ევროკავშირის გამოფხიზლება ცალსახად უკრაინას უკავშირდება | ვანო ჩხიკვაძე
04.05.2022 | 8 წუთიანი საკითხავიინტერვიუ "ღია საზოგადოების ფონდის" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერთან ვანო ჩხიკვაძესთან
ინდიგო: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გამუდმებით ისმის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობები ჩნდება. რა შესაძლებლობებია ეს?
ვანო ჩხიკვაძე: ახლა ჩვენსა და ევროკავშირს შორის დგება სიმართლის თქმის მომენტი. აქამდე, თითქოს, ვატარებდით რეფორმებს. ევროკავშირიც გვეუბნებოდა, რომ საუკეთესოები ვიყავით აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში, მაგრამ ყოველთვის გაურბოდა შეკითხვას: უნდა გახდეს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრი? ახლა კი უნდა გვითხრას - ხედავს ამ გაერთიანებაში ჩვენს მომავალს, თუ არა. რეალურად, ასე ახლოს ევროკავშირთან საქართველო არასდროს ყოფილა. ეს ყველაფერი უკრაინის ომმა გამოიწვია.
ინდიგო: რატომ არ გაკეთდა აქამდე განაცხადი კანდიდატობაზე? არ გააკეთა განაცხადი არც უკრაინამ 2014 წელს, ევრომაიდნის შემდეგ.
ვ.ჩ.: ჩემს უკრაინელ კოლეგებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ეს დიდი შეცდომა იყო 2014 წელს. თითქოს საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ერთმანეთს ელოდებოდა, ვინ გადადგამდა პირველად ამ ნაბიჯს, ვინ გარისკავდა. იყო შიშიც, რადგან არ იცოდნენ, რა იქნებოდა ევროკავშირის რეაქცია.
ინდიგო: და დღეს მზად არის ამისთვის საქართველო?
ვ.ჩ.: ხვალ რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს, ამისთვის ის მზად არ არის, ბუნებრივია. მაგრამ კანდიდატის სტატუსის მინიჭება - პირობებით შეიძლება. ამისთვის მზად არის ქვეყანა და ეს იქნება ლოგიკური და გონივრული.ისე კი, ბოლო სამ წელში ჩვენ ევროინტეგრაციის მიმავალ გზაზე ბევრი ნაბიჯი უკან გადავდგით. პირველ რიგში, სასამართლოს მიმართულებით. რაღაც პერიოდი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში front runner - ასე გვეძახდნენ, Best people in the class, მერე უცებ აღმოჩნდა, რომ ურჩები ვართ. სამწუხაროდ, ბევრი მიმართულებით გვაქვს უკუსვლა: ელიტური კორუფცია მაგალითად 2016 წლამდე არ გვხვდებოდა ანგარიშებში; მერე კი, ევროპარლამენტის კვლევაში, რომელიც საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას აფასებდა 2018 წელს,
ყველაზე კრიტიკული შენიშვნები ელიტურ კორუფციასა და კანონის უზენაესობას ეხებოდა.
ახლა კანონის უზენაესობის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები დგას. ევროკავშირი დღემდე ელოდება პასუხებს, როგორ მიმდინარეობს გამოძიება სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებით, რომელმაც მოიცვა არამხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ ელჩებიც, მათ შორის ევროკავშირის ელჩიც. დღეს დადებითი შეფასება მხოლოდ ბავშვთა კოდექსსა და ოჯახში ძალადობის სტატისტიკას აქვს.
ინდიგო: რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ გადაწყვეტილებაზე პოლიტიკურ პოლარიზაციას, პრესის თავისუფლების ხარისხს?
ვ.ჩ.: ჩვენ ვერსად გავექცევით იმ საკითხებს, რაც შარლ მიშელის დოკუმენტშია და რასაც ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს: 5 ივლისის გამოძიებას, მაგალითად. ეს არსად გაქრება. ამ პოლარიზაციაში ყველას, მათ შორის მედიას, სამოქალაქო საზოგადოებასაც, თავისი წვლილი მიუძღვის, მაგრამ პირველ რიგში, უდიდესი წილი პასუხისმგებლობისა მოდის ხელისუფლებაზე, „ქართულ ოცნებაზე“. მას ევალება პოლარიზაცია გაანეიტრალოს.
ინდიგო: კრიტიკული ანგარიშის მიუხედავად, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, ევროკომისიისაგან კითხვარი მივიღეთ. სხვა ქვეყნების კითხვარები, როგორც წესი რამდენიმე ათას შეკითხვას მოიცავდა. თუმცა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის გაცილებით ნაკლები შეკითხვაა (369 შეკითხვა მოლდოვას და საქართველოს; 368 უკრაინას). ნიშნავს ეს რამეს?
ვ.ჩ.: ეს სტანდარტული პროცედურაა. მას შემდეგ რაც ქვეყანა განაცხადს გააკეთებს, ევროპული საბჭო ევროკომისიას სთხოვს მოამზადოს შეფასება - მხარს უჭერს თუ არა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. უკრაინისგან წამოვიდა იდეა, რომ დაჩქარებული წესით წასულიყო პროცესი, მაგრამ ასეთი რამ არ არსებობს. შეიძლება მალე გაიარო ეტაპები, მაგრამ ეტაპს ვერ გამოტოვებ. უნდა ვივარაუდოთ, რომ ივნისში უკვე ამ კითხვარის საფუძველზე, და მათ შორის ბევრი სხვა ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ევროკავშირს აქვს, ევროკომისია მოამზადებს შეფასებას. ამ რეკომენდაციის საფუძველზე წევრი ქვეყნები მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას.
თუმცა, მხოლოდ კითხვარის საფუძვლეზეც არ ხდება გადაწყვეტილების მიღება. ევროკავშირი ძალიან კარგად გვიცნობს. ბევრი ინფორმაცია აქვს საქართველოზე. საქართველოს ხელისუფლება კითხვარს შეავსებს თუ არ შეავსებს, ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი რამეზე ინფორმაციას ვერ მიიღებს. წლებია ევროკავშირს ჩვენთან საელჩო აქვს; წლებია, რაც წევრი ქვეყნების საელჩოები თბილისშია და, რა თქმა უნდა, მათი ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა პოლიტიკური ანგარიშების მომზადებაა. ასე რომ, ძალიან კარგად იციან, რა პრობლემებია ქვეყანაში. კითხვარის გარეშეც აქვთ ინფორმაცია. ამ კითხვებით კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რა არის მნიშვნელოვანი მათთვის, ამ კითხვებში 70 პროცენტი მართლმსაჯულებაზეა და კიდევ ზუსტად იმ საკითხებზე, რაც საქართველოსთვის პრობლემურია. ამიტომ ეს ერთგვარი სიგნალია. ამიტომ მივიღეთ 369 კითხვა და არა 5000, ვთქვათ. მხოლოდ იმაზე მიგვანიშნეს, სადაც ხარვეზებია. ფაქტია ისიც, რომ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკამ და ამის ხარჯზე, ევროკავშირის ქვეყნებისთვის ნაკლები ყურადღების დათმობამ, ქვეყნისთვის შედეგი არ გამოიღო. ახლა დროა, ევროკავშირმა გადახედოს თავის სტრატეგიულ მიდგომებს ამ რეგიონის მიმართ. სამი ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საუკეთესოა, რაც მას შეუძლია გააკეთოს. კანდიდატის სტატუსის მინიჭება - ეს პოლიტიკური სიგნალი იქნება.
ინდიგო: შესაძლებელია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით მიანიჭონ და დრო მოგვცენ ხარვეზების გამოსასწორებლად?
ვ.ჩ.: შევხედოთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და მათ გამოცდილებასაც - რიგში ზოგი მათგანი ჩვენზე წინაა - გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვთ. მათი გამოცდილება ასეთია: ორს მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი (ჩრდილოეთ მაკედონიასა და სერბეთს) და ორს (ალბანეთი და ბოსნია და ჰერცოგოვინა) კიდევ დამატებით გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოსთხოვეს. მე ვვარაუდობ (რაც სპეკულაციაა), რომ იმ შემთხვევაში, თუ მოგვენიჭება კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მას თან მოჰყვება პირობები შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად.
ინდიგო: რა პრივილეგია აქვს კანდიდატის სტატუსს? როგორ ისარგებლებს ამით ქვეყანა?
ვ.ჩ.: ორი მდგენელია: ერთია პოლიტიკური - ეს არის სიგნალი, რომ ქვეყნები უკვე არიან ევროკავშირის რადარზე. მეორე - პრაგმატული. ამ შემთხვევაში, ქვეყნებს მეტ ფინანსურ რესურსზე მიუწვდებათ ხელი, რასაც მოდერნიზაციისთვის და განვითარებისთვის უფრო ეფექტიანად გამოიყენებენ.
თავად ევროკავშირს რა ინტერესი აქვს საქართველოსთან, მოლდოვასთან…
ევროკავშირმა უნდა დაანახოს ირგვლივ ყველას, რომ ევროინტეგრაცია არის ალტერნატივა
რომელიც ქვეყნებს ტრანსფორმაციაში ეხმარებათ. ეს აჩვენოს სომხეთსა და აზერბაიჯანს. დააჯეროს ყველა, რომ ტრანსფორმაცია შესაძლებელია. ევროკავშირის გამოფხიზლება ცალსახად უკრაინის ომს უკავშირდება.
გულწრფელად რომ გითხრათ, მეშინია ამ ომს არ შევეგუოთ.
ევროკავშირის შიგნით აბსოლუტურად განსხვავებული საგარეო პოლიტიკის მქონე ქვეყნებია, გადაწყვეტილება კი კონსესუსით მიიღება. სამი ქვეყნის ევროინტეგრაცია ვერ იქნება თანაბრად მნიშვნელოვანი საკითხი პორტუგალიისა და პოლონეთისთვის. არიან ქვეყნები ევროკავშირშიც, რომლებიც ამბობენ, რომ ხვალვე უნდა მივცეთ (საქართველოს, მოლდოვას, უკრაინას) კანდიდატის სტატუსი, მაგრამ არიან ქვეყნები, რომლებიც ამბობენ, რომ „არა, ჯერ ვერა. ჯერ შიგნით უნდა ჩამოვყალიბდეთ“. ერთმა შეიძლება თქვას - „სანქცია კი არ დავუწესოთ, მოდით დაველაპარაკოთ…“ბალტიისპირეთის რომელიმე ქვეყანა კიდევ გამოდის და ამბობს, რომ ტერორისტებს არ ელაპარაკებიან, პუტინი არის ტერორისტი“ და ა.შ.
მოსახლეობას ეს პროცესი კარგად უნდა ავუხსნათ. იქ როგორც პუტინის რუსეთში, ერთი ზარით არ მიიღება გადაწყვეტილება.
რა თქმა უნდა, ჩვენ გაცილებით წინ ვიქნებოდით, ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული რომ არ გვქონდეს. ეს ცალსახაა. მაგრამ რეალობა ასეთია - ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. თუმცა, მეორე მხრივ, კოსოვოს მაგალითი არსებობს. ჩვენი ოკუპაცია ხელისშემშლელი ნამდვილად არის, მაგრამ თუ საქართველომ ყველა სხვა კრიტერიუმი დააკმაყოფილა, ეს ევროკავშირში გაწევრიანების უარის მიზეზი არ უნდა გახდეს. ამ თვალსაზრისით პრეცედენტული არის კვიპროსი. ჩვენ ყოველთვის მას ვახსენებთ, როგორც მაგალითს, მაგრამ რამდენად მზად არის ევროკავშირი მეორე კვიპროსი მიიღოს, ეს არ ვიცი. უფრო არა, ვიდრე კი. თუმცა, ახლა ბევრი რამ გადააფასეს. უკრაინის ომი რომ არა, ეს გადაფასებებიც წარმოუდგენელი იქნებოდა. თქვენ რომ ჩემთვის დეკემბერში გეთქვათ, რომ ივნისში შესაძლოა ევროკავშირს ემსჯელა საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე, ვერაფრით დავიჯერებდი. წლები რომ გავა და დუღილის ტემპერატურა დაიწევს, მაშინ უფრო კარგად გავაცნობიერებთ, რა გზას გავდიოდით ჩვენ ამ დროში და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს პროცესი ქვეყნისთვის.
ფოტო: Facebook/Institutul pentru Politici și Reforme Europene