გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

დემოკრატიულობის ელფერი | ინტერვიუ ნაზი ჯანეზაშვილთან


მართლმსაჯულების სფეროში არსებულ გამოწვევებზე - თემაზე, რომელიც ევროკავშირის კითხვარში ერთ-ერთი წამყვანია, ინდიგო საუბრობს ნაზი ჯანეზაშვილთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრთან და “სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელთან. სულ ბოლო საქმეზე გამოცხადებული სასამართლო გადაწყვეტილებაც, რომელიც ნიკა გვარამიას “უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას” ეხებოდა, ნაზი ჯანეზაშვილისთვის სამართლებრივი ნონსენსია და სისტემის ხარვეზებზე მიუთითებს. 

...

ნ.ჯ.:
ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე სასამართლო სისტემა გადის ხოლმე ერთგვარ ტესტს, დაამტკიცებს თუ არა, რომ ის დამოუკიდებელია, მის მიერ გამოცხადებული განაჩენი კი - დამაჯერებელი. ნიკა გვარამიას საქმეზე გამოცხადებული გამამტყუნებელი განაჩენი სამართლებრივი ნონსენსია. საქმე ეხება კერძო კომპანიის მართვასა და მენეჯერის შიდა გადაწყვეტილებას, რაც პრობლემურია იმ თვალსაზრისით, რომ მოსამართლემ დანაშაულის შინაარსისა და ბუნების გათვალისწინებით, არაპროპორციული განაჩენი გამოიტანა. ეს აბსურდია. ისე გამოვიდა, რომ მსგავსი შინაარსის საქმეებზე ნებისმიერი კერძო კომპანიის მმართველის დაკავება შეუძლიათ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსამართლე არა მხოლოდ არასამართლიანად, არამედ არასამართლებრივადაც მიუდგა საქმეს. ცხადია, ჩვენ მაინც ველოდებით დასაბუთებას, რომ ვნახოთ, რა არგუმენტებს ეყრდნობა მოსამართლე, მაგრამ ვვარაუდობ, რომ შაბლონური იქნება.

ინდიგო: ანუ ვარაუდობთ იმასაც, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება არ იყო დამოუკიდებლად მიღებული. მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა კი უნდა ყოფილიყო გარანტი იმისა, რომ მოსამართლეს თავისუფლად მიღებული გადაწყვეტილების გამო, სამსახურიდან დათხოვნის აღარ შეშინებოდა. რა უშლის ხელს ამ მექანიზმის, როგორც მოსამართლეთა დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების დამცავის, მუშაობას? 

ნ.ჯ.: ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე 2007 წლიდან არის მოსამართლე. 2019 წლის ოქტომბრიდან კი თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ. დიახ, უვადოდ დანიშვნაც ერთ-ერთი ბერკეტი იყო იმისთვის, რომ მოსამართლე უფრო დამოუკიდებელი და თავისუფალი გახდებოდა. ნამდვილად ვხედავ ამის ნიშნებს, რომ ეს რიგ მოსამართლეებზე დადებითად აისახება, მაგრამ საკმარისი მაინც არ არის. პირველ რიგში, მოქმედებს ინსტიტუციური მეხსიერება - მორჩილება ამ სისტემაში მაინც კულტურაა; ინსტიტუციური მახასიათებელია ის, რომ მოსამართლეები ექვემდებარებიან გავლენას. 

მაგალითად, თუკი ნიკა გვარამიას საქმეზეც იყო ჩარევა, მოსამართლეს ბევრი რამ შეეძლო გაეკეთებინა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მისაღებად. კანონში განსაზღვრულია კომუნიკაციის წესი, რომლის მიხედვითაც, თუ საქმის განმხილველ მოსამართლესთან არასათანადო კომუნიკაციაა, მან უნდა მიმართოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელმაც შესაბამისად უნდა იმოქმედოს. ეს კომუნიკაცია შეიძლება ტექნიკური საშუალებით იყოს, პირადად, თუნდაც, სოციალური ქსელით. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძისგან ასეთი განცხადება არ მოგვისმენია. 

არადა, თითოეული მოსამართლე უნდა აცნობიერებდეს, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება გავლენას ახდენს არა მხოლოდ ერთ ადამიანზე (თუმცა, ერთი ადამიანიც ძალიან მნიშვნელოვანია), არამედ მათ მომავალზეც: ქვეყნის დემოკრატიულობაზე, ევროპულ ინტეგრაციაზე. დღეს როცა საქართველო ევროკავშირისგან პასუხს ელოდება კანდიდატის სტატუსზე და ამ დროს მოსამართლე ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ეს პასუხისმგებლობის ვერ გააზრებაა. მოსამართლე ვალდებულია, იყოს დამოუკიდებელი, ზუსტად ეს განასხვავებს მას სხვა საჯარო სამსახურის მოხელეებისგან. 

ინდიგო: რადგან საბჭოზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, რა არის ის ძირითადი, ფუნდამენტური პრობლემები ამ ორგანოში, რაზეც ევროკავშირის კითხვარშიც მიგვანიშნეს?

ნ.ჯ.: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში მოქცეული ბერკეტები, რომლითაც შეეძლო მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენა, წლების განმავლობაში რჩებოდა პრობლემად. დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ე.წ. კლანისთვის მთავარი საყრდენი. რომ არა საბჭოს ასეთი დაქვემდებარება დომინანტ ჯგუფთან, აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება გვექნებოდა. საბჭოში დღეს არ ისმის განსხვავებული აზრი. მეც რომ ვიყავი საბჭოს წევრი და ჩემი განსხვავებული პოზიცია დამიფიქსირებია, არასოდეს გაუთვალისწინებიათ. საბჭოს ვერც ერთ გადაწყვეტილებაში ვერ დავინახავთ, რომ ისინი ზრუნავენ საზოგადოებისთვის  მართლმსაჯულება უფრო ხარისხიანი, ეფექტიანი და სანდო გახადონ. ამაზე საბჭო არ მუშაობს. არადა, კანონით ეს მათი პირდაპირი ვალდებულებაა. ის კი მხოლოდ რეგულარულ-რუტინულ პროცედურებს მიჰყვება და იქ დისკუსია საერთოდ განდევნილია. ხმა საბჭოდან არ გვესმის. 

ამიტომ ის გარანტიები მოსამართლეთა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების დასაცავად, რასაც ჩვენ ფურცელზე, სტრატეგიაში ვწერთ, არ მუშაობს. 

თანაც, ხელისუფლებას ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონმდებლობა და მოსამართლეები ამით დააშინოს. მიანიშნოს, რომ “მართალია, უვადოდ ხარ დანიშნული, მაგრამ შემიძლია სასამართლოდან ნებისმიერ დროს გაგიშვა“. 

კანონმდებლობის ცვლილების პრეცედენტი უკვე გვქონდა. შარშან, მაგალითად, კანონში დისციპლინური გადაცდომების ჩამონათვალი შეიცვალა - ჩაწერეს, რომ მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოხატვა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით, შეიძლება საფუძველი გახდეს მოსამართლის მიმართ დისციპლინარული დევნის დასაწყებად. ეს ცვლილება მოჰყვა კონკრეტულ შემთხვევას, როცა მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას სხვა მოსამართლეები გაემიჯნენ. მათი ეს ქმედება კი შეირაცხა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევად. „როგორ ბედავთ ხმის ამოღებას?“- შესაბამისად, ეს იყო ამ საკანონმდებლო ცვლილების პათოსი. ის დაგვრჩა, როგორც მანიპულაციის საშუალება - შეუძლიათ ნებისმიერი მოსამართლის სიტყვა, რომელიც საბჭოს სხვა წევრებისგან განსხვავებულ მოსაზრებას გამოხატავს, შეაფასონ პოლიტიკურად და დაიწყონ მოსამართლის მიმართ დევნა. სწორედ ამ ნორმებისა და ცვლილებების საფუძველზე გადაწყვიტეს მოსამართლეებმა ეკა არეშიძემ, ქეთევან მესხიშვილმა, მადონა მაისურაძემ, მამუკა წიკლაურმა და თამარ ხაჟომიამ, შეეტანათ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი, ეს 11 აპრილს მოხდა.

ინდიგო: იყო ძალაუფლებისა და კონტროლის რაიმე ბერკეტი, რაც სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობის დროს, იუსტიციის უმაღლესს საბჭოს გამოეცალა? ანუ იყო თუ არა რაიმე ცვლილება, რამაც მის ინსტიტუციურ გაჯანსაღებაზე იმოქმედა? 

ნ.ჯ.: მოსამართლეებზე ზემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო მოსამართლეების მივლინება/გადაყვანა. რომელსაც ერთ-ერთმა ყოფილმა მოსამართლემ „გაციმბირება“ უწოდა. მოსამართლის ნების საწინააღმდეგოდ, შეიძლებოდა ერთ დღესაც, მივლინებით სამუშაოდ ქუთაისიდან ბათუმში გაეგზავნათ, ანდა - თბილისიდან ზუგდიდში. „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ეს პრაქტიკა აღმოიფხვრა და პრობლემაც, თითქოს, გადაწყდა, თუმცა, 2021 წლის დეკემბერში კანონში მორიგი ცვლილების შედეგად, სამსახურებრივი მივლინების საკითხი ოდნავ განსხვავებული ფორმით, მაგრამ მაინც დაბრუნდა. მათ კვლავაც შეუძლიათ მოსამართლე სხვა სასამართლოში გადაიყვანონ, ოღონდ, ამჯერად ეს ასე ხდება - საბჭო მოსამართლეებს კითხვით მიმართავს გადასვლაზე და თუ არავინ გამოთქვა სურვილი და ვერავინ შეირჩა თავისუფალი ადგილისთვის,  საბჭოს მოსამართლის თანხმობის გარეშე შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება - გადაიყვანოს კონკრეტული მოსამართლე, არაუმეტეს 2 წლით, შერჩეულ ადგილზე, თუმცა, ისევ მოსამართლის თანხმობის გარეშე, ვადის დამატებით ორი წლით გაგრძელებაც შეუძლია. 

ესაა დისციპლინური სამართალწარმოების გზა, რომელიც საბჭოს ხელში ისევ ბერკეტად რჩება. წინა ხელისუფლების დროს თუ ამ მეთოდს მოსამართლეების დასჯისთვის იყენებდნენ, მისი ხელახლა ამოქმედება, როგორც დასჯის ინსტრუმენტისა, კვლავაც შესაძლებელია. კი ბატონო, ჯერჯერობით, ეს მხოლოდ კანონია, მაგრამ კონტექსტიც ხომ მნიშვნელოვანია, კერძოდ ის, თუ როდის დამტკიცდა ცვლილება. 

ეს მოხდა 2021 წლის დეკემბერში,  როცა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოს სასამართლო სისტემაში  მოსამართლეთა დანიშვნებს „რიგით მეხუთე უკან გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა, ხოლო აშშ-ს საელჩომ ორი მოსამართლე წევრის „კონკურსისა და გამჭვირვალობის გარეშე“ ნაჩქარევად დანიშვნები გააკრიტიკა. ამ კრიტიკას საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა განცხადებით უპასუხა - უცხოელ დიპლომატებს მიანიშნა, რომ ისინი ქვეყნის საშინაო საქმეებში არ უნდა ერეოდნენ. განცხადებაში ხაზგასმული იყო, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ყოველთვის იცავს და გადაწყვეტილებებსაც კანონის შესაბამისად იღებს. კომიტეტის ამ განცხადებას 20-ზე მეტი მოქმედი მოსამართლე გაემიჯნა. საკუთარი პოზიცია მათ სოციალურ ქსელებში გამოხატეს.

ეს გამიჯვნა საბჭოს არ მოეწონა. ის მიჩვეულია, რომ დომინანტ აზრს საჯაროდ არავინ ეწინააღმდეგება, ამიტომ რეაქციაც ძალიან ნეგატიური ჰქონდათ (ცვლილებები კანონში). ვერ წარმოუდგენიათ, რომ სასამართლო სისტემაში შეიძლება იყოს განსხვავებული ხმა. დამოკიდებულება ძალიან კორპორაციულია. პარლამენტმა სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ დაეჭირა მხარი კლანური იდეებისთვის და ამას მოჰყვა ცვლილებები კანონში, რაზეც ვისაუბრეთ - მოსამართლეთა გადაყვანის წესი სახეცვლილი ფორმით კვლავ აღდგა. 

მართლმსაჯულება უნდა ემსახურებოდეს მოქალაქეებს და თუ ის ამ ფუნქციას ვერ ასრულებს, მაშინ უნდა არსებობდეს მექანიზმი, რომელიც გააკონტროლებს მას. თუმცა, მართლმსაჯულების სისტემის დახვეწის, სამართალწარმოების გაუმჯობესების პროცესში იუსტიციის სამინისტრო საერთოდ აღარ ერევა. ბოლო წლებში იუსტიციის სამინისტრო ჩაეხსნა პროცესს და მთლიანი ძალაუფლება ორ შტოს შორის დარჩა: საკანონმდებლო ორგანოსა და იუსტიციის საბჭოს შორის. 

ინდიგო: კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ევროკავშირისგან გამოგზავნილ კითხვარში 369 კითხვიდან 60 სწორედ მართლმსაჯულებას ეძღვნება. მოსამართლეთა დამოუკიდებლობა, როგორც ჩვენი საუბრისას უკვე გამოჩნდა, კვლავაც ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხად რჩება, რაც სხვა კომპონენტებთანაც, ცხადია, კავშირშია. თუმცა, თუ შეიძლება, თავი მოვუყაროთ ყველაზე კრიტიკულ საკითხებს - რას ეხება ისინი?

ნ.ზ: კონცეპტუალურად თუ შევხედავთ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმის სტრატეგია ქვეყანაში. ჩვენ კი ასეთი, მოქმედი სტრატეგია დღეს არ გვაქვს. არადა, გვქონდა. დაახლოებით 5 წლის წინ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავად დაამტკიცა. მერე კი, ოფიციალურად უარი არ უთქვამთ, მაგრამ მსჯელობა არც გაუაქტიურებიათ. შესაბამისად, სისტემაში ძალიან ბევრი მოუწესრიგებელი საკითხი დარჩა. ყველაზე მწვავე პრობლემები  შემდეგია:

სასამართლო სისტემის საკადრო პოლიტიკა მთლიანად უნდა შეცვლილიყო, მაგრამ ხარვეზები ისევ დარჩა. ეს საკითხი არც კი  მოხვდა სისტემის გასაჯანსაღებლად შედგენილ პრიორიტეტულ მიმართულებებში. 

ვერ შეიმუშავეს მოსამართლეთა დაწინაურების ცხადი, გამჭვირვალე და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული სისტემა. 

ასევე, მწვავე კრიტიკა იყო იმაზე, რომ მოსამართლის დანიშვნა არ უნდა გადაეწყვიტათ იმ სასამართლო აქტებისა და გადაწყვეტილებების შესწავლის შემდეგ, რაც მან მიიღო. ეს მოსამართლის მიუკერძოებლობაზე უარყოფითად იმოქმედებდა.

და მივადექით ყველაზე მნიშვნელოვანს: მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნას. უზენაესი სასამართლოს შემთხვევაში ეს წესი დაიხვეწა - კანონმდებლობა შეიცვალა, თუმცა პრაქტიკაში არ ასახულა - კვალიფიციური მოსამართლეების არჩევის უზრუნველსაყოფად შეცვლილი კანონი საკმარისი არ გამოდგა. ვინაიდან ძალაუფლება ერთი კონკრეტული გავლენიანი ჯგუფის ხელშია კონცენტრირებული, მათ აქვთ მანიპულაციის შესაძლებლობა - კანონში სივრცეები რჩება, რაც ამის გზას ტოვებს. სხვაგვარად რომ ვთქვა, იგივე გადაწყვეტილება შეუძლიათ მიიღონ, რასაც ამ შეცვლილი და დახვეწილი კანონის გარეშეც მიიღებდნენ. ამის მაგალითია უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესიც. როცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ათკაციანი სია წარადგინა, პროცედურები საერთოდ არ არსებობდა, ერთადერთი წინადადება ეწერა კანონში: რომ საბჭოს პრეროგატივა იყო კანდიდატების წარდგენა. და ასეც მოიქცა. თუმცა შემდეგ ამას ხმაური მოჰყვა, კანდიდატები გაითხოვეს, მოსამართლეებმა თავადაც თქვეს უარი პროცესში მონაწილეობაზე და კანონიც მრავალჯერ შეიცვალა, თუმცა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დიდი უმრავლესობა მაინც იმ ათკაციანი სიიდან აირჩა. 

კიდევ ერთი მაგალითი. სტრატეგიის შემუშავებამდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ ევალებოდა, ქვედა ინსტანციაში მოსამართლეების დანიშვნა დაესაბუთებინა. შემდეგ ეს ვალდებულება სტრატეგიაში გაიწერა - საბჭოს დაევალა აეხსნა, რატომ დანიშნა მოსამართლე და რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა. ხომ შევიდა ეს ცვლილება კანონში, მაგრამ  ამ დასაბუთებებს რომ გადახედოთ ვებგვერდზე, ნახავთ, რომ ყველა შაბლონური და ძალიან ფორმალურია.

ინდიგო: როდის გადავუხვიეთ რეფორმის გზიდან? როდის ვთქვით უარი სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პრაქტიკაში?

ნ. ჯ.: ეს დაემთხვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პერიოდს. არადა, თავიდან სტრატეგიის შექმნის ინტერესი ნამდვილად იყო. ბრძოლაც მახსოვს თითოეულ კომპონენტზე და ისიც ჩანდა, რომ სასამართლო ხელისუფლებაც უფრო სერიოზულად ეკიდებოდა ამ პროცესს. მაგრამ, როცა სტრატეგიის შესაბამისი სამოქმედო გეგმის პრაქტიკაში აღსრულება უნდა დაწყებულიყო, იუსტიციის საბჭომ და პარლამენტმაც ინტერესი საერთოდ დაკარგა. უკვე თავი შეიკავეს. სამოქმედო გეგმების თემები - სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა, საბაზისო ცვლილებები პრობლემების გადასაჭრელად - დღის წესრიგიდან საერთოდ გაქრა. მე რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვიყავი, შეხვედრაზე ერთ ორგანიზაციასაც კი ვერ ვიწვევდით, პროცესი აღარ იყო ღია და ინტერესი - მსჯელობაში სხვადასხვა მხარე ჩაერთოთ - აღარ არსებობდა. 

ინდიგო: ამ კითხვარში ერთ-ერთ მწვავე საკითხად სასამართლოში საქმეთა განხილვის ვადებია დასახელებული.  რა არის ძირითად მიზეზები, რაც საქმის დროულად განხილვასა და გამოძიებას აფერხებს და რა გავლენას ახდენს გაჭიანურებული საქმეები მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე?

ნ.ჯ.: მოქალაქემ შეიძლება კანონში ამოიკითხოს საქმის განხილვის ვადებიც, მაგრამ იცის, რომ უმეტეს შემთხვევაში, პრაქტიკა ამ ჩანაწერს მთლიანად აცდენილია. თითქოს, ყველა თანხმდება, რომ გაჭიანურებაა რეალობა და რომ ეს მისაღებია. შეფერხების მიზეზი შეიძლება საქმის მონაწილეებიც იყვნენ, რომელიმეს აწყობდეს კიდეც გაჭიანურება, მაგრამ არავის უკვლევია, როგორია პრაქტიკა. 

მთავარი პრობლემა მაინც მოსამართლეების რაოდენობაა. ბოლო ათი წლის განმავლობაში არ მახსენდება პერიოდი, როცა სასამრთლო სისტემა სრულად დაკომპლექტებული ყოფილა. მუდმივად არის ვაკანსიები და თავისუფალი ადგილები. ვერ ვიყვანთ კადრებს და არ არსებობს არანაირი პოლიტიკა, თუ როგორ უნდა შეივსოს სისტემა. საქმეთა განხილვის ვადებზე კი ეს პირდაპირ აისახება. თვითონ სასამართლო არ არის დაინტერესებული ახალი კადრების გარედან მისაღებად. 

საქმეების ნაშთია ყოველწლიურად ძალიან მწვავე პრობლემა. თუ, ვთქვათ, მოსამართლეს საქმეები დაემატა და ნაშთად 500 საქმე ჰქონდა, ეს ნაშთები უგროვდება, უგროვდება და განუხილველად რჩება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არ გვითქვამს - ე.წ. კლანური მმართველობა. ამის გამოა, რომ მოსამართლეთა გარკვეულ ჯგუფს პრივილეგიები აქვს და ისინი სხვებთან შედარებით ბევრად ნაკლებ საქმეს განიხილავენ. იმავე სასამართლოში, იმავე კატეგორიაში, შეიძლება იყოს სხვა მოსამართლე, რომელიც ასეულობით საქმეზე ერთდროულად მუშაობს. მაგალითად, თბილისის სააპელაციო სასამრთლოში გვყავს ასეთი პრივილეგირებული მოსამართლეები. ქუთაისში კი არის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სასამართლო საქართველოში და საბჭოს არც ამ საკითხის მოგვარებაზე უზრუნია. არადა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეიქმნა მენეჯმენტის დეპარტამენტი, ისინი პროგრამულად ხედავენ მსგავს ხარვეზებს, სურათი აქვთ, უბრალოდ, წლიდან წლამდე არაფერი იცვლება. 

ინდიგო: როგორ ინიშნებიან მოსამართლეები და მოსამართლეების თავმჯდომარეები?

ნ.ჯ.: ამ საკითხშიც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ხელისუფლება თვითკრიტიკული იქნებოდა ევროკავშირისგან მიღებული კითხვარის შევსებისას. პრაქტიკამაც გვაჩვენა, რომ დასაბუთება, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის დანიშვნისას გასცემს, თითქმის იდენტურია. ეს არის მხოლოდ ტექსტი და არა შინაარსი. მოსამართლეების დაწინაურების დროსაც საერთოდ არ არის მკაფიო, რა მიიჩნევა სისტემის შიგნით დაწინაურებად. თუ ვთქვათ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს, რა დამსახურების გამო მოხდა ეს? პროცესი ქაოტურია და ერთადერთ ლოგიკას მიჰყვება: კლანური ინტერესები მაქსიმალურად უნდა გატარდეს - მოსამართლეების დანიშვნა-დაწინაურება-გადაყვანა მხოლოდ ამას უკავშირდება. სასამართლო სისტემაში გარედან კადრები არ შემოდიან. არადა, იყო პერიოდი, როცა კონკურსში გარედან ბევრი ხალხი მონაწილეობდა. მაგრამ როცა დაინახეს, რომ ეს რეალური კონკურსი არ არის, არაფერს ცვლის ის, თუ როგორ წარმოაჩენ თავს გასაუბრებაზე, მოტივაციაც გაქრა. ასეთ ტენდენციებშიც ჩანს, რომ სახელმწიფოს პოლიტიკაა, არ იყოს გახსნილი, ახალი კადრების მიღებაზე არ ზრუნავდეს. 

ინდიგო: სასამართლოს შიდა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა როგორია? ამაზე ევროკავშირიც სვამს შეკითხვას.

ნ.ჯ.: ხელისუფლება როცა იცვლება, სასამართლოსთან მუშაობის ხერხები და მეთოდებიც იცვლება. წინა ხელისუფლების დროს თუ გაგვიგია, რომ ვიღაც იუსტიციის მინისტრთან მიდიოდა და იქ წყდებოდა საქმეები, დღეს ეს მოდელი სხვაგვარია. დღეს ყველაზე დიდი საფრთხე შიდა გავლენებშია. ანუ, ლაპარაკია იმაზე, თუ რამდენად ახდენს გავლენას ინდივიდუალურ მოსამართლეებზე ერთი გავლენიანი ჯგუფი (კლანი). გვქონდა შემთხვევები, როცა მოსამართლეებმა ხმა ამოიღეს, ვადის ამოწურვის შემდეგ კი აღარ დანიშნეს. ყველა მოსამართლეს წინ აქვს მაგალითი, რომ ვინც ხმას იღებს, ის ისჯება: ან გაუშვებენ, ან რეზერვში ჩარიცხავენ, ან ვადის გასვლის (10 წელი) შემდეგ, აღარ დანიშნავენ. 

იყო შემთხვევბი, როცა „თავისუფალი“ მოსამართლეები აღარ დანიშნეს, მაგალითად, მაია ბაქრაძე, თეა ხამხაძე, ბესო სისვაძე, დავით ღიბრაძე - ესენი იყვნენ მოსამართლეთა ერთობის წევრები. თვითონ დააფუძნეს ეს ასოციაცია სწორედ იმიტომ, რომ ალტერნატიული მოსაზრება გაჩენილიყო და ემსჯელათ. ეს იყო 2013 წელს. 50-მდე მოსამართლე გაერთიანდა. დაახლოებით, მთელი საქართველოს მოსამართლეების მეხუთედი. მათგან ყველაზე აქტიურები მერე აღარ დანიშნეს მოსამართლეებად. მაგალითად, მათ განსხვავებული აზრი ჰქონდათ მოსამართლეთა დანიშვნებზე, დისციპლინურ სამართალწარმოებაზეც; ამბობდნენ, რომ მოსამართლეთა სამთვიანი გამოსაცდელი ვადა უნდა გაუქმებულიყო; ამბობდნენ, რომ უნდა გაზრდილიყო საბჭოს პასუხისმგებლობა გადაწყვეტილების დასაბუთების  კუთხით.  დღეს ამ ერთობის მოსამართლეების უმეტესობა სისტემის გარეთ არის, იმიტომ რომ აღარ დანიშნეს. 

ძალიან მნიშვნელოვანია, მოსამართლეებმა დაინახონ, რომ თუკი ისინი ამ უსამართლობას წინ აღუდგებიან, საზოგადოება მხარს დაუჭერს მათ. 

ინდიგო: სხვა ქვეყნების მაგალითი როგორია, ვთქვათ, ბულგარეთის, უნგრეთის, იქაც ხომ ხარვეზიანი იყო მართლმსაჯულება? რატომ არის მნიშვნელოვანი სწორედ მართლმსაჯულების სისტემის დახვეწა იმისათვის, რომ ჩვენს გაწევრიანებაში ევროპამ საფრთხე კი არა, სარგებელი დაინახოს?

ნ.ჯ.: ჩვენ ეს პროცესი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ქვეყანა უფრო განვითარდეს. სწორედ ამიტომ გვინდა ევროკავშირის წევრობაც - მდგრადი ინსტიტუციების გასავითარებლად. შეიძლება სხვა ქვეყნებს შევედაროთ, მაგრამ ახლა სხვა დროა. წლების წინ შეიძლება ჩვენც ვიღაც მოგვეხიბლა იმით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა ძალიან დემოკრატიულია; რომ მოსამართლეები კონკურსის გზით ინიშნებიან, და რომ მოსამართლეს იუსტიციის მინისტრი პირდაპირ  არ ნიშნავს. მაგრამ დღეს მოთხოვნები ჩვენს მიმართ ამაზე უფრო დიდია.

დემოკრატიულობის მხოლოდ ელფერი არ გვეყოფა - ევროკავშირს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენს რეფორმებს შინაარსიც აქვს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მაგალითი კი დღემდე მხოლოდ ფორმა ანდა ფორმალობაა: ინტერესთა კონფლიქტიც მის პრაქტიკაში ჩვეულებრივი მოვლენაა.

ეუთოს დასკვნაში ორჯერ მოხვდა ეს საკითხი. მაგალითად, საბჭოს წევრის ცოლის ძმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა. 

ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს დემოკრატიულია საბჭოს შემადგენლობა, კანონი არ სრულდება - პარლამენტი არამოსამართლე წევრებს ამ საბჭოში არ ირჩევს. ანუ, ამ პროცედურას შინაარსი გამოცლილი აქვს და ის არ არის გარანტი, რომ სისტემაში მართლაც კვალიფიციური და კეთილსინდისიერი კადრები შევლენ. ამ დროს ჩვენ უფრო ყურადღებით გვაკვირდებიან. 

ინდიგო: რადგან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სფეროა მართლმსაჯულება და სასამართლო, როგორ უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯები? როგორ უნდა გავაჩინოთ პოლიტიკური ნება?

ნ.ჯ.: ძნელი წარმოსადგენია, მათ ეს პოლიტიკა შეცვალონ; რომ ევროინტეგრაციის პროცესის გამო კლანზე უარი თქვან. ცვლილებების რეალური პერსპექტივა რომ გაჩნდეს, ამას საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება. როგორც მინიმუმ, ის ძალაუფლება და საყრდენი უნდა გამოეცალოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რაც პარლამენტმა მიანიჭა. მაგალითად, საქმეების განაწილება; თავმჯდომარეების არჩევა. ვიწრო სპეციალიზაციებში თავმჯდომარეებს მოსამართლეების გადანაწილება ერთპიროვნულად არ უნდა შეეძლოთ. კონკრეტულ საქმეებზე ზეგავლენის ასაცილებლად ეს იქნებოდა გამოსავალი. გამოდის, რომ სასამართლოს რეფორმის პირველი ტალღის ცვლილებებს უნდა დავუბრუნდეთ. ისინი იყო პროგრესული. მაგალითად, მაშინ შეიცვალა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა და არამოსამართლე წევრების ინსტიტუტი ამოქმედდა. იქამდე საქართველოში ასეთი რამ არ ყოფილა. მიზანი ის იყო, რომ გარეშე პირები, რომლებიც არ არიან სასამართლოს სისტემის ნაწილი და არც გამოცდილება აქვთ, შესულიყვნენ საბჭოში და განსხვავებული აზრი და ხმები გამოეხატათ. ეს ვერ შესრულდა, რადგან მოსამართლეთა უმრავლესობა არასდროს ითვალისწინებდა არამოსამართლე წევრების არც კითხვებს, არც მოსაზრებებს და მივედით იქამდე, რომ დღეს საბჭო არის აბსოლუტურად ერთგვაროვანი. არადა,  საბჭო, არსით, კოლეგიალური ორგანოა.

სასამართლოს მიმართ ნდობაზე, პირველ რიგში, საბჭო უნდა მუშაობდეს. უფრო თუ დავკონკრეტდებით, ამ თვალსაზრისით მას უნდა აღელვებდეს პოლიტიკურად გახმაურებული საქმეები, რომლებიც დღეს მიმდინარეობს. 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეიმუშავა საზოგადოებასთან ურთიერთობის  სტრატეგია, რომლის ერთ-ერთ პუნქტში ჩადებულია სპიკერი მოსამართლეების ინსტიტუტის ამოქმედება. ეს გულისხმობს, რომ სასამართლო უბრალოდ განცხადებებს კი არ უნდა ავრცელებდეს, რომ კონკრეტულ საქმეზე ეს გადაწყვეტილება მიიღო, სპიკერი მოსამართლე, რომელსაც ნიშნავს საბჭო, ბრიფინგს უნდა მართავდეს, სადაც მედია კითხვებს დასვამს. თუმცა, დღეს ეს მხოლოდ ინიციატივის დონეზე არსებობს. თავის დროზე კი, დაინიშნა სპიკერი მოსამართლე, ალექსანდრე იაშვილი, მაგრამ ბრიფინგი ერთხელაც არ გამართულა. არც პასუხი ვიცით - რატომ?!

ლოგოები

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა