
დრო და სიჩუმე ველურ ბუნებაში
21.10.2017თითქმის 25 წელია, საქართველოს ველური ბუნების კვლევაში ვარ ჩართული. საქართველოში მგონი, არ დარჩენილა წერტილი, სადაც მე და ჩემი კოლეგები არ ვყოფილვართ. მგონია, რომ შემიძლია მკითხველს თამამად ვურჩიო, სად და როდის წავიდეს. ჩვენ უამრავი სასწაული ადგილი გვაქვს, მაგრამ მჯობნის მჯობნი ხომ არ დაილევა? ამიტომ, ახლა ვარსკვლავთა შორის ვარსკვლავებზე მინდა მოგითხროთ. თუ ფიზიკურდ მორგებული ხართ სალაშქრო მოთხოვნებს, გიყვართ ცხოველები და ბუნება, მაშინ თქვენთვის ლაგოდეხის, ბორჯომის და ვაშლოვნის დაცული ტერიტორიების უცნობი მხარეები, სწორედაც რომ მისწრებაა!
ლაგოდეხი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კარგად შემონახული, პირველყოფილი ველური ლანდშაფტებით მრავალფეროვანი დაცული ტერიტორიაა, რომელიც ზღვის დონიდან 590 მეტრზე იწყება და 3500 მეტრამდე ვრცელდება. დღეს ამ სრულიად უსაფრთხო გარემოს უამრავი ტურისტული მარშრუტი აქვს და მისწრებაა ბუნების მოყვარულისთვის. ჩადით! არ ინანებთ! გვიანი გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე დაცული ტერიტორია ღიაა. სექტემბერში ირმის მყვირალობასაც შეესწრებით! ეს კი არასდროს დაგავიწყდებათ!
თუ იელოუსტონი ნათელი მაგალითია იმისა, როგორი უნდა ყოფილიყო სამყარო ადამიანის გაჩენამდე, ლაგოდეხი – იმის, თუ როგორი უნდა იყოს სამყარო ახლა.
პირველად რომ ჩავედი 1990 წელს, ეს ერთი პატარა მთიანი ნაკრძალი იყო. მას მერე, სრულიად მიჯაჭვული გავხდი ლაგოდეხის მთებზე. არადა, იმ დროს, საქმეს ართულებდა ერთადერთი საცალფეხო ბილიკი, რომელიც მაღლა მთაში ადიოდა, სერავდა ქედს და დაღესტანში გადადიოდა. ცხენებით დაახლოებით რვა საათი იყო საჭირო ნაკრძალის შუამდე (მეტეოროლოგიურ სადგურამდე) მისაღწევად. გზა საშინლად მომქანცველია. ადიხარ თითქმის ვერტიკალურ სიმაღლეზე და ბოლო არ ჩანს. წყევლი საკუთარ თავს და იფიცები, რომ მეორედ აქ ამომსვლელი არ ხარ. ხუთი საათის სიარულის შემდეგ მივხვდი, რომ ცოტაც და დავეცემი. მოულოდნელად ვაკეზე გავედით. სწორედ ამ ვაკეზე, ბინდბუნდში, უცებ ახალჩაძინებული ირმების უზარმაზარი ჯოგი წამოიშალა. ეს იყო ის, რასაც სანახაობას ეძახიან. ირმები სხვადასხვა მხარეს გარბოდნენ. თავი ზღაპარში მეგონა. ამ წუთებში მივხვდი, რომ დაღლა ერთ წამში კვამლივით გაიფანტა; მივხვდი – ეს იყო სამოთხე!
დილით მე და ჩემმა მეგობარმა ზურა გურიელიძემ მეტეოსადგურზე გავიღვიძეთ. წყარო სახლიდან 200-იოდე მეტრში იყო. წავედი წყლის მოსატანად, გზად რამდენიმე არჩვმა გადაირბინა. გამაჟრჟოლა! წყაროსთან დამხვდა დათვი, რომელმაც საბედნიეროდ უფრო ადრე შემნიშნა და გაიქცა, ამან ხომ სულ „ბოლო მომიღო!“ იმავე დღეს, შუადღისას, ცოტა მოშორებით თვალი მოვკარი ფოცხვერს პატარა კნუტით. მეორე დღეს, უღრანი ტყით განვაგრძეთ გზა ალპურ ზონაში, სადაც ჯიხვი გველოდა! ჩემი პრიმიტიული ფირიანი კამერით ვიღებდი. დიდებული ერთი თვე გავატარე ლაგოდეხში. ყოველ ღამეს მეტეოროლოგიური სადგურის ეზოში ვისხედით მე და ზურა.
რამდენიმე საათის სავალზე ადამიანის ჭაჭანება არ იყო. ვფიქრობდი, რამე რომ მოგვსვლოდა, ვერავინ გვიშველიდა – მაშინ მობილური ტელეფონები არ იყო. თუმცა ჰქონდა ამ მარტოობას თავისი ველური ხიბლი. ახედავდი ცას და გაიფიქრებდი – არსად ისე არ ანათებენ ვარსკვლავები, როგორც აქ, ლაგოდეხში!
ბოლო დღეს, მზის ამოსვლამდე გამეღვიძა. დურბინდი ავიღე და მოპირდაპირე მთას გავხედე. იმედი მქონდა, რომ ჯიხვების გუნდს მოვკრავდი თვალს. მათ ხომ ამ დროს უყვართ ტყიდან ალპურ ზონაში ასვლა დილის ცვრიანი ბალახის მოსაძოვად. უცებ, ბინდში, მოპირდაპირე მთის ფერდზე მგელი დავლანდე. აქამდე მხოლოდ ექსკრემენტებს ვხვდებოდით. ცოცხალი ველური მგელი არ მყავდა ნანახი. ეს ჯადოსნური ცხოველი აუჩქარებლად მოძრაობდა. ნელ-ნელა მზეც ამოიწვერა. უცებ გაჩერდა, დაჯდა, თავი ასწია და გაბმული ყმუილი მორთო. ხმა ძლივს აღწევდა ჩემამდე. ტანში ჟრუანტელმა დამიარა. მისი ყმუილი მისტიკურ ენერგიას ატარებდა. დაახლოებით ისეთს, ტრიუმფალური ჰიმნის შესრულებისას რომ იგრძნობა. ეს მართლა ჰიმნი იყო. ამომავალი მზის ჰიმნი!
>>>
დღეს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის საერთო ფართობი 107,083 ჰა-ს შეადგენს, რაც საქართველოს ტერიტორიის 1 პროცენტზე მეტია. აქ ოთხი სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას, ბორჯომის ნაკრძალს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს, ქცია-ტაბაწყურს, ნეძვის აღკვეთილსა და გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლს ნახავთ. ტურისტული მარშრუტების ქსელი 400-დან 2,642 მეტრს აღწევს. ბილიკების გასწვრივ ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილებია. ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, საცხენოსნო, ველო, თოვლის ფეხსაცმელების კულტურულ და საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს.
ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, აქაურობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უმდიდრესია რელიქტური, ენდემური, იშვიათი ფლორისა და ფაუნის სახეობებით. ტერიტორიაზე 64 სახეობის ძუძუმწოვარია აღრიცხული, რომელთაგან 11 კავკასიის ენდემია (სხვაგან არსად გვხვდება), ხოლო 8 სახეობა – საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შესული. აქ 217 სახეობის გადამფრენი და მობინადრე ფრინველი გვხვდება, ხოლო მცენარეთა სახეობების რაოდენობა 1,200-ს აღემატება.
მიუხედავად იმისა, რომ ბორჯომის ხეობა ყველა ქართველის საყვარელი კურორტი იყო და მეც ბავშვობაში ხშირად ვიყავი იქ, ბორჯომის პატარა ნაკრძალში პირველად 1990-იანების შუა პერიოდში მოვხვდი.
ლაგოდეხისგან მკვეთრად განსხვავებული ბორჯომის ნაკრძალი შერეული ტყითაა დაფარული. აქ მკაცრი, უხვთოვლიანი ზამთარი და ულამაზესი ზაფხული იცის. მაშინ აღმოვაჩინე, რომ აბასთუმნის ობსერვატორია ნაკრძალის უშუალო სიახლოვეშია. მაშინ გავიგე, რომ ცენტრალური კავკასიის მშვენება ნიამორი და ირემი, უკვე თითქმის გადაშენებული იყო ამ ეკოსისტემიდან. დათვის სულ რამდენიმე ინდივიდი შემოგვრჩენოდა. ამ საკითხებში ჩემი გაცნობიერებაც ზურა გურიელიძის დამსახურება იყო.

ახალდაბაში დავბანაკდით. ზოოლოგიის ინსტიტუტის მაშინდელ სტაციონარში. წელამდე თოვლი, დრო და სიჩუმე... დაუვიწყარი დღეები – დღისით ცხოველების კვალზე მიყოლა, საღამოს „ფეჩთან“ ჯდომა და საუბრები. დრო და სიჩუმე... ცხოველი (დურმიშხანს თუ არ ჩავთვლით) თვალითაც არ გვინახავს.
მაგრამ ყველგან კვალი იყო. კვალი კი ზოოლოგისთვის თავად ცხოველის ნახვაზე უფრო მნიშვნელოვანია. საზღვრავ სახეობას, ინდივიდების დაახლოებით რაოდენობას, ექსტრაპოლირებ მოძრაობის დინამიკაზე. „ხედავ? ეს მამრი მელაა. იქიდან ჩამოვიდა, აქ შეისვენა, რადგან ერთ ადგილზე ბევრი კვალი დატოვა, ეტყობა მაინც წრიალებდა“, – მასწავლის ზურა. „რა იცი, რომ მამრია?“, – ვიგრძენი, რომ ჩემს ჩამჭრელ კითხვაში ირონია დამეტყო. „ტერიტორია მონიშნა, – მითხრა წყნარად, – ხედავ? თოვლზე კარგად ჩანს ყვითლად მიფსმული, რომელიც ზოლად ხეზე ადის. ძაღლი გყავს და კი უნდა იცოდე, რომ მდედრი „ჩაცუცქული“ შვრება“, – წყნარად მიპასუხა.
ჰო, დურმიშხანი დამავიწყდა! ტყის თაგვი იყო, რომელიც მთელი იმ დღეების განმავლობაში არ მოგვშორებია. ეტყობა, იმ ზამთარში „ფეჩის“ უჩვეულო სითბომ ძილქუში დაურღვია და ურცხვად გამოგვეცხადა. ყოველ საღამოს გვპარავდა საჭმელს, მიუხედავად იმისა, რომ პატარა თასზე სულ ჰქონდა სხვადასხვა ნუგბარი. საღამოობით გამოდიოდა, გვერდზე მოგვიჯდებოდა პატარა პრინცის მელასავით და ჩვენთან ერთად უსმენდა დროსა და სიჩუმეს...
>>>
ვაშლოვნის დაცული ტერიტორიების გაზრდილი ფართობი 35 067,5 ჰექტარს შეადგენს. მასში შედის ვაშლოვნის ძველი სახელმწიფო ნაკრძალიც, ვაშლოვნის ეროვნული პარკიც და ბევრი ტურისტული მხარეც, სადაც საგანგებოდ შედგენილი მარშრუტებიდან თქვენთვის სასურველ ვარიანტს იოლად შეარჩევთ ერთი თუ მრავალდღიანი ლაშქრობებისთვის. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. მათ გასწვრივ კი მოწყობილია ბუნგალოები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები.

საქართველოს ბუნების სტერეოტიპი მაინც ზღვა და მწვანე მთებია. ცოტამ თუ იცის, რომ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთი აფრიკულ სავანას ჰგავს – აქ ნახევრად უდაბნოა თავისი საოცარი სახეობებით. ესეც ვაშლოვნის ნაკრძალი თავისი ტრაგიკული ისტორიით! გასულ საუკუნეში დადგა მომენტი, როდესაც პატარა ტყვიამ ვაშლოვანში საქართველოს ბოლო ჯეირანი უმოწყალოდ გააკრა მიწას. ეს, ჰიპოთეტური, მაგრამ სრულიად დასაშვები სცენა, სავარაუდოდ, 1980-იან წლებში გათამაშდა.
მშვენიერების სიმბოლოდ ქცეული ამ ცხოველის უკანასკნელი ინდივიდის სიკვდილმა დაასრულა ეპოქა, რომელშიც საუკუნეების განმავლობაში, ჯეირნები ლაღად დანავარდობდნენ მთელ აღმოსავლეთ საქართველოში, თვით თბილისის შემოგარენამდეც კი.
მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, უკონტროლო ნადირობამ პოპულაცია ჯერ სასტიკად შეამცირა და ბოლოს, საქართველოდან სულ გადააშენა. დარჩა მხოლოდ აზერბაიჯანში, საზღვართან ახლოს. მართალია, ცხოველები ადმინისტრაციულ საზღვრებს არ ცნობენ, მაგრამ საქართველოში აზერბაიჯანიდან პერიოდულად და შემთხვევით შემოსული ჯეირნის თითო-ოროლა ინდივიდი იმწუთშივე ბრაკონიერის მსხვერპლი ხდებოდა. ხელოვნური ადმინისტრაციული საზღვარი პოპულაციის გავრცელების ბუნებრივ საზღვრად იქცა! დღეს მოლაშქრეებისთვის ძალიან მიმზიდველ ულამაზეს ხეობასა თუ ჭალებში, გასულ საუკუნეში ლეოპარდი და ზოლებიანი აფთარიც ბინადრობდნენ. მათი ბუნებრივი მსხვერპლი ხომ ჯეირანის ჯანსაღი პოპულაცია იყო.
1997-ში ვეწვიე აქაურობას პირველად. ყველა ქართველისთვის ცნობილი დრამატული მოვლენები უკვე დასრულებული იყო. სასტიკად გავოცდი არა მარტო უჩვეულო ლანდშაფტით, არამედ დარჩენილი სახეობების მრავალფეროვნებით. მსხვილი ძუძუმწოვრებიდან შემორჩენილი იყო დათვი და მგელი, თუმცა მათ იოლად ვერ ნახავდი. ვაშლოვანში მარტო არ ჩავსულვარ. თანხლება მეგობარ ვახტანგს ვთხოვე, რომელიც მაშინ 27 წლის იყო.
„ძალიან უცნაური გრძნობა მიჩნდება ვაშლოვნის ნაკრძალში“, – მეუბნება ვახტანგი. მაშინ, ახალ ნაომარზე, ძნელი იყო ტურისტების ნახვა. მიუხედავად ამისა, ვახტანგი მაშინაც თავგადაკლული მოლაშქრე და ბუნების მოყვარული იყო, ახლაც ასეა. დღეს იგი ეკოტურიზმითაა დაკავებული და საკმაოდ წარმატებული ბიზნესიც აქვს. „აფრიკული სავანა გეგონება, არა? არ მინდა, 10 წლის შემდეგ, ვაშლოვანში ჩამოსულს დათვზეც ჯეირნის მსგავსი მითი დამხვდეს და ვინმემ მითხრას – აქ ოდესღაც დათვი იყოო. ამ სილამაზეს არ უნდა შეველიოთ“, – მითხრა სევდიანად.
მიუხედავად იმისა, რომ ვაშლოვანში საოცარი 3 კვირა გავატარეთ, მაინც დამძიმებული დავბრუნდი თბილისში. მეცხვარეებთან კამათი, სმა, შემოვლები, ორბების და სვავების დაკვირვება, ტურების დევნა და დამშრალი მდინარეების კალაპოტებში უთავბოლო სიარული მთელ ამ ხრიოკ გარემოს განსაკუთრებულ იერს აძლევდა. ახლა უკვე მე გამოვედი ზურას როლში და მასწავლებლის ფუნქცია შევითავსე. დურმიშხანი აღარ გვყოლია სახლში, მაგრამ ტაბაკი (გახსოვთ ალბათ მაუგლის ტურა) მოგვეჩვია. დურმიშხანისგან განსხვავებით, საკმაოდ ფრთხილი იყო. ყოველ საღამოს ჩამოჯდებოდა კარვიდან ორასიოდე მეტრში, მაგრამ უფრო ახლოს არ გვიშვებდა. დრო და სიჩუმე აქ კოცონთან გვეწვეოდნენ ხოლმე. ტაბაკი ცეცხლს უყურებდა და სულ იმედი ჰქონდა, რომ საჭმელს მოგვპარავდა. ჩვენც ჩუმად ვარღვევდით მკაცრ წესს და კოცონთან ვტოვებდით ცოტა სანოვაგეს (რაც ველურ ცხოველებთან მიმართებით გარემოში კატეგორიულად არ შეიძლება). ცხადია, დილით აღარაფერი გვხვდებოდა. ტაბაკი ისედაც საკმაოდ ხანდაზმული ჩანდა. კბილებჩაცვენილი და გამხდარი იყო. აშკარად დიდი დღე არ ეწერა. ღირდა კი წესის დაცვა და მის განებივრებაზე უარის თქმა?
ეს საორიენტაციო ჩასვლა მქონდა. მიზნად, სხვა კოლეგებთან ერთად, მსხვილი ძუძუმწოვრების პოპულაციის აღდგენა დავისახეთ.
ძუძუმწოვრების პოპულაციების აღდგენის გეგმა მარტივი, მაგრამ საკმარისად ამბიციური იყო – უნდა აღგვედგინა ჯეირანი. მთელი დეკადა და უამრავი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის თუ მთავრობის (მათ შორის, თურქეთისა და აზერბაიჯანის) ჩართვა დასჭირდა ამ გეგმის განხორციელებას. ბოლოს, 2009 წლის შემოდგომაზე დაიწყო საქართველოში ჯეირნის პოპულაციის აღდგენის პროექტი. დღემდე ამ ქვეყნებიდან პერიოდულად შემოჰყავთ ინდივიდები და მკაცრი დაცვის პირობებში ინახავენ დიდ ვოლიერში ან უშვებენ დაცულ ტერიტორიასთან. ჯეირანი სწრაფად გამრავლებადია და ჩვენც დავიჯერეთ, რომ თუ სამომავლოდ, „გვერდით ეფექტად“ ლეოპარდისა და ზოლებიანი აფთრის პოპულაცია ვერ აღდგებოდა (მათ, როგორც საქართველოში სრულიად გადაშენებულებს, ხელოვნური შემოყვანა სჭირდებათ, ეს კი საკმარისად სარისკოა), მგლისა და დათვის პოპულაციათა ზრდას მაინც წავეხმარებოდით.
დღეს სულ რამდენიმე ჯეირანი კი დანავარდობს ვაშლოვანთან, მაგრამ, როგორც ჩანს, უამრავი ადამიანის ძალისხმევამ მაინც გამოიღო შედეგი – დათვისა და მგლის პოპულაციამ ზრდა დაიწყო! ვერ დაგპირდებით, რომ მათ ადვილად ნახავთ, მაგრამ ვინ იცის... ცდა ბედის მონახევრეა. ფიზიკურად მაინც დაიღლებით სასიამოვნოდ, საღამოს კი სავანაში განიტვირთებით! ხანდახან, ძალიან გვჭირდება დრო და სიჩუმე...