ძველი შრომის ამბები | გიო ახვლედიანი
22.06.2021 | 10 წუთიანი საკითხავი1.
ეგება უცნაურიც კი იყოს, მაგრამ მეცხრამეტე საუკუნის სათავადო სახლის, მეურნეობის, ბატონისა და გლეხის, შრომის, მისი ფასის, ბატონყმობის, დიდთადმი მცირედთა ვალდებულებების ამბავი, ყველაზე მეტად ჩვენებურ ისტორიაში უკავშირდება აკაკი წერეთელს. სხვანაირად, საქართველოს უდიადეს პოეტ აკაკის, რომელიც ნახევარ საუკუნეს იწოდებოდა „საქართველოს ბულბულად“, იმავდროულად კი დიდი საზოგადო მოღვაწე იყო. უფრო დღევანდელი, იოლი გაგებით, აკაკი ყველაზე სასურველ, ცნობად სახედ ითვლებოდა რუსეთის იმპერიის ორივე საქართველოში, ქუთაისის და თბილისის გუბერნიებში და ამას მიმატებულ, ასევე ქართულ ოლქებშიაც.
ამის მიზეზი უბრალოა: აკაკი პოეტად კი იყო განთქმული, მაგრამ რახან თავს მხოლოდ წერით, სალექციო ლაპარაკით და ნაირგვარი სალიტერატურო – ნახევრად სამეცნიერო გეგმების შედგენით ირჩენდა, ამიტომ ყველა სხვა მწერალსა თუ პოეტზე მეტს წერდა. სხვები სახელმწიფო თუ კერძო სამსახურებში მუშაობდნენ: ხელფასს იღებდნენ და მწერლობას, პუბლიცისტიკას და ჟურნალისტიკას სამსახურიდან თავის