოძიების ტექნიკასაც ვერ ვფლობ სათანადოდ. ხელები ისევ განზე მაქვს გაშვერილი და კვლავ ოთახის სიღრმეებს ვაკვირდები. იქიდან კი მოდიან და მოიღვრებიან ამ ოთახის ძველი და სავარაუდო სცენები: ადამიანები, ცხოველები, ფრინველები, მცენარეები – ყველაფერი დროგამოცლილია. ყველა ერთმანეთში რაღაც ენით გამოუთქმელი მასშტაბის ურთიერთობაშია. და ეს ყველაფერი აშკარად ჩემთვის ხდება, და თან მე ვიწვევ თითქოს.
„გოგო!“ – ბინაში მდგარ ქაოსში ხელის ქნევით ვიკვალავ გზას და სამზარეულოს კარისკენ მივდივარ. ამ ფერად ლაბირინთში თითქოს ჰაერში მივაბიჯებ. სამზარეულოს კარი ღიაა და იქიდან შუქი იღვრება – ისევ ცუდი ლიმონისფერი.
კარი #7
თვალდახუჭული შევდივარ, თვალს ვახელ და უცებ ჩემ თვალწინ ნახევრად შავ-თეთრ, ყვითელი შეფერილი სცენა იშლება:
სამზარეულოში ვიღაც თვალებამოღამებული ქალი სამფეხა სკამზე ზის და ბრაზიანი სახით ამშრალებს ჭურჭელს ყვითელი ტილოთი. იქვე, მე ვარ ატუზული. შეშინებული. დამფრთხალი თვალებით შევყურებ ქალს. „მაიმუნისგან-მეთქი, რამდენჯერ უნდა გითხრა!!!“ – ღრიალებს ქალი და თეფშს იატაკს მთელი ძალით ამსხვრევს. მე ნიკაპი მიკავდება შიშისგან და თითქოს ადგილს ვარ შეზრდილი. ქალი ხმამაღალ მოთქმას იწყებს. სამზარეულოს კედლებს უცებ ბზარები უჩნდება. ყველაფერი ლპობას და დახავსებას იწყებს. ბზარები ნაპრალებად იქცევიან. თან ხმა აქვს პროცესს ლირწიან-ლორწოვანი. მთელ ტანში მზრინავს. ხმა ლამის იმ თბილ ზმუილსაც ახშობს, თავზე რომ მახურავს. ძირიდან თეფშის ნატეხს ვიღებ, მთელ ძალ-ღონეს ვიკრებ და თვალდახუჭული ვღრიალებ:
– არააააააააააააააააააააააა!!! – პირიდან საზარელი ხმა ამომდის.
თვალდახუჭული ვგრძნობ, რომ ირგვლივ რაღაც მოხდა. თვალს ვახელ. ხელში ისევ თეფშის ნატეხი მიჭირავს. აქაც ცისარტყელასფერი ფერებია უკვე და მე ისევ ის მე ვარ – გოგოს ძიებაში, კარიდან კარში მობორიალე, სადღაც დიდ უცნაურობაში გასული და ამ ბინის ერთდროულად ყველა დროის მომსწრე ყველა ადამიანი ერთდროულად. თითქოს ამ სხვადასხვა კარის გახსნით, საკუთარ თავს ვაღებ და ვანიავებ წარსულის მძაღე და მივიწყებული ნაფლეთებისგან.
სამზარეულოშიც ყველა ნივთი რაღაც დუნე რიტმში იზნიქება, ჩემ თვალწინ იცვლის ფორმას, შინაარსს, ფერსა და ნათებას. გოგო არც აქაა – არც ერთ ქვაბსა და თეფშში, არც ერთ ჭიქასა და ბოთლში. აქეთ-იქით ვიყურები. აქაური სურათები და ამბები რაღაც საშინელი სისწრაფით ენაცვლებიან ერთმანეთს. რად მინდა ეს თეფშის ნატეხი. უცებ თავში რატომღაც ეგეთი დარწმუნებული აზრი მომდის: რომ თუკი სისხლს გამოვიდენ, ეს ყველაფერი გაქრება და დავმიწდები: არათუ გამოვალ ყველა კარიდან ერთდროულად, საერთოდ გამოვალ ამ გიჟური მედიტაციიდან და დავუბრუნდები მიწიერ რეალობას. თუმცა, მიდი არკვიე, რას ჰქვია „რეალობა“... თეფშის ნატეხით მაშინვე მკლავს ვისერავ. ერთი ღრმა დასმა. ირგვლივ სისხლი ასხამს, მაგრამ არაფერი ქრება. უბრალოდ, ყველაფერი წითლად იწუწება.
– გოგო... – მინდა, რომ ისევ ხმამაღლა ვიყვირო, და სულ მთლად დაუძლურებული მაინც მხოლოდ ტუჩებს ვაცმაცუნებ.
ჭრილობაზე მეორე ხელისგულს ვიჭერ, სისხლს ვიკავებ და მაღალ მაცივართან მივდივარ – ისიც ეგეთია: ერთდროულად გადადინდება ერთმანეთში ყველა ის მაცივარი, რომელიც ოდესმე აქ მდგარა და მომავალში იდგმება.
კარი #8
ვაღებ მაცივრის კარს. შიგნიდან უცხო სუსხი მოდის. ჭრილობა. სისხლი მაცივარში ისხმება. სიღრმეში ვარსკვლავებიანი ცაა – ღამის. ჭრილობაზე ისევ ხელისგულს ვიჭერ და თვალდახუჭული შევდივარ.
ვჩერდები და ცივ სადარბაზოში ვიხილები. დამაჯერებელი ნაბიჯით ავდივარ სადარბაზოს მარმარილოს ლამის დაუსრულებელ თეთრ კიბეზე. აქ კიდევ ერთხელ მახსენდება ჩემი და გოგოს მედიტაცია. მედიტაცია – პირობითად, თორემ სინამდვილეში, მე და გოგომ მოვუგონეთ თავს ეგ რიტუალი. ოთხი სწრაფი შესუნთქვა და სამი სწრაფი გამოსუნთქვა. ვიხუჭები! თან დაკვირვება ნესტოების და ზედა ტუჩის მიდამოებში, თუ როგორ შედი-გამოდის ჰაერი. ეს ყველაფერი ერთ უწყვეტ ტემპში.
ვსუნთქავ და ვგრძნობ კიბის ყველა საფეხურს. ვგრძნობ ყველას, ვისაც კი ამ კიბეზე დაუდგამს ფეხი. ყველას მაგივრად ავდივარ თითქოს და ყველა მე ვარ. ოთხი და სამი! კიბე არ სრულდება. სულ ზევით და მაღლა მიიკლაკნება. თითქოს ყველა აქამდე აქ მომსვლელის ძალა და გამოცდილება შემოდის ჩემში – ან ავლილის, ან ჩავლილის. ვიცი, ზემოთ დიდი შეხლა მელის. უკვე ბაქანია. ვიხილები და ვჩერდები. ეს მეოთხე სართულის შიდა ბაქანია. კართან ვდგავარ. კარს კი აწერია:
კარი #9
ვრეკავ ზარს, რომელსაც იაპონური ფასკუნჯის ხმა აქვს. შორიდან მკრთალად ისმის ნაბიჯების ექო. ნაბიჯები ახლოვდება. კიდევ უფრო. უკვე საჭვრეტიდან მიყურებენ. მძიმე ნიკაპს ოდნავ წინ ვწევ. სიჩუმეა.
– ვინ არი? – ისმის ცივი ხმა.
– მე ვარ, გოგო! – ვუბრუნებ ცივადვე პასუხს.
– ვინ შენ?
კარს ერთ ხელში აკვამლებული მუნდშტუკითა და მეორეში ფარშავანგის ბუმბულით გაწყობილი მარაოთი, ნაჭრით თვალახვეული გოგო აღებს. იღიმება. ვუღიმი. მაგრამ ვხვდები, რომ არ იცის ვინ ვარ. ვერ მცნობს. ხელჩაკიდებულები შევდივართ მაღალჭერიან მისაღებში. აქ სურნელი დგას საკმევლისა და ეთიოპური ყავის. იატაკს მურა დათვის კბილებდაკრეჭილი და დაკლანჭული ტყავი ფარავს. იქვე თავახდილი თეთრი როიალი დგას. ზედ მოქოქილი მეტრონომი წკაპუნობს „გრავეს“ ტემპში.
– სადაა? – ვეკითხები.
– სანადიროდ! – მპასუხობს გოგო.
მერე გოგო დათვის ტყავზე ეშვება და ფეხებს განზე შლის. ვხვდები, რომ ეს გზაა. ზემოდან ვექცევი გოგოს და „გრავეს“ ტემპში ვიწყებთ ერთმანეთის გაძლიერებას.
მზაკვარი ქარი ლოშნის მაღალ ფანჯრებს. ღრიჭოებიდან რევოლუციის საშემოდგომო სურნელი აღწევს. გუნდად ღრიანცელობენ გაფიცულ მუშათა მწკრივები. ვიღაცას, აქედანვე იგრძნობა, ქუდი უპყრია მარჯვენა ხელში და შემაღლებულზე მდგომი ხავის. მუშურ-გლეხურ ტაშს ექო აქვს დამზაფრავი. სადღაც დუმან ქვემეხები, და კიდევ უფრო შორს – პირამიდები. ჩვენ ერთმანეთში ძალდაუტანებლად ვსრიალებთ და არაფრით არ ვცვლით „გრავე“-ტემპს. გოგოს თვალები დახუჭული აქვს და ველური კატასავით კრუტუნებს.
სწორედ ამ დროს, ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად, ხმაურით იხსნება ამავე ოთახის სულ სხვა მაღალი კარი და ვხედავ – ხმაურით შემოდის კბილებამდე შეიარაღებული, შავტყაპუჭმოსილი, დაწნული ქალი.
გოგო არ მიშვებს. ხელებს წელზე მთელი ძალით მაჭდობს.
ჩვენს ერთად დანახვაზე ყბა ენგრევა დაწნულ ქალს. ორ პისტოლეტს აძრობს, ზურგიდან მივლის და ვგრძნობ, რომ ლულებს ბეჭებზე მიმიზნებს.
„დახე ამ წყეულს, როგორ ღრმად შეუტოპია!“ – თითქოს სივრცეში დაფრინავენ ართქმულის ექოები – ნაზად იზნიქებიან სივრცეში.
„სასწრაფოდ დაიხვრიტოს!“ – ბრძანებას აძლევს ჩემ უკან მდგარი დაწნული ქალი საკუთარ თავს. იქვე კი:
– არ გაჩერდე... – ჩამჩურჩულებს ყურში გოგო და მეც ვცდილობ, რომ არ გავჩერდე, მაგრამ როგორ არ გავჩერდე, როდესაც ორი ერთდროული სროლის ხმა მესმის და ვეღარ ვხვდები – ზურგზე ცეცხლი მეკიდება თუ ბეჭებიდან ფრთები ამომდის. ირგვლივ ყველაფერი რყევას იწყებს და იბზარება. ეს უკვე დიდი მიწისძვრაა. მეც ზუსტად მაგ დროს ვისვრი გოგოში, მერე მკვეთრად ვჩერდები და ფრთხილად ვიხილები.
***
ჩემთან, ცარიელ სახლში, დიდ ოთახში, ზურგით კედელთან ვსხედვართ ლოტოსის პოზაში მე და გოგო და სრულიად შიშვლები სავარძელს ერთად მივჩერებივართ. იქ აღარავინაა.
მერე ერთმანეთისკენ ვიყურებით.
გოგოს ახლა სულსხვანაირად, ლამის უჯრედის დონეზე ვგრძნობ. ყველა მისი ფიქრი, ჩემი ფიქრია. ყველა მისი სიხარული თუ ტკივილი საერთოა.
– ეს რა იყო? – იცინის გოგო და უცებ შფოთით მოაქვს ჩემთან სახე.
– მე მგონი მეძინა. – მინდა ვიცრუო უსინდისოდ, მაგრამ გოგო არ მაცლის:
– მეც მეძინა, მაგრამ ყველაფერს ვხედავდი მაინც. – არ ნელდება გოგო. – კოსმოსში ვიყავი. ვფარფატებდი უწონადობაში. დროც არ არსებობდა. გამუდმებული აწმყო იდგა. მერე შენ შემოხვედი ოთახში, ასეთი, ტიტლიკანა, ნათურა შემოიტანე და პატრონას მიამაგრე. შუქი აანთე და მეც გავიხილე. კი არ მეძინა, უფრო ვისვენებდი. ვივსებოდი. შენთან რა იყო? – მთხოვს გოგო.
რა მოვუყვე? საიდან დავიწყო? ისევ ფიქრები მაბრკოლებენ. თან ვითვლი ორმოცამდე. აზრების სეტყვა ელჭექად მიგრუხუნებს თავში.
– რა გჭირს? – კისკისებს გოგო.
ყველაფერი წამში მახსენდება:
– შენ კიდევ, დაწნულმა ქალმა მოგიტაცა და მე ბევრს გეძებდი... რვა კარი და სივრცე გამოვიარე... მეცხრეში გამიმართლა...
– წიქარა და ცხრაკლიტური ჰქვია მაგას! მერე-მერე?
– ჩვენ მოვიგეთ საგზური მიწიერ სამოთხეში!
– რა იცი?
– ახლა აქ ვართ!
***
ამ ამბიდან ერთ კვირაში, ის უცნაური, ნეპალის ჰიმალაებში ნაპოვნი წიგნი ციფრების მაგიაზე, გოგომ მუშტაიდის სკვერში, მოსასვენებელ სკამზე დატოვა ვითომ შემთხვევით... მოკლედ, ნებსით თუ უნებლიეთ, გოგომ ჰიმალაებში ნაპოვნი ცოდნა „მოხეტიალე წიგნების“ მსოფლიო ფერხულში გაუშვა, თუ დააბრუნა. წიგნი აწი თვითონ იპოვის მომავალ პატრონს და ეგრეც გაგრძელდება ეს დიდი კარუსელი. ჩვენ ჩვენი უკვე გვიქნა და ჩაგვიტარა ყველაზე მთავარი. ერთი კი ვიცით დანამდვილებით – ასე, გაცილებით ადვილია ამ მატერიალურ სამყაროში ცხოვრება: როცა არათუ ხედავ, გესმის, ეხები, ყნოსავ და აგემოვნებ, არამედ რაღაც მიღმიერ გრძნეულებასაც გამუდმებით გრძნობ და მასთან ერთად ჰარმონიულად უწყობ ფეხს ფიზიკურ ცხოვრებას სამშობიაროდან სასაფლაომდე.
ეგეთებზე ფიქრის დრო თავზესაყრელადაა. მერე რა, რომ გოგოს დღითი დღე ეზრდება თეთრი მუცელი...
აქ და ამ წამს უკვე ყველაფერი სამუდამოდ ისეა, როგორცაა.
2017. პოკჰარა-თბილისი.
ავტორი: ბესო ხვედელიძე