ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ძველი როიალი | ეროვნული გვარდიის ყოფილი წევრი სოსო ყუფარაშვილი

სოსო ყუფარაშვილი, 57 წლის, საქართველოს ეროვნული გვარდიის ყოფილი წევრი
იხსენებს 1991-1992 წლების ომის შემდგომ პერიოდს ნიქოზში

მთელი დეიდაშვილობა იქ ცხოვრობდა, თამარაშენში, ცხინვალში, ნიქოზში. დედაჩემს ჩავყავდი ხოლმე, ხან ერთ დეიდასთან ვიყავით, ხან მეორესთან. 

ცხინვალის ცენტრში, სტამბის უკან ცხოვრობდნენ ჩემი დეიდაშვილები. ერთი ფოტოკორესპოდენტი იყო. ბავშვები უკვე გამოშვებული ყავდათ, თვითონ ბოლოს ორი ჩანთით გამოიქცნენ. მეორემ ეგეც ვერ მოასწრო და თამარაშენში გადავიდა, ცოლის ნათესავებთან. ფოტოგრაფს ეუბნებოდნენ, ოსებმა შენ აყვანაზე ჯილდო დააწესესო, რაღას დაბრუნდებოდა. ეს ყველაფერი ასპროცენტიანი ხელოვნურად იყო მომზადებული. მერე ისე წავიდა საქმე, ცხინვალში უკვე მიტინგზე ამბობდენო: Хороший грузин, мертвый грузин.  

ჩემი უფროსი ბიჭი ოცდაოთხისაა, უმცროსი ცამეტის, მარა, ყველა მამა ვერ დაჯდება და ვერ მოყვება ომის ისტორიებს შვილებთან. ჩვენ სხვანაირად ვყვებით. პრესით და წიგნით, ფილმით უფრო გაიგებს ახალგაზრდობა. საჭიროცაა.

აგერ ომი როდის დამთავრდა და დღემდე ყაჩაღებს გვეძახიან. ისტორიისთვისაა ეს საჭირო, ხომ უნდა გაირკვეს ყველაფერი.

მე სამაჩაბლოში სამშვიდობო ძალებში ვიყავი. ომი რომ დამთავრდა, 1992 წლის ზაფხულის დასაწყისში, ჩვენ ეგრევე შევედით. ქართული სამშვიდობო ძალები ვიდექით ნიქოზში. შერეული ძალები - ქართველების, ოსების და რუსების სამშვიდობოების ცენტრალური შტაბი იყო ცხინვალში. 

ერთხელ მანქანის წამოსაყვანად მოგვიწია წასვლა ცხინვალში. სანამ ველოდებოდით, ბიჭებს ვთხოვე აგერ, ას-ორას მეტრში გავივლი-მეთქი. ჩემი დეიდაშვილის სახლი იქვე იყო. წავედი და იმ დაცარიელებულ სახლს ფოტოები გადავუღე. 

შეტაკებები, პირდაპირი ჩემ დროს აღარ ყოფილა. მაგრამ ნიქოზში გზებს ნაღმავდნენ ხოლმე. მარტო ოსი რას გააკეთებდა, რუსები ეხმარებოდნენ. ნიქოზში, ორი სარწყავი არხი შედიოდა. ერთს კეტავდნენ ხოლმე. რამდენჯერ უთხოვია სოფელს, გადავიდოდნენ ჩვენები და გახსნიდნენ ბოლოს. ზაფხული იყო, ყველაფერს მორწყვა სჭირდებოდა. ასე დაკეტეს ერთხელაც და სოფლის ახალგაზრდობამ აღარ შეგვატყობინა. თავისით წავიდნენ. გზაზე აფეთქდა მანქანა და ყველა დაიღუპა. 

მეორედაც მოხდა ასეთი ამბავი. ისევ იმ გზაზე. ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი იყო ორივე. მანქანა შუაზე გადაიხსნა. არავინ გადარჩენილა.

ეგ ომი აღარ არის. როცა სამშვიდობო ძალები დგება, ეგ უკვე ტერორისტული აქტია. 

ჩემი დეიდაშვილი, ფოტოკორესპონდენტიც იყო და თან ცხინვალის საავადმყოფოშიც მუშაობდა. მედტეხნიკი იყო, სამედიცინო აპარატურას აკეთებდა. პადვალში ჰქონდა მთელი ტექნიკა - ყველაფერი წაიღეს. მე რომ მივედი, ორი, დიდი მეშოკი წამოვუღე ფოტოპლიონკები. ლამის ტირილი დაიწყო, დანარჩენიო? მეთქი დანარჩენი წაიღეს. მიწა ხომ არ არის ამოთხრილიო, არა-მეთქი. დროზე ჩადი და ამოთხარეო. თურმე უფროსი გოგო რო გაუჩნდა, სამი ბოთლი, საბჭოთა კავშირისდროინდელი, ძალიან ძვირფასი კონიაკი, დამარხა პადვალში. გოგო რო გაიზრდება და გათხოვდება, ქორწილში უნდა გავხსნაო. ისე გათხოვდა გოგო, სიძემ კონიაკის გასინჯვა ვერ მოესწრო, მაგრამ ჩასვლით მართლა ჩავიდა. სამეზობლო დაეხმარა და შეიყვანეს მალვით. ჯერ ვითომ სხვაგან მოჩიჩქნა, მერე ამოიღო სამივე ბოთლი და წამოვიდა. დანარჩენს მერე ამოვიღებო, უთქვამს. ვითომ კიდევ დატოვა რაღაც. ცოტა ხანში მეორედ რო შევიდა, პადვალი სულ გადათხრილი დახვდა. აი, ეგეთი სიტუაცია იყო. 

დეიდაჩემი და ბიძაჩემი ძალიან მოხუცები იყვნენ, არ მოდიოდნენ კარგა ხანს. ბიძაჩემი ცნობილი პიროვნება იყო ცხინვალში, სკოლის დირექტორი, ძველი მოჭიდავე და ვითომ, სანამ ჩვენ ვიქნებით სახლში, ვერ გაბედავენ შემოსვლასო. მძარცველებმა ორივეს სცემეს. ბიძაჩემს ნაღვლის ბუშტი გაუსკდა, ინფექცია წავიდა და ოპერაციის მერე მალე გარდაიცვალა. დეიდაჩემა რამდენიმე წელი იცოცხლა, მაგრამ სულ წვალებით, გონება აერია.  

მაგ სახლში ძველი როიალიც ედგათ. არ მახსოვს რომელი საუკუნის, შეიძლება XVIII-სიც, უძველესი, დიდი, საკონცერტო როიალი იყო, შანდლებიანი. ტონას იწონიდა. ეს როიალი დღევანდელ აშენებულ კორპუსებში ვერც შეეტევა. ბედზე იმათ პირველ სართულზე მისცეს ბინა. როიალის შესატანად შუშაბანდის კედელი გამოანგრიეს, აივანთან სატვირთო მანქანა მიაყენეს და ისე შეაცურეს ზალაში. ერთხელ რო დადგეს ადგილზე, აღარც დაუძრავთ. კედელი ამოაშენეს, შელესეს და შეღებეს. სახლი რო დააცარიელეს, მარტო როიალი დარჩა. ჩემი ბიძაშვილი უკან რო დაბრუნდა, როიალი ფეჩშია შეკეთებულიო, გვითხრა. ყველა ოთახი შემოატარესო, იქ უთქვამთ, მაგრამ გარეთ როგორ უნდა გაეტანათ ვერაფრით მიხვდნენო. დააგდეს მერე იქვე. ჯერ ერთი ფეხი მოატეხეს, მერე თავი ახსნეს და შეშად დაჩეხესო. დარჩა დეკა მარტო. მერე ისიც ეზოში გაათრიეს და კარგა ხანს ეგდო იქვეო. ბოლოს რაც ლატუნი იყო, ჯართში ჩააბარესო. 

ტექსტი: ნინო ლომაძე
ფოტო: ვლადიმირ სვარცევიჩი / ანასტასია სვარცევიჩის არქივიდან