ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

დიდი დიღმის ურბანული გამოწვევები | მეორე ნაწილი

დიდი დიღმის ურბანული გამოწვევები | პირველი ნაწილი 

ბრძოლა სარეკრეაციო სივრცისთვის


საჯარო სივრცეებისთვის ბრძოლაში წარმატება დიდად არის დამოკიდებული ადგილობრივი მოსახლეობის თვითორგანიზების ხარისხზე, ინტერესებისა და სხვადასხვა ფაქტორების იღბლიან დამთხვევაზე. უფრო ხშირად კი სამეზობლოს თავდაუზოგავი ბრძოლა ყრუ კედელს ეჯახება. მუნიციპალიტეტი არ ცდილობს საჯარო და კერძო ინტერესების შეჯერებას და ხშირად ქალაქთმშენებლობითი თვალსაზრისით გაუმართლებელ გადაწყვეტილებებს იღებს. ამის ერთ-ერთი მაგალითი დიდი დიღმის მე-2 მიკრორაიონის საჯარო სარეკრეაციო სივრცეა, რომლის დასაცავად მოსახლეობა 2016 წლიდან იბრძვის.

საერთო სარგებლობის სარეკრეაციო სივრცეში პარკის მოწყობის მოთხოვნა სამეზობლომ არაერთხელ დააყენა, თუმცა ის არც სახელმწიფომ და არც მუნიციპალიტეტმა არ გაითვალისწინა.

2020 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ეს არეალი ფეხბურთის ეროვნულ ფედერაციას გადასცა  საფეხბურთო მოედნის ასაშენებლად; ხოლო თბილისის საკრებულო და მერიის სხვადასხვა უწყებები ამ პროექტს დადებითი გადაწყვეტილებებით შეხვდნენ.

სამეზობლო სასამართლოში ასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებებს, თუმცა სტადიონის მშენებლობა მიმდინარე წელს აქტიურად წარიმართა და რამდენიმე დღის წინ საზეიმოდ გაიხსნა კიდეც.

ეს ის შემთხვევაცაა როდესაც საზოგადოებისთვის (და ხშირად გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვისაც) რთულია იმის ახსნა, თუ რატომ შეიძლება საფეხბურთო მოედნის მშენებლობა არ იყოს სწორი გადაწყვეტილება.

ასეთ დროს მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, სად და როგორი ობიექტი შენდება, რადგან არასწორ ადგილას აშენებულმა მონოფუნქციურმა სპორტულმა მოედანმაც შეიძლება მოსახლეობის ყოველდღიურობა გააუარესოს.


რა განსხვავებაა საჯარო სარეკრეაციო სივრცესა და საფეხბურთო მოედანს შორის?

ფეხბურთის მოედანი ღობით შემოსაზღვრული სივრცეა - ხელოვნური საფარით მოწყობილი სტანდარტული ზომის მოედანი დამხმარე ტექნიკური შენობა-ნაგებობებით, რომელიც მოემსახურება ერთ სამიზნე ჯგუფს, ერთი სპეციფიკური ფუნქციით. ხელოვნურსაფარიანი მოედანი შორიდან შეიძლება გამოიყურებოდეს როგორც მწვანე სივრცე, თუმცა ის ბეტონით არის ნაგები და მცენარეული საფარისაგან განსხვავებით ვერ ახდენს ტემპერატურის რეგულირებას.

safexburto moedani
საფეხბურთო მოედანი. ფოტო: ნანო ზაზანაშვილი

ეს არის კარგად გაკონტროლებული ზონა საფეხბურთო გუნდებისა და კლუბებისთვის, რომელთა წევრებიც დამატებით სატრანსპორტო ნაკადებს შექმნიან მიკრორაიონში და ავტომობილებით გადატვირთვას გამოიწვევენ. მოედანი იკავებს უბნის ცენტრში არსებულ ღია და მრავალფეროვან სპორტულ და სარეკრეაციო სივრცეს, რომელიც საპროექტო მოედნისგან განსხვავებით, დღის ნებისმიერ მონაკვეთში ემსახურებოდა ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს.

საჯარო სარეკრეაციო სივრცე უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ეკოლოგიურ გარემოს. ცხელი ზაფხულის პერიოდში ის მოქმედებს, როგორც საერთო თავშეყრის ადგილი და ხელს უწყობს უბნის სოციალური იდენტობის გაძლიერებას. აქ დადიან სხვადასხვა ასაკის ბავშვები, მოხუცები და მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები. ბავშვები ეცნობიან თანატოლებს, თამაშობენ ჯგუფურად. მცირეწლოვანი ბავშვების მომვლელები პატარებს წყნარ და უსაფრთხო სივრცეში ასეირნებენ, ხოლო მოხუცები ისვენებენ უკიდურესად ცხელ დღეებში, ზამთრის კარგ ამინდში კი ეფიცხებიან მზეს, ერთმანეთს ხვდებიან სუფთა ჰაერზე.

საფეხბურთო მოედნის მშენებლობით მიკრორაიონის მაცხოვრებლებს სწორედ ამგვარ სივრცეებზე ეზღუდებათ თანაბარი, საყოველთაო და თავისუფალი წვდომა.

eskizebi
როგორ შეიძლებოდა ტერიტორია განვითარებულიყო. პარკის ესკიზური პროექტი


როგორ იცვლება სარეკრეაციო სივრცეების ბალანსი?

დიდი დიღმის მე-2 მიკრორაიონი იმით არის გამორჩეული, რომ ის არქიტექტორებმა განსხვავებული მიდგომით დააგეგმარეს - მათ იმ დროისთვის არასტანდარტული ქალაქთმშენებლობითი ხერხები გამოიყენეს და ამით შესაძლებელი გახდა ერთ მოსახლეზე გამწვანებული არეალები გაორმაგებულიყო. შედეგად, მე-2 მიკრორაიონში საბჭოთა სამშენებლო ნორმებით ერთ მოსახლეზე 6 მ²-ის ნაცვლად, 12.5 მ² გამწვანებული ფართობი მიიღეს.

მიკრორაიონში საცხოვრებელი არეალები ქუჩების განაპირას, დღევანდელი პეტრიწისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების გასწვრივ მოეწყო. ხოლო განაშენიანების შუაგული მსხვილ გამწვანებულ მასივებში ჩაფლულ საბავშვო ბაღს, სკოლებს, სხვადასხვა სპორტულ მოედნებს და სარეკრეაციო არეალებს დაეთმო. ეს ზონა მიკრორაიონის დანარჩენ ნაწილებს საფეხმავლო გასასვლელებით უკავშირდებოდა, რაც მას მავნე საავტომობილო ზემოქმედებისაგან იცავდა და მიკრორაიონის შუაგულში მყუდრო და უსაფრთხო სივრცეს ქმნიდა.

როდესაც სარეკრეაციო სივრცეების დეფიციტზე ვსაუბრობთ, მე-2 მიკრორაიონის ზრდის ტენდენციაც უნდა გავითვალისწინოთ. ბოლო ათი წლის განმავლობაში კორპუსები წამოიმართა იმ ადგილებშიც კი, სადაც საცხოვრებელი განაშენიანება საერთოდ არ დაუგეგმავთ. თუ თავდაპირველი პროექტით მიკრორაიონის ფართობი 25 ჰექტარი იყო, დღეს განაშენიანებული არეალი დაახლოებით 33 ჰექტარს აღწევს. იზრდება მოსახლეობის რაოდენობაც.

ზოგადად, როდესაც არეალში მოსახლეობის მატებას სარეკრეაციო სივრცეების პროპორციული ზრდა არ მოსდევს, იკლებს ერთ მოსახლეზე გამწვანების მაჩვენებელი. დიდი დიღმის მე-2 მიკრორაიონში კი მოსახლეობა არსებული სარეკრეაციო სივრცეების ფიზიკური შემცირების პარალელურად იზრდება და ეს სურათს კიდევ უფრო ამძიმებს.

ეს დაკვირვება პროცენტებში რომ ავსახოთ, ამგვარ მონაცემს მივიღებთ: თავდაპირველად საჯარო საუბნო სარგებლობის, მსხვილი სარეკრეაციო სივრცეების ჯამური წილი მიკრორაიონის საერთო ტერიტორიის დაახლოებით 11.5% იყო. დღეს ეს მაჩვენებელი 6%-ია.  საფეხბურთო მოედნის მშენებლობით კი ის 2.7%-მდე შემცირდა.

ერთ დროს სარეკრეაციო სივრცით უხვად უზრუნველყოფილი მიკრორაიონი ახლა მწვავე დეფიციტის წინაშეა. 

 

ფუნქციური ზონების ცვლილების მანკიერი პრაქტიკა

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფუნქციური ზონების ცვლილება დიდი ხანია მანკიერ პრაქტიკად დამკვიდრდა ტერიტორიების სამშენებლოდ განვითარების პროცესში. არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი.

2019 წელს, როდესაც დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა განახლდა, ტერიტორიის ნაწილს სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი მიენიჭა და სპეციალური გამწვანებული ტერიტორიების რუკით შიდაკვარტალური გამწვანების არეალიც განისაზღვრა. სარეკრეაციო ზონა 2ნიშნავს, რომ ტერიტორიის 80% გამწვანებისთვის არის განკუთვნილი და ის არ უნდა იყოს დაფარული წყალგაუმტარი მასალით. ამ რეგულაციის დაცვის შემთხვევაში საფეხბურთო მოედნის მშენებლობა პროექტით გათვალისწინებული მასშტაბითა და პირობებით შეუძლებელი იქნებოდა.

ამ „წინაღობის“ გადასალახად, დაინტერესებულმა მხარემ ფუნქციური ზონის ცვლილება მოითხოვა. ის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივლისის #84-69 დადგენილებით დაკმაყოფილდა, სარეკრეაციო ზონა 2 სპეციალურ ზონა 1-ით შეიცვალა და მოიხსნა გამწვანებული ტერიტორიების რუკით გათვალისწინებული ზონები. ამ გადაწყვეტილების შემდეგ მშენებლობის ნებართვაც შეუფერხებლად გაიცა.

გადაწყვეტილების მიღების პროცესში ზონების ცვლილების მიზანშეწონილობა სიღრმისეულად არ გამოკვლეულა. გადაწყვეტილება სამეზობლო ინტერესებისა და ფაქტობრივი ქალაქთმშენებლობითი მდგომარეობის უგულებელყოფით მიიღეს. არ ყოფილა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ დროთა განმავლობაში უსისტემო ურბანული განვითარების შედეგად მიკრორაიონში ისედაც შემცირდა საერთო სარგებლობის სარეკრეაციო არეალები და რომ საფეხბურთო მოედნის მშენებლობა სწორედ ამ რეალობას დაამძიმებდა. ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა ვეღარ შეძლებდა ამ ტერიტორიის სხვადასხვა სარეკრეაციო მიზნებით გამოყენებას.

საფეხბურთო მოედანს ვერ განვიხილავთ საუბნო დონის, ერთიანი საჯარო სარეკრეაციო სივრცის ალტერნატივად. ღია საჯარო სარეკრეაციო სივრცისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის საჭიროება არ უნდა იყოს ერთმანეთთან დაპირისპირებული ინტერესი. უკონტროლო პრივატიზაციისა და ქაოსური მშენებლობის პროცესმა ზეგავლენა მოახდინა როგორც სპორტული ინფრასტრუქტურის, ასევე სარეკრეაციო არეალების შემცირებაზე. ორივე მათგანი არსებითად აზარალა ამ პროცესმა. თუმცა ერთი ინტერესის განხორციელება მეორის ხარჯზე უსამართლოა. უსამართლოა სამეზობლო საჭიროებების უგულებელყოფაც.

მიუხედავად დღეს არსებული სიტიუაციისა, მოსახლეობა სასამართლოში აგრძელებს სამეზობლო ინტერესებისა და საჯარო სივრცისთვის უსთანასწორო ბრძოლას.


ტექსტი მომზადებულია ურბანული კვლევების ცენტრის (URC) პროექტის „ძლიერი სამეზობლოები სამართლიანი მწვანე პოლიტიკისთვის” ფარგლებში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისთან თანამშრომლობით. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის შეხედულებებს.


ავტორები: ნანო ზაზანაშვილი, შიო დემეტრაშვილი, თენგიზ ჯოხაძე

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა