ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მეკლდეური ანა

ურბანული ცოცვიდან სიურანისკენ

მიცოცავს კლდეზე გოგო ხვეული წითელი თმით, ყვითელი შარვლით და ცისფერი მაისურით. კლდე კლდისფერია, კლდე ფონია, რომელზეც გოგო მკაფიოდ მოჩანს. მას აქვს ძლიერი მკლავები და ხელის მტევნები და მოქნილი ფეხები. ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ, ოდნავ ზემოთ თუ გვერდზე, ფრთხილი მოსინჯვით და გადაადგილებით, დროდადრო, გაოფლილი ხელის ქამარზე მიმაგრებულ ტომსიკაში ჩაყოფით და მაგნეზიის ფხვნილში ამოვლებით, წამიერი შესვენებით, მერე კი კლდის მონიშნულ ადგილებზე მოჭიდებით მიიწევს წინ მეკლდეური ანა დულარიძე. 

შაბიამნისფერ სამაგრებზე მობმული ღია მწვანე ფერის თოკი კლდეზე იკლაკნება და მიწაზე დარჩენილ მეგობართან აკავშირებს. კლდეზე ცოცვას ორი კაცი სჭირდება – ერთი, ვინც მიცოცავს და მეორე, ვინც თოკის მეორე ბოლოთი ხელში, დაბლა, დაცვაზე დგას. ეს ორი, ერთმანეთზე გადაბმული ადამიანის სპორტია. მცოცავი ქამარზე ჩამოკიდებულ კარაბინებს კლდის სამაგრებში უყრის და თავის თოკს მასში აგდებს. ეს ის თოკია, რომელიც დაგიჭერს და ოდნავ დაგაბზრიალებს, თუ შემთხვევით ფეხი დაგიცდა.

ანა დულარიძე 27 წლისაა. ოცნების ახდენიდან და კლდეზე მისი სულ პირველი აცოცებიდან 10 წელია გასული. მის სპორტულ კარიერაში საუკეთესო შედეგის მიღწევიდან კი – ორიოდე თვე. თურქეთი, გეიქბაირი – რამდენიმე მცდელობის შემდეგ ანამ ერთ-ერთი რთული მარშრუტი დაძლია – 8A. ეს მარშრუტი საქართველოდან ჯერ არავის გადაულახავს. 7C+-ც იცოცა, კმაყოფილია. ისიც წარმატებულად. სამთვიანმა ცხოვრებამ იქაურ კემპინგში, სადაც ანა მოხალისედაც მუშაობდა, და თავისუფალ დროს ცოცვამ, კარგი შედეგი მოუტანა. თუმცა ცოცვით მიღებული სიამოვნების გასაღები შედეგზე მეტად მაინც პროცესშია. როგორც ერთხელ, ერთ-ერთი მონაკვეთის გავლის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ უთხრა ანას მისმა მეგობარმა, „ყველაზე ცუდი ცოცვის დღეც კი უფრო კარგია, ვიდრე ის დღე, როცა საერთოდ არ ცოცავ“. ამ ფრაზას ანა დულარიძე ხშირად იხსენებს და ცოცვას განაგრძობს.

ანას და მისი სხვა მეკლდეური მეგობრების დაბადებამდე დიდი ხნით ადრე უთქვამს თავისი მოსწავლეებისთვის ლეგენდარულ ქართველ მეკლდეურს, მიხეილ ხერგიანს, „კლდეზე ცოცვის საიდუმლო იმაშია, რომ კი არ უნდა იწვალოთ, სიამოვნებას უნდა იღებდეთ“.

სიტყვა შეიძლება დაიჯერო, მაგრამ მაინც, რა მაგია აქვს ასეთი, რა მიზიდულობა კლდეებს, რომ ადამიანებს შეუძლიათ მუდმივად მათთან დაბრუნება და ძრომიალი? ეს დამკვირვებლის ყველაზე ბანალური კითხვაა. მეკლდეურებს ამ კითხვაზე აქვთ პასუხი. დამკვირვებელი კი ახლა მე ვარ და ვცდილობ, ცოცვის საიდუმლო ამოვხსნა. იქნებ წარსულიდან ამოვფხიკო რამე და უცებ ნათდება: სტუდენტობა, ბირთვისი. არც შესაბამისი ტანსაცმელი და საცოცი კედები გვეცვა, არც თოკები გვქონია. თავზეხელაღებულობის ასაკში რომ ხარ და უბრალოდ, სირთულის გადალახვა გიზიდავს, გგონია, ცა შეგისრუტავს, ფეხი თუ დაგისხლტა, ეგ დრო იყო. ხოლო აძრომის მერე, აღარასოდეს გამეორებული შეგრძნება, თითქოს ჟანგბადის სხვა, უფრო კამკამა ფენას ხედავ. ალბათ, რაღაც ასეთს უნდა გრძნობდეს ანაც.

რატომ ვცოცავ? ხმამაღლა იმეორებს ანა შეკითხვას. მისი პასუხი არ არის ერთსიტყვიანი, თავადაც ბევრჯერ დაფიქრებულა – მამოძრავებელი ძალაა და დაუოკებელი ლტოლვაც რაღაცისკენ, ცოტათი გაქცევაცაა ხმაურით, ნაგვით, გამონაბოლქვით, მკვლელობებით სავსე ქალაქიდან, ხანმოკლე პროტესტიც. დაახლოებით ისეთი გამოყოფაა, ქუჩაში გამოსული სასწრაფოდ მუსიკას რომ იერთებ ყურებში და ასე დადიხარ, შენი პატარა ავტონომიით. იქ კი, როცა მარტო რჩები საუკუნის კლდეებთან და ცოცვას იწყებ, თავისუფალი ხარ – შეიძლება ვერ აცოცდე და კლდეს შეჰყვირო გაბრაზებისგან, მერე ფეხიც მიჰკრა ამავე კლდეს, მაგრამ ეს დაბრკოლებაც გაშმაგებს და გიზიდავს. მიწაზე კი მაინც ბედნიერი ბრუნდები.

„და ტერმინი „დაპყრობა“ არ მოგვწონს კიდევ, რადგან არაფერს იპყრობ. პირიქით, აქეთ გიპყრობს და გიშვებს უკან. შენ კი ისევ მასთან ბრუნდები. რაც უფრო რთულად ცოცავ, ემოციაც მეტია. სიამოვნება კი დაახლოებით ისეთივეა, თხილამურზე რომ დადგები და დასრიალდები, ან ველოსიპედს გააქროლებ“.

იქ კი, ქარელში, სადაც ანა გაიზარდა, ასეთი სიამოვნებები ცოტა იყო. ველოსიპედი მეზობლის ბიჭებს ჰყავდათ, ანას არა, მშობლებს ეშინოდათ, ხერხემალი არ გამრუდებოდა. როლიკები, სკეიდი და პარაშუტით გადმოხტომა ყველაზე ექსტრემალურად ეჩვენებოდა. მეექვსე-მეშვიდე კლასელი ანა დულარიძის ფიქრები კავკასიონის ქედამდე იწელებოდა – ეს პირველი მთა იყო, რომელიც მან დაინახა. რომელიც სკოლიდან სახლისკენ მიმავალი გზიდან ჩანდა. წინ ვეღარავინ დაუდგებოდა – მის მიზანს მთის ფორმა ჰქონდა და მთის სიმაღლე. მერე ერთხელ ის ფილმიც ნახა – „ვერტიკალური ზღვარი“, დღეს კი სასაცილოდ ეჩვენება, რეალობასთან კავშირი არ აქვს, რაც ხდებაო, ამბობს, მაგრამ მაშინ ერთადერთი სურვილი ჰქონდა – იმ ფილმში გადამძვრალიყო. საშიში ფილმებიდან და საინფორმაციო გამოშვებებიდან მიღებულმა შთაბეჭდილებებმა მშობლებსაც ნელ-ნელა გადაუარა. ანა მყინვარწვერზე ავიდა.

თავიდან სპორტის აკადემიაში აპირებდა სწავლის გაგრძელებას, მთამსვლელის პროფესიით, ბოლოს მაინც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და არქეოლოგიის ფაკულტეტი არჩია. არც უნანია.

ზაფხულობით თავის პირველ პროფესიას დღესაც უბრუნდება ხოლმე, ექსპედიციებში დადის. პროფესორმა გურამ ყიფიანმა რომ აარჩია რამდენიმე წლის წინ სტუდენტები და საექსპედიციო ჯგუფი შეკრიბა, იმ ჯგუფში მოხვდა. რამდენიმე წლის წინ კიდევ გიდების სამთო გამყოლთა ასოციაციის წევრიც გახდა, დღეს ასპირანტი სამთო გამყოლია, თუმცა ბოლო დროს შედარებით იშვიათად დადის მთაში.

მთა მეტ დროს მოითხოვს, ხანგრძლივ მზადებას, სტრესიც მეტია. კლდეები უფრო ახლოსაა. კლდეებთან უფრო მალე მიდიხარ.

ვარჯიშიც სტუდენტობასთან ერთად დაიწყო და აცოცებითაც მაშინ აცოცდა პირველად კლდეზე – გველეთში. გველეთში წასვლას თავისი ამბავი აქვს ერთი უცნაური დამთხვევით – იქ წასაყვან ჯგუფებს სწორედ ქარელში მცხოვრები ცნობილი მეკლდეური, იულია თურმანიშვილი ადგენდა. ანამ მის შესახებ ცოტა გვიან გაიგო და ასე მოხვდა ბანაკში. 17 წლის იყო. გველეთში შეხვდა თავის მომავალ მეკლდეურ მეგობრებს, ნუცა ხუციშვილს და სხვებსაც. გზა გაიხსნა. თბილისში უკვე დაკვალიანებული ჩამოვიდა და მაშინვე ალპურ კლუბში მივიდა.

ცოცვა უკვე ცხოვრების წესია – კვირის განმავლობაში რამდენჯერმე. ხან დახურულ სივრცეში – ალპური კლუბის დარბაზში, ხან გარეთ ბოტანიკური ბაღის ბუნებრივ კლდეზე. პირველი უფრო სავარჯიშო ტრენაჟორს ჰგავს, იქ სიამოვნება ნაკლებია. სიამოვნება ნამდვილ კლდესთან შეხებისას მოდის. ანას და მის მეგობრებს მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ რამდენიმე ადგილას შეუძლიათ ცოცვა – კაცხში, გველეთსა და არშაში. სულ ცოტა ხნის წინ ამ ადგილებს ბირთვისიც დაემატა. ბუნებრივი კლდეები კი ბევრია, მაგრამ საცოცად დამუშავებული – თითზე ჩამოსათვლელი. კლდემ რომ თავისთან მიგიშვას, მისი გაწმენდაა საჭირო, სპეციალური სამაგრების გაკეთება. ასეთი დაცვა სპორტული ცოცვისას გჭირდება. ანას გამოცდილი თვალი მომენტალურად ხვდება, სად შეიძლება იყოს რთული აცოცება და სად – ნაკლებად, თუმცა დამწყებთათვის სპეციალური სახელმძღვანელოც არსებობს ყველა დამუშავებული მარშრუტის აღწერილობით. მაგალითად, მონიშნული #19 შეიძლება იყოს 6B+ სირთულის მარშრუტი, სადაც გადაადგილებას თავისი წესი აქვს.

ცოცვა რაც შეიძლება ხშირად – ეს არის ერთადერთი პასუხი კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს მეკლდეურმა კარგი შედეგის მისაღწევად. როცა საკუთარ ქვეყანაში მარშრუტები ილევა და ახალ სივრცეში გინდა თავის გამოცდა – უნდა წახვიდე. ანა დულარიძე და მისი მეგობრები თავიდან უკრაინაში, ყირიმში დადიოდნენ, ბოლო წლებია, თურქეთში მიდიან. ერთხელ იტალიის კლდეებზეც იცოცა. ეს ყველაფერი საკუთარი ხარჯით. ხშირად წასვლა ამიტომაც არ არის მარტივი. თუმცა ეს განვითარების აუცილებელი პირობაა. იქ ნანახი რეალობა კი აბსოლუტურად განსხვავებული ქართულისგან – უამრავი დამუშავებული მარშრუტი, ცოცვისგან გაპრიალებული კლდეები, მოწესრიგებული სივრცე და ბევრი მაყურებელი. ანა: „რასაც აქ ვერასოდეს ნახავ“.

დიდი ხანი არ არის, რაც ანამ და მისმა მეგობრებმა ახალი კლუბი “Pro Climbers” დააარსეს, სადაც ბავშვებსაც ავარჯიშებენ. ახლა იმის გაკეთებას ცდილობენ, რაც თავად აკლდათ. როცა ანა და მისი მეგობრები იწყებდნენ, მწვრთნელიც კი არ ჰყოლიათ. არ არსებობდა ასეთი. არც დღეს არსებობს – ნასწავლი მწვრთნელი. ხოლო ის ყველაფერი, რაც დაახლოებით 15 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა იცის (და, ფაქტობრივად, მეკლდეურთა ეროვნული ნაკრებიც ესაა), მხოლოდ პირადი გამოცდილებით, „იუტუბში“ ნანახი ვიდეოებით, თუ ცოცხლად ნანახი ცოცვით მიღებულ-დაგროვილი ცოდნაა. მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. ანა ამაზე ბევრს ფიქრობს. მეგობრებთან ერთად მსჯელობს და საბოლოო დასკვნა სულ უფრო ხშირად არის ასეთი – იქნებ ეს სწორედ მათი მისიაა, ისე შეცვალონ რამე, რომ ეს სპორტი გადარჩეს.

ანა: „ამდენი კლდე გვაქვს. და ისტორია. და ძალიან მაგარი ხერგიანიც გვყავდა. მაგრამ წინ უნდა წავიდეთ. ახალი სტიმული გვჭირდება, ახალი ბიძგი. მას მერე ისედაც ყველაფერი წინ წავიდა, დაიხვეწა. აი, მაგალითად, უკვე არსებობს ახალი ხელის მოსაკიდებლები, რომელსაც ჩვენ ხელითაც არ შევხებივართ. არც კი იცი, როგორ უნდა მიუდგე. ამიტომ არის, რომ ყველა ჩემპიონატიდან ერთნაირი შედეგი ჩამოგვაქვს. დაფინანსებაზეც მიფიქრია – ის შეიძლება არასოდეს იყოს საკმარისი, მაგრამ ისე გავანაწილოთ, რომ რაც მეტად გვჭირდება, იმ საქმეს მოხმარდეს. მაგალითად, ისეთი ვინმე მოვიწვიოთ, ვინც ტრენინგს ჩაგვიტარებს. ან დარბაზისთვის საჭირო ახალი ინვენტარი ვიყიდოთ, რომ ის სტანდარტებს მიუახლოვდეს. ვინ უნდა გააკეთოს ეს? ალბათ, საქართველოს მეკლდეურთა ეროვნულმა ფედერაციამ. შეიძლება ძალიან თავდაჯერებული ვარ, მაგრამ მგონია, თუ მოვინდომებთ, რაღაც გამოვა. უნდა ვიყვიროთ, რომ გამოვიდეს. ბრძოლა ყოველთვის ამართლებს“.

როცა უცხოეთში საცოცად დადიხარ, ბუნებრივად, შესაძლო ალტერნატივაზეც გეფიქრება. აქ რომ დავბადებულიყავი, იქ რომ დავბადებულიყავი. რა იქნებოდა? იქნებ სხვა ინტერესი მქონოდა და არა კლდეზე ცოცვა? ან თუ მაინც მეკლდეური გავხდებოდი, იქნებ დღეს უკვე საქვეყნოდ ცნობილი ვყოფილიყავი? როგორც ქრის შამბა ან ნინა კაპრეზი ან ადამ ონდრა ან სხვები, რომლებიც საქართველოში არ დაიბადნენ? მაგრამ რაც არის, ეს არის სინამდვილე – მეგობრებიც, ფედერაციაც, ალპური კლუბიც და კლდეებიც აქ არის, საქართველოში. ანა დულარიძეც აქაურობის ნაწილია.

ცოცვა რომ არ იყოს, რა დაიკავებდა მის ადგილს? – ვკითხე. რამდენიმე წამი იფიქრა და არაფერი – თქვა ბოლოს. სხვა ინტერესები, რაზეც მანამდე ლაპარაკობდა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, არქეოლოგიაც უცებ ყველაფერი ერთად გაქრა და დარჩა მხოლოდ მოყვითალო-მონაცრისფრო კლდეები. ყოველ შემთხევვაში, მე ასე წარმოვიდგინე.

ანა ამ საღამოსაც ივარჯიშებს. ხვეულ წითელ თმას კეფაზე აიკრეფს და ან ხელოვნურ კედელზე აცოცდება, ან ბუნებრივ კლდეზე. ჯერ რომ არ გაჩერდება, ეს ნამდვილად ვიცი – წინ ესპანეთს უმიზნებს, მის საოცნებო სიურანის კლდეებს.  

მიცოცავს კლდეზე გოგო ხვეული წითელი თმით, ყვითელი შარვლით და ცისფერი მაისურით. კლდე კლდისფერია, კლდე ფონია, რომელზეც გოგო მკაფიოდ მოჩანს. მას აქვს ძლიერი მკლავები და ხელის მტევნები და მოქნილი ფეხები. ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ, ოდნავ ზემოთ თუ გვერდზე, ფრთხილი მოსინჯვით და გადაადგილებით, დროდადრო, გაოფლილი ხელის ქამარზე მიმაგრებულ ტომსიკაში ჩაყოფით და მაგნეზიის ფხვნილში ამოვლებით, წამიერი შესვენებით, მერე კი კლდის მონიშნულ ადგილებზე მოჭიდებით მიიწევს წინ მეკლდეური ანა დულარიძე. 

ფოტო: ლევან მაისურაძე

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა