ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

დილის ნაკადებში | ქეთო კოკაია

დილის ნაკადებში, როგორც სწრაფ მდინარეში მოხვედრილო, სუსხი რომ სითბოში გადაგდის, ტკივილი სიამოვნებაში – დღეთა სათვალავი ხომ არ აგრევია?

 დილის ნაკადებში მოხვედრილო, მორიგი დღის მეთოდიკა რომ იწყება – ფუსფუსით, ხმაურით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – საით მიდიხარ, რისთვის? 

მოხვედრილო ნაკადებში დილის, როცა ფანჯრიდან დანახული ჰორიზონტი შავია საფლავის ქვიშასავით და ფეთქებადსაშიშ აისს ელი დილაბინდში. ნელი ტაატით დანაღმული ველი ცის.

ელი ვის?

დილის ნაკადებში მოხვედრილო, მზე ჯერ სუსტად და მერე მთელი ძალისხმევით რომ ათბობს პლანეტას, შენს ძვლებს, მკვდრებს, ავტობუსებსა და ხეებს – იღვრება კოსმოსიდან. მოსვი ერთი პეშვი მზე, აგევსოს ორგანიზმი რადიაციით, იქნებ სუპერგმირად გადაიქცე თუ კომიქსების ჟანრში გაგრძელდა დახატული ქარიშხლისფეხება დილა. 

ამოსუნთქთქუმლი ბგერადების ჟღერადობა თავადვე გიკვირს – ასეთია ყოველი მარადიული დღის დასაწყისი, იწვის, გაზეთის ფურცლებზე დაბეჭდილი კროსვორდივითაა, კალკულატორს ჰგავს – კარმულ შედეგებს რომ ითვლის ანდა საათებს დარჩენილს დაღამებამდე, რადგანაც დღეში ოპერირება არ არის ადვილი საქმე.

ურჩხულები სწორედ იმიტომ იმალებიან მზის უკან, რომ მათი დანახვა ვერავინ შეძლოს, ნებისმიერს ვინც ამას შეეცდება – მზე მოსჭრის თვალს.

ახლაც არ გეშინია შენი სხეული გარეთ გაიყვანო თუ როგორც მოქალაქეს გგონია კონსტიტუცია დაგიცავს ციდან დაცემული დღის გრავიტაციისაგან?

ნაკადებში დილის მოხვედრილო, აზრზე მოხვედი, ჰო? ლოცვებით მუხლმოდრეკილო, ადექი, ხელი მიჰყავ ვარსკვლავთმისნობას, დრონთმკითხაობას - იპოვე დილის ვარსკვლავი, როგორც გაჩირაღდნებული ნაიისრალი ცაში, ნახე იარები სტრატოსფეროსი – ნაკომეტარი.

სადღაც მანდო, ამბობდნენ ადრე, მითაჟამებში – ცხოვრობსო მიცვალებულთა ქალაქის არისტოკრატია, იქ ინახებაო ღვთისნასახი წინაპრების კორპორაციული მეხსიერება, მაგრამ შენ უკვე იცი, რომ მანდ მხოლოდ უტყვი კოსმოსია:

ღმერთის სასტიკი დუმილი ყველა ჩვენს ეგზისტენციალურ შეკითხვაზე.

 
დილის მოხვედრილო ნაკადებში, მიხვედრილო იმას თუ როგორ ილექება ქალაქის არაცნობიერი მისსავე პლაკატებში, ათასგვარ განცხადებაში გზად რომ გხვდება გარეთ გამოსულს, კედლის წარწერებში, არ ჩავარდე - ალაგ-ალაგ ასფალტის კრატერებში.

მზად იყავი მუდამ თუკი მაინც გახვალ გარეთ - ასეთი აზრებით სავსე - დღისით, მზისით  ცოცხალი მტკიცებულებასავით დადიხარ ჯერ არჩადენილი დანაშაულის, მაგრამ ესეც საკმარისია მათთვის რომ თითი გაიშვირონ შენკენ. საჩვენებელი თითი, მყარი, როგორც კალაშნიკოვი.

განიბანე ტანი დილის მოვერცხლისფრო ნაკადებში, სუსხი რომ სითბოში გადაგდის, ტკივილი სიამოვნებაში, მოსვი პეშვებით მზე – ამ აგვისტოსდარო, იმ კორპუსისდარო, დღეები გამოცდებია, ღამე – წიგნების თარო. ნუ შეგეშინდება ზემორე მონაყოლის, არამედ მიიღე ის როგორც ინსტრუქცია, უცნაური საფრთხეების მენიუ და იმოძრავე საფრთხეებს შორის ნაკადულივით, «დაეცემა შენს გვერდით ათასი და ათიათასი შენს მარჯვნივ, შენ კი არ მოგეკარება».