ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ეკრანული მოგონებები

სადღაც გულის სიღრმეში გამიხარდა კიდეც, ჯონმა პრეინტერვიუზე უარი რომ მითხრა. გულწრფელად მეშინოდა.

ჯონის თამამი იდეების, აღფრთოვანებული რეაქციებისა და საინტერესო მონათხრობებისთვის რას არ გააკეთებ, უბრალოდ ვერაფრით წარმომედგინა, როგორ შეიძლება ადეკვატურად წაიყვანო ინტერვიუ, როდესაც საუბრისას ინფორმაციის უზარმაზარი და ქარივით სწრაფი ნაკადის გათავისებასაც ვერ ასწრებ; როგორ უნდა შეინარჩუნო რაიმე ფაბულა, როდესაც მისი პასუხები თემიდან თემაზე ხტომისას სრულიად აცდენილი საკითხებით სრულდება ხოლმე; როგორ უნდა გაშიფრო და თარგმნო ეს ყველაფერი ისე, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნო მასალა; და ყველაზე რთული: როგორ უნდა აქციო ეს ყველაფერი ტექსტად, როცა ისეთი მოუხელთებელი ფენომენის შესახებ საუბრობთ, როგორიც მუსიკაა, მით უფრო, ჯონის მუსიკა: გულწრფელი და შიშველი, უხერხულობამდე პირდაპირი მუსიკალური ფრაზებით, მაგრამ ამავდროულად აბსტრაქტული, დრო-სივრცის იქით განფენილი არანჟირებებით. ესაა პარადოქსული გადაწყვეტილებებით სავსე და უკატეგორიო პოპი, რომლის უბრალო პასაჟები სულაც არ არის კომფორტის გარანტი. პირიქით, ამ მუსიკისთვის, ზუსტად ისევე, როგორც ჯონთან საუბრისათვის, ფსიქოლოგიური მომზადებაა საჭირო – ის უზარმაზარი ტალღასავითაა – „New Wave“. მგონი, მკითხველი მაპატიებს ამ შიშს, ბოლოს და ბოლოს, მაშინ მაინც, როდესაც ოქტომბერში ჯონ მაუსი „მუზამეს“ ეწვევა და შვიდი წლით გაუჩინარების შემდეგ, ახალი ალბომის, „Screen Memories“, შესახებ დისკუსიაში ჩაერთვება. მანამდე დრო გვაქვს, ამიტომ ტალღებში ცურვისათვის ჯონისგან გამოგზავნილი ტექსტით მოვემზადოთ.

ჯონ მაუსი არის: CalAarts-ის სკოლის (კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტის) სტუდენტი, მორცხვი ბიჭი მინესოტიდან, სადა თეთრი პერანგით, პერანგივით უბრალო პოლიტიკური ცნობიერებითა და lo-fi-ის უცნაურად მელოდიური თემებით. თავიდან ამერიკა ვერაფრით მიხვდა, რატომ აღძრავდა მისი ერთკაციანი კარაოკე შოუები და ექსცენტრიკული ყვირილი ოცნების, ულიმიტობისა და სიურრეალისტურობის განცდას. თუმცა, როგორც კი, 2011 წელს ჯონის მესამე ალბომი გამოვიდა სახელწოდებით „We Must Become the Pitiless Censors of Ourselves“ (რაც ფრანგი ფილოსოფოსის, ალან ბადიუს ციტატაა „საკუთარი თავის დაუნდობელი ცენზორები უნდა გავხდეთ“), მსმენელმა მთელი პროცესი ნათლად დაინახა: დაინახა, როგორ თანაბრდება ერთ სიბრტყეზე საბოლოოდ საავტორო კომპოზიციების შექმნის ამბიცია, ენობრივი გამოწვევები და ჟანრული ექსპერიმენტები იმისათვის, რომ ყველასათვის გასაგები პოეზია შეიქმნას. თუმცა, როგორც კი მსმენელმა ამას სილამაზე უწოდა, ჯონი მაშინვე გაქრა. შვიდი წლით. „სად წავიდა ეს მაუსი?“, „ჯონ! გამოჩნდი, გვჭირდები!“ – აღმოხდებოდა ხოლმე მსმენელს მის ხანგრძლივად უმოქმედო ფორუმებზე ან მისი ტვიტერის მიტოვებულ კედელზე. 2017 წელს კი, როგორც ჯონ მაუსის სპონტანური ბუნებიდან იყო მოსალოდნელი, ის სრულიად ახალ მუსიკალურ კონტექსტში მოგვევლინა. ჯონი, რომლის საკვანძო თემები სამყაროსთან მარტოდმარტო შეჯახება და მასთან სტრუქტურული ადაპტაცია იყო, ახლა ბედნთან ერთად გამოცხადდა, ახალი ალბომის ყდაზე კი უსულო ეკრანია. 

შესავალი ტექსტი: ელენე ფასური

 

ბევრი რამ მოხდა შენი ბოლო ჩანაწერის გამოშვების შემდეგ. ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მოიპოვე და საკუთარი მოდულარული სინთეზატორების შექმნა დაიწყე, რამენაირად თუ გადაიკვეთა შენი აკადემიური ნაშრომი მუსიკის შექმნის პროცესთან?

რა თქმა უნდა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ერთ-ერთი ავტორი, რომელზეც ბევრს ვმუშაობდი, ფრიდრიხ კიტლერი იყო. გაგიგიათ მის შესახებ? მედიათეორიების წინაპარია, მაგრამ უფრო ასკეტური გაგებით წინაპარი – მისი ინტერესის მთავარი საგანი ის იყო, თუ როგორ ცვლის ჩვენს შეგრძნებებს სხვადასხვა მატერიალური დანადგარი. იმ ზღვა ცვლილებების შესახებ, რაც ხელნაწერების ეპოქიდან ბეჭდურ ტექსტებამდე ანდა გრამოფონის შემოჭრამდე განვიცადეთ, კიტლერმა წიგნიც დაწერა: „დისკურსთა ქსელი: 1800/1900“. ვერ ვწყდებოდი იმ ადამიანების ჩანაწერებს, რომლებმაც ისტორიაში პირველად გაიგეს ყუთიდან ამომავალი რაღაც ხმა. დღეს ეს აღარავის გვაკვირვებს, მაშინ კი უჩვეულოზე უჩვეულო მოვლენა იყო. ხმა – პიროვნება იყო, ხმა იყო ადამიანი. იყო სული. კიტლერი ამ იდეას ავითარებს, რომ მატერიალური საგნები, მექანიზმები შეიძლება იმ მიზნით იქმნებოდნენ, რომ თავად ამეტყველდნენ.

ასე რომ, კითხვას რომ დავუბრუნდეთ, სწორედ ამ გარემოებებმა მიბიძგა, მთელი დრო სინთეზატორების აწყობაზე დამეხარჯა.

როგორ მუშაობდი სინთეზატორებზე?

ალბათ, ასე გრძნობენ თავს ის ადამიანები, რომლებსაც სათამაშო მატარებლების აწყობა მოსწონთ. სიმართლე გითხრათ, იმ ეჭვს მაინც ვერ ვიშორებ თავიდან, რომ მთელი ეს სინთეზატორების აწყობა იმისთვის მოვიგონე, რომ ნამდვილი მუსიკის შექმნის უფრო ქვეცნობიერი სურვილი გადამეფარა. სინამდვილეში მუსიკის წერა მინდოდა ყველაზე მეტად და გავურბოდი მას, რადგან მუსიკის წერას წესები არ აქვს, არანაირი რეცეპტი ან ინსტრუქცია არ ჭრის. ელექტრონიკაში კი ჩემნაირი ახალბედა სპეციალისტი უბრალოდ ინსტრუქციებს მიჰყვება, აწყობს, აწყობს და ნივთიც ფორმას იძენს... არის ამ პროცესში რაღაც, რაც გიცავს იმ თავზარდამცემი ფიქრისგან, რომ ვაი, რაღაც უნდა შექმნა. მე უნდა შევქმნა.

აპარატურის შექმნის შემდეგ მუსიკის წერის პროცესისადმი შეიცვალე თუ არა დამოკიდებულება, ან შეიცვალა თუ არა სიმღერის აგების პრინციპი?

არა, მაგრამ ამან ღრმა პატივისცემით განმაწყო იმ ადამიანების მიმართ, ვინც ახალ სქემებსა და ფორმულებს იგონებს მოწყობილობებისათვის; ვინც უშუალოდ ხმას აკეთებს – ეს აშკარად ხელოვნებაა. მგონია, რომ დღევანდელი მუსიკოსები (ანდა შეიძლება მხოლოდ ჩემს თავზე ვსაუბრობდე ახლა) უფრო დიდი სიამოვნებით იყენებენ რომელიმე პრესეტს პროგრამულ სინთეზატორში, რომელიღაც უცნობი ადამიანის გამჭრიახმა ტვინმა რომ შექმნა. ანალოგიური სინთეზატორების შექმნის იდეა ჩემთვის არ უკავშირდებოდა მხოლოდ იმას, რომ აი, „ჯორჯო მოროდერი მინდა ვიყო“, რა აზრი აქვს? შეგიძლია აიღო პედალი, შეგიძლია აიღო ულამაზესი Jupiter 8 სინთეზატორი, მაგრამ თუ მუსიკა არ მოგდის თავში, რაში გამოიყენებ?

ასეთ რამეებზე ბევრს მაშინ ვფიქრობ ხოლმე, როდესაც დონ დიკონთან ერთად ვარ ტურნეზე, ისაა მსგავს ამბებში ჩართული, მუსიკალური მოწყობილობების და ინსტრუმენტების დაჰაკვა დიკონს ეხება. მეც თავს ვაიძულე, „პროფესიონალი მუსიკოსებივით“ არ მოვქცეულიყავი, მათ ხომ თავი ისე უჭირავთ, თითქოს „ეს ყველაფერი ჩვენ არ გვეხება, ელექტრონიკა რა ვიცით, ჩვენ მხოლოდ სიმღერებს ვწერთ“. მე, პირიქით, მოვინდომე ჩავწვდომოდი ამ ყველაფერს, მგონია, რომ ეს მნიშვნელოვანია, მით უმეტეს მაშინ, როცა საკუთარ თავს DIY მუსიკოსს უწოდებ.

მინდოდა სრული სურათი დამენახა  მთელი ეს კონდენსატორები და რეზისტორები, ჩიპები და მათი ფუნქციები, თითოეული პატარა ხრახნი. ეს ყველაფერი მეტად დავაფასე. ახლა კი, როდესაც ბენდთან ერთად ლაივ კონფიგურაციებს ვაკეთებ, ტექნიკის მუშაობა უბრალოდ აღმაფრთოვანებს. რაღაც მომენტში ელექტროტალღები სიმძლავრის მაქსიმალურ ზღურბლს უახლოვდება და ეს იმდენად მძლავრი სიგნალია, რომ ფიზიკურად ვგრძნობ ხოლმე, საკუთარ სხეულში, თუ სად ქმნის ვოლტაჟი ნამდვილ ცვლილებას. ძაბვის ფეტიშია მოკლედ  ამას ვამუღამებ.

ახლა როცა ჩანაწერი ბოლომდე დასრულებულია, შედეგებზე რას ფიქრობ? კმაყოფილი ხარ?

ცოტა ბნელი და მძიმე გამოვიდა, არ ფიქრობთ ასე? შინაგანად უფრო მეტი სიმსუბუქისკენ ვისწრაფოდი, მაგრამ მისგან პირველ რიგში მაინც უცნაური აპოკალიპტურობა მოდის. ზოგი სიმღერა საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჩავწერე – იმედი მქონდა, რომ ამ დროისთვის უკვე გამოვუშვებდი ალბომს – აი, ნამდვილი აპოკალიპტური მომენტი ეს იყო, თუ იყო. ვფიქრობდი, რომ ეს ავის მომასწავებელი ასპექტები ჟღერადობაზეც აისახებოდა და შემდეგ, როცა სიტუაცია დაწყნარდებოდა, თავის ადგილს თვითონ იპოვიდა. მაგრამ, მგონი, სიტუაციის დაწყნარებაზე ჯერ არ უნდა ვინერვიულოთ.

შენი ძველი ცოცხალი შოუები – სადაც მარტო უკრავდი – უკვე, შეიძლება ითქვას, ლეგენდარული პერფორმანსებია, ახლა კი როგორ გახსენდება ბენდთან მუშაობა და საერთოდ, რატომ მიიღე ასეთი გადაწყვეტილება?

არ მეგონა, მაგრამ ბენდთან ერთად დაკვრამ აშკარად შემიმსუბუქა შფოთვა, რასაც მარტო განვიცდიდი სცენაზე. თუმცა, მეორე მხრივ, ვღელავდი იმაზე, რომ ბენდის იქ დგომა „მარტოდმარტო“ გასვლის პროვოკაციულ, შიშველ სიმართლეს წამართმევდა.

საბოლოოდ კი, ბენდთან ერთად ბევრად მეტი მუსიკალური შესაძლებლობაა. თანაც, ცოტა გამორჩენის თვალსაზრისითაც თუ ვიფიქრებთ – თავს ბევრად დაცულად ვგრძნობ. იცით, რომ მადრიდში ერთხელ თავში ლუდის ბოთლებს მესროდნენ, როდესაც მარტო ვუკრავდი? ყვიროდნენ: „ეს რა ჩემი ყ**ა? ეს რა პერფორმანსია, ესაა ხელოვნება? ეს მუსიკა არ არის!“ ბენდთან ერთად, ეს მაინც მინდა ავიცილო თავიდან.

მინესოტის ფერმაში ამდენი ხნით დამოუკიდებლად მუშაობის შემდეგ, შოკის მომგვრელი ხომ არ არის მომენტალურად დიდი პუბლიკის წინაშე დაკვრა?

უკვე შეგუებული ვარ, მგონი იმიტომ, რომ ბიჭები მოვიდნენ და მთელი ზაფხულის განმავლობაში ჩვენი ფერმა ცოცხალი მუსიკის დარბაზად აქციეს. თანაც ხანდახან ძალიანაც საჭიროა ფეხქვეშ მიწა გამოგეცალოს, ეს ახალ შესაძლებლობებს გიხსნის. განდეგილივით ცხოვრება დიდად არც მანამდე მომწონდა. სხვა თუ არაფერი, ეს გამოქვაბულში შესვლას, მერე იქიდან გამოსვლას და ცივილიზაციისთვის განძის გამოტანას ჰგავს.

რა შეგიძლიათ მითხრათ ალბომის სათაურზე – „Screen Memmories“ („ეკრანის მოგონებები“)?

ეს სათაური ბევრ სხვადასხვა თემატურ ფენას აერთიანებს. გარეკანი მომწონს – ტელევიზორის სტატიკა. გახსოვთ საერთოდ ტელევიზორი? ეს ერთი პატარა ეკრანი, რომელსაც გამუდმებით შევცქეროდით და რომელიც მერე აფეთქდა და მისი ნამცეცები ჩვენს ჯიბეებში გადანაწილდა?.. ტელევიზორი უცებ იქცა ციცქნა მექანიზმად, რომელიც მხედველობის იმპლანტებივით შეუძლიათ თვალებში ჩაგიდგან. ესაა ეკრანი, რომელიც დედას უტყნავს ჩვენს მოგონებებს, მეხსიერებასა და ფიქრებს. ყველაფერს მათს ფილტრში გატარების შემდეგ ვიღებთ – წინასწარ გადამუშავებულს და მომზადებულს – ახალ ამბებსაც და მეხსიერებასაც მთლიანად ეკრანი განსაზღვრავს. ჩვენი მოგონებებიც ეკრანიდან მოედინება და ამიტომაც დავარქვი ასე ალბომს – ეკრანის მოგონებები.

ეკრანი ჩვენს მახსოვრობას ასუსტებს, მაგრამ ზოგჯერ ვიმახსოვრებთ მხოლოდ იმას, რაც მხოლოდ და მხოლოდ ეკრანზე ვნახეთ. ისაა ჩვენი პორტალი ამ ცხოვრებაში.

დიიიახ, ზუსტად ასეა, ეკრანი ბავშვობიდანვე ჩემი ფანჯარა იყო სამყაროში. ქალაქგარეთ ვიზრდებოდი, საკაბელო ტელევიზია არ გვქონდა და მახსოვს, საზაფხულო ბანაკში, როდესაც ბავშვები „სიმფსონებსა“ და „Living Color“-ზე საუბრობდნენ, წარმოდგენა არ მქონდა, რაზე ლაპარაკობდნენ. ძალიან არაპოპულარული ტიპი ვიყავი. მერე, როცა წამოვიზარდე, სხვებთან გადავდიოდი „Mtv“-ს ან „120 წუთის“ საყურებლად.

სხვათა შორის, თუ „ეკრანის მეხსიერებაზე“ ვსაუბრობთ, უამრავი დრო დამიხარჯავს ძველი რეკლამების კოლაჟების ცქერაში, ძირითადად მუსიკის ხათრით. ზოგი მუსიკა ძალიან მაგარია. წარმოიდგინეთ, მთელი მღელვარება 30 წამში უნდა ჩაეტიათ. ამიტომ მერე მულტფილმების მუსიკალური გაფორმებით დავინტერესდი, მათს მუსიკას წერდა ის ხალხი, რომლებმაც აკადემიური მუსიკალური განათლება მიიღეს, მაგრამ როკვარსკვლავები არ არიან, ამიტომ ამაში პოულობენ მცირე თავისუფლებას – აქ აჩვენებენ თავიანთ თავს, გიჟურ სარეკლამო რგოლებში, და არტისტული წრის წნეხსაც არ განიცდიან. ეს რაღაც სხვა ფენომენია, აკეთებ რაღაცას, რაც თავის თავშივე მთავრდება და სხვაგან არსად გამოიყენებ. რეკლამები, ბიოგრაფიული ჩანაწერები, საკატალოგო მასალა... სატელევიზიო სიმღერები – საუკეთესო მასალა, მოკლედ.

შეიძლება ნოსტალგიური ნაბიჭვრები ვართ ადამიანები, მაგრამ ეს ბევრად უფრო საინტერესოა ჩემთვის, ვიდრე პოპმუსიკა. ერთი რეკლამა მახსენდება ახლა ბავშვობიდან, მობილური ტელეფონების რეკლამაა: ტიპის სხეულში გამჭოლად შედის სატელეფონო შნურები და მერე ხმა ამბობს: „ტელეფონი შენ ხარ!“ – ეკრანისეული მეხსიერებაც ამას ჰქვია, არა?

როგორი მოსაწყენი და როგორი ვერაგია ეს ყველაფერი იმასთან შედარებით, რაც ბავშვობაში მესმოდა რეკლამებიდან, როდესაც ვიღაც უბრალოდ დიდ წითელ საღეჭ რეზინზე მღეროდა, ან ყვიროდა: „იყიდე Brillo! შენს ქვაბებს უხდება!“

რა მოხდება შემდეგ?

ტურნეები. ტურნეები. ტურნეები – იმედია, რამე კლიპებიც, მაგრამ ძირითადად ტურნეები. კარგი ბენდი კი მყავს. თიაქარიც, რომელიც ბევრი ყვირილისგან გამიჩნდა, ახლა ოდნავ შემიმსუბუქდა. ბენდის ბიჭები სულ გარშემო არიან და შემიძლია ოდნავ დავეყრდნო მათ და დავისვენო ხოლმე, მგონი 2018-მდე ასე გავქაჩავ, აი, ეგ ხდება ახლა... 

 

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა