ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

Disconnectus Erectus

Tutunamayanlar (1970-71), რომელიც მსოფლიო ლიტერატურის უთარგმნელ წიგნთა რიცხვს მიეკუთვნება, ქართველი მკითხველისთვის უცნობი თურქი მწერლის ოღუზ ათაის სადებიუტო რომანია. ოღუზ ათაი (1934-1977) პირველი თურქი მოდერნისტი და პოსტმოდერნისტი მწერალია, მან დიდი გავლენა იქონია ნობელიანტ ორჰან ფამუქზე. სიცოცხლეში ნაკლებად დაფასებული ოღუზ ათაის Tutunamayanlar იუნესკოს გამოკითხვების შედეგად მე-20 საუკუნის საუკეთესო თურქულ რომანად იქნა მიჩნეული. მოცულობის (700-ზე მეტი გვერდი), ენისა (ოსმალური, თანამედროვე თურქული, ფრანგულად მოსაუბრე საზოგადოების სლენგი, 76 გვერდი პუნქტუაციის გარეშე) და თხრობის სტილის (ჯოისისეული ქვეცნობიერის ნაკადი, ნაბოკოვისეული პოემა კომენტარებით, არასწორხაზოვანი თხრობა და სხვა) გამო ეს ნაწარმოები ბევრ თავსატეხს უჩენს მთარგმნელებს (ნათარგმნია მხოლოდ ჰოლანდიურად და გერმანულად, ინგლისური თარგმანი ჯერ არ გამოქვეყნებულა). თავსატეხებს შორის სათაურის ზუსტი შესატყვისის პოვნაცაა (ინგ. The Disconnected, ჰოლ. Het leven in stukken, გერ. Die Haltlosen).  თურქული Tutunamayanlar-ის სიტყვასიტყვითი თარგმანია: ისინი, ვინც ვერ ეჭიდებიან; ფეხს ვერ იკიდებენ; მყარად ვერ დგანან მიწაზე. ქართულად, ვფიქრობთ, ამ სიტყვას ყველაზე მეტად „ფეხმოცარულები“ შეეფერება.

წიგნის უდიდესი ნაწილი შთაბეჭდილებებს, ასოციაციებს, დეტალებისა და სულიერი მდგომარეობის აღწერას უკავია, ამბავი კი ინჟინერ თურგუთ ოზბენის ერთგვარი გამოძიების ფონზე ვითარდება. თურგუთი, რომელიც თავისი მეგობრის, სელიმ იშიქის თვითმკვლელობის ამბავს შეიტყობს, თავს დამნაშავედ გრძნობს, რომ სიცოცხლეში მეგობრის მიმართ სათანადო ყურადღება ვერ გამოიჩინა. სელიმის უკეთ გასაცნობად და თვითმკვლელობის მიზეზის დასადგენად იგი მეგობრის წარსულს იკვლევს და მისი ნაცნობ-მეგობრების გამოკითხვას იწყებს. მას ხელში ჩაუვარდება სელიმის პოემა („გუშინ, დღეს, ხვალ“) კომენტარებით, სელიმის დღიურები. თურგუთისთვის ცხადი ხდება, რომ სელიმ იშიქი (იშიქი თურქულად: სინათლე, შუქი) „მოაზროვნე და გონებით მჩხრეკელი“ ადამიანი იყო. იგი იმასაც ხვდება, თუ რატომ ვერ იკიდებენ ფეხს სელიმი და მისნაირები ცხოვრებაში. თურგუთი თანდათან გულს იცრუებს თავის უშინაარსო ყოფაზე, ვეღარ ეგუება ბურჟუაზიული ყოფიერების სიყალბეს, მხოლოდ თავის შინაგან ხმასთან „ოლრიჯთან“  ურთიერთობს, ტოვებს ოჯახს, სამსახურს და ოლრიჯთან ერთად მატარებლებში იწყებს ცხოვრებას.

ოღუზ ათაის ერთ-ერთი ბიოგრაფის მიხედვით, რომანი ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულია. ამის შესახებ თავად ოღუზ ათაიც აღნიშნავდა 1972 წელს „ფეხმოცარულების“ გამოქვეყნების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში (ფაქიზე ქუთლუს მიერ ჩაწერილი ინტერვიუ 1972 წლის 30 სექტემბერს ჟურნალ “Yeni Ortam”-ში გამოქვეყნდა). კითხვაზე, თუ ვინ იყო სელიმ იშიქი, ათაი ამგვარად პასუხობს:

„სელიმ იშიქი კრებითი ფეხმოცარულია. ერთი მეგობარი მყავდა ურალი, რომელმაც თავი მოიკლა, მაგრამ სელიმი მთლად იგი არ არის. შეიძლება მე ვარ (ეს წინადადება არ დაწეროთ). არის რამდენიმე ჩემი მეგობარი, მაგრამ მათი სახელების ჩამოთვლა არ მინდა. ქვეყანაში, სადაც ყველას უნდა იყოს ფეხმოკიდებული, შეიძლება იწყინონ ასოცირება სელიმ იშიქთან, რომელმაც ფეხმოცარულობა აირჩია. [...] ერთგან ვწერდი, რომ წარმატება ადამიანებში ურთიერთსიძულვილს იწვევს, მაგრამ, როგორც ვხედავ, არც წარუმატებლობა არის დიდი სიმპათიის გამომწვევი.

„ფეხმოცარულებს“ როცა ვწერდი, ერთი ძალიან მარტივი მიზანი მქონდა, მინდოდა ადამიანების შესახებ მომეყოლა. [...] გარდა ამისა, ადამიანების, განსაკუთრებით კი ფეხმოცარულების მიმართ დიდი პატივისცემა მაქვს, მებრალებიან ისინი;

ასეთ მტკივნეულ თემას, ვფიქრობ, ბევრი სტატია, კვლევა და სხვადასხვა სახის ლიტერატურა უნდა დაეთმოს“.

და მაინც ვინ არიან ეს ფეხმოცარულები, რომლებიც ჩვენშიც მრავლად არიან? მათი ბრალია თუ არა, რომ „საჭირო დროს და საჭირო ადგილას“ ვერ მოხვდნენ? თავად ირჩევენ ფეხმოცარულობის მდგომარეობას თუ გარემოა ამაში დამნაშავე? (რომანის მიხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ ავტორი ფეხმოცარულთა წარუმატებლობის მიზეზად თურქული ბურჟუაზიული საზოგადოების მიერ ჩამოყალიბებულ ნორმებს მიიჩნევს). და ვინ არის სელიმ იშიქი? იმედია, რომანიდან თარგმნილი ორი ნაწყვეტი მკითხველს ნაწილობრივ მაინც შეუქმნის შთაბეჭდილებას ფეხმოცარულების და მთავარი ფეხმოცარულის – სელიმ იშიქის შესახებ.

DÜN, BUGÜN, YARIN

გუშინ, დღეს, ხვალ

კომენტარი პოემის მე-10 სტრიქონზე - "ფეხმოცარულთა ისტორიაში ეწერებოდა".


უცნაურ არსებათა ენციკლოპედიიდან: ფეხმოცარული (disconnectus erectus) უნიათო და მფრთხალი ცხოველია. ამ სახეობაში ადამიანისხელებიც გვხვდება. ერთი შეხედვით, გარეგნობა ადამიანისას უგავს. მხოლოდ თათები, განსაკუთრებით კი ბრჭყალები, ძალიან სუსტი აქვს. დაქანებულ ზედაპირზე, თუ აღმართია, საერთოდ ვერ ადის, დაღმართზე – სრიალით ჩადის (ამ დროს ხშირ-ხშირად ეცემა). ბეწვი თითქმის არ აქვს. თვალები ძალზედ დიდი, მაგრამ მხედველობა ცუდი აქვს. ამიტომ, საფრთხეს შორიდან ვერ ხედავს.

მარტო დარჩენილი მამრები სულისშემძვრელ ხმებს უშვებენ. მდედრებსაც ამავე ხმით უხმობენ. ძირითადად სხვა ცხოველების ბუნაგში სახლობენ, სანამ ის ცხოველები მათ იქ ყოფნას უძლებენ. ხანაც მიტოვებულ ბუნაგებში იდებენ ბინას. ჩამოყალიბებული ოჯახური ცხოვრების წესი არ აქვთ. მშობიარობის შემდეგ დედა, მამა და შვილები სხვადასხვა მხარეს მიდიან. ერთად ცხოვრება არ იციან და გარე საფრთხეების წინააღმდეგ გაერთიანების შემთხვევებიც არ გვხვდება. ჩამოყალიბებული კვების წესებიც არ აქვთ. სხვა ცხოველებთან ერთად ცხოვრებისას, მათ მიერ მოპოვებულ საკვებს მიირთმევენ. მარტო როცა რჩებიან, როგორც წესი, ჭამა ავიწყდებათ.  რამდენადაც მათი ყველა ჩვევა მიმბაძველობის შედეგია, თუ ვერ ხედავენ, როგორ ჭამენ სხვა ცხოველები, შიმშილს ვერ გრძნობენ. (ამ პერიოდში მათზე ნადირობა რეკომენდებული არ არის, რადგან ძალიან დასუსტებულები არიან).

ინსტინქტები ბოლომდე არ აქვთ განვითარებული. თავის დაცვა არ იციან, მაგრამ კვლავ მიმბაძველი ხასიათისა გამო, როცა ერთმანეთთან მოჩხუბარ სხვა ცხოველებს  ხედავენ, თავადაც ებმებიან ჩხუბში. დღემდე არავის უნახავს, ფეხმოცარულს ჩხუბში ვინმე დაემარცხებინოს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ბუნებისმეტყველის დაკვირვებით, სუსტი მახსოვრობისა გამო, ხშირად ჩხუბობენ. (იგივე მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მოჩხუბარი ფეხმოცარულების რაოდენობა თანდათან იკლებს).

მართალია, საღვთისმეტყველო წიგნები კრძალავენ ამ ცხოველის ხორცის ჭამას, მაინც გრძელდება მათზე ჩუმად ნადირობა და მათი ხორცის კონტრაბანდულად გაყიდვა. ფეხმოცარულის მონადირება ძალიან ადვილია. ერთი თბილი მზერის მიპყრობა და მაშინვე მოგიახლოვდება. ამის მერე მათ დაჭერას და დაკვლას რაღა უნდა. მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში ბაქტერიების მატარებელნი არიან, მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სამმართველომ აკრძალა ფეხმოცარულთა  დაკვლა. როგორც ექიმები ამბობენ, ფეხმოცარულთა ხორცის მირთმევის შემდეგ, ადამიანებში ვლინდება აპათია, მსუბუქი სევდა, უმიზეზოდ სინდისის ქენჯნა და ასევე უმიზეზოდ საკუთარი თავის დადანაშაულება. თუმცა იგივე ექიმები დასძენენ, რომ ფეხმოცარულთაგან ბაქტერიები საკლავ საქონელზეც  გადადის და თავის დაცვის ერთადერთი საშუალება საერთოდ ხორცის ჭამაზე უარის თქმა არისო. 

მათი ცირკში გამოყვანის სურვილით ატანილი არაერთი მომთვინიერებელი ხანგრძლივად წვრთნიდა ფეხმოცარულებს, მაგრამ რამდენადაც ამ უნიათო ცხოველებმა ერთი უნარიც კი ვერ შეითვისეს, მომთვინიერებლებმა ხელი ჩაიქნიეს. გარდა ამისა, იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა ცირკში ხალხის გასამხიარულებლად გამოყვანილმა ფეხმოცარულებმა, მაყურებელი პირიქით დაადარდიანეს. (ხალხი სალაროებს მიაწყდა ფულის უკან დასაბრუნებლად).

ეს სახეობა, სპილოს შემდეგ ყველაზე რელიგიურ ცხოველადაა მიჩნეული. ზოგი მწერლის მოსაზრებით, ისინი სიკვდილის შემდეგ სამოთხეში ხვდებიან. თუმცაღა, ამას მაინცდამაინც სარწმუნოდ ვერ მივიჩნევთ, თუ გავითვალისწინებთ, რომ სადაც კი ფეხმოცარულები მარტო ან ჯგუფად მიდიან, ყველგან რაღაც ხათაბალაში ეხვევიან.

იმის გამო, რომ სულ თავდახრილები დადიან, წინააღმდეგობებს პირისპირ ეჯახებიან და თავით ბოლომდე დაჟეჟილ-დასახიჩრებულები არიან. მათი ამ მდგომარეობით შეწუხებულმა ზოგმა გულჩვილმა ადამიანმა ფეხმოცარულების მოშინაურება და გამოკვება ცადა, მაგრამ ეს საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა. ფეხმოცარულებს უჭირთ ადამიანებთან ერთად ცხოვრება და საერთო წესებთან შეგუება. მოულოდნელად ესხმიან თავს სახლის პატრონებს, გარეთ გაგდებულებმა კი არ იციან, როგორ ან საით წავიდნენ. მთელი დღეები სახლის წინ დგანან, სულისშემძვრელ ხმებს უშვებენ და სახლის პატრონებს თავს აბეზრებენ. (ერთხელ პატრონს ვეღარ გაუძლია და გაქცეულა, ფეხმოცარული უკან გასდევნებია და სადაც კი მისულა, მოსვენება არ მიუცია).  

დადგა დრო, ვიფიქროთ, როგორ შევაჩეროთ მათი გადაშენების პროცესი. ამისათვის კი, ფეხმოცარულები, რომლებიც ძირითადად ქალაქგარეთ ბინადრობენ, ქალაქებში, მხოლოდ მათთვის განკუთვნილ, შემოღობილ ნაკრძალებში უნდა გადმოვასახლოთ.

 

კომენტარი პოემის მე-11 სტრიქონზე - "სიტყვა და მარტოობა იყო მისი ცხოვრების ავ-კარგი".

სიტყვა და მარტოობა: „დასაბამიდან იყო სიტყვა“, ასე იწყება იოანეს სახარება. სიტყვამდე კი უკვე იყო მარტოობა და სიტყვის მერეც გააგრძელა ყოფნა... სადაც სიტყვა დამთავრდა, ის იქ დაიწყო; სიტყვის წარმოთქმამდე დაიწყო. სიტყვებმა მარტოობა დავიწყებას მისცეს, მაგრამ მარტოობამ სიტყვასთან ერთად განაგრძო ადამიანებში ცხოვრება. სიტყვები მარტოობაზე ჰყვებოდნენ, ამასობაში მარტოობაში გალღვნენ და ჩაიკარგნენ. მხოლოდ სიტყვებმა გააყუჩეს ტკივილი, მაგრამ კვლავ სიტყვების გამო ადამიანებში მარტოობა აუტანლად გაიზარდა.

სელიმ იშიქმა მარტოობა სიტყვებით გამოკვება. მარტოობა, რომელსაც სიტყვებზე ადრე იცნობდა, სიტყვების წიაღში აღზარდა. ძველი სენისგან ახალი განკურნებული იყო, როყიო სიტყვები რომ წამოროშა და უცებ იგრძნო, როგორ ჩაესო გულმკერდში ძველი ჭრილობების ძველი სიტყვები და გაიტრუნა. სიტყვებმა მარტოობასთან მარტო დარჩენის ნებაც კი არ მისცეს, ყველა მხრიდან შემოესიენ და თავს დაესხნენ. ადრე ნათქვამი სიტყვები შემოუტრიალდნენ, ფეხქვეშ გათელეს და არ ამოასუნთქეს. მერე სელიმი უცებ საწოლიდან წამოხტა და წარსულ ცხოვრებასა და ყველა სიტყვას ფეხით გადაუარა. მზეზე გავიდა. ცოტა ხანში მზემ თვალები აატკია, ფარდები ჩამოიფარა და სიტყვების უკუნში დაბრუნდა. ზოგმა სიტყვამ აპატია, კვლავ მისცეს მათ შორის ცხოვრების უფლება. ამ სიტყვებთან პირი შეკრა და დაუნდობლად შეუტიეს ერთად სხვა სიტყვებს: დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ, სულის მხუთავ სიტყვებს. დამარცხდა, წააგო, საბოლოოდ მაინც დამარცხდა სიტყვებთან იმ ბრძოლაში, მოკავშირე სიტყვებთან ერთად რომ გააჩაღა. მარტოობა კი სულ სადღაც იქვე იყო.  

გრძელ სიტყვებს ყოველთვის გაურბოდა, მაგრამ ბევრჯერ მოუწია მათი მოსმენა. მოკლე სიტყვები ვერ მოირგო, თუმცა სულ მოკლე სიტყვებით ესხმოდნენ და თავსაც მოკლე-მოკლე სიტყვებით იცავდა. და კვლავ სიტყვების გამო ყველამ დაადანაშაულა, ხელი გაიშვირა მისკენ და საჩვენებელი თითი დაუქნია. თურმე ყველას უღალატა. ბურჰანს, მეთინს, დედას, საბრის, მამას, არქიტექტორ ჯემილს და კიდევ ვინ მოთვლის, ვის. მეთინი ეკითხებოდა: „მე რომ ვიოლინოზე ვუკრავდი და თურქულ ტანგოს ვუსმენდი, რა უფლება გქონდა ჩემ მაგივრად რომ გრცხვენოდაო?“ ბურჰანი უტევდა: „მთელ დღეებს ერთად ვატარებდით და ვერ დაიჯერე, რომ მიყვარდიო“. დედა უყურადღებობას უჩიოდა. მამა ცოფებს ყრიდა, „სულ მიჯანყდებოდი, თვალში გეპატარავებოდიო“. ზოგი განათლებული მეგობარი მწარედ დასცინოდა, რაღაც ისეთ საქმეებს კიდებ ხელს, უკულტურობის სუნი რომ ასდისო. საბრი კი ამბობდა: „იმიტომ არ გიყვარდი, რომ ფეხზე სუნი ამდიოდაო“. თურმე ვიღაცების მოსმენა ბეზრდებოდა და ეს სახეზე ემჩნეოდა; ვიღაცების სხვებთან გამოჩენის რცხვენოდა; მათხოვრებს არ სწყალობდა; ქენანს გერმანიით აღფრთოვანების გამო დასცინოდა; ვიღაცებს ამცირებდა, თქვენი ცოდნით ამას ვერ გაიგებთო; ვიღაცებთან ყოფნა ბეზრდებოდა და გარბოდა; დიდი ხნით იკარგებოდა და არ ჩნდებოდა; ქალებს ფეხებზე უყურებდა; უკვე ამდენი წლისაა და.....   

ყველა რაღაცას ემართლებოდა. მერე ყველამ ერთად და ხმამაღლა იმღერა მრავალხმიანი გალობასავით: „ჩვენ სხვებთან გვლანძღავდი!“ 

უცებ იესო გამოჩნდა, ყველა გააგდო: „აბა, მორჩით, ყველამ თქვენს საქმეს მიხედეთო“. ერთად გაისეირნეს სუფთა ჰაერზე, შემაღლებულ ადგილას ავიდნენ და პირისპირ დასხდნენ. სულის მშვენიერებაზე ისაუბრეს. ერთმანეთს მოუყვნენ, როგორ ტანჯეს ადამიანებმა. დრო ისე გავიდა, ვერც იგრძნეს. შებინდებულზე იესომ ნებართვა ითხოვა და წავიდა, ზევით თურმე მამამისი ელოდებოდა. 

საბრალომ იესოსაც უღალატა. ისე ტკბილად იმასლაათეს, რომ მისთვის ყველაფრის თქმა ვერ მოახერხა. უპირველესად, ის არ უთქვამს, ქალებს ფეხებზე რომ უყურებდა. (თუმცა მან ხომ ისედაც იცოდა ყველაფერი – კი, მაგრამ მაინც უნდა ეთქვა, მათ შორის არაფერი უნდა დარჩენილიყო დაფარული.) მერე ამის თქმა თავის თავისთვისაც გაუჭირდებოდა – ისიც დაუმალა, ფიქრებში ყველა ნაცნობ ქალზე ოცნებით რომ სცოდავდა. ისე ესაუბრა იესოს ამ თემებზე, თითქოს აქაც არაფერი. ისე იმანაც კარგად აუგდო სიტყვა ბანზე, ისე იქცეოდა, თითქოს ბევრი რამ საერთოდ არ სმენია. ამ ყველაფერს სელიმი თავის ოთახში, ჭერზე მიშტერებული ფიქრობდა. ბოლოს ვეღარ გაძლო, ადგა და ლეფთერის დუქანში წავიდა. იქ კიდევ ერთხელ უღალატა იესოს. ჰალუქს გვერდით მიუჯდა და ერთი კარგად მიალანძღეს საწყალი კაცი. ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სქესობრივი ურთიერთობებისადმი უინტერესობა მისი რაღაც ნაკლით იყო გამოწვეული. ადამიანის შეცნობა თუ გინდა, იგი ყველა თავისი თვისებით უნდა მიიღოო, თქვეს. უნდა სცოდნოდა, რას ნიშნავდა იესოობა. ადამიანს შეუძლია თავისი ქმედებების მართვა, მაგრამ ფიქრებს როგორ შეაჩერებსო? განა, რა შეიძლება ადამიანურ ბუნებას ამაზე მეტად ეწინააღმდეგებოდესო? ფიქრებით დანაშაულის ჩადენაზე საუბარი კონსტიტუციასაც ეწინააღმდეგებაო. კეთილი, სულ ეგ იყოს ჩვენი დანაშაული, თანახმა ვართო, უთხრეს ერთმანეთს. მღვდლებზე უხამსი ანეგდოტები მოჰყვნენ; ჯერ თავისიანებს მიხედოს; ჯერ თავის მიმდევრებს შეაგნებინოსო, ასე თქვეს და მერე .... მერე ისინი ჰილმიმ ბარში დაპატიჟა. თქვეს, კარგად ვერ ვართ და ბარემ ცუდად გავხდეთო. მამაშენისთვის გეთქვა, ფროიდი არ შეექმნაო. ორივე ებრაელი ხართ, ერთმანეთისა გერცხვინებოდეთო. იკითხეს: პატარავ, შენ ჰულია არ გქვიაო? რა ლამაზი ფეხები გაქვსო. ამ ბარში ვინმე მარიამ მაგდალინელი ხომ არ მუშაობსო? ქალმა რომ ვერაფერი გაიგო, ხმამაღალი სიცილი დააყარეს. ოფლში გაწუწვამდე იცეკვეს. დილამდე სვეს. შინისკენ მიმავალ გზაზე ერთმანეთს დაერივნენ. სელიმი წაიქცა და ფეხი იღრძო. ერთი კვირა იწვა სახლში, გასიებულ ფეხს ძირს ვერ ადგამდა. (სხვებს არაფერი დამართნიათ). გადაწყვიტა, სმისთვის თავი დაენებებინა. გაუჩერებლად კითხულობდა ოთხთავს. მოწყენილობაში გაიარა დღეებმა. ბოლოს ვეღარ მოითმინა; დაჯდა და იესოს მოკლე წერილი მისწერა:

საყვარელო იესო,

ყველაფრისთვის ბოდიშს გიხდი. ვიცი, რომ დამნაშავე ვარ. ეს დღეები სულ შენზე ვფიქრობ. შენს წიგნს ხელიდან არ ვუშვებ. ყველაფერში მართალი ხარ. რასაც ახლა ვხვდები, ჩვენი შეხვედრის დღეს რომ მცოდნოდა, სულ სხვანაირად მოვიქცეოდი. მაგრამ თუ კიდევ შევხვდებით, აი ნახავ, შენ რომ გინდა, ზუსტად ისეთი ადამიანი ვიქნები. ვერ მიცნობ, ისე გამოვიცვალე. ოთხშაბათს ჩემი მშობლები შინ არ იქნებიან. თუ მოხვალ, წყნარად ვისაუბრებთ.

სიყვარულით,

სელიმი     

იესო არ მოვიდა. 

 
ავტორი: ირინე ჯავახიძე

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა