გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ელიოტის პრელუდიები - ქალაქი როგორც ცოცხალი ორგანიზმი



გერმანელი ექსპრესიონისტი მხატვარი, ლუდვიგ მაიდნერი, ცნობილ ესსეში “An Introduction to Painting Big Cities” ქალაქის პეიზაჟების ტილოზე გამოსახვის იმპრესიონისტულ მიდგომას აკრიტიკებს და შეუფარავად იწუნებს კლოდ მონესა და კამილ პისაროს ურბანულ ფერწერულ ნამუშევრებს. მაიდნერისათვის მიუღებელი ერთი და იმავე ტექნიკის გამოყენებით (იგულისხმება იმპრესიონიზმისათვის დამახასიათებელი დეტალების ბუნდოვანება და გამოუკვეთავი კონტურები) როგორც ბუკოლიკური, ისე ურბანული ცხოვრების ამსახველი სურათების შექმნაა.

კლოდ მონეს ტილოზე „კაპუჩინების ბულვარი“ აღბეჭდილია ფართო ქუჩა, ცხენებშებმული ეტლები და ვრცელ ტროტუარზე გამოფენილი ადამიანების ფიგურები. მონე ზედხედით, დისტანციიდან აკვირდება ქალაქს, რაც მნახველს თითქოს გარეშე დამკვირვებლად აქცევს. მონე ობიექტების ფორმათა გამოკვეთას არსებით მნიშვნელობას არ ანიჭებს და კონკრეტულს არაფერს აქცევს ფოკუსში. კომპოზიციაზე ფოკუსური ცენტრის არარსებობა, ბუნდოვანი დეტალები და ქალაქისათვის დამახასიათებელი გეომეტრიული ფორმების უგულებელყოფაა მაიდნერის მიერ დასახელებული ის ძირითადი მიზეზები, რომელთა გამოც მონეს ურბანული პეიზაჟი სიახლოვეს ვერ ამჟღავნებს თანამედროვე ურბანულ ყოფასთან.

monet

მონეს ურბანისტული პერსპექტივის ერთგვარი ოპოზიტია ედვარდ მუნკის ფერწერული ტილო „გაზაფხულის საღამო კარლ იოჰანის ქუჩაზე“. ქუჩის ხედი დაბალი, მეტად ბუნებრივი კუთხითაა შესრულებული. ახლანდელ ოსლოს ქუჩაში მოსიარულე ადამიანები იმდენად ახლო პერსპექტივით არიან გამოსახულნი, თითქოს მნახველიც გამვლელია და გვერდი უნდა აუქციოს მათ. ამგვარად, დამკვირვებელი ქუჩის სცენის უშუალო მონაწილე ხდება. მუნკის ტილოზე გამოსახულ ადამიანთა გაფითრებული სახეები და გაფართოებული, სიცარიელიდან მომზირალი თვალები ურბანული ყოფის ზედმიწევნით აღმწერ სურათ-ხატს ქმნის.

munch

გაზაფხულის საღამოს ქუჩაში გამოსული მოსეირნეები მიჯრით დადიან და ერთმანეთს სივრცეს არ უტოვებენ. ფიზიკური სივრცის არარსებობის პარალელურად გაძლიერებულია მათ შორის სულიერი ბმის არქონის კონტრასტული შეგრძნება. მუნკის ტილოზე ურბანული გარემო უბრალოდ კი არ ფიგურირებს, არამედ განსაზღვრავს კიდეც მასზე გამოსახული გამვლელების მდგომარეობას და ქალაქისა და ადამიანების ცხოვრების ურთიერთქმედებას ასახავს.

სწორედ ამგვარ ქალაქს, როგორც ცოცხალ ორგანიზმს, ასახავს ტ. ს. ელიოტის ადრეული პოეზიის ნიმუში - „პრელუდიები“, რომელშიც რომელიმე კონკრეტული ქალაქის ამოცნობა რთულია. ნაწარმოების ოთხი ეპიზოდი თავდაპირველად ერთმანეთისაგან დამოუკიდებლადაა დაწერილი, შემდგომში კი ავტორმა ოთხნაწილიან პოეტურ ნაწარმოებად გააერთიანა. ცნობილია, რომ რიგით პირველი და მეორე მათგანი სათაურდებოდა როგორც: „პრელუდია დორჩესტერში“ (“Prelude in Dorchester”) და „პრელუდია როქსბერიში“ (“Prelude in Roxbury”). თუ პირველი ორი ნაწილის დასათაურებაში კონკრეტული ადგილების დასახელებები ფიგურირებდა, „პრელუდიების“ მესამე და მეოთხე ეპიზოდების თავდაპირველი სათაურები აქცენტს დროზე აკეთებდა: „განთიადი“ (“Morgendammerung”) და  „დაისი“ (“Abenddammerung”).

საინტერესოა, რომ საბოლოო ფორმით გამოქვეყნებული ნაწარმოების სახელწოდებიდან ავტორი აქრობს რომელიმე კონკრეტულ ადგილმდებარეობას, რითაც ის შლის საზღვრებს, აფართოებს პოემის მხატვრული სივრცის არეალს და ქმნის ქალაქის სიმბოლურ ხატს.

ნაწარმოების სათაური ყურადღებას, ასევე, იქცევს მასში მოაზრებული მუსიკალური ანალოგიის გამო. პრელუდია მოკლე კომპოზიციაა, რომელიც, როგორც წესი, წინ უძღვის და გვამზადებს მუსიკალური ნაწარმოების მთავარი ნაწილისათვის. ლექსის თითოეული ეპიზოდი თავის თავში რაღაცის დასაწყისს, შესავალს უნდა მოიაზრებდეს. თუმცა ელიოტის ურბანულ გარემოში დასაწყისს  თან არაფერი მოჰყვება. პირველი პრელუდიის მხატვრული დრო ზამთრის საღამოს ექვსი საათია. ე.ი. პარადოქსული გაგებით, შესავლის ფუნქციის მატარებელი ეპიზოდის გამხსნელი ფრაზა იმთავითვე დასასრულის მიმანიშნებელია: საღამო დღის, ხოლო ზამთარი წლის დასასრულია. ელიოტის ურბანული გარემოს მხატვრული დრო - საღამო - ქალაქში დამდგარ ყველა საღამოს განასახიერებს. მუდმივი განმეორებადობის ეფექტს ქმნის „და“ კავშირით დაწყებული სტრიქონები:


And
now a gusty shower wraps

The grimy scraps

Of withered leaves about your feet

And newspapers from vacant lots;

The showers beat

On broken blinds and chimney-pots,

And at the corner of the street

A lonely cab-horse steams and stamps.

And then the lighting of the lamps.


ქალაქის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის სურათის შესაქმნელად ელიოტი მგრძნობელობათა ორგანოებს ააქტიურებს. მკითხველი გრძნობს სტეიკის სუნით გაჯერებულ ჰაერს, ალიტერაციული ბგერების გამოყენებით ისმენს მორყეულ დარაბებსა და საბუხრეებზე დაცემული წვიმის ხმაურს (“The showers beat / On broken blinds”), გრძნობს წვიმისა და ქარისაგან მობერილი გამხმარი ფოთლებისა და გაზეთების ნაგლეჯების შეხებას და, რაც მთავარია, ვიზუალური ფორმით მის თვალწინ ცოცხლდება სიცარიელის ამსახველი ურბანული სცენები. სიცარიელე და უდაბურება მჟღავნდება ეპითეტებში: “burnt out”, “grimy”, “withered”, “broken”, “lonely”, “vacant”. ქალაქის რუტინული ყოფის წინააღმდეგ პროტესტის გამოვლინების სიმბოლოდ არა ადამიანი, არამედ ეტლში შებმული ცხენი გვევლინება. ზოგადი გაგებით, დინამიურობასთან და სივრცის გარღვევასთან ასოცირებული ცხენი ურბანულ სივრცეში ერთ ადგილზეა გაყინული და სტატიკურ მდგომარეობას მიწაზე ფლოქვების ცემით აპროტესტებს.

„პრელუდიების“ პირქუში ატმოსფერო კიდევ უფრო მძაფრად იგრძნობა მეორე ეპიზოდში, რომელშიც ხილვადი ხდებიან ქალაქის მცხოვრებნიც. თუმცა მათი ხსენებისას მთხრობელი მხოლოდ კიდურებისა და მათი ჩრდილების აქცენტირებით შემოიფარგლება: ქუჩაში არა ინდივიდები, არამედ „ტალახიანი ფეხები“ დადიან, ხოლო ოთახებში მქრქალ ჩრდილებს ქმნიან ხელები. ქალაქის მცხოვრებთა გარეგნობის დამახასიათებელი დეტალების აღწერის უგულებელყოფით, ელიოტი მათ საერთო, უსახური მასის ნაწილებად წარმოაჩენს. ეპიზოდის მხატვრული დრო დილაა, თუმცა ახალ დღესა და დროის დინებას, რაც, ზოგადი გაგებით, ცვლილებებს უკავშირდება, ელიოტის ქალაქში უცვლელობა მოაქვს.

მთხრობელი თითქოს სიფრთხილით, თანდათანობით, მიუძღვის მკითხველს ქალაქის გარე სივრცეებიდან შიდა სივრცეებისკენ. მესამე პრელუდიის მხატვრულ სივრცეს, ოთახს, განთიადისას ბეღურების ხმაური ავსებს, რომელიც ქუჩიდან, წყლის სადინარი თხრილებიდან იჭრება. დილის ქალაქში ბეღურების გამოჩენას ურბანულ გარემოში ბუნების იდილიური სურათის შემოტანის ეფექტი უნდა ჰქონდეს, თუმცა, სანაცვლოდ, მკითხველი კონტრასტული სცენის მოწმე ხდება. წყლის სადინარების ხსენება (“gutters”) იმთავითვე დაბინძურებული წყლის ასოციაციას აჩენს, მასთან კავშირში ჩიტის სახე-სიმბოლოს შემოტანა კი უკვე ჰარმონიის რღვევაზე მიანიშნებს. გარდა ამისა, “gutter” გადატანითი მნიშვნელობით ვულგარიზმს, საზოგადოებრივი ცხოვრების „ფსკერზე“ ყოფნას გულისხმობს, ხოლო სიტყვათშეთანხმება “gutter-bird” საზოგადოებაში საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანს შეესატყვისება. ამგვარად, ფრაზა “and you heard the sparrows in the gutters” უპირატესად იმ აზრისაკენაა მიმართული, რომ დღის შუქზე ნიღაბმორგებული ქალაქი ცხოვრების რესპექტაბელურ წესს ეძლევა და არ ცნობს ჯერ კიდევ წინა ღამით თავისსავე წყვდიადში შეფარებულ მეძავს.

 „პრელუდიებში“ ელიოტი როგორც ქალის, ისე მამაკაცის პერსპექტივიდან დანახულ ქალაქს აღწერს. მესამე ეპიზოდი ქალის, ხოლო დასკვნითი თავი მამრობითი სქესის თვალით დანახული ურბანული გარემოა. მეოთხე ნაწილში ელიოტი აპერსონიფიცირებს ქუჩას და რთული გასარჩევი ხდება, ვისი ხმით ელაპარაკება ავტორი მკითხველს: მთხრობლის, ქუჩის თუ ორივესი ერთად, როგორც განუყოფელი ერთობის. მეოთხე პრელუდიის მხატვრული დრო მზის ჩასვლის დროა. საათი დაკონკრეტებული: ექვსი საათი. „პრელუდიები“ ზუსტად იმ დროს სრულდება, რომლის აღწერითაც დაიწყო, ნაწარმოების წრიული სტრუქტურა კი ქალაქის რუტინული, ერთმანეთისაგან ძნელად გასარჩევი დღეების აგებულებას იმეორებს.

შემთხვევითი არაა „პრელუდიების“ მხატვრულ დროდ დილისა და საღამოს შერჩევა, რადგან დღის ეს ორი მონაკვეთი ქალაქის მცხოვრებს სამუშაო რუტინის დაწყებასა და დასრულებას ამცნობს და დაუსრულებელ წრებრუნვაში ითრევს, სადაც ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს. მეტროპოლიის დომინანტური, გლობალური ატმოსფერო ადამიანს ცხოვრების წესს ჰკარნახობს და ინდივიდს მასის ნაწილად აქცევს ისე, როგორც ეს მუნკის ტილოზეა. ურბანული გარემო ამძაფრებს შეგრძნებას, რომ გარშემო მუდმივად ახალ-ახალი გამოწვევები და შესაძლებლობებია, რომლისგან მოგვრილი ეიფორიული შეგრძნებაც ადამიანს ყალბი ფუსფუსისკენ მოუწოდებს.

„თუ ადამიანების ამოხსნას შევეცდებით, დავინახავთ პეიზაჟებს, ჩემს შემთხვევაში - პლაჟებს“.(“If we opened people up, we'd find landscapes. If we opened me up, we'd find beaches.”) - ანიეს ვარდასეული ასოციაციის „პრელუდიების“ ავტორზე განვრცობით, აღმოვაჩენთ, რომ ტომას ელიოტის შესატყვისი პეიზაჟი ქალაქია. ეს მცირე ზომის პოეტური ნაწარმოები ურბანული ცხოვრების ქრონიკას იტევს და თანამედროვეობას აირეკლავს.

დროთა განმავლობაში ქალაქი ხალხმრავლობის, მჭიდროდ დასახლებულობის სინონიმად იქცა. ერთმანეთთან მიჯრით მდგარი საცხოვრებელი სახლები, მილიონობით ადამიანის თავმოყრა, მათი თანაცხოვრება და სივრცითი სიახლოვე, ინტერპერსონალურ დისტანციას, ინდივიდებს შორის გაუცხოებას შობს. ქალაქის ხალხმრავალი ქუჩები, სკვერები, შენობები ადამიანს თითქმის არასდროს ტოვებს ფიზიკურად თუ შინაგან სივრცეში საკუთარ თავთან მარტოს. ყოველდღიურობისაგან თავის დახსნის მომენტებში კი ავტომატურ, მუდმივად მომართული რეჟიმის მდგომარეობას წამიერად ანაცვლებს ყოფიერების სწრაფმავლობის უეცარი გაცნობიერება.

 

ავტორი: ქეთი ჯმუხაძე

ქავერი: სალომე ლეჟავა

 

წყაროები:

  1. Eliot, T. S. (1930). Collected Poems 1909 – 1962. New York: Harcourt, Brace & World, Inc.
  2. Whitford, F. (1985). The City in Painting. Unreal City: Urban Experience in Modern European Literature and Art, Ed. Edward Timms and David Kelley, NY: St. Martin’s Press, p. 48

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა